დათო ევროპის ჩემპიონატზე ძველი, ამორტიზირებული ველოსიპედით გამოვიდა

პოლონურ პრუშკოვში დამთავრდა ევროპის ელიტარული ჩემპიონატი სატრეკო ველორბოლაში, რომელშიც საქართველო ერთადერთი სპორტსმენით, 20 წლის დავით ასკურავათი იყო წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ ამ შეჯიბრებიდან დაიწყო ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოსაპოვებლად საჭირო ქულების ათვლა.

ევროპიდან დაბრუნებისთანავე დავუკავშირდით დავით ასკურავას ერთ-ერთ მწვრთნელს როდიკო მეიშვილს, რომელიც სპორტსმენს თან ახლდა. აი, რა გვიამბო მან.

- როგორც თქვენ აღნიშნეთ, რადგან ამ ტურნირიდან დაიწყო ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოსაპოვებლად საჭირო ქულების ათვლა, პოლონეთში თავი მოიყარა მსოფლიოს ველოსპორტის კოჰორტამ. აქ იყვნენ ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, პლანეტის უძლიერესი ველომრბოლები და ბუნებრივია, მათთან ჭიდილში ბევრს ვერაფერს მივაღწევდით, მით უმეტეს, დათო ასკურავა ამ რანგის ტურნირის დებიუტანტი იყო. კი, მას მონაწილეობა მიუღია ევროპის ჩემპიონატებში, ოღონდ ეს იყო 23 წლამდე ასაკის მრბოლების შეჯიბრება. ახლა კი, აკი ვთქვი, მთელმა საველოსიპედო ელიტამ მოიყარა თავი. რასაკვირველია, ველოტრეკის დიდოსტატებს ვგულისხმობ და არა საგზატკეცილო ოსტატებს.

ჩვენ თავიდანვე ორ დისციპლინაში გამოსვლა გვქონდა დაგეგმილი, სპრინტში და კეირინში. სპრინტის წინ დათო ძალიან ნერვიულობდა - ხუმრობა ხომ არ იყო, ასეთ ასებთან პირისპირ შებმა! ღამითაც არ ეძინა წესიერად, სულ წრიალებდა, ვერ მოისვენა. ამის კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ ასკურავა გამოუცდელი სპორტსმენია, თუ უძლიერეს ველომრბოლებს წელიწადში 25-30 სტარტი აქვთ, ჩვენ მხოლოდ სამ-ოთხ ტურნირში თუ ვახერხებთ მონაწილეობას და ისიც, მეტწილად, სამშობლოსთან ახლო-მახლო ქვეყნებში, გაცილებით სუსტ მეტოქეებთან. მსოფლიო თასების ჩვეულებრივ ტურნირებშიც კი არ იყრის თავს სატრეკო ველოსპორტის ამდენი ნაღები, თუმცა ამიერიდან, ისინი არც ამ შეჯიბრებებს გამოტოვებენ, რადგან, როგორც ვთქვი, უკვე ყველა ოფიციალური ტურნირი ოლიმპიური ლიცენზიებისთვის ქულების მომტანი იქნება.

ისიც სათქმელია, რა ველოსიპედით ასპარეზობდა ჩვენი სპორტსმენი. ჩვენ გამოვდივართ ძველი, უკვე რახანია ამორტიზებული ველოსიპედით. ბოლო ორ წელიწადში სამი თვალი გავტეხეთ - ერთი წინა, ორი უკანა. მერე უკრაინაში გავაგზავნეთ სარემონტოდ და ვეღარ ჩამოგვისწრო. პოლონეთში სხვა თვლებით ვიასპარეზეთ. შარშან ჩვენმა რუსმა კოლეგებმა გვათხოვეს უკანა თვალი და მაშინ გაიარა დათომ 200 მეტრი 10.403-ში. თვლებს დიდი მნიშვნელობა აქვს. მთელი მსოფლიო ინგლისური ფირმის "მავიკის" თვლებით ასპარეზობს, ჩვენ კი მას ვერ შევწვდით. ოფიციალურად დაშვებულია 6.850 კილოგრამი წონის ველოსიპედები, ყოველ შემთხვევაში, 7 კილოგრამამდე. ჩვენი კი 7.490 იწონის, ანუ 700-800 გრამით უფრო მძიმე ინვენტარი გვქონდა და დამატებით ნახევარ კილოს რომ ჩამოჰკიდებ სპორტსმენს, ცოტა ძნელია.

ასეა თუ ისე, დათომ შეცდომა დაუშვა, დაქანების დროს რული აუთამაშდა და ადრე დაჯდა საჯდომზე, რის გამოც მეტად საჭირო წამები დაკარგა და 24 კაცში ვერ მოხვდა, ანუ საკვალიფიკაციო ეტაპიდან ვერ გავიდა, 11.225 უჩვენა. არადა, გასვლის დიდი შანსი ჰქონდა, რადგან მას არაერთხელ უჩვენებია უკეთესი დრო - თბილისის ღია ტრეკზე 200 მეტრი 1.76-ში გაიარა, 2008 წელს იმავე პრუშკოვში - 10.86-ში. საუკეთესო შედეგი კი 10.403 წამი აქვს.

რაც შეეხება კეირინში გამოსვლას, აქ უკეთესად იასპარეზა და ოცეულში შევიდა. აქაც შეიძლებოდა უკეთესი ადგილის დაკავება, მაგრამ აქ ისევ გამოუცდელობამ იჩინა თავი - შვიდკაციანი რბოლა იყო და ერთი წრე რომ დარჩა ფინიშამდე, იფიქრა, დავწინაურდებიო და გაქანდა, მაგრამ ჭიპმოჭრილმა, 27-28 წლის მრბოლებმა წინ აღარ გაუშვეს, დაკეტეს და ფინიშთან საბოლოოდ მეოთხე მივიდა. ამის მიუხედავად, დებიუტანტისთვის ოცეულში შესვლა არ არის ცუდი შედეგი.

- მაინც როგორ შეაფასებთ დათოს გამოსვლას?

- კმაყოფილები იმ მხრივ ვართ, რომ დათომ გამოცდილება მიიღო, კეირინში ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ, აკი ვთქვი, ძალიან ძლიერებთან მოუხდა შებმა. გერმანელი ლევი კეირინში მსოფლიოს ჩემპიონია, ინგლისელი კრის ჰოი ოლიმპიური ჩემპიონია სპრინტშიცა და კეირინშიც, მაგრამ სპრინტიდან ისიც გამოვარდა, საკვალიფიკაციოში 9.908 აჩვენა, ხოლო სპრინტის პირველ რბოლაში ხელი მოეცარა, გაბრაზდა და მიატოვა ტრეკი, აღარ გამოჩენილა.

- ესე იგი, ქულები ვერ მოიპოვეთ, ახლა მსოფლიო თასებისთვის რას ფიქრობთ?

- პირველი ეტაპი დეკემბრის დამდეგს ავსტრალიაში იმართება, მეორე - დეკემბრის 20-ის შემდეგ - კოლუმბიაში. ვერ გეტყვით, ან როგორ მოვემზადებით, ან ფულს სად ვიშოვით.

- სხვა ეტაპები ცოტა ახლოს არ იმართება?

- როგორ არა, პეკინსა და მანჩესტერში, აქ აუცილებლად უნდა წავიდეთ. პეკინის პროგრამაში 1000-მეტრიანი დისტანციაც არის შეტანილი, რაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის გამოგვადგება.

სხვათა შორის, მინსკში შემოგვთავაზეს მომზადება და საკმაოდ იაფად - საათი 5 დოლარი ღირს, ჩვენ სულ ცოტა 2 საათი გვჭირდება, ესე იგი, 10 დღით მაინც რომ წავიდეთ, სულ რაღაც 100 დოლარი დაგვჭირდება იჯარისთვის, რაც სალაპარაკოდაც არ ღირს. იქ შეჯიბრებამდე 10 დღით, ორი კვირით ადრე მაინც უნდა ჩახვიდე, რადგან მანამდე გზატკეცილზე უნდა მოემზადო. არადა, თბილისში რომ ტრეკი იყოს, აქ მოემზადებოდი და მერე ბელარუსში შეკრებასავით მოაწყობდი. დიდი დიღმის ტრეკი სავარჯიშოდ კი არ არის ცუდი, მაგრამ, რამდენი მივედით, ქარი დაგვხდა და ვერ ვივარჯიშეთ. მერე, ფიცრებმა უკვე დაიწყეს ჭრიალი და საშიშია, არ ამოცვივდეს...

დავით ჭელიძე

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს