წინასწარი ფინალი, როგორც მოსალოდნელი იყო, უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა
წინასწარი ფინალი, როგორც მოსალოდნელი იყო, უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა და "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" მისულმა მრავალრიცხოვანმა მაყურებელმა საკმაოდ საინტერესო სანახაობა იხილა.

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "არმიამ", რომელიც რეგულარული გათამაშების გამარჯვებულიცაა, ქუთაისის "აიას" 31:17 მოუგო.

ქუთათურებმა საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავეს და ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ, თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მეტის მიღწევაც შეეძლოთ.

ეს თამაშის საწყისმა ოცმა წუთმაც დაადასტურა, რომლის განმავლობაშიც "აია" დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, იმდენად, რომ მეტოქეს მატჩის მე-20 წუთამდე შეტევის ორგანიზების საშუალებას არ აძლევდა.

მიუხედავად დიდი სათამაშო უპირატესობისა, ქუთაისელმა მორაგბეებმა მხოლოდ სამი ქულის მოპოვება შეძლეს.

მატჩის მეოთხე წუთზე მგეზავმა გაგა სინაურიძემ საჯარიმოთი გახსნა ანგარიში. მანვე რამდენიმე წუთის შემდეგ არეკნით სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა. არ გამოუვიდა.

"არმია" თავს კარგად იცავდა და სტუმრებს ლელოში შეღწევის საშუალებას არ აძლევდა. თავიანთი ლამის პირველი შეტევა კი, რომელიც არმიელებმა მე-20 წუთზე განახორციელეს, ლელოთი დაასრულეს.

მრავალფაზიანი იერიში ქვეყნის ჩემპიონმა მარცხენა ფრთაზე წამოიწყო. მეტოქის 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან ცხრა ნომერმა რამაზ ჯინაშვილმა ბურთი ხაზზე მგეზავ გიორგი ელიზბარაშვილს გაუტანა, რომელიც გუნდის ძირითად შემადგენლობას ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ დაუბრუნდა.

მან მარჯვენა ფრთაზე დაუცველი ზონა შენიშნა და ფეხით ბურთი სწორედ იქით გადაკიდა. ყველას გარემარბმა ალექსანდრე ტუჩაშვილმა დაასწრო და ლელოების ანგარიში გახსნა. გარდასახვა ფულბეკმა ბახვა კობახიძემ გაიტანა - 7:3.

ამის შემდეგ "არმიას" ტაიმის ბოლომდე არ გაუშვია ხელიდან უპირატესობა. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია არმიელთა ფულბეკის, ბახვა კობახიძის კარგი თამაში. ის ფეხით კარგად რომ ურტყამს, საყოველთაოდაა ცნობილი.

ამ შეხვედრაში კი შეტევების ორგანიზატორადაც წარმოჩინდა. 24-ე წუთზე ქუთაისელი მგეზავის, სინაურიძის აბრაგანს კობახიძე საკუთარი 22-მეტრიანი ზონის ხაზთან დაუხვდა. ცრუ მოძრაობით მეტოქის რამდენიმე მორაგბეს გასცდა და "აიას" 22-მეტრიან ზონამდე ირბინა.

მერე იქვე მიმყოლი გარემარბი გიორგი აფციაური დროულად შენიშნა. არმიელთა ახალგაზრდა მორაგბეს, რომელიც ამპლუით მგეზავია, ლელოს გატანა არ გასჭირვებია. კობახიძემ გარდასახა - 14:3.

ამ ლელომ "აია" თითქოს გატეხა. ამას ისიც დაერთო, რომ ახალზელანდიელმა არბიტრმა ქუთაისელთა მოთამაშე-მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე გაასინბინა. "არმია" გამუდმებით უტევდა, თუმცა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენა და მონაგარი ვერ გაზარდა.

ტაიმის ბოლო წუთზე, როცა სტუმრები უკვე სრული შემადგენლობით ასპარეზობდნენ, არმიელებმა მეტოქეს შეტევაში შეცდომა დააშვებინეს. ბურთი აფციაურის ნადავლი შეიქნა, რომელმაც ლელომდე 80 მეტრი ირბინა. კობახიძემ ისევ გარდასახა - 21:3. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

"არმიასთან", თანაც ასეთ მნიშვნელოვან მატჩში, 18-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა არათუ რთული, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

შესვენების შემდეგ "აია" ბევრს ცდილობდა, თამაში დაელაგებინა, მაგრამ "არმია" ამის საშუალებას არ აძლევდა. ანგარიში 66-ე წუთამდე უცვლელი იყო. ამ დროს ჩემპიონებმა ქუთათურები მორიგ კონტრიერიშზე დაიჭირეს.

ბურთი მარცხნივ გრძელ ფრთაზე ბოლომდე ჩაათამაშეს, სადაც შეცვლაზე შესულმა გარემარბმა გიორგი შკინინმა იყოჩაღა. ის მეტოქეს გასცდა და "არმიას" მონაგარს მეოთხე ლელო შესძინა.

კობახიძემ გარდასახვა ამჯერადაც ზუსტად დაარტყა - 28:3.

თამაშის დასრულებამდე 16 წუთი რჩებოდა. ეს უკვე გამარჯვება იყო, თუმცა "აიას" ბრძოლა არ შეუწყვეტია.

ქუთათურები თავდაუზოგავად ცდილობდნენ მეტოქის ლელოში შეღწევას და 72-ე წუთზე მოახერხეს კიდეც. მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში სტუმრებმა საჯარიმო გაათამაშეს.

მორკინალების ორი მოკლე დარტყმის შემდეგ რაკიდან ბურთი ცხრა ნომერმა გიორგი როხვაძემ გამოიტანა და ფარული გადაცემით გარღვევაზე ბექა ყურაშვილი გაიყვანა. არმიელებმა მისი შეჩერება ვერ შეძლეს.

შეცვლაზე შესულმა ახალგაზრდა მგეზავმა რამაზ ჯინჭველაშვილმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 10:28.

თამაშის დასრულებამდე სამი წუთით ადრე "აიამ" კიდევ ერთი, საკმაოდ ეფექტური შეტევა განახორციელა.

მოედნის ცენტრში მეტოქის ხაზი ფულბეკმა ზურაბ ძნელაძემ გაჭრა. მისი წამოწყებული იერიში გიორგი ფრუიძემ განაგრძო, რომელმაც შეტევაში მარცხენა ფრთაზე შეცვლაზე შესული სერგო კვერნაძე ჩართო. ამან ბურთი ფეხით გადაიკიდა, მიჰყვა და ლელო კიდესთან ახლოს გაიტანა. ჯინჭველაშვილმა გარდასახა - 17:28.

"აიას" მატჩის გადარჩენის იმედი გაუჩნდა, რომელიც თამაშის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე შეცვლაზე შესულმა მამუკა ნინიძემ არეკნით გააქარწყლა - 31:17.

ამრიგად, "არმია" ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად დიდ ფინალში 25 მაისს თბილისის "ლელოს" დაუპირისპირდება.

არმია-აია 31:17

არმია (15-9) კობახიძე, ტუჩაშვილი, ჩხიკვაძე, გაგოშვილი, აფციაური (შკინინი 41), ელიზბარაშვილი (ნინიძე 66), ჯინაშვილი. (1-8) ზაქაშვილი (კაკოვინი 54), მამუკაშვილი (მეკოკიშვილი 54), გურგენიძე, სურგულაძე (ჟღენტი 67), ცხადაძე (არჩუაშვილი 59), ბიწაძე, აზალაძე, ბუჯიაშვილი.

4ლ: ტუჩაშვილი, აფციაური (2), შკინინი. 4გ: კობახიძე. ა: ნინიძე.

სინბინი: მეკოკიშვილი.

აია (15-9) ძნელაძე, გოშაძე (კვერნაძე 48), კუხიანიძე, ხამაშურიძე, ფრუიძე, სინაურიძე (ჯინჭველაშვილი 41), როხვაძე (1-8) რატიაშვილი (ლომთაძე 67, თუთბერიძე 78), თხელიძე, ლომიძე (მატკავა 41), შალამბერიძე, ძაგნიძე (ჩიტეიშვილი 62), რევიშვილი, ყურაშვილი, შაშიაშვილი (დგებუაძე 65).

2ლ: ყურაშვილი, კვერნაძე. 2გ: ჯინჭველაშვილი. ს: სინაურიძე.

სინბინი: ხამაშურიძე.

მსაჯი: რიჩარდ კელი (ახალი ზელანდია).

დიდი ფინალი

25 მაისი

ლელო-არმია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"