ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება "ფრაიბურგსაც" შეუძლია, მაგრამ ამ ტურში "ბაიერნს" ხვდება...
სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ბუნდესლიგის შემორჩენილი ინტრიგები ევროტურნირებისთვის და გადარჩენისთვის ბრძოლაა. მეოთხედან მერვე ადგილის ჩათვლით, ჩემპიონთა ლიგის ვაკანტური მეოთხე საგზურისთვის ხუთი გუნდი იბრძვის.

მეოთხე ადგილზე ახლა "შალკეა", მაგრამ მერვეადგილოსანი "ჰამბურგი" გელზენკირხენულ კლუბს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

თავის მხრივ, ამ ბრძოლაშია ინტეგრირებული დოღი ევროპალიგის საგზურებისთვისაც.

რაც შეეხება მეორე ბუნდესლიგაში გავარდნის შიშს: ეს პრობლემა დღეისათვის 4 გუნდს აწუხებს, მაგრამ თუ "ვერდერი" სასწრაფოდ არ გამოსწორდა, შესაძლოა, ეს ოთხეული ხუთეულად გადაიქცეს.

ჩემპიონთა ლიგის საგზურზე მეოცნებე ხუთეულში "ფრაიბურგიცაა" და სხვათა შორის, ბრაისგაუელებს საკმაოდ კარგი შანსი აქვთ, რადგან "შალკეს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ "ფრაი" 27 აპრილს "ბაიერნს" სტუმრობს.

რეკორდმაისტერმა "ბარსელონასთან" 4:0-ით კიდევ ერთი და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ სეზონში ყველაზე ხმაურიანი ფურორი მოახდინა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში თითქმის გაინაღდა. შესაბამისად, ბავარიელთა თავკაც იუპ ჰაინკესისგან კვლავ როტაციაა მოსალოდნელი.

"ჩვენ არ გვყავს მეორე გუნდი. ვინც არ უნდა ვათამაშო, მოედანზე ყოველთვის ხარისხიანი ფეხბურთელები გვყავს ხოლმე. პირადად ჩემთვის ყველა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა", - ეს თავად 67 წლის "დონ იუპის" სიტყვებია.

მიუხედავად მეხუთე ადგილზე ყოფნისა, "ფრაიბურგს" არც ისე სახარბიელო დროება უდგას. კრისტიან შტრაიხს ისედაც მწირი შემადგენლობა ჰყავს და რაკი კარგი გუნდი გააკეთა, "ფრაის" ფეხბურთელებს მთხოვნელები გამოუჩნდნენ. მეტიც: რამდენიმე მოთამაშის წასვლა უკვე გადაწყვეტილია: როზენტალი და ფლუმი "აინტრახტში" გადადიან, კრუსე "გლადბახში", ხოლო კალიჯური კი "ვოლფსბურგში" მიდის.

შესაძლოა, "ფრაიმ" გინტერი და შუსტერიც დაკარგოს, რადგან ინტერესი მათ მიმართაც უდიდესია. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი "ბაიერნთან" დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.

დე ბრუინის განსაკუთრებული მატჩი

"ლევერკუზენისა" და "ვერდერის" მატჩში კევინ დე ბრუინი ყურადღების ცენტრში მოექცევა. საქმე იმაშია, რომ "ლევერკუზენს" ბრემენელთა ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გადაბირება სურს.

კევინი "ბაიერში" ანდრე შიურლეს შემცვლელად ესახებათ, ამ უკანასკნელს კი ლონდონის "ჩელსიში" გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

თუმცა დე ბრუინმა შესაძლოა, საერთოდ ვერ ითამაშოს - მატჩის წინა დღეს ვარჯიშზე ფეხი იტკინა.

აღსანიშნავია, რომ "ლევერკუზენს" მესამე ადგილზე გასვლა ფაქტობრივად განაღდებული აქვს, ხოლო მეორე ადგილს კი ვერ შესწვდება. შესაბამისად, "ბაიერის" ხელმძღვანელებს შეუძლიათ, მთლიანად სატრანსფერო საქმიანობაზე გადაერთონ.

აი, "ვერდერი" კი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია: "მუსიკოსებმა" ზედიზედ 9-მატჩიანი მოუგებელი სერია "გამოაცხვეს" და მე-16 ადგილზე მყოფ "აუგსბურგს" მხოლოდ 5 ქულითღა სჯობნიან.

გერმანული მედია მთელი კვირის განმავლობაში ირწმუნებოდა, "ლევერკუზენთან" წაგების შემთხვევაში, შესაძლოა, თომას შააფი გაათავისუფლონო...

მოღონიერებული მგლები გლადბახის წინააღმდეგ

ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს მიონხენგლადბახის "ბორუსიაც", რომელიც 27 აპრილს "ვოლფსბურგს" სტუმრობს.

"მგლები" ბოლო დროს აშკარად დასტაბილურდნენ: "ვოლფსბურგს" 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და დიტერ ჰეკინგის ბიჭებს მისი გაგრძელება "გლადბახთან" მატჩითაც სურთ.

ლუსიენ ფავრის გუნდს კი მხოლოდ სამი ქულა სჭირდება, რადგან ვერმოგების შემთხვევაში, არა მარტო ჩემპიონთა ლიგა, არამედ, შესაძლოა, ევროპალიგის საგზურიც უკან დარჩეს.

ბოლო ტურებში მიონხენგლადბახელებიც სტაბილურად კარგად თამაშობენ და წესით, მატჩი ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს.

ჰოფენჰაიმის პირველი ფინალი

"ჰოფენჰაიმი" წინა ტურში ლევერკუზენთან 0:5 განადგურდა, მაგრამ "სოფლელების" თავდამსხმელი ვოლანდი ამბობს, ახალი მწვრთნელის ხელში ასეთ მარცხს უფრო იოლად დავივიწყებთო.

"ჰოფეს" სულ რაღაც 4 ტურიღა დარჩა იმისათვის, რომ "აუგსბურგს" დაეწიოს და გაასწროს. ამიერიდან ჩვენთვის ყველა თამაში ფინალიაო, ამბობს კაპიტანი ბეკი და თანაგუნდელებისგან მაქსიმალურ თავდადებას მოითხოვს.

ოთხიდან პირველი ფინალი "ჰოფეს" 27 აპრილს "ნიურნბერგთან" ელის - კლუბთან, რომელსაც ელიტაში დარჩენა ფაქტობრივად განაღდებული აქვს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰოფენჰაიმელებს იოლი მატჩი ელით - უმოტივაციო "ნიურნბერგიც" "კერკეტი კაკალია".

"ჰოფეს" ახალმა თავკაცმა მარკუს გისდოლმა "ლევერკუზენთან" განცდილი კრახი გააანალიზა და იძულებითი ცვლილებებიც მოუწევს (პოლანსკი დისკვალიფიცირებულია). სამაგიეროდ, "სოფლელებს" აბრაამი უბრუნდებათ.

დანაკლისი ფრანკებსაც აქვთ: ნილსონი დისკვალიფიცირებულია, კლოზეს და ჩენდლერს კი ტრავმები აწუხებთ.

შეგახსენებთ, რომ "ნიურნბერგმა" "ბაიერნთან" (0:4) და "ფიურტთან" (0:1) ზედიზედ ორი დერბი წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანკებს თავიანთი ფანებისთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი.

აუგსბურგი "სენდვიჩშია" - სამი ქულა ჰოფეს წინ და ფორტუნამდე

"ჰოფენჰაიმის" მიზანი, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, "აუგსბურგის" გასწრებაა. აუგსბურგელები სარელეგაციო მე-16 ადგილზე არიან და მინიმუმ ამ პოზიციის შენარჩუნება სურთ.

ამრიგად, 31-ე ტურში "აუგსბურგს" "შტუტგარტთან" შვაბენლანდური დერბი ელის და წნეხის ქვეშაა მოქცეული.

აუგსბურგელები "ჰოფენჰაიმს" სამი ქულით უსწრებენ და ამდენივე ქულით ჩამორჩებიან დიუსელდორფის "ფორტუნას", რაც იმას ნიშნავს, რომ მე-15 ადგილის დაკავებაც შეუძლიათ, რაც სარელეგაციო დუელის (მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსანთან) გადარჩენის შანსს იძლევა.

"შტუტგარტს" სანერვიულო არაფერი აქვს, ბრუნო ლაბადიას ბიჭებს შეუძლიათ, თავისუფლად ითამაშონ.

თუ "აუგსბურგმა" "შტუტგარტის" დამარცხება შეძლო, მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე, შესაძლოა, ძალიან სერიოზულად დაემუქროს "ფორტუნასაც", რადგან დიუსელდორფელები "რეალის" გამანადგურებელ "დორტმუნდს" მასპინძლობენ.

"ბორუსიას" სამშაბათს მადრიდში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩი ელის, რის გამოც იურგენ კლოპი ალბათ როტაციას მიმართავს და სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელებს დაასვენებს, მაგრამ ეს "ფორტუნასთვის" დიდი ვერაფერი შეღავათია, რადგან ამ სეზონში "ბაიერნი" და "დორტმუნდი" ბუნდესლიგაში ექსპერიმენტული შემადგენლობითაც ბრწყინავენ.

მაინცში დერბის დროა

კვირის პირველი მატჩი "მაინცისა" და "აინტრახტის" დერბია, რომელშიც მაინცელებს ევროპალიგის საგზურისთვის გაბრძოლების ფაქტობრივად უკანასკნელი შანსი მიეცემათ.

თავის მხრივ, ქულები "აინტრახტსაც" ჰაერივით სჭირდება - არმინ ფეეს გუნდი იმ ხუთეულშია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

აღსანიშნავია, რომ "მაინცი" კრიზისშია - ბოლო სამი მატჩი დათმო და ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

ჩავარდნა "აინტრახტსაც" ჰქონდა, მაგრამ გამოსწორდა და ისევ მეოთხე ადგილისთვის იბრძვის.

წინა ტურში ფრანკფურტელებმა "შალკეს" დამარცხება მოახერხეს და მათ რიგებში ბოლო დროს 17 წლის ნიჭიერი ფეხბურთელი შტენდერა ბრწყინავს.

მთავარი ბრძოლა გელზენკირხენში

31-ე ტურს 28 აპრილს "შალკესა" და "ჰამბურგის" დუელი დახურავს. ეს ტურის ცენტრალური მატჩი და ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის კანდიდატების უშუალო დაპირისპირებაა.

"შალკე" უფრო კომფორტულ სიტუაციაშია, რადგან მეოთხე ადგილზე ახლა გელზენკირხენელები არიან, მაგრამ მათაც მხოლოდ სამი ქულა სჭირდებათ.

"ჰამბურგი" ამ სეზონში არასტაბილურია და ამას წინათ "ბაიერნთან" 2:9 განადგურდა, მაგრამ ტორსტენ ფინკის გუნდს "შალკესთან" გამარჯვება ნამდვილად შეუძლია.

"ჩვენი უმთავრესი მიზანი ევროპალიგის საგზურია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაც შეგვიძლია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გულშემატკივრებს სასიამოვნო სიურპრიზი გავუკეთოთ", - ეს ჰამბურგელთა ჰოლანდიელი ლიდერის, რაფაელ ვან დერ ვაარტის სიტყვებია.

ბუნდესლიგა. XXXI ტური

26 აპრილი

ფიურტი-ჰანოვერი 2:3

27 აპრილი

ბაიერნი-ფრაიბურგი 17:30

დისკვალიფიკაცია: შუსტერი (ფრაიბურგი)

ტრავმა: ბადშტუბერი, კროოსი - კრმასი, როზენტალი, ტერაცინო

ბოლო 6 მატჩი

+6=0-0 +3=0-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 27 თამაში: +19=5-3, (58:23)

ლევერკუზენი-ვერდერი 17:30

ტრავმა: ბელარაბი - ვოლფი, ჰართერცი, ექიჩი, თრაიბული, აკპალა, ფიულკრუგი

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +0=4-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 65 თამაში: +16=27-22, (102:101)

ვოლფსბურგი-გლადბახი 17:30

ტრავმა: კირიაკოსი, პერიშიჩი, პილარი

ბოლო 6 მატჩი

+2=4-0 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 25 თამაში: +14=3-8, (42:30)

ჰოფენჰაიმი-ნიურნბერგი 17:30

დისკვალიფიკაცია: პოლანსკი - ნილსონი

ტრავმა: გომეში, ვუკჩევიჩი, ვილიამსი, დერდიოკი - შტეფანი, კლოზე, მარკოს ანტრონიო, გებჰარტი, ჰლუშეკი

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 7 თამაში: +3=2-2, (12:9)

აუგსბურგი-შტუტგარტი 17:30

დისკვალიფიკაცია: ფოგტი (აუგსბურგი)

ტრავმა: ს. ლანგკამპი, კოო - ტასკი, ბა, დიდავი, კაკაუ, თორუნი

ბოლო 6 მატჩი

+2=0-4 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 3 თამაში: +0=0-3, (3:7)

ფორტუნა-დორტმუნდი 20:30

ტრავმა: რამირესი, ბოლი, ომაე - ოვომოიელა, პიშჩეკი

ბოლო 6 მატჩი

+0=2-4 +5=0-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 37 თამაში: +14=8-15, (55:69)

28 აპრილი

მაინცი-აინტრახტი 17:30

დისკვალიფიკაცია: სამბრანო (აინტრახტი)

ტრავმა: ჰ. მიულერი, ბუნგერტი, კირხჰოფი, ედე, ჩუპო-მოტინგი, კლასნიჩი - ტრაპი, შვეგლერი

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 9 თამაში: +2=5-2, (13:11)

შალკე-ჰამბურგი 19:30

დისკვალიფიკაცია: ჰიოგერი - დიკმაიერი, ბაისტერი

ტრავმა: კ. პაპადოპულოსი, აფელაი, ფარფანი, ობასი - ბადელი, ბერგი

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +3=0-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 89 თამაში: +33=21-35, (123:141)

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ბაიერნი 30 26 3 1 89-14 81

2. დორტმუნდი 30 18 7 5 74-35 61

3. ლევერკუზენი 30 15 8 7 58-38 53

4. შალკე 30 13 7 10 50-46 46

5. ფრაიბურგი 30 12 9 9 40-36 45

6. აინტრახტი 30 13 6 11 43-42 45

7. გლადბახი 30 11 11 8 37-39 44

8. ჰამბურგი 30 13 5 12 36-46 44

9. ჰანოვერი 31 12 5 14 54-57 41

10. მაინცი 30 10 9 11 36-36 39

11. შტუტგარტი 30 11 6 13 33-47 39

12. ნიურნბერგი 30 9 11 10 33-40 38

13. ვოლფსბურგი 30 9 10 11 38-45 37

14. ვერდერი 30 8 8 14 45-59 32

15. ფორტუნა 30 7 9 14 36-47 30

16. აუგსბურგი 30 6 9 15 27-45 27

17. ჰოფენჰაიმი 30 6 6 18 35-59 24

18. ფიურტი 31 3 9 19 22-55 18

ბომბარდირები:

23 - ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 21 - კისლინგი (ლევერკუზენი); 15 - მანჯუკიჩი (ბაიერნი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს
ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა