თურქული მზადებისა და მომავლის გეგმებზე "არმიას" მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა
საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი "არმია" ახლახან თურქეთში გამართული საწვრთნელი შეკრებიდან დაბრუნდა.

არმიელები ამ ქვეყნის სპორტულ ბაზებს მოსამზადებლად უკვე მეორედ ეწვივნენ. აქვე საწვრთნელ შეკრებას გადიოდნენ რუსული კლუბებიც, რომლებთანაც "არმიამ" რამდენიმე სპარინგ-მატჩი გამართა.

თურქული მზადებისა და მომავლის გეგმებზე "არმიას" მთავარ მწვრთნელს ნიკო ჭავჭავაძეს ვესაუბრეთ.

- თურქეთში, ალანიას მახლობლად, შეკრება საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. შარშან ბელეკში ვიყავით, სადაც რუსეთის ჩემპიონი კრასნოიარსკის "ენისეი" გადიოდა საწვრთნელ შეკრებას. მათი თხოვნით, წლეულსაც ერთად გვქონდა ვარჯიშები. იქვე იმყოფებოდა კიდევ ერთი რუსული კლუბი, ყაზანის "აგროუნივერსიტეტი", რომელიც კრასნოიარსკელებზე ოდნავ სუსტია. ის ახალი გუნდია და ახლა ყალიბდება.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად წაადგება "არმიას" რუსულ გუნდებთან ერთად საწვრთნელი პროცესის გავლა?

- "ენისეი" ძალიან კარგი გუნდია. წლეულს სულ სხვა, უფრო მაღალი დონის რაგბის თამაშობდა, ვიდრე შარშან. სპარინგ-მატჩებისას აქცენტი, ძირითადად, დაცვაში თამაშის დახვეწაზე გვქონდა გადატანილი.

ვფიქრობ, ჩვენმა მორაგბეებმა კარგი გამოცდილება მიიღეს. ამასთან ერთად, "ენისეისთან" მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და, გამორიცხული არ არის, მალე მათ მიერ ორგანიზებულ ტურნირში მივიღოთ მონაწილეობა.

- რა ტურნირზეა ლაპარაკი და რამდენად მაღალი დონის იქნება ის?

- "ენისეიმ" ოფიციალურად დაგვპატიჟა ტურნირში "გუბერნატორის თასზე", რომელიც აგვისტოში კრასნოიარსკში გაიმართება. ამ შეჯიბრებაში, მათ გარდა, კრასნოიარსკის კიდევ ერთი, საკმაოდ ძლიერი გუნდი "კრასნი იარი" იასპარეზებს.

მოლაპარაკება მიმდინარეობს ახალზელანდიური "კრუსეიდერზისა" და სამხრეთაფრიკული "ნატალ შარქსის" ახალგაზრდულ გუნდებთან. შესაძლოა, ტურნირში მონაწილეობა მიიღოს იაპონიის "პანასონიკმა" და ერთ-ერთმა რუმინულმა კლუბმა.

ამ ეტაპზე მხოლოდ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ყველა შემთხვევაში, ოთხთა ტურნირი მაინც მოეწყობა, რომელშიც აუცილებლად ვითამაშებთ. ვფიქრობ, ჩვენი გუნდის განვითარებისთვის ასეთ შეჯიბრებებში ასპარეზობა აუცილებელია.

- ხვალ საქართველოს ჩემპიონატი განახლდება. "არმია" ამჟამად მეორე ადგილზეა და პირველივე მატჩში ლიდერს, თბილისის "ლელოს" ეთამაშება...

- თურქეთში ჩვენი მზადების მიზანი სწორედ ამ შეხვედრისთვის სათანადოდ მომზადება იყო. "ლელო" ძალიან კარგი გუნდია.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ლელოელები ახლა საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებიან და ჩვენთან სათამაშოდ ემზადებიან. ცხადია, ჩვენი დაპირისპირება ძალიან დაძაბული იქნება. ქომაგებს ვპირდებით, რომ კარგ სანახაობას ვუჩვენებთ, ორივე გუნდი ხომ გაშლილი, ლაღი თამაშის მიმდევარია.

ცხადია, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჩვენი ძირითადი კონკურენტი "ლელოა".

- "არმია" მოქმედი ჩემპიონია. ამ ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში კონკურენტებად მარტო "ლელო" მიგაჩნიათ?

- არა, რატომ? ჩვენ სტარტზე ორი რთული მატჩი გველის. "ლელოსთან" დაპირისპირების შემდეგ თბილისის "არმაზს" ვეთამაშებით, რომელიც წლეულს შესანიშნავად ასპარეზობს და დიდი ამბიციები აქვს. ამიტომ აქცენტი ამ გუნდებზე გვაქვს გადატანილი, თორემ, რა თქმა უნდა, ყველა გუნდს პატივს ვცემთ და სათანადოდ ვაფასებთ.

ყველა მათგანთან მაქსიმალურად მობილიზებულნი გავალთ სათამაშოდ. ჩემპიონობა, ცხადია, კარგია, მაგრამ მისი დაცვა ძალიან ძნელია.

- რა ცვლილებები მოხდა გუნდში ზამთრის არდადეგებზე?

- დავიწყოთ იმით, რომ ტრავმების გამო დიდი დანაკლისი გვაქვს. დაშავებულია და ჯერაც ვერ გამოჯანმრთელდა გუნდის კაპიტანი ლაშა თავართქილაძე, მეორეხაზელი დავით ჩიტიძე, გარემარბი რატი ნუცუბიძე, მგეზავი ლაშა ბაირამაშვილი.

რეაბილიტაციის კურსს გადის გარემარბი გიორგი შკინინი, რომელიც ჩემი გადაწყვეტილებით, მოთამაშე-მწვრთნელად დაინიშნა და უკანახაზელების გაწვრთნაში მეხმარება.

კარგი იქნება, თუ მისი რეაბილიტაციის პროცესში საქართველოს რაგბის კავშირიც დაგვეხმარება. ვფიქრობ, შკინინი ნაკრებს კიდევ გამოადგება.

"არმია" დატოვეს და რუმინულ "ტიმიშოარაში" გადაბარგდნენ ცხრა ნომერი ბიძინა სამხარაძე და პირველხაზელი გიორგი ხოსიტაშვილი.

"არმაზში" თამაში არჩია ფულბეკმა საბა ნიკოლავამ. მათ ნაცვლად არავინ დაგვიმატებია. ჭაბუკთა A ლიგის გუნდიდან ძირითადში გადმოვიყვანეთ ახალგაზრდული ნაკრების წევრი გიორგი აფციაური. ამასთან ერთად, აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას, რათა "არმიამ" შევსება საკუთარი ბავშვთა და მოზარდთა გუნდებიდან მიიღოს.

- ძალიან ბევრი კრიტიკული მოსაზრება გამოითქვა საბიუჯეტო და საუწყებო გუნდების თაობაზე. ამბობდნენ, რომ მათ სეზონის დასრულების შემდეგ დაფინანსება უნდა შეუწყდეს. რა პრობლემების წინაშე დადგა "არმია" ამის გამო?

- ჩვენთან ცვლილება არ მომხდარა. ჩამოვაყალიბეთ არასამეწარმეო, არაკომერციული რაგბის კლუბი "არმია", რომელიც თავდაცვის სამინისტროსთან არსებობს. ატმოსფერო გუნდში შესანიშნავია. პირიქით, კიდევ უფრო ორგანიზებულნი გავხდით, საკლუბო პრინციპებით უფრო აქტიურად ვმუშაობთ.

კვირაში ერთხელ კლუბში მომუშავე მწვრთნელებს სემინარს ვუტარებთ. ყველაფერს დეტალურად ვგეგმავთ და ინტენსიურად ვმუშაობთ ჭაბუკთა A და B ლიგის გუნდებთან.

- რამდენად გამართულია თქვენი კლუბის საქმიანობის სტრუქტურა, გყავთ თუ არა ყველა საშეჯიბრებო ასაკში გუნდები?

- როგორც უკვე გითხარით, ჭაბუკთა A და B ლიგებში დაარსების დღიდან ვასპარეზობთ. წლეულს გამოვალთ საფესტივალო ასაკის გუნდების შეჯიბრებაშიც. ესპუარების, ანუ სათადარიგოთა გუნდი ჯერ არ გვყავს. სექტემბრიდან ვაპირებთ, ეს გუნდი მხოლოდ ჯარისკაცებით დავაკომპლექტოთ და ისე გამოვიყვანოთ საასპარეზოდ.

სამხედრო ნაწილებში ჩვენი მწვრთნელები: ლელიკო ჯაში, ლაშა თავართქილაძე, გიორგი ლუაშვილი, ბექა თოფურია, ირაკლი სულთანიშვილი, ზურაბ დუგლაძე და გიორგი გოგისვანიძე აქტიურად საქმიანობენ და, ვფიქრობ, კარგი გუნდი უნდა შეიქმნას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10-ის განახლება ერთი კვირით გადაიდო
დიდი 10 | არმია 23:19 ლელო
დიდი 10 | ბათუმი 14:14 ხარები
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა