19 მარტს თბილისის სპორტის სასახლეში სტარტს ჭიდაობაში ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი აიღებს
19 მარტს თბილისის სპორტის სასახლეში სტარტს აიღებს ევროპის წლევანდელი პირველობა.

საქართველო პირველად მასპინძლობს ამ რანგის შეჯიბრებას და მისი ღირსეულად ჩატარება ფრიად საშური საქმეა, თუმცა ქართულმა რეალობამ შეჯიბრების დაწყებამდე შეგვახსენა თავი, როცა 18 მარტს, საღამოს, ქვეყნის დიდ ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშა, მათ შორის - სპორტის სასახლესაც. თუმცა, მადლობა ღმერთს და, ამჯერად გადავრჩით - დენი ცოტა ხნით ადრე რომ გამორთულიყო, არავინ იცის, ჩატარდებოდა თუ არა აწონვა-წილისყრის ცერემონიალი.

იმედია, სპორტის სასახლის ადმინისტრაცია, ზოგადად, ხელისუფლება მომდევნო დღეებში მსგავსი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის თადარიგს დაიჭერს, თორემ ამ პირველობასთან დაკავშირებით აქამდე გაკეთებული ყველა კარგი და საკმაოდ დიდი საქმე წყალში გადაგვეყრება.

არა მგონია, უცხოელებს მთლად კარგ მოგონებად დარჩენოდათ სპორტის სასახლის დერეფნებში ფანრების და სანთებელების შუქზე სიარული.

კიდევ ერთი პრობლემა 18 მარტს, საღამოსვე ფოტორეპორტიორებს წარმოექმნათ, ოღონდ ამაში საქართველო არაფერ შუაშია და ის მთლიანად ჭიდაობის საერთაშორისო თუ ევროპული ფედერაციების დოღრიალობის შედეგია - ისინი ჩვენს კოლეგებს ქვედა იარუსზე, არენის ირგვლივ განლაგების ნებას არ აძლევდნენ.

არადა, თავდაპირველად, მათ ადგილი ჩრდილოეთის სექტორის ირგვლივ მიუჩინეს, მაგრამ გაირკვა, რომ იქაურობა საპატიო სტუმრებისთვის ყოფილა განკუთვნილი, რადგან ვიპ-ლოჟამ მსურველები ვერ დაიტია. ამიტომ ზემოაღნიშნულმა უწყებებმა იქ ფოტორეპორტიორებს ადგილი არ მისცეს. მათ ქვედა იარუსზე მხოლოდ ერთი ალტერნატივა რჩებოდათ - დასავლეთის სექტორიდან გადაღება, რაც ძალზე მოუხერხებელია. ასევე, შეეძლოთ ზედა იარუსზე ასვლა, თუმცა არც ისაა იდეალური ადგილი.

საბოლოოდ პრობლემა იმით მოგვარდა, რომ ჩრდილოეთის სექტორში რამდენიმე მწკრივზე არ გაყიდეს ბილეთები და ის ადგილი გამოუთავისუფლეს გადამღებებს, ოღონდ იქაც სკამებზე უნდა ისხდნენ, არენის გასწვრივ მოძრაობის ნება არ ექნებათ.

საკითხავია - მასპინძელ დარბაზს ხომ ამოწმებენ ევროპული თუ საერთაშორისო ფედერაციები და აქამდე რატომ არ მოიკითხეს, სად იყო რეპორტიორთა ადგილი? ეს ხომ მათი პირდაპირი მოვალეობაა!

სავსებით სამართლიანად განაცხადა ფრანგმა ჟურნალისტმა, ვიპი არ ვიცი, მე სამუშაო პირობები მინდაო.

ფორმები და კონგრესი

ჩემპიონატის საშეჯიბრო ნაწილი ჯერ არ გახურებულა, თუმცა ევროპის პირველობის ოფიციალური ნაწილი უკვე გაიხსნა - 18 მარტს ჭიდაობის ევროპული ფედერაციის (CELA) კონგრესი ჩატარდა, ტრადიციულად, მშვიდ ვითარებაში.

18 მარტსვე ჩვენი ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობამ "ჰოლიდეი ინში" ნაკრებების წევრებს იტალიური წარმოების ახალი ფორმები გადასცა - საშეჯიბროც და გამოსასვლელიც და თან წარმატებები უსურვა კონტინენტის პირველობაზე.

ჩემპიონატი 19 მარტს, 13 საათზე დაიწყება და ვაჟთაგან "თავისუფლად" მოჭიდავეები იასპარეზებენ ორ წონაში - 66-ში და 96-ში, ქალთაგან კი - 48 კილოგრამის წარმომადგენლები.

17.15-ზე ტურნირის საზეიმო გახსნაა, ფინალური შეხვედრები კი 18-დან 20 საათამდე გაიმართება.

20 მარტიდან შეჯიბრებები უკვე 14 საათიდან დაიწყება, ფინალები კი იმავე ვადებში ჩატარდება. შეჯიბრების პირველი ოთხი დღე "თავისუფლებს" დაეთმობათ - ქალებსაც და ვაჟებსაც, 23-24 მარტს კი ბერძენ-რომაელები იჭიდავებენ. 20 მარტს ვაჟთაგან 55-60, ქალთაგან კი 51-59 კილოგრამების წარმომადგენლები იასპარეზებენ, 21-ში - 74-120-ის და 55-67-ის. პარასკევს, 22 მარტს ლეიბზე ვაჟთაგან 84 კილოგრამის ფალავნებს ვიხილავთ, ქალთაგან - 63-72-ისას. 23-ში უკვე ბერძენ-რომაელები - 55, 60, 96 და 120-ის ათლეტები იასპარეზებენ, დანარჩენები კი 24-ში ჩემპიონატს დაასრულებენ.

ბილეთები ზედა იარუსზე 1 ლარი, ქვედაზე კი 3 ლარი ღირს. თან ერთი ბილეთი მთელი დღის განმავლობაში იმოქმედებს.

ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" შემოგთავაზებთ.

ჩინელები ევროპაზე

ევროპის ამ პირველობით ახალი ოლიმპიური ციკლი იწყება, რაც თაობათა ცვლასაც ნიშნავს, მაგრამ, ამავდროულად, დიდ ინტერესსაც იწვევს, როგორც ახალი გზის დასაწყისი. ეს ტურნირიც ამ ნიშნებით ხასიათდება - ძალიან ბევრი გუნდია გადახალისებული, თუმცა შეჯიბრებისადმი უცხოელთა ინტერესი მაინც დიდია. ამას ისიც ადასტურებს, რომ აკრედიტაცია 20-მდე უცხოელმა ჟურნალისტმა გაიარა.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მათ შორის 2 ჩინელიცაა. იქ ჭიდაობა ახლა იდგამს ფეხს და ეტყობა, აინტერესებთ ყველაფერი, რაც განვითარებაში დაეხმარებათ.

ევროპელთაგან განსაკუთრებით ბულგარელებმა იაქტიურეს - 5 წარმომადგენელი ჰყავთ. ჩვენი კოლეგები არიან რუსეთიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ფინეთიდან და ა.შ.

ჟურნალისტების გარდა, უცხოეთიდან ქომაგები თუ ოფიციალური პირებიც ბლომად ჩამოვიდნენ. გუნდების უმეტესობა უკვე თბილისშია, თუმცა ჯერ არ ჩამოსულან "ბერძენ-რომაელები", რადგან ისინი შაბათ-კვირას ჭიდაობენ. თვით "თავისუფალთა" და ქალთა შორისაც ზოგი ჯერ კიდევ გზაშია (ვინც 19-ში არ ჭიდაობს), 18 მარტს კი 500-მდე სპორტსმენი იყო თბილისში. ტურნირში მონაწილეობაზე განაცხადი 47-მა ქვეყანამ გააკეთა.

ყველაზე მრავალრიცხოვანი რუსეთის დელეგაციაა. წინასწარი მონაცემებით, ისინი 100-ზე მეტი კაცით აპირებდნენ გამოფრენას მოსკოვიდან. მათი ზუსტი ციფრი ვერავინ გვითხრა, მაგრამ მათი დელეგაცია ყველაზე დიდია. თან ამბიციაც რაოდენობის შესაბამისი აქვთ - "თავისუფალთა" ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაგომედ ჰუსეინოვმა განაცხადა, რომ 4 ოქროს და გუნდური პირველობის მოპოვებას აპირებენ.

თემა მოგვიანებით ოსთა სახელოვანმა მწვრთნელმა მაირბეკ იუსუპოვმაც განავრცო და დაამატა, ჩვენი ქალებიც და ვაჟებიც გუნდური გამარჯვებისთვის იბრძოლებენო.

პროგნოზებში უფრო თავშეკავებული გამოდგა აზერბაიჯანელ "თავისუფალთა" თავკაცი საიპულა აბსაიდოვი, რომელიც "მხოლოდ" 4 მედალს დასჯერდა, თუმცა ხარისხი არ დაუზუსტებია.

რუსთა ოფიციალურ დელეგაციას არ ჩამოჰყოლიან ჩრდილოკავკასიელი ქომაგები, რომლებიც ლარსიდან საკუთარი ტრანსპორტით აპირებდნენ შემოსვლას. მათ საამისოდ მობილიზაცია იქაურ ინტერნეტფორუმებზე დიდი ხნის წინ დაიწყეს - აინტერესებდათ ყველაფერი: სასტუმროების ფასი, ფულის კურსი, ამინდი როგორია, ხომ არ ცივა თბილისში, რა ჩაიცვან, რა მდგომარეობაა ლარსში, ყაზბეგის რაიონში თოვლი ხომ არაა და ასე შემდეგ... მათ შორის რამდენიმე ქართულსაც "ამტვრევს" - ვისაც დედა, ბებია-ბაბუა ან ნათესავი ჰყავს ქართველი.

ბოლო დღეებში განსაკუთრებით აქტუალური ამინდის თემა გახდა. სამწუხაროდ, 18 მარტს ყაზბეგის რაიონში ზვავსაშიშროების გამო სატრანსპორტო მიმოსვლა მართლაც შეფერხებული იყო, თუმცა, იმედია, 19-ში დათბება და ეს პრობლემაც მოგვარდება.

ჩვენი ინფორმაციით, მოდიან აზერბაიჯან-სომხეთიდანაც. სავარაუდოდ, ადგილობრივი ქომაგი ბოლომდე შეავსებს სპორტის სასახლის ტრიბუნებს და სტუმრებს გულშემატკივრობაში აჯობებს.

19 მარტს იჭიდავებენ

კონსტანტინე ხაბალაშვილი (66).

დაიბადა: 1992-05-07, გორში.

მწვრთნელი: ნუგზარ სხირელი

ევროპის ვიცე-ჩემპიონი ჭაბუკებში (2009), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ახალგაზრდებში (2012). საქართველოს ჩემპიონი (2012).

ელიზბარ ოდიკაძე (96).

დაიბადა: 1989-06-14, თბილისში.

მწვრთნელები: ამირან მაისურაძე, დავით ხურცია.

მსოფლიოს თასის მფლობელი (2012), "ოქროს დიდი პრიზის" გამარჯვებული (2012), იაშარ დოგუს სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" ჩემპიონი (2012).

ბედის ირონიით, ჩემპიონატის პირველივე დღეს ჩვენგან სტარტზე დებიუტანტები დადგებიან, რომლებსაც არც წილისყრამ გაუმართლათ.

განსაკუთრებით - ელიზბარ ოდიკაძეს, რომელიც პირველ წრეშიც სერიოზულ მეტოქეს, ბელორუს ევროპის პრიზიორ ივან იანკოუსკის ხვდება, თორემ კონსტანტინე ხაბალაშვილი ბევრად სუსტ ალბანელ ვილსონ ნდრეგონის გაეჯიბრება და ცოტა ამოსუნთქვის საშუალება აქვს.

ჩვენები პირველ წრეს თუ წარმატებით გაივლიან, შესაძლოა, მეორეში ორივე რუსს გაეჯიბროს. ოდიკაძეს ეს გარანტირებული აქვს, რადგან რუსთა ოსი ვლადისლავ ბაიცაევი პირდაპირ მეორე ეტაპიდან ჩაერთვება ტურნირში, დაღესტნელ კუმიკ ილიას ბეკბულატოვს კი იქ გასასვლელად უკრაინელი ანდრეი კვიატკოვსკის დამარცხება მართებს, რაც იოლი საქმეც არ უნდა იყოს.

საერთოდ, ჩვენებურებს წილისყრამ არ გაუმართლათ - ამაზე უფრო ცუდი ძნელი წარმოსადგენია: რუსები ხომ მეორე წრეშივე ელოდებიან, აზერბაიჯანელებიც მათ მხარეს მოხვდნენ, ეს ორი გუნდი კი გამოკვეთილია ჩემპიონატში.

ოდიკაძე ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონს, ორგზის ოლიმპიურ ბრინჯაოსმედალოსან ხეტაგ გოზიუმოვს ნახევარფინალამდე არ შეხვდება, ხაბალაშვილს კი აზერბაიჯანელთა დებიუტანტი მაგომედ მუსლიმოვი მეოთხედფინალში გადაეყრება.

აქვე შევნიშნავთ, რომ ოდიკაძემ გოზიუმოვი თებერვალში თურქეთში დოგუს მემორიალის ფინალში დაამარცხა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Temo
პირველი არხი გადმოსცემს ყველაზე საინტერესო შეხვედრებს და ფინალებსაც.
Temo
18 მარტს, საღამოს, ქვეყნის დიდ ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშა, მათ შორის - სპორტის სასახლესაც.----------------------------------------------- იმედია კალაძემ უკვე ისწავლა მინისტრობა,როგორც შეგვპირდნენ და ბნელში არ დატოვებს ჩემპიონატს.
loki
პირდაპირი ტრანსლირება ტუ იქნება ყველა შეხვედრის და სად შეიძლება ყურება?
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში
"გული მტკივა, როცა საფრანგეთში ამდენ უცხოელ მწვრთნელს ვხედავ" - დიდიე დეშამი
[VIDEO] ფენომენალური ნიკოლა იოკიჩის 55-ქულიანი მატჩი და მორიგი რეკორდი - "დენვერ ნაგეთსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დაამარცხა
"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა
"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" გამარჯვება "ბაიერნთან"
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...
"რეალი" თავდამსხმელს იჯარით "ლიონში" გაუშვებს
"ჯგუფიდან გასასვლელად სასწაული გვჭირდება" - ნაკრების შეკრების მესამე დღე
"ვულვერჰემპტონს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"ბარსელონამ" ლევანდოვსკის შემცვლელი შეარჩია
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს
უარი დაბრუნებაზე - ოვერმასმა და ტენ ჰაგმა "აიაქსის" წინადადება უარყვეს
მიჩელი "არსენალში" გადადის - "ნაპოლიში" კვარაცხელიას ერთ-ერთ აღმომჩენად ის სახელდება
თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს
მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელმა კატარული გუნდი ჩაიბარა
[VIDEO] ზაბარნიმ საფონოვს ხელი ჩამოართვა და მიესალმა - ინტერნეტში კადრები ვირუსულად გავრცელდა
პსჟ-ის რიგები შესაძლოა, 17 წლის ტალანტმა დატოვოს - მას შეთავაზება გერმანიიდან აქვს
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა