ტურნირის პრიზიორები მამუკა კორძაია (96) და დავით მოძმანაშვილი (120) გახდნენ
ჩვენმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბრინჯაოს ორი მედლით დაამთავრა გამოსვლა კიევში, "სახელოვან უკრაინელ მწვრთნელთა და სპორტსმენთა მემორიალში".

ტურნირის პრიზიორები მამუკა კორძაია (96) და დავით მოძმანაშვილი (120) გახდნენ.

ბრინჯაომდე ერთი მოგება დააკლდა გიორგი სანოძეს (74), რომელიც გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინის ნაკრების წევრ გია ჩიხლაძესთან დამარცხდა.

ჩვენთვის ამ შეჯიბრების მთავარი ინტრიგა მძიმე წონას უკავშირდებოდა, სადაც ყველაზე დიდ ყურადღებას დავით მოძმანაშვილისა და გიორგი საკანდელიძის პაექრობა იწვევდა.

ბედმა ისე ინება, რომ ისინი პირველივე წრეში შეხვდნენ ერთმანეთს. თანაბარ ბრძოლაში დამატებით პერიოდში წილისყრით მოძმანაშვილმა იმარჯვა, თუმცა ფინალში ვერც ის გავიდა და საკანდელიძეს სანუგეშოში ჩართვის საშუალება აღარ მიეცა.

მოძმანაშვილმა მეორე შეხვედრაში რუსი რამაზან მაგომედგაზიევი დაამარცხა ძირითად დროში.

პირველი პერიოდის დასრულებამდე 20-იოდე წამი რჩებოდა, როცა ჩვენებური გრძელი ნახტომით ფეხში შევიდა და სამი ქულა მიითვალა. თუმცა მსაჯები დიდხანს კამათობდნენ, ამ მომენტში რუსმა კონტრილეთით ხომ არ გადააგდოო ზურგსუკან.

საბოლოოდ მოძმანაშვილს 3 ქულა დაუტოვეს, თუმცა 2 რუსსაც მისცეს. მეორე პერიოდიც დაახლოებით თანაბარ ბრძოლაში, უფრო დაცვაზე აქცენტირებულ ჭიდაობაში გავიდა, ოღონდ დასრულებამდე 11 წამით ადრე ქართველი კიდევ ერთხელ სწვდა ფეხში. მართალია, ამით გდება ვერ გააკეთა, მაგრამ წრიდან გაიყვანა და მომგებიანი ქულაც მიითვალა.

ნახევარფინალში მოძმანაშვილი აბსოლუტურად თანაბარ ბრძოლაში მომავალ ჩემპიონთან, უკრაინელთა ოს ალან ზასიევთან დამარცხდა.

აქ ყველაფერი თავიდან ბოლომდე, სამივე პერიოდში ბურთულამ გადაწყვიტა, რომელიც ორჯერ მეტოქეს ამოუვიდა და მანაც შანსი გამოიყენა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მოძმანაშვილმა რუსთა ინგუში ფალავანი ასლან მალსაგოვი ორ პერიოდში 3:0 დაჯაბნა.

მამუკა კორძაიამ თავდაპირველად გერმანელ ალექსანდერ ზომერს მხოლოდ 1:0;1:0 კი მოუგო, მაგრამ ანგარიში სულაც არ ნიშნავს, რომ გაუჭირდა.

მომდევნო შეხვედრაში მომავალ ფინალისტ რუს ევგენი კოლომიეცთან პირველი პერიოდი 1:0 მოიგო, მაგრამ მომდევნოები 1:2;0:2 დათმო და მოგვიანებით სანუგეშოში გადაერთო, სადაც საკმაოდ იოლად, გართულებების გარეშე დაჯაბნა ჯერ უზბეკი შერმუხამბეტ ხოჯანიაზოვი, მერე - ლატვიელი იმანტას ლაგოდსკისი.

უმედლოდ დარჩენის მიუხედავად, საკმაოდ კარგად იჭიდავა ქუთაისელმა სანოძემ, რომელიც ეროვნულ ნაკრებში პირველად ჭიდაობდა უცხოეთში. მან ასპარეზობა არცთუ კარგად დაიწყო - რუსთა ოს ალან კოჩიევთან პირველი პერიოდი 0:1 წააგო.

სამაგიეროდ, მომდევნოებში მოწოდების სიმაღლეზე დადგა - 5:1; 2:1 იმარჯვა. მეორე წრეში ის მომავალ ჩემპიონთან, რუს ახმედ გაზიმაგედოვთან დამარცხდა - 5:6; 6:0 და სანუგეშოში გადაერთო.

ეტყობა, სანოძეს დგომში ილეთების გაკეთება ეხერხება და მაინცდამაინც ფეხში შესვლას არ ესწრაფვოდა.

სამაგიეროდ, კარგად ეკვროდა წელში და ჯერ ცოტა დააკლდა, ბეჭებზე დაედო უკრაინელი რუსლან რუჩკო; სამაგიეროდ, ეს მეორე უკრაინელთან, დმიტრო როჩნიაკთან მშვენივრად გამოუვიდა - 50 წამში წმინდად დაამარცხა. მანამდე კი საკმაოდ ძლიერი რუსი ზაურ მაკიევიც დაჯაბნა.

ჩიხლაძე მასზე ბევრად გამოცდილია, რაც შეხვედრაშიც გამოიყენა, თუმცა დამატებითი დრო დასჭირდა. ამ წონაში კიდევ ერთი ქართველი ჭიდაობდა - გორელი ცოტნე ბარამიძე ყაზახეთიდან, რომელსაც ჩვენი ნაკრების მწვრთნელი დავით პოღოსიანიც გულმოდგინედ ქომაგობდა და რჩევა-დარიგებებით ამარაგებდა.

სამწუხაროდ, ამან ფინალში ვერ არგო ზემოხსენებულ რუს გაზიმაგომედოვთან და ორ პერიოდში დამარცხდა.

ქართველთა სიმრავლის გამო ამ წონაში თავი რომელიმე ქართულ შეჯიბრებაზე გეგონებოდათ, ყველა მხრიდან ქართული შეძახილები ისმოდა. ბარემ აქვე გეტყვით, რომ ტურნირში კიდევ ორი ჩვენებური ჭიდაობდა - ჯამბულ ცოტაძე (84) უკრაინიდან, რომელიც ჩინებული ფიზიკური მომზადების მიუხედავად, მაინც უმედლოდ დარჩა, და ნოდარ არაბიძე (55) რუსეთიდან.

ჩვენი გუნდის სხვა წევრებიდან ზურაბ იაკობაშვილმა (66) რუსი აზამატ კაბისოვი ძირითად დროში დაამარცხა, თუმცა მეორე პერიოდში ანგარიშის გამთანაბრებელი ქულა (რამაც ბოლო ქულის წესით საბოლოო წარმატება მოუტანა) სასტვენამდე მხოლოდ 4 წამით ადრე მოიპოვა.

სამაგიეროდ, მერე ვერ გადაურჩა მარცხს მასპინძელ სემენ რადულოვთან, თუმცა პირველი პერიოდი კი მოიგო. ბექა ლომთაძემ (60) მძიმედ დაიწყო შეხვედრა უკრაინელ იური სემაკინთან - 0:2 ჩამორჩა, მაგრამ მობილიზება შეძლო და პერიოდი 7:2 მოიგო.

სამწუხაროდ, მომდევნო პერიოდებში ვერაფრით გაანეიტრალა მეტოქე, რომელიც თითქმის ყოველ ჯერზე წარმატებით შედიოდა ფეხში. არადა, პირველ პერიოდში ჩვენებურმაც ძირითადად ამ ფანდით იმძლავრა, რაც მერე თავად ექცა მარცხის მიზეზად - 0:4; 0:3 წააგო და უმედლოდ დარჩა, რადგან ფინალში ვერც სემანიკი გავიდა.

ტურნირის მნიშვნელოვანი ამბებიდან ერთს გამოვარჩევთ - 96 კილოგრამში რუსთა სახელოვანმა ოსმა, ოლიმპიურმა და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა ჰაჯიმურატ გაცალოვმა გაიმარჯვა.

ცხადია, ის 31 წლის ასაკშიც ავლენს შესაშურ ოსტატობას და უდიდესი გამოცდილების ხარჯზე ტაქტიკურადაც უზუსტესად ჭიდაობს, მაგრამ ძველებური სისწრაფე აღარ მოსდგამს - წლები ხომ თავისას შვრება.

ამის მიუხედავად, ერთ რამედ ღირდა მისი დიდოსტატური ჭიდაობის ცქერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nikolozi
სად არააა გოგშელა, სხვა თუ არაფერი ყველაზე ლამაზად ჭიდაობს.
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა