კახა ცხადაძემ აზერბაიჯანის ჩემპიონატში მწვრთნელის რანგში უკვე 180 მატჩი ჩაატარა
გასულ უქმეებზე დასრულდა აზერბაიჯანის ჩემპიონატის პირველი ეტაპი, რის მიხედვითაც ზედა და ქვედა ექვსეულებმა საბოლოო სახე მიიღო.

აზერბაიჯანის ჩემპიონატიც ისეთივე სისტემით ტარდება, როგორც ჩვენთან: 12 გუნდი ორ წრედ თამაშობს, შემდეგ კი ზედა და ქვედა ექვსეული ასევე ორ წრედ ასპარეზობს.

მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანში სოლიდური ქართული ლეგიონია და ამ ქვეყნის ჩემპიონატის მიმართ ჩვენი ინტერესი ამითაცაა გამოწვეული. ამჯერად ყურადღებას ზედა ექვსეულზე გავამახვილებთ, უფრო ზუსტად, ჩვენებურთა მონაგარზე ვისაუბრებთ.

სულ ბოლო მომენტში მოხვდა ზედა ექვსეულში სოლიდურბიუჯეტიანი "ბაქი": სერბი სპეციალისტის, ბოჟიდარ ბანდოვიჩის გაწვრთნილი დედაქალაქური კლუბის ღირსებას 26 წლის გიორგი ფოფხაძე იცავს.

აზერბაიჯანის ჩემპიონატის პირველი ეტაპის მთავარი მოულოდნელობა ასევე სოლიდურბიუჯეტიანი "აზალის" და, განსაკუთრებით, "ხაზარის" წარუმატებლობა იყო - ორივე ეს გუნდი ქვედა ექვსეულში გააგრძელებს ასპარეზობას. არადა, ლენქორანის "ხაზარი" ამ ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი კლუბია და ძვირად ღირებული ლეგიონერებიც ჰყავს.

მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში მთავარი მხოლოდ ფინანსები რომ არ არის, აზერბაიჯანის ჩემპიონატში მოღვაწე ქართველმა მწვრთნელებმაც დაამტკიცეს: კახა ცხადაძის "ინტერის" და გიორგი ჩიხრაძის "სიმურგის" ბიუჯეტი ამ ქვეყნის საზომით მოკრძალებულზე-მოკრძალებულია (ალბათ, სამ-ოთხ გუნდს თუ აღემატება), თუმცა, ამის მიუხედავად, ზედა ექვსეულში მყარად დაიმკვიდრეს ადგილი და ევროტურნირების საგზურისათვის იბრძოლებენ.

ბაქოს "ინტერი" სულაც ჩემპიონობის ერთ-ერთი რეალური ფავორიტია (ამ ქვეყნის ყველაზე ცნობილ და ტიტულიან გუნდთან, ბაქოს "ნეფთჩისთან" ერთად) და პირველი ეტაპის ბოლოსწინა ტურამდე ცხრილის სათავეშიც იყო; აზერბაიჯანის ყველაზე "ქართულმა გუნდმა" პირველი ეტაპი მეორე ადგილზე დაამთავრა და უმთავრეს კონკურენტსა და ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს "ნეფთჩის" 3 ქულით ჩამორჩება.

"ნეფთჩის" შემადგენლობაში ძვირად ღირებული ლეგიონერები ასპარეზობენ: მიტრესკი (მაკედონია), ფლავინიო, ბერტუჩი (ორივე - ბრაზილია), ვობაი (სიერა ლეონე), კანალესი (ჩილე), რამოსი (პარაგვაი), სტამენკოვიჩი (სერბეთი), ნასიმოვი (უზბეკეთი), პლუს აზერბაიჯანის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელები.

"ინტერის" ძირითად ბირთვს კი ქართველები შეადგენენ: 33 წლის გიორგი ლომაია ბოლო სამი სეზონია, აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარეა; 33 წლის ვალერი აბრამიძე და 31 წლის ილია კანდელაკი დაცვის ხაზის შეუცვლელი ფეხბურთელები არიან; 25 წლის ბაჩანა ცხადაძე კი "ინტერის" საუკეთესო ბომბარდირია.

სამწუხაროდ, სეზონის სტარტზე მიღებული მძიმე ტრავმის გამო, ძალიან ბევრი გაუცდა 31 წლის გიორგი ადამიას.

ურიგოდ არ გამოიყურება ლომაიას შემცვლელი, 25 წლის რევაზ თევდორაძეც, რომელიც "ინტერში" პირველ სეზონს ატარებს.

არახალი ამბავია, რომ "ინტერი" ყველაზე ცოტა გოლს უშვებს: პირველ ეტაზე 22 მატჩში მეტოქეებმა მხოლოდ 12 ბურთის გატანა მოახერხეს "ჩვენებურთა გუნდის" კარში. შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძეს შარშანდელი ზაფხულიდან ზაურ სვანაძე ეხმარება, - 1981 წლის თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი ტრიუმფატორი და შემდგომში მცოდნე მწვრთნელი; გუნდის მენეჯერიც ქართველია - ახლო წარსულში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ალექსანდრე რეხვიაშვილი.

ისე, "ინტერი" ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული აზერბაიჯანული კლუბია და ყოველი სეზონის დაწყების წინ მუდამ ფავორიტადაც მოიაზრება; ანუ ამ გუნდის საჩემპიონო ამბიცია (კონკურენტებთან შედარებით მწირი ბიუჯეტის მიუხედავად) არავის უკვირს, რასაც ვერ ვიტყვით ზაქათალის "სიმურგზე" - ეს პროვინციული გუნდი წინა სეზონში ლამის იყო, ქვედა ლიგაში დაქვეითდა, ახლა კიევროტურნირების საგზურის მოპოვებისათვის იბრძვის!

თანაც "ინტერის" მსგავსად, არც გიორგი ჩიხრაძის გუნდში არიან ძვირად ღირებული თუ ცნობილი ლეგიონერები...

ცხადაძე და რეკორდები

აზერბაიჯანული სპორტული მედია ქართველი ფეხბურთელებისა თუ მწვრთნელების მიმართ უკვე წლებია, კეთილგანწყობას ინარჩუნებს (უფრო ზუსტად, თითქმის ყველა, ერთადერთი ინტერნეტგამოცემის გარდა). ანუ დღე არ გავა, იქაური მედიის ყურადღების ცენტრში ჩვენები რომ არ მოექცნენ და ამის ნათელი დადასტურება გამოცემა "აპასპორტში" გამოქვეყნებული წერილია, რომელიც ქართველი მწვრთნელის, ბაქოს "ინტერის" თავკაცის კახა ცხადაძის მორიგ აზერბაიჯანულ რეკორდს ეხება.

სხვათა შორის, სწორედ ამ გამოცემით შევიტყვეთ ცხადაძე-მწვრთნელის წინა სარეკორდო მაჩვენებლებიც: უცხოელ მწვრთნელებს შორის ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა (ჩემპიონატი, თასი, ევროტურნირები), ყველაზე მეტი შეხვედრა მოიგო და პროცენტულად, ყველაზე საუკეთესო შედეგი აქვს!

შეგახსენებთ, რომ ცხადაძის ხელმძღვანელობით, "ინტერი" 2010 წელს აზერბაიჯანის ჩემპიონი გახდა, 2011 წელს "თანამეგობრობის თასი" მოიგო და აზერბაიჯანის თასის ფინალში გავიდა (პენალტების სერიაში დამარცხდა "ხაზართან"), 2012 წელს კი III ადგილი დაიკავა.

ქართველ მწვრთნელს ეკუთვნის კიდევ ერთი რეკორდი: აზერბაიჯანის თასის მეოთხედფინალში ზედიზედ სამჯერ არც ერთ მწვრთნელს არ გაუყვანია გუნდი, მან კი უკვე ოთხჯერ მოახერხა!

ახლა კი "აპასპორტის" ბოლო მონაცემებსაც დავეყრდნოთ (შემდგომ ეს ინფორმაცია სხვა გამოცემებმაც "აიტაცეს" - მაგალითად, "ექსტრატაიმმა"): წინა კვირას აზერბაიჯანის თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩი ("ბაქისთან") "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ცხადაძისათვის საიუბილეო, 150-ე ყოფილა! აქედან 117 მატჩი აზერბაიჯანის პრემიერლიგაში ჩაატარა, 19 - თასზე, 8 - ევროტურნირებზე, 6 - "თანამეგობრობის თასზე"; 150 მატჩიდან ცხადაძის ხელმძღვანელობით "ინტერმა" 76 მოიგო, 44 ფრედ დაამთავრა და 30 წააგო (ბურთების სხვაობა: 186-105).

"აპასპორტი" იმასაც გვახსენებს, რომ "ინტერამდე" ცხადაძე ბაქოს "სტანდარდს" წვრთნიდა (30 მატჩი) და ასე რომ, ქართველი მწვრთნელის აზერბაიჯანული "მონაგარი" 180 მატჩს ითვლის.

ლეგიონერი მწვრთნელებისათვის ეს მართლაც შთამბეჭდავი ციფრია და, ალბათ, ამ შედეგს დიდი ხნის განმავლობაში ვერავინ შეეცილება. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ აზერბაიჯანული პრემიერლიგის ბოლო წლების ტენდენციას: იშვიათზე-იშვიათი შემთხვევაა, ერთი და იგივე მწვრთნელმა "გადაბმულად" რამდენიმე კი არა, ერთი სეზონი ჩაატაროს!

აი, მაგალითად, "ხაზარში" ამ არასრული სეზონის განმავლობაში უკვე ოთხჯერ შეიცვალა მთავარი მწვრთნელი! ბოლოს ამ გუნდში ესპანელი კარლეს ბაკესი მუშაობდა, რომელმაც ისევე, როგორც ჯევად გულერმა, ჯემალ ალისპახიჩმა (ორივე - "რევანი") და ფათიხ კავლაკმა ("გაბალა") ნახევარი სეზონიც ვერ გაატარა.

თუმცა ეს ამბავი აზერბაიჯანში არავის უკვირს, რამეთუ ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში ამ ქვეყანაში რამდენიმე ათეული უცხოელი მწვრთნელი ჩამოსულა და უკრაინელი სპეციალისტების (ვალენტინ ხოდუკინი, რომან პოკორა) გარდა, სრულად სეზონი, ფაქტობრივად, არავის ჩაუტარებია; არადა, ამ უცხოელ სპეციალისტთა არასრული ჩამონათვალი, ვფიქრობთ, სოლიდურია: ვინფრიდ შეფერი (გერმანია), ტონი ადამსი (ინგლისი), ვლატიმილ პეტრჟელა (ჩეხეთი), მირჩა რედნიკი (რუმინეთი), ალექსანდრ სტარკოვსი (ლატვია), სტანისლავ ჩერჩესოვი, სერგეი იურანი, ანდრეი ჩერნიშოვი (სამივე - რუსეთი), ვალდას ივანაუსკასი (ლიტვა), ჯოკიჩა ხაჯიევსკი (მაკედონია), ჯიუნეთ ბიჩერი, რასიმ კარა (ორივე - თურქეთი) და სხვები.

აქვე ისიც დავაზუსტოთ, რომ აზერბაიჯანში მხოლოდ უცხოელ მწვრთნელებს კი არა, ადგილობრივ სპეციალისტებსაც იშვიათად უცხადებენ დიდი ხნით ნდობას: დღესდღეობით აზერბაიჯანის ჩემპიონატში ორად-ორი მწვრთნელია, "გადაბმულად" მეოთხე სეზონი რომ მუშაობს ერთსა და იმავე გუნდში - ყურბან ყურბანოვი ("ყარაბაღი") და კახა ცხადაძე...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა