ტური, რომელმაც ფეხბურთის გულშემატკივარი არ შეიძლება რომ გულგრილი დატოვოს
ტური, რომელმაც ფეხბურთის გულშემატკივარი არ შეიძლება რომ გულგრილი დატოვოს. ამ უქმეებზე სერია A ძალიან ბევრ საინტერესოს გვპირდება. ასე რომ, თუ ფეხბურთი გიყვართ, გადადეთ ყველაფერი სხვა: დაივიწყეთ ქალაქგარეთ გასვლა თუ ქორწილში წასვლა - მოკალათდით ტელეეკრანთან და უყურეთ იტალიის ჩემპიონატის პაექრობებს. დღეს "იუვენტუსი" "რომას" მიიღებს და წესით, დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს. "ჯალოროსი" ფორმაში შევიდა, კარგ თამაშს აჩვენებს და წესით, ტურინშიც არ უნდა შეირცხვინოს თავი. "იუვე" საკუთარ მოედანზე ყოველთვის ფავორიტია და მოკლედ, მართლაც საინტერესო შეხვედრის მომსწრე გავხდებით. აი რა მოხდება სიცილიაში, ეს ერთი ღმერთმა უწყის, რადგან ერთმანეთის პირისპირ "პალერმო" და "კატანია" წარსდგებიან. "რენცო ბარბერას" სახელობის სტადიონზე აუცილებლად მობილიზებული იქნება კარაბინიერთა მთელი არმია, რათა აღელვებული ტიფოზები ყველა დასაშვები და დაუშვებელი მეთოდებით დააშოშმინონ - ტიფოზები კი აუცილებლად აღელვდებიან, ამას წყალი არ გაუვა. და მაინც, ტურის მთავარი მატჩი "ჯუზეპე მეაცას" სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც "ინტერი" "მილანთან" შეხვედრაში ნომინალური მასპინძელი იქნება. თუმცა, სტუმარ-მასპინძლობის ამბავს ფორმალობას ვერ ვუწოდებთ, რადგან გულშემატკივართა 80% "ნერაძურის" დაუჭერს მხარს, ეს კი დიდი პლუსია.

ინტერი

"ინტერს" კარგა ხანია აღარ მოუგია და შედეგად, სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზე ჩამოქვეითდა. "ნერაძურის" გულშემატკივრები ამას არ არიან ჩვეულნი და ბუნებრივია, რაფაელ ბენიტესი კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული. ესპანელის მდგომარეობას ფეხბურთელთა ტრავმიანობა ამსუბუქებს, რადგან როდესაც ძირითადი შემადგენლობის ხუთი-ექვსი ფეხბურთელი გყავს დაშავებული, წარმატების მიღწევა ნებისმიერ მწვრთნელს გაუჭირდება. თუმცა, ბოლო დღეებში გულშემატკივრებმა ერთიმეორეზე უკეთესი ცნობები გაიგეს და შეიძლება ითქვას, რომ დერბის "ინტერი" ოპტიმალურთან მიახლოვებული შემადგენლობით ხვდება. დაშავებულნი არიან ვალტერ სამუელი და ესტებან კამბიასო, სამაგიეროდ რამდენიმე ფეხბურთელი ერთდროულად გამოჯანმრთელდა - მარტო ვესლი სნეიდერის და ჟულიო სეზარის დასახელება რად ღირს. დიახ, "ნერაძურის" ძირითადი კიპერი სრულ მზადყოფნაშია და მისი სტაბილურობის ამბავი რომ მოგვეხსენება, გვეეჭვება სათამაშო პრაქტიკის უქონლობა დაეტყოს. დიდი ძალაა სნეიდერიც, რომლის გარეშეც "ინტერის" შეტევებს აშკარად სიმწვავე აკლდა. არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს ჯონათან ბიაბიანის, მაკდონალდ მარიგასა და განსაკუთრებით ფილიპე კოუტინიოსი, მაგრამ ის, რომ მათი გვარები სავარაუდო ძირითად შემადგენლობაში არ ფიგურირებენ, ვფიქრობთ "ინტერისთვის" მხოლოდ კარგია. რაფაელ ბენიტესს ყველაზე მეტად სწორედ ლაზარეთის შეთხელება ახარებს:

"ქულები უხვად დავკარგეთ, მაგრამ ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები. ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვყავდა ტრავმირებული და ფსონის ახალგაზრდებზე გაკეთებამ მომიწია. ვერ ვიტყვი, რომ არ გაამართლეს ჩემი იმედები, მაგრამ ჯერ გამოუცდელნი არიან და ყველა თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება უჭირთ. ასე რომ, გარკვეული პრობლემები სწორედ ამით გახლდათ განპირობებული. ჯერ კიდევ არაერთი დაშავებული გვყავს, მაგრამ რამდენიმე ფეხბურთელი დაგვიბრუნდა და ეს შვებას მგვრის. "მილანთან" უმნიშვნელოვანესი თამაში გველის და საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ, აუცილებლად მაღალი დონის ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ. სწორედ ეს არის ჩემი მიზანი და თუ ხარვეზები მინიმუმამდე დავიყვანეთ, შედეგიც მოვა".

მილანი

ვერ ვიტყვით, რომ "მილანი" ბრწყინვალე, ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ხუმრობა ხუმრობაში სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა. ალბათ იმიტომ, რომ "ინტერი" არ დგას მოწოდების სიმაღლეზე" "იუვენტუსი" ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაში, "რომა" კი ღრმა კრიზისში იყო და ამ ყველაფერმა, 'მილანი" ლიდერად და ბევრის აზრით, ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტად აქცია.

საკადრო პრობლემები "როსონერისაც" აქვს, თანაც საკმაოდ სერიოზული - გასულ ტურში, "პალერმოსთან" პაექრობაში ფილიპო ინძაგი და ალეშანდრე პატო დაშავდნენ, თანაც ისე, რომ დერბის გარდა, კიდევ რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევთ. ექიმები უახლოეს დღეებში გააცხადებენ დიაგნოზს და დადგინდება, რამდენი ხნით ჩამოშორდნენ ფეხბურთს. ორივე ფორვარდია და

"მილანს" პრობლემები სწორედ შეტევის ხაზში შეექმნება.

თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, მასიმილიანო ალეგრი 4-3-1-2 ტაქტიკას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად რობინიოს გაამწესებს. ფორვარდების უკან ბოლო თამაშებში კლარენს ზეედორფი ირჯებოდა, თუმცა ამჯერად, ალბათ რონალდინიოზე გაკეთდება აქცენტი. ნახევარდაცვაში სავარაუდოდ მასიმო ამბროზინის, ჯენარო გატუზოს და ანდრეა პირლოს ვიხილავთ. რაც მთავარია, ჯანმრთელად არიან ცენტრალური მცველები: ტიაგო სილვა და ალესანდრო ნესტა. იშვიათია, როდესაც არც ერთს არ აქვს ტრავმა და თუ ავტორიტეტულ გამოცემას ვენდობით, "ინტერთან" ორივე ძირითად შემადგენლობაში იქნება.

ალეგრი "პალერმოსთან" თამაშით კმაყოფილი დარჩა, თუმცა იქვე დასძინა, "ინტერთან" კიდევ უკეთესად უნდა ვიასპარეზოთო: "როდესაც წინ დერბია, ძნელია სამი დღით ადრე სხვა შეხვედრაზე სრული კონცენტრაცია მოახდინო - ამიტომ, ძალიან კმაყოფილი ვარ შეგირდების თამაშით და იმით, რომ სამი ქულის მოპოვება მოვახერხეთ. თუმცა, იმასაც კარგად ვაცნობიერებ, რომ ასეთი თამაშით "ინტერთან" წარმატების მიღწევა გაგვიჭირდება. ამიტომ, უფრო მეტი მონდომება და მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო".

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - სანტონი, კორდობა, ლუსიო, კივუ - ძანეტი, სტანკოვიჩი - პანდევი, სნეიდერი, ეტოო - მილიტო.

მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ნესტა, ტიაგო სილვა, ანტონინი - პირლო, გატუზო, ამბროზინი - რონალდინიო - რობინიო, იბრაჰიმოვიჩი.

რომ არა მილანური დერბი, ტურის ცენტრალური შეხვედრა რა თქმა უნდა "იუვენტუსი"-"რომას" დაპირისპირება იქნებოდა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პროგნოზის გაკეთება ფაქტობრივად წარმოუდგენელია. "რომა" ამოვიდა ჭაობიდან და ბოლო დროს, ძალიან კარგად ასპარეზობს. "იუვე" არასტაბილურია, თუმცა იოლად არაფერს თმობს და თანაც, საკუთარ მოედანზე.

კლაუდიო რანიერი აცხადებს, რომ "ჯალოროსიმ" საკუთარი თავი იპოვნა. თითქოს საკადრო პრობლემებიც გადაიჭრა და მეტიც, არჩევანი გაჩნდა. მაგალითად, შეტევის ხაზში კონკურენციაა: ან ფრანჩესკო ტოტის უწევს სათადარიგოთა სკამზე დარჩენა, ან მირკო ვუჩინიჩს, ანაც მარკო ბორიელოს. აღარაფერს ვამბობთ ჟულიო ბაპტიშტასა და ადრიანოზე, რომლებიც ღრმა თადარიგში არიან. ამჯერად, ბორიელო მოიაზრება სათადარიგოთა სკამზე, თავდამსხმელთა ტანდემი კი ტოტიმ და ვუჩინიჩმა უნდა შექმნან. ფორვარდთა უკან ჟერემი მენეზი გაირჯება, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია.

"იუვენტუსი" რამდენიმე ფეხბურთელის გარეშე ხვდება ამ მეტად მნიშვნელოვან პაექრობას, მათ შორის კი ისევ და ისევ მილოშ კრასიჩი უნდა გამოვარჩიოთ. დისკვალიფიკაციას ტრავმა დაერთო და აგერ უკვე მერამდენე ტურია, სერბი "ბიანკონერის" ვერაფრით ეხმარება. ლუიჯი დელ ნერი ტრადიციულად 4-4-2 ტაქტიკას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე ვინჩენცო იაკვინტასა და ფაბიო კვალიარელას ტანდემს გაამწესებს. "გაძეტა" ასეთ ინფორმაციას გვაწვდის და ჩვენც დავუჯეროთ. ანუ, გამოდის, რომ ალესანდრო დელ პიერო ამჯერად სათადარიგოთა სკამზე დარჩება. დელ ნერის თქმით, “რომას” სუსტი მხარეები კარგად შეისწავლა და იცის, როგორ უნდა წარმართოს თამაში. დაველოდოთ, წინ მართლაც საინტერესო მატჩი და მთლიანად, ტური გველის.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-4-2): სტორარი - სალიჰამიჯიჩი, ბონუჩი, კიელინი, გროსო - პეპე, სისოკო, აკვილანი, მარკიზიო - იაკვინტა, კვალიარელა.

რომა (4-3-1-2): ჟულიო სერჟიო - სისინიო, მექსე, ნ. ბურდისო, რიისე - პეროტა, დე როსი, სიმპილისიო - მენეზი - ტოტი, ვუჩინიჩი.

დღეს:

ფიორენტინა-ჩეზენა 21.00

იუვენტუსი-რომა 23.45

ხვალ:

ლაციო-ნაპოლი 15.30

ბარი-პარმა 18.00

ბოლონია-ბრეშა 18.00

კალიარი-ჯენოა 18.00

პალერმო-კატანია 18.00

სამპდორია-კიევო 18.00

უდინეზე-ლეჩე 18.00

ინტერი-მილანი 23.45

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 11 7 2 2 20-11 23

2. ლაციო 11 7 1 3 13-9 22

3. ნაპოლი 11 6 3 2 18-11 21

4. ინტერი 11 5 5 1 13-6 20

5. იუვენტუსი 11 5 4 2 22-12 19

6. რომა 11 5 3 3 14-14 18

7. სამპდორია 11 3 6 2 11-9 15

8. კიევო 11 4 3 4 11-10 15

9. პალერმო 11 4 2 5 17-16 14

10. კატანია 11 3 5 3 12-9 14

11. ჯენოა 11 4 2 5 9-11 14

12. უდინეზე 11 4 2 5 9-12 14

13. ფიორენტინა 11 3 3 5 12-13 12

14. ლეჩე 11 3 3 5 8-18 12

15. კალიარი 11 2 5 4 11-10 11

16. ბრეშა 11 3 2 6 10-13 11

17. პარმა 11 2 5 4 7-10 11

18. ბოლონია 11 2 5 4 10-15 11

19. ჩეზენა 11 3 2 6 8-14 11

20. ბარი 11 2 3 6 9-18 9

"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს