სპეციალისტის აზრი: არის ტექნიკა - არის ფეხბურთი, არ არის ტექნიკა - არ არის ფეხბურთი
დღეს "ლელოს" რესპონდენტი გამოცდილი ქართველი მწვრთნელი ელგუჯა გუგუშვილია, რომელიც საკუთარ მოსაზრებებს აქტუალურ საფეხბურთო საკითხებზე გვიზიარებს.

- როგორია თანამედროვე ფეხბურთის განვითარების ტენდენციები?

- თანამედროვე ფეხბურთის არსი გამოიხატება მინდვრის სხვადასხვა მონაკვეთზე რიცხობრივი უპირატესობის შექმნაში, ხოლო ფეხბურთელის მიმართ უპირველესი მოთხოვნა გახდა დაცვიდან შეტევაში და შეტევიდან დაცვაში სწრაფად გადართვა. ეს თავის მხრივ, ფეხბურთელისგან ითხოვს ენერგიის კოლოსალურ ხარჯვას.

გაუმჯობესდა ბურთის გადაცემის კულტურა, პასი ხომ ფეხბურთის მამოძრავებელი ძალაა. შემცირდა თავდამსხმელთა რაოდენობა, თანამედროვე ფეხბურთს ვხედავ უფორვარდოდ. შეინიშნება მცველებისა და ნახევარმცველების რაოდენობის მატება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ტექნიკას. არის ტექნიკა - არის ფეხბურთი, არ არის ტექნიკა - არ არის ფეხბურთი.

თუმცა შედეგს გარკვეულწილად, ტაქტიკა განაპირობებს. მნიშვნელოვნად გაიზარდა სტრატეგიის როლი. პარადოქსულად მეჩვენება, როდესაც კლუბები ყიდიან კარგ ფეხბურთელებს, რათა სუსტებს ხელფასი გადაუხადონ.

- ევროპისა და მსოფლიოს განვლილი ჩემპიონატების მატჩების უმრავლესობა საშუალო დონისა იყო. ხომ არ განიცდის ფეხბურთი კრიზისს?

- ევროპისა და მსოფლიოს უკანასკნელმა ჩემპიონატებმა ფეხბურთი ვერ გაამდიდრა რევოლუციური იდეებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გაიყინა ფეხბურთში მომუშავე მწვრთნელების აზროვნება ან დაქვეითდა ფეხბურთელთა ოსტატობის დონე. პირიქით, ფეხბურთის გაზრდილმა პოპულარობამ გააძლიერა მისი ინტელექტუალური საწყისები. გაიზარდა მოთხოვნა ფეხბურთელთა მიმართ, როგორც ტექნიკის, ასევე ტაქტიკისა და სტრატეგიის მხრივ.

პარალელს გავავლებ - მსოფლიოში ყოველწლიურად ათასობით ფილმი გამოდის, რომელთა უმრავლესობა საშუალო ან დაბალი დონისაა. შეიძლება ამის გამო კინოს კრიზისზე საუბარი? მსოფლიო კინოფესტივალებზე ორი-სამი კარგი ფილმის ჩვენება ხდება. ასეა ფეხბურთშიც, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატებზე სამ-ოთხ ფენომენალურ მატჩს ვუყურებთ. ნამდვილად ვერ ვხედავ კრიზისის საფუძველს.

- ხშირად ისმის კრიტიკა ჩვენი ფეხბურთის მიმართ...

- კრიტიკა აუცილებელია. მის გარეშე ფეხბურთი ვერ განვითარდება. ვფიქრობ, კრიტიკა მაღალპროფესიული დონისა უნდა იყოს, საგნის ცოდნით, საფუძვლიანი და არა უაპელაციო. ჩვენ ვითხოვთ მწვრთნელების, არბიტრების, ფეხბურთელების მაღალ კვალიფიკაციას.

როდესაც ფეხბურთში დასაქმებულთა არაკვალიფიციურობაზე ვსაუბრობთ, ეს სწორია, მაგრამ გამკრიტიკებელმაც უნდა აიმაღლოს ცოდნის დონე, ეცადოს, რომ პუბლიკას, გულშემატკივარს მიაწოდოს ობიექტური რეალობის სურათი და არა დილეტანტური, ემოციური და სუბიექტური ანალიზი.

ჩვენს ფეხბურთს კრიტიკის სანათური კი არ უნდა წვავდეს, არამედ უნდა ანათებდეს. რასაკვირველია, ასეთი კრიტიკა მისასალმებელია.

- რა კრიტერიუმებით ირჩევთ ფეხბურთელებს?

- დისციპლინა, ტაქტიკა, ტექნიკა - აი, რა არის მთავარი. თუ ფეხბურთელს ფილიგრანული ტექნიკა აქვს, მოკლე ხანში შეიძლება მისი ფიზიკურად მომზადება. თუ არჩევანი მიდგა თანაბარი ტექნიკის ორ ფეხბურთელზე, უპირატესობას იმას მივანიჭებ, ვინც მინდორზე დისციპლინირებულია და ვისაც დავალების უკეთ შესრულება შეუძლია.

თერთმეტი ვარსკვლავი ჯერ კიდევ არასაფეხბურთო ანსამბლია. კარგად აწყობილ მექანიზმთან დამარცხება მათ იოლად შეუძლიათ. პატივსაცემია მებრძოლი ფეხბურთელი, ფეხბურთი ხომ მამაცთა თამაშია.

- თქვენი შეხედულება ბავშვთა ფეხბურთზე.

- შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, საქმე ცუდად ნამდვილად არ გვაქვს. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელისა და მწვრთნელის თაობა გვყავს. ფეხბურთში მოვარჯიშე ბავშვთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო მატულობს. ვუყურებ 10-12 წლის ბავშვთა გუნდების თამაშს და ვამჩნევ, რომ თითქმის ყველა ერთი და იმავე პრინციპით თამაშობს, მათი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად მიიტანონ ბურთი მოწინააღმდეგის კართან.

საკმარისია, ბავშვმა მოწინააღმდეგის მოტყუების ან გადაცემის დროს დაკარგოს ბურთი, ტრიბუნიდან ისმის მშობლების ყიჟინა, რას შვრები, დაარტყი წინ, მწვრთნელების მხრიდან - დროზე მოიშორეო. ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომაა.

ბავშვს უნდა მივცეთ თავისუფალი აზროვნების, იმპროვიზაციის საშუალება. ფეხბურთი მაშინ არის წარმტაცი, როდესაც ბავშვი ლაღად თამაშობს და არ არის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეული. ბავშვს უნდა მივცეთ ბურთი და ითამაშოს, როგორც სურს.

- რა არის საჭირო იმისთვის, რომ მოზარდი მაღალი კლასის ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს?

- ვფიქრობ, აუცილებელია ორი რამ - პირველია ნიჭი, მეორე კი შრომა. ანუ ფეხბურთელი უნდა იყო დილითაც, შუადღესაც და საღამოსაც. ტალანტი თავისი ნიჭით განავითარებს და ამდიდრებს ფეხბურთს. მწვრთნელმა უნდა დაინახოს, გახსნას და განავითაროს ფეხბურთელის სათამაშო პოტენციალი.

ბოლოს ჩემს ერთ სურვილსაც გაგანდობთ. მიზანშეწონილად მიმაჩნია, შეიქმნას წიგნი "ქართული ფეხბურთის ისტორია". ეს იქნება მეტად შრომატევადი საქმე. არ ვიცი, რამდენი დრო დასჭირდება ქართული ფეხბურთის განვითარების შესახებ სრული სურათის შექმნას, რომელშიც გაანალიზებული და განხილული იქნება ის გზები და მიმართულებები, რომლითაც იგი ვითარდებოდა.

ჩემი აზრით, ამაზე უკეთეს სამაგიდო წიგნს ფეხბურთის მოყვარულებისთვის ვერ შევქმნით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა