12 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენცია გამართა
12 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტთა წინაშე სამთვიანი მუშაობის ანგარიშითაც წარსდგა და სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრა.

შეხვედრას მისი მოადგილეები - ზურაბ აზმაიფარაშვილი, თამაზ თევზაძე და რატი ბრეგაძეც ესწრებოდნენ.

"სამი თვე თითქოს ძალიან მოკლე დროა, მაგრამ საზოგადოების გადასაწყვეტია, რამდენად შევძელით იმ ნაბიჯების გადადგმა, რომ ჩვენი სამინისტრო სწორ გზაზე შემდგარიყო.

დავიწყებ იმით, რომ სამინისტრო არ გახლდათ იმ ფუნქციების შემსრულებელი, რაც ევალებოდა სპორტისა თუ ახალგაზრდობის განვითარების კუთხით.

მოსვლისთანავე გადავწყვიტეთ ძველი მანკიერი თვისებებისგან გათავისუფლება, რათა სამინისტრო გამხდარიყო ყველა მწვრთნელის, სპორტსმენის თუ სპორტული ორგანიზაციის შეხედულებების გამტარებელი.

ეს 3 თვე არ იყო იოლი პერიოდი და შეძლებისდაგვარად შევეცადეთ, გადაგველახა აქ დახვედრილი პრობლემები.

ჩვენ მუდამ ხაზს ვუსვამდით, რომ სპორტი იქნებოდა პოლიტიკისგან თავისუფალი და ამ მიმართულებით ვმუშაობთ... გვესმის, რომ ეს არაა საკმარისი, რადგან სპორტი მუდმივმოქმედი ორგანიზმია, ის ვითარდება, არაა სტაგნაციაში მოქცეული და მიზნად დავისახეთ მუშაობის სტილის შეცვლა.

ამიტომ საქმიანობა სპორტულ ფედერაციებთან ურთიერთობის დამყარებით დავიწყეთ. ესეც ძალიან რთული პროცესია, რადგან იქ მომუშავე ადამიანები მიჩვეულები იყვნენ სხვადასხვანაირ მიდგომას, დირექტივებს.

მე თავიდანვე განვაცხადე, რომ ჩვენი მხრიდან ჩარევა არ იქნებოდა მიზანშეწონილი, რამაც მათი გაკვირვება გამოიწვია.

ეს ურთიერთობები მათთან დღესაც გრძელდება და ისიც დავინახეთ, რომ ფედერაციების ნაწილი გაუმართავია.

მათ სჭირდებათ სამართლებრივი რეფორმები, რაც ჯერ კანონმდებლობაში უნდა აისახოს და მერე გატარდეს ცხოვრებაში.

სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მესიჯი ისაა, რომ აბსოლუტურად გამჭვირვალე ვართ - დაწყებული ჩვენი საიტიდან, დამთავრებული თითოეული თანამშრომლით. ჩვენ არც მწვავე კითხვებს გავურბივართ და მზად ვართ ამისთვის.

სწორედ ამიტომ წარვსდექით დღეს თქვენ წინაშე ასე ერთი გუნდით, რათა ერთობლივად გავცეთ პასუხი დასმულ კითხვებს, რათა არ იყოს დახურული და საჩოთირო თემები" - გვითხრა შეხვედრის დასაწყისში ყიფიანმა.

ჩაურევლობაზე აქცენტის მიუხედავად, მას მაინც მოუწია ამ თემაზე ხანგრძლივად საუბარი, რადგან პრესკონფერენციის დიდი ნაწილი ამას დაეთმო.

ჭიდაობის ფედერაციაში განვითარებული მოვლენები, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული უსიამოვნო თემები, დაპირისპირება კრივის ფედერაციაში - ეს საკითხები სპორტულ სამყაროში აქტუალური სწორედ ყიფიანის მინისტრად მოსვლის შემდეგ გახდა და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ჟურნალისტთა ინტერესი, თუმცა კი მინისტრმა ეს სენსაციების ძებნის სურვილად შეაფასა.

მან რამდენჯერმე განმარტა, რომ ფედერაციებზე მათი მხრიდან არც პოლიტიკური ზეწოლა ყოფილა და არც მათ მუშაობაში ჩარეულან.

ჭიდაობის ფედერაციასთან დაკავშირებით მინისტრმა განმარტა, რომ სამინისტრო მხარს უჭერს თავისუფალი არჩევნებით მოსულ პრეზიდენტს, თუმცა დასძინა, ორივე მხარემ გადაამეტა უფლებამოსილებასო.

კრივის ფედერაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მიმდინარე პროცესებში ვერანაირად ვერ ჩაერეოდა, ხოლო ფეხბურთელებთან შეხვედრა არ შეიძლება ჩარევად შეფასდეს, რადგან როგორც მინისტრს, უფლება მაქვს, ორივე მხარე მოვიწვიო მოსალაპარაკებლადო.

"ჩარევა ისაა, ადრე რომ მოიყვანდნენ ამ შენობაში, იარაღს დაუდებდნენ და პირდაპირ ეუბნებოდნენ, ვინ სად ინიშნებოდა. მსგავსი ჩვენს სამინისტროში არც მომხდარა და არც მოხდება" - განაცხადა ყიფიანმა.

იმის დასადასტურებლად, რომ არ ერევა პრეზიდენტების არჩევნებში, მან მძლეოსნობის ფედერაციის მაგალითი მოიყვანა, სადაც ისევ ძველი მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ მოყვანილი ალექსი ახვლედიანია პრეზიდენტად.

ეს თემა მოგვიანებით თევზაძემაც გააგრძელა, რომელმაც აღნიშნა, რომ თავის დროზე მათ მართლაც მოუწოდეს ფედერაციებს ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ, მაგრამ ეს იყო მხოლოდ მოწოდება-რეკომენდაცია და არა დაძალება, რაც უმეტესობამ გაითვალისწინა, მაგრამ - არა ყველამ.

ამ რეკომენდაციას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა, რომ ფედერაციების არჩევნები ემთხვევა ოლიმპიური ციკლის დასასრულს; ვადამდელი არჩევნები უწევდათ შუა ოლიმპიურ ციკლში. ამ დროს ფედერაციის ხელმძღვანელობის შეცვლა კი თამაშებისთვის მზადების პროცესში წყვეტას გამოიწვევდა; მკვეთრად განსაზღვრული ოთხწლიანი ციკლი უმჯობესია მიზნობრივი პროგრამების განსახორციელებლად...

12 თებერვალს არაერთხელ ითქვა ისიც, რომ ამჯერად ფედერაციებში არჩევნები მართლაც ღიად, გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარდა, თორემ ადრე ამ სახელით ინიღბებოდა, პრეზიდენტის ვინაობა კი წინასწარ იყო გარკვეულიო.

ამასთან, თევზაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ფედერაციებს დებულებების გამართვისკენ, იურიდიულად სრულყოფისკენ.

საერთოდ, კანონი სპორტის შესახებ და მისი ნაკლოვანებები 12 თებერვლის პრესკონფერენციის მთავარ თემად იქცა - ყიფიანმაც და მისმა მოადგილეებმაც არაერთხელ დაასახელეს ის მრავალი ხარვეზის მასტიმულირებლად და ასევე, არაერთხელ აღნიშნეს ამ კანონის დახვეწის აუცილებლობა.

უყურადღებოდ არც სამინისტროს სხვა მიმართულებები - ახალგაზრდობის თემატიკა, გატარებულ-გასატარებელი რეფორმები და სხვა თემები დარჩენილა. ამ კონტექსტში ბრეგაძემაც აღნიშნა კანონის ლაფსუსები, რის გამოც უფლებები ერთმანეთში იყო არეული.

მისი თქმით, ბევრი რამე დახვდათ გამოსასწორებელი და ახლა ამაზე მუშაობენ.

თუმცა ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი სხვა კუთხითაც ზრუნავს და 12 პროექტია შემუშავებული მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის, რეგიონებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ უცხოეთში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ურთიერთობის განვითარების, ეთნიკური უმცირესობების თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების ინტეგრაციის, არასრულწლოვანი პატიმრების რესოციალიზაციის, სტუდენტური თვითმმართველობების მხარდაჭერის, საერთაშორისო თანამშრომლობის, სამოქალაქო და არაფორმალური განათლების, ცხოვრების ჯანსაღი წესისა და კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართვის შესახებ.

ამათგან სტუდენტური თვითმმართველობების გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამის რეალიზება უკვე დაიწყო და ითქვა, რომ იქაც ჭეშმარიტად თავისუფალი არჩევნები ჩატარდება და ხელისუფლება ადრინდელივით აღარ ჩაერევა ამ პროცესში.

"ამიერიდან ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის კომპეტენციაში შევლენ 18 წლამდე ასაკის მოზარდები, 18-დან 26-წლამდელები - უშუალოდ ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტში, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი კი დაკავებული იქნება ახალგაზრდული ორგანიზაციების დაფინანსებით, შესაბამისი მიმართულებით" - განმარტა ბრეგაძემ მის სფეროში შემავალი რეფორმები.

აზმაიფარაშვილმა ამ გრანტების განაწილების სისტემის შეცვლაზეც ისაუბრა, რადგან ძველს თურმე ბევრი ხარვეზი ჰქონდა - იყო დროში შეზღუდული, რაც არასამთავრობოებს ცაიტნოტში აგდებდა და სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელობას საშუალებას აძლევდა, მათთვის სასურველ სუბიექტებს მიეღოთ გრანტიო, თქვა მან.

ამიერიდან გრანტების გაცემის სისტემაც უფრო გამარტივდება და ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდება. თან შეიქმნება კომისია, რომელიც ახალშექმნილ არასამთავრობოებს პროექტების შედგენაში დაეხმარება...

ამას გარდა, სამინისტროში სხვა სტრუქტურული რეფორმებიც იგეგმება - იქმნება ანალიტიკური დეპარტამენტი, რომელიც სამინისტროში შესულ ყველა ინფორმაციას დაამუშავებს, რაც მოაწესრიგებს აღრიცხვიანობას და ასე შემდეგ. რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნება ინფრასტრუქტურის მონიტორინგის სამმართველო; შეიქმნა მრჩეველთა საბჭო, რომელშიც გამოჩენილი ვეტერანი სპორტსმენები შეიყვანეს; გაორმაგდა იურიდიული დეპარტამენტის საშტატო ერთეული, რომელშიც ახლა 6 თანამშრომელია, რომელთაგანაც 3 სპორტის, 3 კი ახალგაზრდული სფეროს მიმართულებით იმუშავებს და სხვა.

ყიფიანმა პრესკონფერენციის დასასრულს ერთი სასიამოვნო ამბავიც გვაცნობა - დაახლოებით თვენახევარში საქართველოში რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ავსტრალიიდან კვლავ ჩამოვა გასული საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ სანეევი.

ოღონდ ჯერ არაა გარკვეული, დარჩება თუ არა ის საქართველოში - ეს მასზეა დამოკიდებული, თორემ ქართული მხარე ყველანაირად შეუწყობს ხელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა