"ბოსტონის" "ძველი ტრიო" "მაიამის" "ახალი ტრიოს" წინააღმდეგ
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ახალი სეზონი სუპერმატჩით გაიხსნა - "ბოსტონის" "ძველი ტრიო" "მაიამის" "ახალი ტრიოს" წინააღმდეგ. ლებრონ ჯეიმსი, დუეინ უეიდი და კრის ბოში NBA-ის ვიცე-ჩემპიონების წინააღმდეგ.

შეხვედრის დებიუტი მთლიანად მასპინძელთა კარნახით წარიმართა. ბოსტონელები რაც სურდათ, იმას აკეთებდნენ მოედანზე - შაკილ ო'ნილმა სამწამიანი ზონა დაიპყრო, რეი ალენი საფირმო სამქულიანებს აგდებდა, რაჟონ რონდო კი ჩვეულ სტილში დირიჟორობდა თავისიანებს.

საინტერესოა, რას აკეთებდა ამ დროს "მაიამის" ვარსკვლავური სამეული. მატჩის პირველ ნახევარში ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ეს კალათბურთელები პირველად ხედავდნენ ერთმანეთს. სხვა ახსნა არ მოეძებნება პირველ მეოთხედში მათ მიერ დაგროვილ ჯამურ 9 ქულას. გარდა ამისა, საწყის 12 წუთში ლებრონ ჯეიმსმა და დუეინ უეიდმა სამ-სამი შეცდომა დაუშვეს. ფლორიდელები მეორე მეოთხედშიც ვერაფრით დაიკვეხნიდნენ - ერთი პირობა, მასპინძელთა უპირატესობამ 19 ქულას მიაწია. საგულისხმოა, რომ პირველ ტაიმში მოპოვებული 30 ქულით, "ჰიტმა" პირველივე ცდაზე დაამხო შარშანდელი ანტი-რეკორდი ტაიმში დაგროვილი ყველაზე ნაკლები ქულების რაოდენობით.

მეორე ტაიმში ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ "ბოსტონის" წინააღმდეგ სათამაშოდ არა "მაიამი", არამედ "კლივლენდი" გავიდა. მართალია, თამაში ლებრონის შოუდ გადაიქცა, მაგრამ სტუმრებმა მაინც ვერ შეძლეს გაქცეული მეტოქის დაწევა, ხოლო მატჩის ბოლოს ალენის მიერ ჩაგდებულმა სამქულიანმა ყველანაირი იმედი მოუსპო ერიკ სპოელსტრას გუნდს.

მოკლედ, ფლორიდელებმა ყველა კომპონენტში ჩააგეს შეხვედრა. უეიდმა და ჯეიმსმა ერთად 14 შეცდომა დაუშვეს, ბოში ვერ უმკლავდებოდა ვერც გარნეტს და ვერც გლენ დევისს და 10-ქულიან ზღვარსაც ვერ მიაღწია (თამაშიდან 11-ჯერ ისროლა და მხოლოდ სამჯერ ჩააგდო). "მაიამიმ" თამაშიდან ტყორცნების 36.5 პროცენტი გამოიყენა (პირველ ტაიმში ეს მაჩვენებელი 27 პროცენტს უდრიდა).

ორეგონის შტატში ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა "პორტლენდსა" და "ფინიქსს" შორის. ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს პლეი ოფის პირველ რაუნდში შეხვდნენ და მაშინ "სანზმა" შეძლო ტრავმებით შესუსტებული "ბლეიზერსის" დამარცხება. ბუნებრივია, "პორტლენდს" საკუთარი პუბლიკის წინაშე რევანშის სურვილი ჰქონდა.

თამაში "ბლეიზერსის" ლიდერ ბრენდონ როის მიჰყავდა, რომელიც მუდმივად ავიწროებდა "ფინიქსის" დაცვას როგორც შორი, ასევე საშუალო დისტანციიდან. სტუმრები ცდილობდნენ არ ჩამორჩენოდნენ მეტოქეს. სტივ ნეშის ბრწყინვალე თამაშის გარდა, "სანზის" გულშემატკივრები ჯეისონ რიჩარდსონმა გაახარა, რომელმაც პირველ ტაიმში ყველა ბურთი ჩააგდო. ასევე აღსანიშნავია ელვინ ჯენტრის სწორი როტაცია, რისი წყალობითაც პირველი სამი მეოთხედი "ფინიქსი" კარგად გამოიყურებოდა.

მაგრამ ბოლო მეოთედისთვის სტუმრებს ძალა არ ეყოთ. ნეიტ მაკმილანის შეგირდებმა ძალიან კარგად ითამაშეს დაცვაში, რაც წარმატების მთავარი ფაქტორი გახდა. ბოლო წუთებზე თავისი სიტყვა თქვეს დრე მილერმა, ბრენდონ როიმ და ნიკოლა ბატუმმა. სწორედ როისა და ბატუმის ორმა სამქულიანმა გადაწყვიტა მატჩის ბედი მასპინძლების სასარგებლოდ.

პირველ სათამაშო დღეს მოქმედი ჩემპიონი "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" ასრულებდა, რომელმაც მატჩის წინ NBA-ის კომისარ დევიდ სტერნისგან კუთვნილი საჩემპიონო ბეჭდები მიიღო. კალიფორნიელები "ჰიუსტონს" მასპინძლობდნენ და შეხვედრა მოულოდნელად დაიწყო - "რაკეტებმა" პირველივე წუთებიდან შეძლეს გაქცევა. მეტოქეს პერიმეტრიდან "ბომბავდა" ბრუქსისა და მარტინის დუეტი. ჩემპიონები განადგურებას იაო მინის შეზღუდულმა სათამაშო დრომ გადაარჩინა. როცა ჩინელი მოედანზე არ იმყოფებოდა, პაუ გასოლი საკმარის სივრცეს იღებდა იმისთვის, რომ სამწამიანში ებატონა. რაც შეეხება "ლეიკერსის" მთავარ ვარსკვლავ კობი ბრაიანტს, მან კარგა ხანი ვერ მონახა თავისი რითმი - მუხლის ტრავმა მაინც თავისას შვება.

სტუმრები სამი მეოთხედი ფლობდნენ უპირატესობას, სანამ ბოლო 12-წუთეულში საქმეში არ ჩაებნენ "ლეიკერსის" სათადარიგოები. მეტ ბარნსმა, სტივ ბლეიკმა და განსაკუთრებით შენონ ბრაუნმა რთულ მომენტში საკუთარ თავზე აიღეს ინიციატივა და ფილ ჯექსონის გუნდმა არამარტო გაათანაბრა ანგარიში, არამედ წინ გასვლაც შეძლო.

თუმცა "ჰიუსტონს" ნაადრევად დანებება არც უფიქრია. მარტინის ზუსტმა ტყორცნებმა, აგრეთვე მსოფლიოს ჩემპიონატის გმირის ლუის სკოლას ბრწყინვალე სოლომ მატჩის ბოლოს ინტრიგა დააბრუნა. არგენტინელის მორიგი ორი ქულის შემდეგ ადელმანის შეგირდები ერთი ქულით გავიდნენ წინ. საფინალო სირენამდე 30 წამი რჩებოდა.

მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც მასპინძლებმა თქვეს. მათი ბოლო კომბინაცია თავისუფალ სტივ ბლეიკზე ბრაიანტის პასით დასრულდა და "ლეიკერსის" ახალბედამ სამქულიანი ჩააგდო. "ჰოუსტონს" შეტევისთვის საკმარისი დრო ჰქონდა, მაგრამ გუნდი აარონ ბრუქსმა დააღალატა, რომელმაც ბოლო ტყორცნა ააცილა მიზანს.

ბოსტონი-მაიამი 88:80

16:9, 29:21, 18:27, 25:23

ბ: ალენი (20), პირსი (19+9 მოხსნა), დევისი (13+5 მოხსნა), გარნეტი (10+10 მოხსნა), რონდო (4+17 პასი+5 მოხსნა).

მ: ჯეიმსი (31+8 შეცდომა), უეიდი (13+6 პასი+6 შეცდომა).

პორტლენდი-ფინიქსი 106:92

28:26, 22:20, 25:35, 31:11

პ: როი (24+6 პასი), ბატუმი (19+11 მოხსნა), კემბი (13+10 მოხსნა), მეტიუზი (13+6 მოხსნა), მილერი (10+9 პასი).

ფ: ნეში (26+6 პასი), რიჩარდსონი (22+6 მოხსნა), უორიკი (10).

ლეიკერსი-ჰიუსტონი 112:110

26:33, 25:29, 26:20, 35:28

ლ: გასოლი (29+11 მოხსნა), ბრაიანტი (27+7 პასი+5 მოხსნა), ბრაუნი (16), ოდომი (14+10 მრხსნა), ბლეიკი (10).

ჰ: მარტინი (26), ბრუქსი (24+9 პასი), სკოლა (18+16 მოხსნა), ბადინგერი (13+5 მოხსნა), იაო მინი (9+11 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა