საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" მეკარე თავის მომავალზე, კლუბსა და მომავალ სანაკრებო მატჩზე გვესაუბრა
22 მარტს საქართველოს ნაკრები "სტად დე ფრანსზე" საფრანგეთს დაუპირისპირდება.

ვერავინ იტყვის, შეხვედრა როგორ დასრულდება, მაგრამ წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი რამ საქართველოს ნაკრების მეკარის თამაშზე იქნება დამოკიდებული.

ძნელი სათქმელია, ვის დააყენებს თემურ ქეცბაია საფრანგეთის ნაკრებთან პარიზულ შეხვედრაში, მაგრამ რუსეთის პრემიერლიგის "კრასნოდარში" ნუკრი რევიშვილის უთამაშებლობის გამო ეროვნულის პირველი მეკარის სტატუსით გიორგი ლორია სარგებლობს, რომელმაც საერთაშორისო შეხვედრებში დაამტკიცა, რომ გაიზარდა და ნდობას იმსახურებს.

საფრანგეთში გამგზავრებამდე გიორგი ლორიას ინტერვიუ ჩამოვართვით - ველაპარაკეთ თბილისის "დინამოზე", მის მომავალზე, სანაკრებო თამაშზე...

- ჯერ დავიწყოთ იმით, რამაც ყველა გააოცა - არავინ ელოდა, მეორე წრეშიც თბილისის "დინამოში" თუ გიხილავდით.

- საბოლოოდ მაინც ასე გადავწყვიტე.

- შენი ტრანსფერი თითქოს სულ კარზეა მომდგარი, მაგრამ ბოლოს ისევ საქართველოში რჩები. ასეთი რა ხდება, რომ მშვენიერი სეზონის შემდეგაც ვერ წახვედი?

- შესაძლოა, საქართველოდან წასვლა ყველა მოთამაშეს სურს, მაგრამ თბილისის "დინამო" ის კლუბი არ არის, სადაც თვალი სულ გაქცევაზე გიჭირავს. სხვა კლუბებისგან მას სწორედ ეს გამოარჩევს.

თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ თუ რეალური ვარიანტი იქნება, სიამოვნებით წავალ. "დინამო" ხელს არ მიშლის, პირიქით, მზად არის, ჩემს წინსვლას ხელი შეუწყოს. ზამთარში ათასი ვარიანტი კი დასახელდა, მაგრამ კონკრეტული წინადადებით არავის მოუმართავს, თავი არავის გაუგიჟებია, გინდა თუ არა წაგიყვანთო და ამიტომაც დავრჩი.

- მესმის, მომაბეზრებელია ამ კითხვაზე გამუდმებით პასუხი, მაგრამ "დინამოში" როდემდე რჩები?

- კონტრაქტი ზაფხულამდე მაქვს და მერე რა მოხდება, ჯერ ვერ გეტყვით.

- წლევანდელ "დინამოზე" რას იტყვი?

- ახლა გამოცდილი, საკმაოდ მაღალი კლასის მოთამაშეები გვყავს და ძლიერი გუნდი ყალიბდება. ზამთარში ბევრი ახალი მოთამაშე დავიმატეთ, მაგრამ ნელ-ნელა შევთამაშდით და ჯერჯერობით კარგად მივდივართ. იმედია, პირველობას არავის დავუთმობთ და თასსაც მოვიპოვებთ.

- გუნდში სხვადასხვა ეროვნების ლეგიონერია: გერმანელი, ესპანელი, მაკედონიელი, სლოვაკი. მეკარეს თამაშის კარნახი გევალება და ასეთი ენობრივი მრავალფეროვნების პირობებში საქმე არ გირთულდება?

- პრობლემა არ არის, ერთმანეთს უპრობლემოდ ვუგებთ. საყველპურო ინგლისური ყველამ ვიცით, მათაც აითვისეს ქართული სიტყვები და ენობრივი ბარიერი არ გვაქვს.

- თუმცა სხვადასხვა მენტალიტეტის მქონე ადამიანები შეიკრიბეთ და გუნდში ერთსულოვნება თუ არის?

- "დინამოში" გამოცდილი მოთამაშეები ახალწვეულებს ყოველთვის კარგად ვხვდებოდით, მათთვის ადაპტაცია და გუნდთან შეგუება რომ გაგვეადვილებინა. საკმაოდ მეგობრული გუნდი გვყავს და არ ვიცი, ეს კითხვა რატომ გაგიჩნდათ, გარედან სხვანაირად ჩანს?

- უბრალოდ, საინტერესოა, გუნდის სამზარეულოში რა ხდება, თორემ არავინ ამბობს, "დინამოში" არეულობააო...

- "დინამოში" მართლაც კარგი ვითარებაა, მეგობრული და ვცდილობთ, ლეგიონერებმა თავი უცხოდ არ იგრძნონ. ასე იყო ზამთრამდეც და ასეა ახლაც. საერთოდ, რა მდგომარეობაც არის გუნდში, ამას ყველაზე კარგად სატურნირო მდგომარეობა ასახავს - შანსი არ არის, არეული გუნდი ლიდერობდეს.

- ყველა ლეგიონერი ევროპელია. იქაური ცხოვრების წესს შეჩვეულები საქართველოს როგორ ეგუებიან?

- მშვენივრად არიან ადაპტირებულები და მგონია, რომ ქვეყანასაც ძალიან კარგად შეეჩვივნენ. ამაში ჩვენც ხელს ვუწყობთ და პრობლემა არასოდეს შეჰქმნიათ. თბილისიც ლამაზი ქალაქია და ამ კუთხითაც არასოდეს დაუჩივლიათ.

ჩვენი მთავარი ამოცანა შეთამაშებაა და არა უცხოელების გუნდთან ადაპტაცია. შარშან 4 მწვრთნელი შევიცვალეთ, ახლა კი ვითარება დამშვიდდა, ფეხბურთელები გაცილებით საქმიან ვითარებაში ვვარჯიშობთ.

- ზოგჯერ საქართველოს ჩემპიონატში გონებაგაფანტულის შთაბეჭდილებას ტოვებ, ნაკრებში კი გაცილებით მობილიზებული და მაღალი დონის მეკარედ ჩანხარ - არ დაგიმალავ და ასე მგონია, ორი გიორგი ლორიაა...

- ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ საქართველოში თამაშს ზერელედ ვეკიდები. უბრალოდ, ნაკრებში სულ სხვა დონის მეტოქეები გვყავს და განსაკუთრებული მობილიზაცია გჭირდება. მაგრამ "დინამო" ჩემი გუნდია და ვისაც უნდა ვხვდებოდეთ, ყოველთვის გამარჯვება მინდა და საქმეს პროფესიონალურად ვუდგები.

სხვა საქმეა, ეს როგორ გამომდის, მაგრამ რომ ვცდილობ, ეს ნამდვილად ვიცი.

თუ მოხდა ისე, რომ წავედი, კარიერის დასრულება მაინც "დინამოში" მინდა. საქართველოში, ამ გუნდის გარდა, არსად მითამაშია და სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებული სურვილიც არ მაქვს.

- დაბოლოს, სანაკრებო თამაშზეც ვილაპარაკოთ. საფრანგეთთან გამკლავება თბილისშიც უმძიმესი ამოცანა იქნებოდა. გაცილებით რთული იქნება მის მოედანზე დაპირისპირება...

- ორი აზრი არ არის, უმძიმესი მატჩი გველის, მაგრამ ბურთი მრგვალია და არ მესმის, თამაშამდე ყურები რატომ უნდა ჩამოვყაროთ და თუნდაც ფრეზე არ ვიფიქროთ? ჩვენ ხომ წინასწარ არ ვიცით, საფრანგეთის ნაკრები როგორ ფორმაშია, რა პრობლემები აქვს და რა შეიძლება ხელს უშლიდეს? იქაც ადამიანები არიან და ჩვენს ნაკრებშიც, ორი ხელ-ფეხი გვაქვს აქეთაც და იქითაც.

იმედს კი ჯერ კაცი არ მოუკლავს და ჩვენ რატომ უნდა გადავიწუროთ?

ესპანეთთანაც შეგვეძლო შეხვედრის სასურველი შედეგით დასრულება, საფრანგეთი კი მასზე ძლიერი ნამდვილად არ არის.

- ალბათ, ლოგიკურია, რომ გრანდებთან ჩვენი ფეხბურთელები განსაკუთრებული მონდომებით თამაშობთ, რადგან ასეთ მატჩებს უამრავი მენეჯერი ესწრება და იქნებ ვინმეს მოეწონოთ...

- ცხადია, ყველას ძალიან დიდი მოტივაცია გაგვაჩნია. ეს ფაქტორიც მოქმედებს, უკეთეს კლუბში გადასვლაზე უარს არავინ იტყვის. და მთავარი, ყველას ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენა გვინდა.

რა თქმა უნდა, პარიზში თავის წარმოჩენა რთული იქნება, ფრანგებს მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჰყავთ, მაგრამ ჩვენი ხომ უნდა ვცადოთ?

- ახლანდელ საფრანგეთის ნაკრებზე რას იტყვი, უფრო ინდივიდუალისტების გუნდია თუ კარგად შეთამაშებულებიც არიან?

- ორივე კუთხით სერიოზული გუნდია.

- მათ შორის ყველაზე სახიფათოდ რომელი შემტევი მიგაჩნია?

- არ ვიცით, დიდიე დეშამი შემადგენლობაში ვის დააყენებს, მაგრამ ძირითადში მოხვედრილი 11-ივე ფეხბურთელი რომ ვარსკვლავი იქნება, ეს ისედაც ცხადია. გუნდის ლიდერია რიბერი. ძალიან მაღალი კლასის მოთამაშეები ჰყავთ და ყველა სახიფათოა - ბენზემა, გომისი, ვარანი... სხვათა შორის, მათი მეკარე ლორისიც ძალიან მომწონს.

- ყველა ნაკრებს განვითარების ფაზა აქვს, საქართველოს კი უცნაური გუნდი ჰყავს - ის სულ ჩამოყალიბების პროცესშია და ვერა და ვერ ჩამოყალიბდა...

- თაობათა ცვლის პროცესი უკვე გავიარეთ და მგონია, რომ ახლა მართლა საინტერესო თაობა შეიკრიბა. ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს, გუნდი საკმაოდ დაბალანსებულია და ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე რგოლში განსაკუთრებით გვიჭირს. ამიტომ, მგონია, რომ მალე გაცილებით ძლიერი ნაკრები გვეყოლება.

გიორგი ლორია: ფრანგების მსგავსად, ჩვენც ადამიანები ვართ... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საფრანგეთი VS საქართველო - იქნებ სათანადოდ არ შეგვაფასონ!

GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა
ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
დასრულდება 6-წლიანი მშრალი სერია? - სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია! ლიპარტელიანი და ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგი" "ბენფიკას" ფრედ ეთამაშა
"სპერციანი ვიტინიასთან და ნევეშთან კონკურენციაში?" - საფონოვმა კომენტარი გააკეთა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] უმოტივაციოთა უხვგოლიანი მატჩი ბათუმში! "კოლხეთს" დრო აღარ დარჩა...
ბექაური და თუშიშვილი ტოკიოს გრანდ სლემს ჩაეხსნენ
"სხვა ფეხბურთელის მეგობარ გოგონას ვწერ" - "ნოტინგემ ფორესტის" მცველის აღიარება საბავშვო შოუში
რასპადორი სერია A-ში ბრუნდება - ჯაკომომ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა
არაბული კლუბი სალაჰისგან პასუხს ელოდება - რას გადაწყვეტს ეგვიპტელი?
"სტატისტიკას ყურადღებას არ ვაქცევ, ფეხბურთით ვცხოვრობ და ვტკბები" - ლიონელ მესი
"ჩემი სახლი ვეგასი კი არა, საქართველოა!" - დვალიშვილის პრესკონფერენცია
[VIDEO] მამუკელაშვილის 37 წუთი, ჰაჩიმურას გმირობა და ლებრონის 18-წლიანი სერიის დასასრული - "ლეიკერსმა" "ტორონტო" ბოლო წამებზე დაამარცხა
მარსელო: კვარაცხელიას დრიბლინგი მომწონს
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
ლაპორტა: პუტინის და მადუროს მსგავსი არ ვიქნები
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
[წინათქმა. ეროვნული ლიგა] შესაძლოა, "იბერიამ" ტიტული ცარიელი ტრიბუნების წინ იზეიმოს, "დილას" კი გამარჯვებაც არ ეყოს...
გრან პრიზე ბერულავა და მეტელკინა პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ
რიჩარდ ქოქრილი: ჩვენგან იტალიაზე ზეწოლა იქნება - ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია