თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა 10 მარტს ევროპის ჩემპიონატზე გასაყვანი შემადგენლობა დაასახელა
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა 10 მარტს დაასახელა ევროპის ჩემპიონატზე გასაყვანი შემადგენლობა.

წინასწარვე გეტყვით, რომ მწვრთნელი მთლიანად საქართველოს პირველობის შედეგებს დაეყრდნო, თუმცა ისიც სათქმელია, რომ კანდიდატებს უცხოეთში მისთვის სიახლეები არ შეუთავაზებიათ.

გიორგი ედიშერაშვილი (55), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60), კონსტანტინე ხაბალაშვილი (66), დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), ელიზბარ ოდიკაძე (96), გენო პეტრიაშვილი (120) - აი, ასეთია მინდორაშვილის რჩეული შვიდეული.

არსებითად, ყველაზე დიდი ინტრიგა მძიმე წონას უკავშირდებოდა, თორემ დანარჩენებში დიდი სამკითხაო იქნებ არც იყო რამე. აი, მძიმეში კი საკითხავი იყო, გარისკავდა თუ ვერა მწვრთნელი ლონდონის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ დავით მოძმანაშვილის შინ დატოვებას და ენდობოდა თუ არა ახალგაზრდა გენო პეტრიაშვილს. ქვეყნის პირველობაზე პეტრიაშვილმა წონის ფავორიტს ნახევარფინალში აჯობა, ფინალში კი დამაჯერებლად სძლია გიორგი საკანდელიძეს.

მთლიანობაში ძალიან დამაიმედებლად იჭიდავა; იმდენად კარგად, ბევრად უფროსებსაც შეშურდებოდათ მისი და თავი არც "იაშარ დოგუს" სიძლიერით გამორჩეულ მემორიალზე შეურცხვენია.

იქ უმედლოდ კი დარჩა, მაგრამ მოუგო თურქთა ერთ ევროპის ჩემპიონ ფატიჰ ჩაკიროღლუს და წააგო იმავე ტიტულის მფლობელ მეორე მასპინძელ ტაჰა აკგულთან. ეს კი დასაძრახი მარცხი არაა.

პირიქით - იქაც ძლიერი ბადე შეხვდა, თუმცა ხმაურიანი მოგება მაინც მიითვალა. სწორედ იმ ტურნირის შემდეგ გვითხრა მინდორაშვილმა, პეტრიაშვილს არაფერი აკლია, გამოცდილების მეტი, რაც დრომ უნდა მოიტანოსო.

კითხვასაც ეს ფაქტი და მისი ასაკი აჩენდა - მოძმანაშვილის დიდი გამოცდილების პირისპირ ხომ 18 წლის ბიჭი იდგა. მართალია, თავის ასაკში ბევრის მომგები და ტიტულოვანი, მაგრამ მაინც მეტისმეტად ახალგაზრდაა და ისეთი დიდი ბატალიებისთვის, როგორიც ევროპის ჩემპიონატია, ჯერ კიდევ დაუღვინებელია.

მით უფრო - სამშობლოში გასამართი, რაც ნებისმიერი ათლეტისთვის ორმაგი პასუხისმგებლობაა. საბოლოოდ ყველაფერი წმინდა სპორტულმა მხარემ გადაწყვიტა - შიდა პირველობაზე ხომ პეტრიაშვილმა აჯობა, უცხოეთში კი, სადაც ორივემ თითოჯერ მოსინჯა ძალა, ჩემპიონი ვერც ერთი ვერ გახდა.

მართალია, მოძმანაშვილმა კიევის ტურნირზე ბრინჯაო მოიპოვა, ხოლო პეტრიაშვილი თურქეთში უმედლოდ დარჩა, მაგრამ იმ ბრინჯაომ საქართველოს ოქრო ვერ გადაწონა. აი, მოძმანაშვილი კიევში ჩემპიონი რომ გამხდარიყო, მაშინ გადაწყვეტილება ახლანდელზე ბევრად მძიმე მისაღები იქნებოდა; პეტრიაშვილმა კი ქვეყნის პირველობაზე იმდენად მაღალი კლასი აჩვენა, უკვე საპრეტენზიო არაფერი დარჩა.

მინდორაშვილის თქმით, პეტრიაშვილი ჯერ კიდევ არაა ოპტიმალურ ფორმაში, თუმცა ევროპის პირველობამდე ერთი კვირა რჩება და ეს ნაკლიც გამოსწორდება. საბედნიეროდ, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ აწუხებს.

კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ ამ მხრივ მთლიანად გუნდშია კარგი ვითარება. მართალია, რამდენიმეს მიკროტრავმა აქვს, მაგრამ საშიში არც ერთის მდგომარეობა არაა და ასპარეზობაში ხელს არ შეუშლით.

ნაკრებში ერთადერთი ტრავმირებული ხუციშვილია, რომელმაც ადრე ნატკენი მხარი ჯერაც ვერ მოირჩინა.

ის კი ვარჯიშობს და შეკრებაზე შეხვედრებსაც ატარებს, თანაც - გამაყუჩებლების გარეშე, მაგრამ მისი მდგომარეობა მაინც ყურადსაღებია. მინდორაშვილი შიშობს, რომ ტურნირზე შეიძლება ტკივილგამაყუჩებლებით მოუწიოს ჭიდაობა.

გუნდის სხვა წევრებს რაც შეეხებათ, ყველამ დაუბრკოლებლად გაიარა მოსამზადებელი პერიოდი - საშეჯიბრო ნაწილიც და სატურნიროც, თუმცა ცაიტნოტის გამო მხოლოდ თითო შეჯიბრებაზე გამოვიდნენ.

ყველაზე მეტი წარმატებით მაინც თურქეთში იასპარეზეს "დოგუს მემორიალზე", რომელიც "დიდი პრიზის" ტურნირია - იქ ხინჩეგაშვილი, მარსაგიშვილი და ოდიკაძე ჩემპიონები გახდნენ, ედიშერაშვილი კი მესამეზე გავიდა.

იმ ძლიერ ტურნირზე მარსაგიშვილს კონკურენტი არ ჰყავდა, იმდენად იოლად მოიგო, მაგრამ უთუოდ აღსანიშნავია ხინჩეგაშვილის წარმატება, რომელმაც ოლიმპიადის შემდეგ წონა შეიცვალა და ადაპტაცია საკმაოდ სწრაფად გაიარა.

ეჭვიც არ გვეპარებოდა, მისი ნიჭის და შესაძლებლობების პატრონი არც აქ დაიკარგებოდა, მაგრამ ახალ წონაში გადასვლას ყოველთვის ახლავს სირთულეები, რაც ჩვენებურმა იოლად დაძლია.

ასევე აღსანიშნავია ოდიკაძის აღმასვლაც, რომელმაც ბოლო თვებში აშკარად მოუმატა - გერმანულ ბუნდესლიგაში რამდენიმე ტიტულოვან ფალავანთან მოპოვებულ ბრწყინვალე გამარჯვებას რომ თავი დავანებოთ (საკლუბო პირველობის დატვირთვა მაინც სხვაა), თურქეთში ფინალში მრისხანე აზერბაიჯანელი, ევროპის რამდენიმეგზის და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიადის ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი ხეტაგ გოზიუმოვი დაჩაგრა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დასკვნით შეკრებას ბორჯომში, სპორტკომპლექს "ოლიმპში" გადის, რომელსაც 17 მარტს დაასრულებს და თბილისში დაბრუნდება. კონტინენტის პირველობა კი ჩვენს დედაქალაქში 19-24 მარტს ჩატარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vaja
ელო შენ იცი არ შეგვარცხვინო ძმა. ღმერთმა მოგაგებინოს...ვაჟა
vaja
ოდიკაძე ძაან მაგარი ბიჭია და გაიმარჯვებს
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა