"ბრიტანელმა ლომებმა" "ვოლაბებს" დამაჯერებლად, ანგარიშით 41:16 სძლიეს
"ბრიტანელმა ლომებმა" ავსტრალიური ტურნე ტრიუმფით დაასრულეს. უელსის ნაკრების ახალზელანდიელი მწვრთნელის, უორენ გეთლენდის ხელმძღვანელობით, ბრიტანელებმა სერია 2:1 მოიგეს. მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა სიდნეიში გაიმართა, რომელშიც "ვოლაბებს" სტუმრებმა დამაჯერებლად სძლიეს - 41:16.

უორენ გეთლენდმა გუნდის შემადგენლობაში არ შეიყვანა ლეგენდარული ირლანდიელი მორაგბე, შუამარბი ბრაიან ოდრისკოლი, რასაც დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ამ თემაზე კომენტარი ავსტრალიელთა თავკაცმა რობი დინსმაც გააკეთა, რომელიც ფიქრობდა, რომ მეტოქეს გამოცდილი მორაგბის არყოლა დაასუსტებდა. ასე არ მოხდა.

ბრაიანის ნაცვლად მოთამაშე ჯიმი რობერტსმა შესანიშნავად ითამაშა, ლელოც გაიტანა და გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ერთი სიტყვით, გეთლენდის გათვლამ გაამართლა. უკანა ხაზში რობერტსისა და ჯონათან დევისის დუეტის შესაძლებლობა მან კარგად იცოდა და მისმა უელსელმა შეგირდებმა დამრიგებელს არც ამჯერად უღალატეს.

ცხადია, წაგების შემთხვევაში გეთლენდს კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებდნენ. ამჯერად კი ის ტრიუმფატორია და უფრო შორს წასვლა სურს. უორენი მზადაა, "ბრიტანელი ლომები" ოთხი წლის შემდეგ ახალ ზელანდიაში გასამართავი ტურნესთვისაც მოამზადოს. მატჩის შემდეგ, შეხვედრის კომენტარის დროს ის ოდრისკოლის თემასაც შეეხო.

"გაოცებული ვიყავი იმ რეაქციით, რაც ბრაიან ოდრისკოლის შემადგენლობაში არშეყვანას მოჰყვა. მართალი გითხრათ, ჩემს ცხოვრებაში მატჩამდე ყველაზე უსიამოვნო 72 საათი გავატარე.

ეჭვი არ მეპარება, ბრაიანი რომ მეთამაშებინა, მაინც მოვიგებდით, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ამ გადამწყვეტ მატჩში რობერტსი ბევრად სასარგებლო იქნებოდა. ამიტომ ვენდე ინტუიციას და არ ავყევი სენტიმენტებს.

მატჩის შემდეგ ოდრისკოლს ვესაუბრე. ის ისევე გახარებულია, როგორც თითოეული ჩვენგანი, რადგან ტურნეში მიღწეულ ტრიუმფში მას არავისზე ნაკლები წვლილი არ მიუძღვის.

2017 წელს "ბრიტანელ ლომებს" ტურნე ახალ ზელანდიაში აქვთ. თუ ამ გუნდის მომზადებას ისევ მანდობენ, ასი პროცენტით მზად ვარ, ვიმუშაო. თუმცა ორგანიზატორებს ვურჩევ, კორექტივები შეიტანონ მატჩების გამართვის თარიღებში.

მძიმე, მომქანცველი სეზონის დასრულების შემდეგ ძალიან ძნელია, მოთამაშეებს კონდიციები შეუნარჩუნო. სამხრეთელებმა შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადადგან, ცხადია, თუ უნდათ, რომ ჩვენი დაპირისპირება უმაღლესი კლასის რაგბი იყოს" - თქვა უორენ გეთლენდმა.

აღსანიშნავია, რომ "ბრიტანელმა ლომებმა" ახალ ზელანდიაში ბოლოს 1971 წელს მიაღწიეს წარმატებას, ავსტრალიაში კი - 1979 წელს. ამდენად, წლევანდელი ტურნე მართლაც რომ ტრიუმფალური გამოდგა.

გეთლენდს მარტო ოდრისკოლის გამო როდი აკრიტიკებდნენ. ბოლო მატჩში შემადგენლობაში ათი უელსელი იდგა, რაც ასევე ბევრი სპეციალისტის კრიტიკის საგანი გახდა. ამაზე გეთლენდმა და კომპანიამ ყველას საკადრისი პასუხი გასცა.

ერთი სიტყვით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ უორენ გეთლენდი წლევანდელი სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში ფავორიტი იქნება. მის ანგარიშზე უკვე ორი მოგებული უმნიშვნელოვანესი ტურნირია: ექვსი ერი (უელსის ნაკრების მწვრთნელის რანგში) და "ბრიტანელი ლომების" ტურნე.

მატჩი სტუმრებმა ისე ომახიანად დაიწყეს, რომ თავიდანვე ნათელი გახდა, არაფრის დათმობას აპირებდნენ.

ამის დასტურად პირველივე წუთზე პირველხაზელის, ალექს კორბისეროს მიერ გატანილი ლელოც გამოდგება. ის ფულბეკმა ლეიგ ჰალპფენიმ გარდასახა, მანვე ექვს წუთში საჯარიმოც გაიტანა და მე-7 წუთისთვის "ბრიტანელი ლომები" უკვე 10:0-ს იგებდნენ.

მასპინძლებმა მდგომარეობის გამოსწორება პირველი ტაიმის ბოლოს და მეორე ნახევრის დასაწყისში შეძლეს, როცა ანგარიშში ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირეს - 16:19. გეთლენდმა ამის შემდეგ ცვლილებების განხორციელება დაიწყო, რამაც შედეგი უმალვე გამოიღო. სტუმრებმა სამი უპასუხო ლელოს გატანა შეძლეს და დამსახურებული გამარჯვება იზეიმეს.

ავსტრალია-ბრ. ლომები 16:41

ავსტრალია (15-9) ბეილი, ფოლაუ (მოგი 27), ეშლი-კუპერი, ლეალიიფანო. ტომანე, ოკონორი, გენია (ნ. ფილიპსი 70). (1-8) რობინსონი (ჰუპერი 66), მური (ს. ფაინგაა 55), ალექსანდერი, ჰორვილი, დუგლასი (საიმონსი 62), მოვენი, სმიტი, პალუ (მაკკალმენი 60).

ლ: ოკონორო. 3ს,გ: ლეალიიფანო.

ბრიტანელი ლომები (15-9) ჰალპფენი, ბოუი, დევისი, რობერტსი (ტუილაგი 69), ნორსი, სექსტონი (ფარელი 63), მ. ფილიპსი (მურეი 51). (1-8) კორბისერო (ვინიპოლა 67), ჰიბარი (ტ. იანგზი 47), ჯოუნზი, ვინ ჯოუნზი, პარლინგი (გრეი 67), ლიდიატი, ობრაიანი, ფალეტაუ (ტიპურიჩი 55).

4ლ: კორბისერო, სექსტონი, ნორსი, რობერტსი. 5ს,3გ: ჰალპფენი.

მსაჯი: ჟერომ პუატი (საფრანგეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლომების ტურნე დასრულდა - განახლებული რეიტინგი
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
U21. ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
უარი თურქებსა და არაბებს - კონსეისაოს ტოპ 5 ლიგის გუნდში მუშაობა უნდა
რატომ დატოვა კრიშტიანო რონალდომ ეროვნული ნაკრები - მედიაში დეტალები გასაჯაროვდა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
უნგრეთი - საქართველო | ნაკრები ბუდაპეშტში ჩავიდა
საფონოვმა საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომელთანაც უთამაშია
უნგრეთი - საქართველო. რთული მატჩის მოლოდინი და მეტოქის მწვრთნელი გადაყენების საშიშროების წინაშე
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
ჟირუ ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
ნაწყენი რონალდო ჟესუსს ესაუბრა - პორტუგალიელთა ბაზაზე მისვლა ფედერაციის პრეზიდენტსაც მოუწია
ზაბარნი შეიძლება "ლივერპულში" ზამთარში გადავიდეს
[PHOTO] "საქართველო ჩემს გულში სამუდამოდ დარჩება" - უკრაინის ნაკრების ფეხბურთელის მეუღლე ჩვენს ქვეყანას ეწვია და ფოტო გამოაქვეყნა
"კსუ-კავკასია" ხორვატიაში "დუბრავასთან" ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] "ხვიჩამ მატჩის მიმდინარეობისას ეს მითხრა და გამეცინა" - რაზე გაეხუმრა კვარაცხელია უკრაინელთა მცველს
"ამას არ მოვითხოვ, მაგრამ გულახდილად ეს შეგვიძლია ვთქვათ..." - როტენმა კვარაცხელია გააკრიტიკა
[VIDEO] "შენი დღეც დადგება" - ფინელებმა ბელარუსიის ჰიმნს უსტვინეს და ლუკაშენკოს ბანერი მიუძღვნეს
[PHOTOS] "თავისი სილამაზით თბილისში დიდი ყურადღება მიიპყრო" - უკრაინის ნაკრების წევრის მეუღლის გავრცელებულმა ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა