ბავშვობიდანვე ეტყობოდა, რომ მისგან კარგი მოჭადრაკე დადგებოდა
ბავშვობიდანვე ეტყობოდა, რომ მისგან კარგი მოჭადრაკე დადგებოდა: თანატოლებში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა და პრიზიორმა ბათუმელმა გოგონამ 2001 წელს 14-წლამდელთა მსოფლიოს პირველობა მოიგო, 2004-2005 წლებში 18-წლამდელთა ევროპის პირველობებზე ოქროს მედლები დაიმსახურა.

სალომე მელიამ უფროსებშიც მოასწრო სპორტული კოლექციის მნიშვნელოვანი შეჯიბრებების ჯილდოებით გამდიდრება: 2010 წლის საქართველოს ჩემპიონმა ორი წლით ადრე ეროვნულ ჩემპიონატში მეორე, წლეულს კი მესამე ადგილი დაიკავა.

2010 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე ხანტი-მანსიისკში საქართველოს ნაკრებთან ერთად ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, პირად პირველობაში კი მე-3 დაფაზე ვერცხლი ერგო.

ორჯერ იასპარეზა გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატებში: 2011 წელს თურქეთში საქართველოს ნაკრებთან ერთად ბრინჯაო ხვდა, მე-4 დაფაზე კი პირველობა არავის დაუთმო, წლეულს ასტანაში (ყაზახეთი) მსგავს შეჯიბრებაში მე-2 ადგილს დასჯერდა. და აი, კიდევ ერთი ვერცხლი - ამჯერად ევროპის ქალთა პირად ჩემპიონატში.

სერბეთის დედაქალაქიდან დაბრუნებულ სალომე მელიას გუშინ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში შევხვდით.

- ბელგრადში უძლიერესმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. თავად განსაჯეთ: საპრიზო ადგილებისთვის ორი მსოფლიოს და ცხრა ევროპის ჩემპიონი იბრძოდა, რომ არაფერი ვთქვათ სხვა სახელოვან დიდოსტატებზე, რომლებიც შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ, - გვითხრა სალომემ. - ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ტურნირში წარმატებას მივაღწიე.

- ისე, წლევანდელი სეზონი შენთვის ფეხბედნიერი გამოდგა...

- გეთანხმებით. იანვრის ბოლოს გიბრალტარის საერთაშორისო ტურნირში რეიტინგი 15 პუნქტით გავიმდიდრე. მერე ნინო ხურციძესა და ნინო ბაციაშვილთან მატჩტურნირი ვითამაშე საქართველოს ნაკრებში მოსახვედრად, რომელიც მე და ხურციძემ მოვიგეთ.

არც ასტანაში გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე მიასპარეზია ურიგოდ - მეოთხე დაფაზე 8 შესაძლებლიდან 6 ქულით მეორე ადგილი დავიკავე. ეროვნულ ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. შეიძლებოდა, უკეთესი შედეგიც მქონდა, რადგან თავიდანვე ლიდერებში ვიყავი.

- თურქეთის ლიგის გათამაშებაშიც ხომ იყავი მიწვეული?

- დიახ, მაგრამ იქ გამგზავრებას ევროპის მე-14 ჩემპიონატისთვის ინდივიდუალურად მომზადება ვარჩიე. ასტანაში წასვლამდე დიდოსტატ ლაშა ჯანჯღავასთან ვიმეცადინე. პერიოდულად ნაკრების მწვრთნელი დიდოსტატი ზურაბ სტურუა მავარჯიშებდა.

ჩემპიონატამდე და ევროპის პირველობის მსვლელობისას ერთი უცხოელი მწვრთნელი (ამ ეტაპზე მას არ სურს საკუთარი ვინაობის გამხელა) მეხმარებოდა; მასთან დამუშავებულმა დებიუტებმა მეტი თავდაჯერებულობა შემმატა.

- როდის იგრძენი, რომ მედლისთვის ბრძოლა შეგეძლო?

- ტურნირი კარგად დავიწყე - 3 შეხვედრიდან 3 ქულა მქონდა. გარდამტეხი მომენტი მაინც მე-7 ტურში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ანტოანეტა სტეფანოვას დამარცხება იყო. ერთდღიანი შესვენების შემდეგ ნანა ძაგნიძეს ვძლიე.

ბოლო სამი პარტია ყაიმით დავასრულე. ახლა ეს სათქმელად იოლია, თორემ იმ ცხელ დღეებში როგორი მისაღწევი იყო ზავი მეტოქეებთან, რომლებიც მედლებისთვის იბრძოდნენ! ბოლოსწინა ტურში ლიტველ ვიქტორია ჩმილიტესთან ზედმეტი პაიკი მყავდა, მაგრამ დაძაბულ პაექრობას თავი ავარიდე - ძალები ბოლო ტურისთვის შემოვინახე.

მე-11 ტურში პოლონელმა მონიკა სოჩკომ მხედრების ენდშპილში ზედმეტი პაიკი შეინარჩუნა, თუმცა თეორიულად საყაიმო პოზიცია იყო. მედლისთვის მებრძოლ პოლონელს ბედთან შეგუება არ უნდოდა, ამიტომაც ჩვენი პარტია ჩემპიონატში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა.

150-ე სვლაზე მაინც მშვიდობიანად დავშორდით ერთმანეთს. ამ ნახევარმა ქულამ ვერცხლის მედალი მომიტანა, რადგან სხვებზე უკეთესი დამატებითი მაჩვენებლები მქონდა. ჩემპიონობა, როგორც იცით, ჰოანგმა მოიპოვა, მესამე იყო სომეხი ლილით მკრტიჩიანი.

საინტერესოა, რომ 2011 წელს რაპიდში (სწრაფი ჭადრაკი) ქალთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც ქუთაისმა უმასპინძლა, პირველი-მესამე ადგილები სწორედ ასეთი შემადგენლობითა და თანმიდევრობით გავინაწილეთ. ბელგრადში ვაჟთა დიდოსტატის წოდების მქონე 13 ქალბატონი მონაწილეობდა. მათგან შვიდს შევხვდი და 4,5 ქულა მოვაგროვე.

- თავადაც ხომ შეასრულე ვაჟთა დიდოსტატის მეორე ბალი...

- დიახ, მას შემდეგ, რაც მე-9 ტურში მომავალ ჩემპიონს დავუზავდი. 2011 წლის იანვარში კი გიბრალტარის საერთაშორისო ტურნირზე პირველი-მეორე ადგილები გავიყავი ქალებში და ვაჟთა დიდოსტატის პირველი ბალიც მაშინ ავიღე.

- ევროპის მე-14 ჩემპიონატში მონაწილე ქართველ მოჭადრაკეებზე რას იტყვი?

- სულ თხუთმეტნი ვიყავით. მათგან რამდენიმეს მართლაც ჰქონდა მედლების მოპოვების შანსი. ძალიან კარგად დაიწყო ტურნირი ნინო ხურციძემ - ექვსი შესაძლებლიდან 5,5 ქულას მოუყარა თავი. შემდეგ, სამწუხაროდ, ზედიზედ სამი პარტია წააგო და ლიდერებსაც ჩამოშორდა.

ბელა ხოტენაშვილმა, ასევე, 8 ქულით, მაგრამ უარესი დამატებითი მაჩვენებლებით მე-6 ადგილი დაიკავა. ბრინჯაოს მედლამდე ცოტა დააკლდა 19 წლის მერი არაბიძეს, თუმცა ამ ეტაპზე რასაც მიაღწია, ესეც უაღრესად კარგი შედეგია.

საგულისხმოა ისიც, რომ ლელა ჯავახიშვილმა, მე და მერი არაბიძემ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოვიპოვეთ. შარშანდელ ევროპაზე ეს პატივი ნანა ძაგნიძეს, ბელა ხოტენაშვილსა და ნინო ხურციძეს ერგოთ.

- სამომავლოდ რას აპირებ?

- საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის დებულებით გათვალისწინებული კრიტერიუმით, ევროპის ქალთა ჩემპიონატის პირველ ხუთეულში ვინც გავიდოდა, ავტომატურად საქართველოს ნაკრების წევრი გახდებოდა.

ასე რომ, მნიშვნელოვანი შეჯიბრებებისთვის ეროვნულ გუნდთან ერთად მოვემზადები. დეკემბერში მეორე შვილს ველოდები და სამომავლო გეგმებზე ამის შემდეგ უფრო დაწვრილებით შემეძლება საუბარი.

ამჯერად კი მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა ყველას - ვინც მიქომაგა და წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში, განსაკუთრებით ოჯახის წევრებს, მწვრთნელებსა და ბათუმის საჭადრაკო კლუბ "ნონას" მესვეურებს, რომლებიც ტურნირის წინ მწვრთნელის პრობლემის მოგვარებაში დამეხმარნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sano
რა ჯდება სალომე უცხოელის მწვრთნელობა და თან ტურნირის პერიოდში დახმარება?ეგება წყარო მაინც დაგესახელებინათ,მწვრთნელს თუ არ ასახელებთ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალების ბრინჯაო
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ჩემპიონობა დავთმეთ
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე