25 წლის ქართველი ფეხბურთელი ტაშკენტის "ფახთაქორის" კაპიტანია და პრესტიჟული 7-ნომრანი მაისურით თამაშობს
უკვე მეოთხე წელია, რაც კახა მახარაძე უზბეკეთში თამაშობს. ჯერ ტაშკენტის "ლოკომოტივში" მიიწვიეს, შემდეგ კი გუნდში იმდენად გამორჩეული ფიგურა იყო, რომ კონტრაქტი ამ ქვეყნის ყველაზე პოპულარულ კლუბთან, ტაშკენტის "ფახთაქორთან" გააფორმა.

25 წლის კახა მახარაძე დღეისათვის გუნდის კაპიტანია, პრესტიჟული 7 ნომრით თამაშობს და თავად განსაჯეთ, რა პატივშია.

ცხადია, "ფახთაქორი" მსოფლიოს ფეხბურთის გრანდი არ არის, მაგრამ არის უზბეკეთის 8-გზის ჩემპიონი (მათ შორის, 2012 წლის), 10-გზის თასის მფლობელი, "თანამეგობრობის თასის" მფლობელი, ფინალისტი, ორჯერ კი აზიის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდეც გააღწია.

კიდევ ერთი ფაქტი შეფასებისთვის: "ფახთაქორმა" "თანამეგობრობის თასზე" ქართულ გუნდებთან შეხვედრები მოიგო. მოკლედ, ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არ არის.

უზბეკებს აზიის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელად ფრეც ჰყოფნიდათ, მაგრამ ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ტაშკენტში არაბთა გაერთიანებული საამიროების "ალ შაბაბთან" წააგეს (1:2) და გათამაშებას გამოეთიშნენ.

მახარაძემ ორი გოლი გაიტანა: მე-19 წუთზე პენალტით ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ 65-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ კაპიტანს, რომელსაც 2006 წელს ეროვნულ გუნდშიც უთამაშია, ტაშკენტში დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით.

ჯერ თამაშზე ვკითხეთ:

- მერვედფინალში თამაშის შანსი გვქონდა. საწყენია, შინ რომ წავაგეთ. ჩვენ 7 ქულა დავაგროვეთ, "ალ შაბაბმა" კი 9 ქულა, მე-2 ადგილი დავიკავეთ და გათამაშებას გამოვეთიშეთ. არადა, ვერ ვიტყვი, რომ მოგება არ შეგვეძლო.

- საერთოდ, უზბეკეთში როგორ აღმოჩნდი?

- თბილისის "ლოკომოტივის" პრეზიდენტს, ლექსო თოფურიას ტაშკენტის "ლოკომოტივთან" კარგი ურთიერთობა ჰქონდა და რეკომენდაცია გამიწია. მას შემდეგ 3,5 წელია, რაც აქ ვთამაშობ.

- ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ქართულ ფეხბურთში სერიოზული ფინანსური პრობლემები იყო.

- დიახ, ასეა. დასამალი არ არის, რომ საქართველოსთან შედარებით, ბევრად უკეთესი პირობები შემომთავაზეს. მაშინ ძალიან კარგი პირობები იყო. ახლაც დაახლოებით იგივე ფინანსები აქვთ, მაგრამ საქართველოს წამყვანი კლუბების მდგომარეობა გაუმჯობესდა და უზბეკებს ბევრით აღარ ჩამოვრჩებით.

ადრე ლიდერი "ბუდიონკორი" სკოლარის წელიწადში 17 მილიონ დოლარს უხდიდა, მაგრამ ახლა ფულს ძველებურად აღარ ხარჯავს. თუმცა, გუნდები გაჭირვებულები არ არიან, ფულს თითქმის ყველა იხდის.

საერთოდ, ბოლო წლებში აზიურ კლუბებში დიდ ფულს დებენ და ძლიერ მოთამაშეებსაც ყიდულობენ.

- რივალდოს უზბეკეთში გამოსვლაზე ლეგენდები დადის, უზარმაზარ ფულს იღებდა, მაგრამ მოედანზე თავს არ იკლავდაო.

- რა თქმა უნდა, ასაკში შესული ძველებურად ვერ მოძრაობდა, მაგრამ ასე არ არის. მისი თამაშის ნახვა დიდი სიამოვნება იყო. რივალდოს წინააღმდეგ მითამაშია. მოკლედ გეტყვით - ასაკში შესულიც ძალიან მაგარი იყო.

- ამდენი ხანი უზბეკეთს როგორ შეეგუე?

- "ფახთაქორი" კარგი გუნდია, შევეჩვიე, ქალაქიც მომწონს და აქაური პირობებიც. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ უზეკები მაფასებენ. ერთადერთი გუნდია, რომელსაც აზიის ჩემპიონთა ლიგის გათამაშება არ გამოუტოვებია. ის უზბეკეთში იგივე სიმაღლეა, რაც საქართველოში თბილისის "დინამო". ნაკრების წევრთა 90 პროცენტი ჩვენს გუნდში გაიზარდა.

ახლახან მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემები გამოქვეყნდა, სადაც "ფახთაქორი" აზიაში რეიტინგით მე-3 ადგილზეა. მაგრამ უკეთეს ვარიანტს თუ შემომთავაზებენ, სიამოვნებით წავალ.

- უზბეკეთისა და საქართველოს ჩემპიონატებს შორის რა განსხვავებაა?

- ადრე დიდი განსხვავება იყო, აქ ოდნავ მაღალ ტემპში თამაშობდნენ და შედარებით ძლიერი გუნდები ჰყავდათ. სხვათა შორის, "ბუხარაში" ქართველი მცველი, გიორგი კვესეიშვილი თამაშობს და უზბეკებს ძალიან მოსწონთ.

მაგრამ არა მგონია, ახლაც იგივე განსხვავება იყოს. ინტერნეტში ჩვენი ჩემპიონატის შეხვედრები ვნახე და რამდენიმე გუნდი მომეწონა. თუ ჩემს დროს უმრავლესობა მხოლოდ ახალგაზრდრებს იმატებდა, ახლა ბევრს ჰყავს გამოცდილი და ნაკრებში ნათამაშები ფეხბურთელი. ჩემპიონატში რომ ითამაშებენ ლორია, შაშიაშვილი, კვირკველია, გოგუა, ჩისკო და მერებაშვილი, იმას ფასი აუცილებლად დაედება.

- "ფახთაქორის" მოთამაშეებზე რუსეთ-უკრაინაში საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. შენ არავინ დაგკავშირებია?

- ერთ-ერთი მენეჯერი დამიკავშირდა, რუსული პასპორტის აღების შემთხვევაში, გუნდს იოლად გაგიხერხებო. მაგრამ ამის გამკეთებელი არ ვარ და მოლაპარაკება ჩაიშალა. ვარიანტები სხვა ქვეყნებიდან არის - ყატარიდან, საუდის არაბეთიდან და ჩინეთიდან. სამივეგან სერიოზული პირობებია, თავის მხრივ, "ფახთაქორთან" კონტრაქტი დეკემბერში მიმთავრდება და ახალს მთავაზობენ.

წინადადება ქუთაისის "ტორპედოდანაც" მქონდა, მაგრამ ეს მოლაპარაკება ჩაიშალა.

სიმართლე გითხრათ, იმიტომ ვყოყმანობ, რომ ნაკრებში გამოძახების იმედი ჯერ არ გადამიწურავს და ისეთი ნაბიჯის გადადგმა არ მსურს, საერთოდ ხაზი რომ გადამისვან. არადა, მგონია, რომ ნაკრებში თამაში შემიძლია. აქაურ დონეზე კი ამ ფაქტიდან იმსჯელონ - უზბეკეთის ნაკრები შინ ყატართან თუ მოიგებს, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

- არავინ უარყოფდა, თამაშის კითხვის უნარი და ტექნიკა რომ გქონდა, მაგრამ ფიზიკურ მომზადებას და ჯანს გიწუნებდნენ.

- უზბეკეთში საკმაოდ კარგად მომამზადეს და ახლა ბევრად უკეთეს ჯანზე ვარ. ფიზიკურად მოუმზადებელს აქ არავინ ათამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა