ვეტერან კალათბურთელი საქართველოს ნაკრების, NBA-ის პლეი ოფისა და ქართულ კალათბურთში არსებული სიტუაციაზე სუბრობს
საქართველოს ნაკრები, NBA-ის პლეი ოფი, ქართულ კალათბურთში არსებული სიტუაცია, ახალდაარსებული "თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი"... ამ და სხვა საკითხებზე ვისაუბრეთ "ლელოს" სტუმარ, ვეტერან კალათბურთელ პაატა გურასპაულთან, რომელიც ტელეკომპანია GMG-ის საკალათბურთო მიმომხილველია.

ინტერვიუ ახალი კავშირით დაიწყეთ.

- ჩემს ბავშვობაში არსებობდა ასეთი პრინციპი: ჯერ ტარდებოდა სკოლის შიდა პირველობა, რომელში გამარჯვებული გუნდი სკოლებს შორის ქალაქის ჩემპიონატში მონაწილეობდა, შემდეგ იყო რეგიონალური შეჯიბრება და ა.შ. სწორედ ამ ტურნირებიდან დაიწყო ჩემი სპორტული კარიერა.

დიდი ხანია ეს პრინციპი მოშლილია და მიმაჩნია, რომ მისი აღდგენა კალათბურთის განვითარებას დიდად შეუწყობს ხელს.

ამიტომ მეგობრებთან ერთად გადავწყვიტე დამეარსებინა "თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი".

ვითანამშრომლებთ განათლების სამინისტროსთან. კალათბურთის ფედერაციასთან უკვე აქტიურ კონსულტაციებს გავდივართ და მომდევნო სეზონიდან გვინდა საფუძველი ჩავუყაროთ ჩვენს პროექტს სასკოლო კალათბურთთან დაკავშირებით, რაც იოლი არ იქნება. დიდი მოცულობის სამუშაოა შესასრულებელი.

- კავშირმა გარკვეული ღონისძიებები უკვე დაგეგმა...

- 27 მაისს სპორტის სასახლეში გაიხსნება ბავშვთა საკალათბურთო ფესტივალი. ხოლო 1 ივნისს, ბავშვთა დღესთან დაკავშირებით მოეწყობა მარათონი, რომელიც მოიცავს როგორც სხვადასხვა ასაკის კალათბურთელთა, ასევე ვეტერანების შეჯიბრებას.

შემოდგომიდან კი ჩავატარებთ თბილისის პირველობებს 13, 14, 16 და 18-წლამდელებში, რაც დაახლოებით ორ კვირას გასტანს და გარკვეული რაოდენობის გუნდები (კვოტები შემდეგ დადგინდება) საქართველოს შესაბამისი ასაკის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებენ.

- ბოლო დროს არაერთი ორგანიზაცია დაფუძნდა, რომელთა წარმომადგენლებიც აცხადებენ, რომ ოქტომბერში გასამართ კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატს წარადგენენ. თქვენი კავშირის მიზანიც ეს ხომ არ არის?

- საბედნიეროდ, საქართველოში კალათბურთი შეკრული ოჯახია. ყველა ყველას მეგობარია და კარგად მოეხსენება, რომ გასაკეთებელი ბევრია.

იმდენად ბევრი, რომ მივესალმები ყველას, ვინც კალათბურთისთვის სწორი მიმართულებით ბევრს გააკეთებს.

რაც შეეხება ჩვენს ორგანიზაციას, მასში 11 დამფუძნებელია, რომელთაგან არც ერთის თვითმიზანი არ არის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა.

ჩვენი სურვილია ამ მოკლე დროში სწორი მუშაობით დავიმსახუროთ არა კანდიდატის წამოყენების, არამედ არჩევნებში ხმის უფლება.

არ ვიცი, ვინ რას აპირებს, მაგრამ თუ ამ უფლებას მოვიპოვებთ, გავეცნობით ყველა კანდიდატის პროგრამას, ვინ რა გზით აპირებს დაგეგმილის განხორციელებას და ჩვენი კავშირი ოპტიმალურ კანდიდატს მისცემს ხმას.

- რამდენიმე ათწლეულით უკან გადავინაცვლოთ. რა გავლენა იქონია თქვენზე, როგორც სპორტსმენზე, წინამორბედმა თაობამ?

- მათ მაგალითზე, მათთან ერთად ვიზრდებოდით. მაგალითად, მიხეილ ქორქიასთან ვარჯიშმაც მომიწია და თამაშიც.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მისი დარი კალათბურთელი არ მინახავს, ის ჩემი კერპი იყო. ვთამაშობდი ნიკოლოზ დერიუგინის, თამაზ ჩიხლაძის, გივი ბიჭიაშვილის გვერდით. ეს დიდი სტიმულიც იყო და გაკვეთილიც.

- გავიდა დრო და ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა კალათბურთსაც დაასვა დაღი.

- ბოლო 20 წლის განმავლობაში პოლიტიკური მოვლენების გამო სპორტისთვის არავის ეცალა.

მშობლებს, უბრალოდ, საშუალება არ ჰქონდათ შვილების მომავალზე სპორტული კუთხით ეფიქრათ.

ამას მოჰყვა კომპიუტერიზაციის ეპოქა, რაც სპორტის მასობრიობაზე მეტად უარყოფით გავლენას ახდენს.

ბევრს ურჩევნია კომპიუტერთან გაერთოს, ვიდრე წიგნი აიღოს ხელში, სპორტით დაინტერესებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია...

არადა, თუნდაც კალათბურთში ნამდვილად არის პერსპექტივა. სპორტსმენი უცხოეთში თუ განაგრძობს კარიერას, ეს თავისთანად ცხოვრების ნორმალურად მოწყობის გარანტიაა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოში მოთამაშე კალათბურთელებსაც მაღალი ხელფასები აქვთ.

ჩემს დროს ამდენი რომ გადაეხადათ, ვთქვათ, ხუთის ნაცვლად დღეში 50-ჯერ ვივარჯიშებდი.

- თქვენი თაობის კალათბურთელებს მნიშვნელოვანი მისიის შესრულება დაგეკისრათ - საქართველოს ნაკრების პირველი ნაბიჯების თანამონაწილე გახდით.

- ურთულეს პერიოდში იქმნებოდა ეროვნული გუნდი. 1993-94 წლებში არც სინათლე გვქონდა, არც - წყალი, ქვეყანაში გაჭირვება იყო.

სწორედ ამ დროს კალათბურთელებმა იმდენი მოვახერხეთ, რომ დარბაზში 13 ათასი მაყურებელი შევკრიბეთ. ეს ამბავი ტელეკომპანია სი-ენ-ენ-მაც გადასცა. საქართველოს ჩემპიონატს სამივე ფინალი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოვიდა.

ჩემპიონი გუნდის, "ვითას" მწვრთნელი ბესიკ ლიპარტელიანი ნაკრების თავკაცად დაინიშნა, ხოლო ვიცე-ჩემპიონი "თბილისის" მწვრთნელი ნოდარ ქორქია ასისტენტად. გუნდის უფროსი ჯამლეტ ხუხაშვილი იყო.

- პირველი შეჯიბრება 1995 წელს გამართული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი იყო...

- მანამდე მოსკოვში ჩავედით და ოთხი ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ. ოთხივე მოვიგეთ, რის შემდეგაც საკვალიფიკაციო ეტაპის სათამაშოდ ინგლისის ქალაქ ბირმინგემში გავემგზავრეთ. პირველი ბარიერი წარმატებით დავძლიეთ და შესარჩევ ეტაპზე მოვხვდით...

ამის შემდეგ ნაკრებში არაერთი თაობა შეიცვალა და დღეს გვყავს გუნდი, რომელიც უკვე მეორედ ითამაშებს ევრობასკეტის ფინალურ ტურნირზე.

- ტელეკომპანია GMG გადასცემს როგორც ევროლიგას, ასევე NBA-ს. შესაბამისად კარგად იცით როგორც ჩვენი ნაკრების წევრების ამბები, ასევე ევრობასკეტზე ჩვენი მეტოქე კალათბურთელებისა. საინტერესოა, რას უნდა ველოდეთ საქართველოს ნაკრებისგან ევრობასკეტზე?

- გუნდმა 2011 წელს თამასა ძალიან მაღლა ასწია და ამჯერად ჯგუფიდან ვერგასვლა მავანმა შეიძლება წარუმატებლობად ჩათვალოს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მეტოქეთა სიძლიერესა და კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას ტრავმის ფაქტორს, ჩემი აზრით, ჯგუფიდან გასვლა გმირობის ტოლფასი იქნება.

შესაძლოა, მიზნის მიღწევა გაგვიჭირდეს, მაგრამ ძალიან მინდა ნაკრებისგან კარგი თამაში ვიხილო.

- ფავორიტად ვინ მიგაჩნიათ?

- ესპანეთის ნაკრებში გასოლები, ნავარო და კიდევ რამდენიმე ვარსკვლავიც რომ არ ჩამოვიდეს, მაინც ევროპის ჩემპიონატის ფავორიტად ჩაითვლება.

იმის თქმაც შეიძლება, რომ ჩვენს ჯგუფში მოიძებნება გუნდი, რომელსაც შესაძლოა, ესპანელებზე ძლიერი უკანა ხაზი ჰყავდეს - სლოვენია.

ბენო უდრიხი და გორან დრაგიჩი უმაღლესი დონის პროფესიონალები გახლავან. ვთვლი, რომ სლოვენიელები ფინალში მოხვედრის პრეტენდენტები არიან.

- ევროლიგის გუნდებში არაერთი ხორვატია მიმობნეული...

- ხორვატიაზე ბოლოს ვიტყვი. რაც შეეხება პოლონეთს, იქ ლამპე და გორტატი თამაშობენ, რაც ჩვენს ნაკრებთან წინა ხაზში უპირატესობას აძლევს (ფაჩულიას არყოფნაში).

შერმადინს დიდი ძალისხმევა დასჭირდება მათთან გასამკლავებლად. უკანა ხაზში უპირატესობა ჩვენს მხარეს იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვიცი, რომელი ნატურალიზებული დაიცავს ჩვენი გუნდის ღირსებას.

ჩეხეთს აუტსაიდერად მიიჩნევენ, მაგრამ არაერთი მაღალი დონის კალათბურთელი ჰყავს და მათთან გამარჯვება იოლი არ იქნება.

მივედით ხორვატიასთან, რომელიც შესაძლოა ჯგუფიდან ვერ გავიდეს, თუმცა ისიც დასაშვებად მიმაჩნია, რომ ევრობასკეტის ფინალი ითამაშოს.

- NBA-ზეც გკითხავთ. წლევანდელი პირველობის ფავორიტად ვინ მიგაჩნიათ?

- თუ შარშან ორი მეტ-ნაკლებად თანაბარი გუნდი იყო, წლეულს ერთი გამოკვეთილი ფავორიტია - "მაიამი". ლებრონ ჯეიმსი "ზეთამაშს" უჩვენებს, მისი შეჩერება წარმოუდგენელია.

ჯეიმსის გვერდში არიან უეიდი, ბოში და... მოკლედ, მწვრთნელ ერიკ სპოელსტრას ძალიან კარგი გუნდი ჰყავს.

რაც მთავარია, "მაიამის" დაცვა 90-იანი წლების "ჩიკაგოს" დაცვას მახსენებს. სხვათა შორის, მაშინ არც ჩიკაგოელებს ჰყავდათ სოლიდური ცენტრი.

ჩათვალეთ, რომ კალათბურთის შესახებ არაფერი ვიცი, თუ წლეულს MVP-ს ჯილდო ლებრონ ჯეიმსი არ მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?
საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო
ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა