არანაირი ოჯახი! ასკილის წვენი და ხიზილალა!

თამაზ კოსტავას თამაში ახლა ბევრს არ ახსოვს, მაგრამ ყველას აქვს გაგონილი მასზე, რომ ძალიან ძლიერი მარჯვენა მცველი იყო...

კოსტავა ნოდარ ახალკაცის ძლევამოსილი "დინამოს" ფეხბურთელი გახლდათ, ეს კი ის გუნდი იყო, ყველაფერი რომ მოიგო...

კოსტავას საფეხბურთო კარიერაში კი წარმატებების გარდა უიღბლობა და უსამართლობაც იყო...

მაშინ სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდით, საბჭოთა კავშირში, რომელსაც მკაცრი წესები ჰქონდა, რომელშიც თავისუფლება ძალიან შეზღუდული იყო, მაგრამ ეს იყო ქვეყანა, სადაც ფეხბურთი უყვარდათ და ათიათასობით ხალხი დადიოდა სტადიონზე...

კოსტავას ისტორია, რომელსაც თვითონ გვიყვება, არის ბრძოლა, თავდადება და წარმატების მიღწევა...

ამბავი 1979 წლიდან იწყება...

ის სეზონი კარგად დავიწყეთ, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პირველი ორი ტური შინ ვითამაშეთ და ორივე შეხვედრაში გავიმარჯვეთ, შემდეგ კიევში ჩავედით და იქაურ "დინამოსთან" ქულა ავიღეთ, მერე ლენინგრადში გვქონდა მატჩი "ზენიტთან", 1:0 მოვიგეთ, მე კი სტადიონიდან საავადმყოფოში აღმოვჩნდი.

"ზენიტს" ჰყავდა ასეთი თავდამსხმელი - დავიდოვი, რომელიც ფლანგიდან უტევდა და მასთან პაექრობა მიწევდა. ერთხელაც, როცა ბურთი დავიდოვმა მიიღო, ჩემი გაბითურება მოინდომა, ბურთი აქეთ გაიგდო, თვითონ კი მეორე მხრიდან შეეცადა ჩემთვის გვერდის ავლასა და ბურთის დაუფლებას, მეც ბრუნს ვაკეთებდი და სწორედ საყრდენ ფეხზე დამაბიჯა, საშინელი ტკივილი ვიგრძენი, თითქოს ტერფი და კოჭის სახსარი აქეთ დამრჩა, ფეხი კი იქეთ.

ჯერ იქვე აღმომიჩინეს დახმარება, მერე კი საავადმყოფოში გადამიყვანეს. ლენინგრადის ერთ-ერთ კლინიკაში დაახლოებით 25-ჯერ გადამიღეს რენტგენი, ტერფს ხან ისე მიაბრუნებდნენ, ხან ასე. კოჭიდან ჩაქცეულ სისხლს მიღებდნენ. ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, რაღაც გადაწყვეტილება მიიღეს, სახსარი თაბაშირში ჩამისვეს და თბილისში გამომიშვეს.

საქართველოში დაბრუნებულმა ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში გავაგრძელე მკურნალობა. საკმაოდ დიდხანს მომიწია ლოგინად ყოფნამ. რამდენიმე თვის შემდეგ ექიმებმა ვარჯიშის დაწყების უფლება მომცეს. აკადემიკოსმა ღუდუშაურმა მითხრა, საკუთარ თავს უნდა აჯობო, თორემ სხვანაირად ფეხბურთს ვერ ითამაშებო. ეს რომ გავიგე, ჯერ არ ვიცოდი, რა მელოდა.

გავედი სავარჯიშოდ, დავიწყე ძუნძული და ფეხი ძალიან მეტკინა. ექიმებმა მითხრეს, ტკივილი კიდევ იქნება, მაგრამ არ უნდა დანებდე, თუ გაუძლებ, ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენ, რომ ტკივილი გაქრებაო.

დილა-საღამოს დავრბოდი, მაგრამ კოჭის სახსარი ისე მტკიოდა, რომ ვტიროდი. არ ვნებდებოდი, ვარჯიშს ვაგრძელებდი, მაგრამ ისეთ დღეში ვიყავი, რომ სირბილის დროს ვკვნესოდი. აღარ ვიცოდი, ამ ყველაფერს გავუძლებდი თუ არა, როცა ერთ მშვენიერ დღეს მართლაც აღმოვაჩინე, რომ ტკივილმა მნიშვნელოვნად იკლო, "დინამოს" ექიმმა ზაქრო თელიამაც გამამხნევა, აბა შენ იცი, არ მოეშვაო. ყველაფერი მართლაც უკეთესობისკენ წავიდა, ერთი თვის შემდეგ კი ტკივილი უკვე მთლიანად გაქრა.

1979 წლის სეზონი მთავრდებოდა, მოვასწარი "ჰამბურგთან" საპასუხო შეხვედრაში თამაში და კიდევ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბოლო ოთხ ტურშიც მივიღე მონაწილეობა მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა ჯერ კიდევ მაინც მახსენებდა თავს.

მომდევნო სეზონი იყო, ნოდარ ახალკაცმა რომ დამიბარა თავის ოთახში და მკითხა, ამ მძიმე ტრავმის გამო შიში თუ არ დაგრჩა, მაშინ დროა, თამაში დაიწყოო.

ბევრს არ სჯეროდა, თუ თამაზ კოსტავა ასეთი მძიმე ტრავმის შემდეგ ფორმის სრულფასოვნად აღდგენას მოახერხებდა. მაგრამ თავდადებისა და შრომის ხარჯზე ეს შევძელი. "დინამოს" ტრიუმფალურ სეზონში ევროსარბიელზე "ვესტ ჰემის" გარდა თითქმის ყველა შეხვედრა ვითამაშე და თასების მფლობელთა თასიც ავწიე.

1982 წლიდან "დინამოს" ხელმძღვანელობა გუნდის გაახალგაზრდავებაზე დაფიქრდა, შედეგები უწინდელივით კარგი აღარ გვქონდა. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ გუნდიდან 11-12 ფეხბურთელი გაგვიშვეს.

ნოდარ ხიზანიშვილი, გიორგი ჭილაია, გია თავაძე, ოთარ გაბელია და მე ქუთაისის "ტორპედოში" გადავედით, სადაც ორი სეზონი ვითამაშე და ფეხბურთელობას რომ შევეშვი, 28 წლისა გახლდით...

ახალკაცმა ჩემს პოზიციაზე თემურ ჟიბა მოიწვია, ჩათვალა, რომ ისე ითამაშებდა, როგორც ეს თვითონ მწვრთნელს ეგონა...

მოგვიანებით მითხრეს, ახალკაცი ნანობდა, არ უნდა დამეშალა ის გუნდიო.

მართლაც ნიჭიერი თაობა მოდიოდა, თუნდაც გრიგოლ ცაავა და უმცროსი მიშა მესხი, ოღონდაც რითი დასრულდა "დინამოს" ასეთნაირად გაახალგაზრდავება, ყველამ ვიცით, გუნდი კინაღამ გავარდა საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგიდან.

დიდი განსხვავება მაშინდელ და ახლანდელ ფეხბურთს შორის მართლაც არ არის. მე, ზაურ სვანაძე და ვოვა გუცაევი ერთ ფლანგზე ვთამაშობდით, როცა მოედნის ცენტრს გადასცდებოდი, უკვე მხოლოდ მცველი აღარ იყავი, შეტევით ფაზაში სხვებთან ერთად აქტიურად უნდა მიგეღო მონაწილეობა. შრომა და შეტევაში თანაგუნდელების მოხმარება - ეს იყო ჩემი საქმე.

დატვირთვები მაშინ ძალიან დიდი იყო, შეკრებაზე როცა ვიყავით, მოსკოვიდან ჩამოდიოდნენ და ამოწმებდნენ, ვიღებდით თუ არა რეკომენდირებულ თუ მითითებულ დატვირთვებს. სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდი თვეობით გრძელდებოდა, აფხაზეთში, ლესელიძის ბაზაზე დაახლოებით თვენახევარი გვიწევდა წვრთნა, ხანდახან დღეში სამჯერადი ვარჯიში გვქონდა. აღდგენითი პროცესი მაშინ იმ დონეზე არ იყო, როგორც ახლა - მიიღებ აბებს და მალე ხდება ძალის აღდგენა. გვასმევდნენ ასკილის წვენსა და გვაჭმევდნენ ზუთხის ხიზილალას, ეს იყო ჩვენი აღდგენითი ფარმაკოლოგია.

თავდადებისა და დიდი ჯაფის გარეშე არაფერი გამოდის. ქუთაისის "ტორპედოდან" თბილისის "დინამოში" ერთად მივედით მე, გაბელია და რამაზ შენგელია. "დინამოს" თავდასხმაში მაშინ რევაზ ჩელებაძე თამაშობდა და საკმაოდ კარგადაც, შენგელიასაც თავიდან გაუჭირდა მასთან კონკურენცია, მერე კი მოხდა ის, რაც ახლაც კარგად მახსოვს - შენგელიამ ოჯახის წევრებს მოუყარა თავი და უთხრა, ვითარება ისეთია, რომ დღე და ღამე ბაზაზე უნდა ვიყო, ვარჯიშით თავი უნდა მოვიკლა, არანაირი ოჯახი!

შენგელიას ასეთ თავდადებას მოჰყვა ის, რომ 1978 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი.

ქართულ ფეხბურთში დღეს არაერთი პრობლემაა, სერიოზულად მისახედია ბავშვთა ფეხბურთი. მიუხედავად სირთულეებისა, კარგი ფეხბურთელები მაინც გვეზრდებიან.

თანამედროვე ქართველი მცველებიდან ყველაზე უფრო გურამ კაშია მომწონს. სულ დავდივარ საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე და ვხედავ, რომ სანაკრებო დონის მცველი ძალიან ძნელი მოსაძებნია, გამოვარჩევდი გიორგი ონიანსა და გიორგი შაშიაშვილს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება