უნგრეთის დედაქალაქი 25 თებერვლიდან 7 მარტამდე კადეტთა და ახალგაზრდა მოფარიკავეთა ევროპის პირველობას უმასპინძლებს

უნგრეთის დედაქალაქი 25 თებერვლიდან 7 მარტამდე კადეტთა და ახალგაზრდა მოფარიკავეთა ევროპის პირველობას უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები (მთავარი მწვრთნელი მერაბ ბაზაძე, მწვრთნელი ირაკლი ღაღანიძე, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის დაფინანსებით მსაჯადაა მიწვეული საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, ჩვენი ფედერაციის გენერალური მდივანი დავით სახვაძე) ბუდაპეშტში ექვსი სპორტსმენით წარსდგება.

ევროპელ კადეტებს გაეჯიბრებიან ლუკა ღაღანიძე, თეონა გოგლიძე (ორივე - რაპირა), საბა სულამანიძე (ხმალი) და მიქაელ მიქაელიანი (დაშნა). ისინი ახალგაზრდებშიც იასპარეზებენ, ოღონდ მათ ამ ასაკში სანდრო ბაზაძე და მიხეილ მარდალეიშვილი დაემატებიან. ბაზაძე, მარდალეიშვილი და სულამანიძე გუნდურშიც მოსინჯავენ ძალებს.

ყოველივე ეს 17 თებერვალს გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც ვაკის საფარიკაო დარბაზში ახალგაზრდა მუშკეტერთა საქართველოს ჩემპიონატი (მთავარი მსაჯი დავით სახვაძე) დამთავრდა.

ასპარეზობის პირველ დღეს საფარიკაო ბილიკებზე მოხმალავენი გავიდნენ. ავადმყოფობის გამო შეჯიბრებაში მონაწილეობა არ მიუღიათ მარდალეიშვილსა და სულამანიძეს. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა მსოფლიოს და ევროპის თასის ეტაპების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი სანდრო ბაზაძე, რომელმაც ფინალში დავით უკლება დაჯაბნა - 15:9.

ასეთივე ანგარიშით ქალთა ფინალში ანა სინატაშვილმა ქრისტინე ნოზაძეს სძლია. ასევე უპრობლემოდ დაძლია ფინალში ლუკა ღაღანიძემ არჩილ უგულავას წინააღმდეგობა - 15:11, თეონა გოგლიძემ კი ნუცა იაგორაშვილი დაამარცხა - 15:10.

დაშნაში ვაჟთა გადამწყვეტი პაექრობა ფრიად დაძაბული გამოდგა. ოქროს მედლის ბედი ერთმა ჩხვლეტამ გადაწყვიტა - მიქაელ მიქაელიანმა ირაკლი ფანცხავას 15:14 მოუგო. გოგონების ფინალში მარია ზაკირჩენკო და ქრისტინე მიქაძე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ქუთაისელი მოფარიკავეები მეორე წელიწადია, უმაღლესი სინჯის მედლისთვის ერთმანეთს უწევენ მეტოქეობას. შარშან ეროვნულ ჩემპიონატში მიქაძემ აჯობა, წლეულს კადეტთა პირველობა ზაკირჩენკომ მოიგო. მარიამ 17 თებერვალსაც დაჯაბნა თანაგუნდელი - 15:12 და პირველი ადგილი დაიკავა.

საგულისხმოა ისიც, რომ რაპირასა და დაშნაში გადამწყვეტი ორთაბრძოლები ფრანგმა არბიტრმა სედრიკ დუბროილმა იმსაჯა. იგი სპორტის სამინისტროს მოწვევით იმყოფება საქართველოში და ბავშვთა ცენტრის პროექტებზე მუშაობს.

"საქართველოში პირველად ვარ, ძალიან მომწონს აქაურობა, - გვითხრა სტუმარმა. - რომ გავიგე, ფარიკაობაში საქართველოს პირველობა ტარდებოდა, როგორ გავუშვებდი შემთხვევას, შეჯიბრება არ მენახა. გამიხარდა, ფინალური შეხვედრების მსაჯობა რომ შემომთავაზეს.

მე ხომ რაპირაში საფრანგეთის ტოპათეულში შევდიოდი. თქვენი მოფარიკავეები ტექნიკურად კარგად არიან მომზადებულნი. მათ ახლა გამოცდილება სჭირდებათ, რაც საერთაშორისო ტურნირებში გამოსვლით უნდა შეიძინონ; რამდენიმე ტალანტი შევამჩნიე. ამ გოგო-ბიჭებთან თავდადებული მუშაობით მაღალი შედეგების მიღწევა შეიძლება".

საქართველოს პირველობაში ექვსი ქალაქისა და რეგიონის 90-მდე წარმომადგენელი გამოდიოდა. განსაკუთრებით სასიამოვნო შეჯიბრებაში ზესტაფონელი მოფარიკავეების გამოჩენა იყო.

არადა, ერთ დროს აქაურმა სპორტსმენებმა შორს გაითქვეს სახელი: ავთანდილ კიკნაძემ ახალგაზრდებში ორჯერ მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, მსოფლიოს პირველობაზე კი მესამე ადგილი დაიკავა.

გუნდურ ხმალში საკავშირო პრიზიორი გახლდათ ჯონდო მაჭავარიანი, წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრებში ასპარეზობდა ლიანა შეყრილაძე. და აი, მეორე წელიწადია, ზესტაფონში ფარიკაობის სექცია აღადგინეს, რომელსაც ამირან ჭანტურიძე ჩაუდგა სათავეში. 20-მდე მოზარდი რაიონში ფარიკაობის ფუძემდებლის - სიმონ საყვარელიძის სახელობის სასპორტო სკოლის დარბაზში ვარჯიშობს.

"უმთავრესად, 12-13 წლის გოგო-ბიჭები არიან, - გვითხრა ამირან ჭანტურიძემ. - შარშან ხმლები, მუზარადები და ელექტროაპარატი საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ მოგვცა, რამდენიმე დაშნა ქუთაისის ფარიკაობის სკოლამ გვაჩუქა.

ასეთი მწირი ინვენტარით შევუდექით მუშაობას. დიდ ყურადღებას გვაქცევს იმერეთის ფარიკაობის ფედერაციის ხელმძღვანელი, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლევან კირკიტაძე.

მისი დამსახურებაა, რომ მრავალწლიანი "შესვენების" შემდეგ ზესტაფონელი მოფარიკავეები ორი კვირის წინათ კადეტთა საქართველოს პირველობაში ჩაებნენ, ამ უქმეებზე კი ახალგაზრდების მსგავს შეჯიბრებაში ვიასპარეზეთ. შედეგებზე ჯერ ნაადრევია ლაპარაკი, მაგრამ მჯერა, რომ მალე მედლებიც მოვა".

გულშემატკივრებს აქვე შევახსენებთ, რომ 9-10 თებერვალს უნგრეთის დედაქალაქშივე გაიმართება მსოფლიოს თასის ეტაპი - გრან-პრის გათამაშება. ამ ტურნირში საპრიზო ადგილებისთვის ბექა და სანდრო ბაზაძეები, მიხეილ მარდალეიშვილი, ლუკა ობოლაძე და საბა სულამანიძეც იბრძოლებენ.

კვარცხლბეკი

ხმალი. გოგონები. 1. ანა სინატაშვილი (ქუთაისი), 2. ქრისტინე ნოზაძე, 3. ელენე ნანობაშვილი, ანა აფრასიძე (სამივე - თბილისი).

ვაჟები. 1. სანდრო ბაზაძე, 2. დავით უკლება (ორივე - ქუთაისი), 3. ნიკოლოზ შენგელია (თბილისი), ვაჟა რეჭია (ქუთაისი).

რაპირა. გოგონები. 1 თეონა გოგლიძე, 2. ნუცა იაგორაშვილი, 3. ანა მელია (სამივე - თბილისი), მარიამ ცუხიშვილი (რუსთავი). ვაჟები. 1 ლუკა ღაღანიძე (თბილისი), 2. არჩილ უგულავა (ბათუმი), 3. გიორგი გელაშვილი (თბილისი), ნიკოლოზ ვეფხვიაშვილი (რუსთავი).

დაშნა. გოგონები. 1 მარია ზაკირჩენკო, 2 ქრისტინე მიქაძე, 3. ნინო გაბუნია (სამივე - ქუთაისი), მარიამ ცუხიშვილი (რუსთავი). ვაჟები. 1. მიქაელ მიქაელიანი (თბილისი), 2. ირაკლი ფანცხავა, 3. ანრი სიმსივე, ირაკლი ამბროლაძე (სამივე - ქუთაისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"საქართველოში ტაქსის მძღოლები მეუბნებოდნენ, ეს ყოველივე სამარცხვინოაო!" - უკრაინელი მოფარიკავე თბილისში გატარებულ პერიოდს იხსენებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა