ხავიერ სავიოლას კარიერის განმავლობაში ბევრ გრანდში აქვს ნათამაშები: "რივერ პლეიტი", "ბარსელონა", მადრიდის "რეალი" და ლისაბონის "ბენფიკა"
31 წლის ხავიერ სავიოლას კარიერის განმავლობაში ბევრ კლუბში აქვს ნათამაშები, მათ შორის ისეთ გრანდებში, როგორებიც "რივერ პლეიტი", "ბარსელონა", მადრიდის "რეალი" და ლისაბონის "ბენფიკა" არიან. ამჟამად არგენტინელი ფორვარდი "მალაგას" ღირსებას იცავს და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფისთვის ემზადება.

საკმაოდ საინტერესო ინტერვიუში, რომელიც სავიოლას ფიფას ოფიციალურმა საიტმა ჩამოართვა, თავდამსხმელი სხვადასხვა საინტერესო თემაზე საუბრობს...

- ხავიერ, სეზონი "მალაგასთვის" ფინანსური პრობლემებით დაიწყო. საინტერესოა, მიუხედავად გაურკვევლობისა, როგორ მოახერხა გუნდმა ასე კარგად ასპარეზობა?

- ამაში უდიდესი წვლილი სამწვრთნელო შტაბს მიუძღვის. მწვრთნელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენ, ფეხბურთელებს, მხოლოდ თამაშზე გვეფიქრა. მათ ჩვენი მოტივირება შეძლეს. გარდა ამისა, გუნდი საოცრად ერთიანია და ყველანი ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ. ჩემი აზრით, სწორედ ამ ორი მიზეზის გამო შევძელით სეზონის კარგად დაწყება.

- მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გულშემატკივრებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორია მასთან მუშაობა?

- ის არის მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელებთან ბევრს საუბრობს. პელეგრინი პირდაპირი ადამიანია და ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. მას უნდა, რომ მისმა გუნდმა სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშოს და იმ მოთამაშეებისთვის, ვისაც ბურთის მიწაზე დაშვება და კომბინაციური ფეხბურთის თამაში გვიყვარს, ასეთი მწვრთნელი ნამდვილად მისწრებაა.

- "მალაგა" სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს და შედეგიც საკმაოდ კარგი აქვს. და მაინც, რომელ კომპონენტში გჭირდებათ მომატება?

- ჩვენ მართლაც კარგად ვთამაშობთ. სამწუხაროა, რომ ესპანეთის თასიდან გამოვვარდით, მაგრამ წინ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალი გველის და ჩემპიონატშიც ნორმალურად ვთამაშობთ. "მალაგას" ჯგუფიდან გასვლას ბევრი არ ელოდა, რადგან საკმაოდ ძლიერი მეტოქეები გვყავდა. უარყოფით მხარეს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ სტუმრად უკეთ უნდა ვითამაშოთ და ისეთივე თავდაჯერებულები ვიყოთ, როგორც საშინაო მატჩების დროს ვართ.

- მალე "პორტუს" დაუპირისპირდებით. რას ელით ამ მატჩისგან?

- "პორტუ" ძალიან ძლიერი გუნდია და წინ ურთულესი მატჩები გველის. კონცენტრაცია ერთი წუთითაც არ უნდა დავკარგოთ, თორემ აუცილებლად დავისჯებით. პორტუგალიაში სამი წელი ვთამაშობდი და ვიცი, რა დონის გუნდს უნდა დავუპირისპირდეთ. იმედი მაქვს, ისევე ვითამაშებთ, როგორც "მილანთან" და "ზენიტთან" და მაშინ მომდევნო ეტაპზე აუცილებლად გავალთ.

- ცოტა ხნის წინ "ნოუ კამპზე" "ბარსელონას" წინააღმდეგ ითამაშეთ. ალბათ, განსაკუთრებული შეგრძნებაა, როდესაც ყოფილ გუნდს ეთამაშები...

- დიახ, ნამდვილად ასეა. მე "ბარსელონაში" დიდი ხნის განმავლობაში ვთამაშობდი და კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გავატარე. ძალიან დიდი პატივია, როდესაც არგენტინიდან ასეთ გუნდში გადასვლის საშუალება გეძლევა. იმ ხალხის ნახვა, ვინც თავის დროზე ძალიან დამეხმარა, ისევე, როგორც რამდენიმე ყოფილი თანაგუნდელის, ძალიან სასიამოვნო იყო.

- მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ მადრიდის "რეალში" გადახვედით, პუბლიკამ მაინც თბილად მიგიღოთ და არა ისე, როგორც, მაგალითად, ლუიშ ფიგუ...

- მე კლუბი კონტრაქტის ვადის გასვლის გამო დავტოვე და როდესაც "რეალში" გადავდიოდი, აღვნიშნე, რომ ასეთ კლუბში ჩარიცხვის შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. "ბარსას" გაკრიტიკება ან კლუბისთვის ზიანის მიყენება თავში არასდროს მომსვლია და ალბათ, ამიტომ დამხვდნენ თბილად, განსხვავებით იმ ფეხბურთელებისგან, რომლებიც "ბარსადან" განსხვავებულ ვითარებაში წავიდნენ.

- კარიერის განმავლობაში ბევრ კლუბში ითამაშეთ. ყველაზე მეტად რით ამაყობთ?

- პირველ რიგში იმით, რომ ყველა გუნდში კარგი სახელი დავტოვე. ის ფაქტი, რომ ადამიანებს ჩემზე დადებითი მოგონებები აქვთ და მიხსენებენ, როგორც ნამდვილ პროფესიონალსა და კარგ პიროვნებას, დიდ სიამოვნებას მგვრის.

- თქვენ უამრავ დიდ ფეხბურთელთან გითამაშიათ. თქვენი თანაგუნდელები ხუან რომან რიკელმე, ლიონელ მესი, პაბლო აიმარი და რონალდინიო იყვნენ. რომელ მათგანს შეეძლო ყველაზე დიდი სიურპრიზის შემოთავაზება საფეხბურთო მოედანზე და ვის უგებდით ყველაზე უკეთ?

- ყველაზე კარგად მაინც პაბლო აიმარს ვუგებდი, ვისთან ერთადაც "რივერ პლეიტსა" და "ბენფიკაში" ვთამაშობდი. იმედი მაქვს, რომ მასთან მუშაობის საშუალება მომავალში კიდევ მომეცემა. საფეხბურთო მოედანზე ერთმანეთს თვალდახუჭულები ვპოულობდით, რადგან ორივემ კარგად ვიცოდით, თუ სად ვიქნებოდით ამა თუ იმ სიტუაციაში. რონალდინიო, კრესპო, კლუივერტი – ყველა ამ ფეხბურთელთან, პრაქტიკულად, იდეალურად ვიყავი შეთამაშებული.

საერთოდ, კარიერის განმავლობაში მართლაც ბევრ დიდებულ ფეხბურთელთან ერთად ვითამაშე და მათგან ბევრი რამ ვისწავლე.

- 2006 წლის მუნდიალის დროს მესისთანაც ითამაშეთ. მაშინ, როდესაც ის ძალიან ახალგაზრდა იყო, ფიქრობდით რომ ამდენს მიაღწევდა?

- როდესაც ჩვენ მას ვარჯიშზე ვუყურებდით, გაოცებულნი ვიყავით იმ ყველაფრით, რასაც ის აკეთებდა. მესი, მაშინაც და ახლაც, მიწაზე ორივე ფეხით მყარად იდგა და წარმატებას მასზე ცუდად არ უმოქმედია. ის ძალიან თავმდაბალი ადამიანია და ეს თვისება კარიერაშიც გამოადგა.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე მაშინ გვაოცებდა, მაინც ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასე მოკლე პერიოდში ამხელა წარმატებას მიაღწევდა; თანაც, მას ხომ ყველაფერი წინ აქვს! ჯერ მხოლოდ 25 წლის არის და "ოქროს ბურთი" უკვე ოთხჯერ მოიგო.

- შევიტყვეთ, როდესაც მესი ახალგაზრდა იყო, ერთ-ერთ ვარჯიშზე სახეში მძიმე დარტყმა მიიღო და ამის შემდეგ თქვენ მას მაისური გაუგზავნეთ. ეს ყველაფერი სიმართლეა?

- კი, სიმართლეა. მას ეროვნულ ნაკრებში ვარჯიში ახალი დაწყებული ჰქონდა, როდესაც ცხვირი გაუტყდა. ვარჯიშის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ მისთვის მაისური გაგვეგზავნა. ახლა, დიდი ალბათობით, მაისურს მას მე ვთხოვ.

- არ გვითხრათ, რომ აქამდე მესის არც ერთი მაისური არ გაქვთ...

- არა, არა, მაქვს (იცინის). ბოლო შეხვედრის შემდეგ მაისურები გავცვალეთ. გარდა ამისა, 2006 წლის ჩემპიონატის შემდეგ კარგი მეგობრები ვართ და როგორც აღვნიშნე, ის ისეთივე თავმდაბალი პიროვნებაა, როგორიც მაშინ იყო.

- მსოფლიოს ჩემპიონატი ახსენეთ... 2006 წლის მუნდიალზე საკმაოდ კარგად თამაშობდით, მაგრამ გერმანიასთან 1/4-ფინალს თვალი სათადარიგო სკამიდან მიადევნეთ. არ გიკითხავთ ხოსე პეკერმანისთვის, რატომ არ გათამაშათ?

- არა, ასეთ რამეს არც გავაკეთებდი. რა თქმა უნდა, იმ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება მსურდა და მართლაც, საკმაოდ კარგად ვთამაშობდი, ფიზიკურადაც თავს იდეალურად ვგრძნობდი და გუნდთანაც შეთამაშებული ვიყავი, თუმცა მწვრთნელმა არჩევანი სხვაზე გააკეთა და მე ჩემი უთამაშებლობის მიზეზი არასდროს მიკითხავს, რადგან ფეხბურთში ასეთი რაღაცეები ხდება. მატჩის შემდეგ ამას უკვე მნიშვნელობაც აღარ ჰქონდა.

- ოცნებობთ ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაზე?

- რა თქმა უნდა. როცა საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება, ფეხბურთელი იმედს არასდროს კარგავს. არგენტინის ნაკრების წევრი დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი, ახალგაზრდულ ნაკრებშიც ვითამაშე, მსოფლიოს ჩემპიონატზეც... ვიცი, რომ რთული იქნება, რადგან გუნდი უკვე შეთამაშებულია, ბევრი ახალი ფეხბურთელია, მწვრთნელიც ახალია, მაგრამ ნაკრებში დაბრუნების სურვილი ყოველთვის მექნება.

თუმცა ამჟამად ამაზე ნაკლებად ვფიქრობ და მთლიანად "მალაგაზე" ვარ კონცენტრირებული და მსურს, რომ გუნდს დასახული მიზნების მიღწევაში მაქსიმალურად დავეხმარო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ხავიერ სავიოლა ”მალაგაში”?

ანდრეს ინიესტა - ფინანსური თაღლითობის საქმის ფიგურანტი პერუში
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
ნორვეგიამ იტალიას თამაში შემოუტრიალა და მუნდიალზე გავიდა
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
18 წ. | პოლონეთის გავლით მასპინძელ ჩეხეთზე
[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] მაისურაძე ოქროსთვის, ინანეიშვილი ბრინჯაოსთვის...
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა
თსუ-ს, ქუთაისის და რუსთავის გამარჯვებებით მე-6 ტური დასრულდა
"არსენალმა" "დორტმუნდის" შემტევთან მოლაპარაკებები დაიწყო
"მადრიდის რეალზე" ფიქრის დრო საერთოდ არ მრჩება" - კაზემირო
[VIDEO] მამუკელაშვილის სათამაშო დრო იზრდება - "ტორონტო რაპტორსმა" "ინდიანა პეისერსი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
[VIDEO] უიმედოდ, უგერგილოდ - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან განადგურდა
საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთთან ნადგურდება
ესპანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U18. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პოლონეთს ადვილად მოუგო
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია
[VIDEO] აფციაურის ჰეთ-თრიკი - საქართველოს ნაკრებმა კანადასაც მოუგო
დანაკლისი მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე - ესპანეთს საქართველოსთან ჰიუსენი ვერ დაეხმარება
ჯერარდმა შესაძლოა, ინგლისური კლუბი ჩაიბაროს