სამწუხაროდ, თურქულ ბელეკში მიმდინარე მშვილდოსანთა მსოფლიოს პირველობაზე 3 ოქტომბერი ჩვენთვის წარუმატებელი აღმოჩნდა

სამწუხაროდ, თურქულ ბელეკში მიმდინარე მშვილდოსანთა მსოფლიოს პირველობაზე 3 ოქტომბერი ჩვენთვის წარუმატებელი აღმოჩნდა - პირადშიც და გუნდურშიც პირველივე წრეში წავაგეთ.

მოგეხსენებათ, ბელეკში ჩვენგან მხოლოდ ქალთა გუნდი გამოდიოდა. 3 ოქტომბერს, დილით პირადი პირველობის პლეი ოფები გაგრძელდა, სადაც ერთადერთი მონაწილე გვყავდა შემორჩენილი - იულია ლობჟანიძე და ისიც დასაწყისშივე დამარცხდა რუს იანა სტეპანოვასთან - 2:6. არადა, შეხვედრა ლობჟანიძის გამარჯვებით დაიწყო, როცა პირველი სეტი 23:22 მოიგო, მაგრამ მომდევნო სამი დათმო.

ქართველთათვის ფეხბედნიერი ვერც გუნდური ტურნირის 1/8-ფინალი გამოდგა, სადაც მექსიკელებს ხვდებოდნენ, რომლებსაც შემადგენლობაში ლონდონის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი აიდა რომანი და ბრინჯაოსმედალოსანი მარიანა ავიტია ჰყავთ.

ცხადია, წყვილშიც ფავორიტად "აცტეკები" მიიჩნეოდნენ და გამარჯვება არც გასჭირვებიათ, საკმაოდ დიდი სხვაობით მოუგეს ჩვენებს - 168:154 იმარჯვეს. მათ მომდევნო წრეში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ინდოეთსაც სძლიეს - 195:176 და ნახევარფინალში კორეელებთან 177:181 დამარცხდნენ.

გუნდურში ოლიმპიურმა ჩემპიონმა კორეელებმა მეოთხედფინალში ზეპრინციპული პაექრობა მოიგეს - გადასროლაში ჩინელებს სძლიეს.

აქ ძირითადი დრო ფრედ - 193:193 დასრულდა, დამატებითში კი ჩინელებს აშკარად აუკანკალდათ ხელი - სამი ისრიდან მხოლოდ 22 ქულა მოაგროვეს. კორეელებმაც გვარიანი ხარვეზებით ისროლეს და მთლად უნაკლონი არც ისინი ყოფილან, მაგრამ მათზე მეტი - 26 ქულა მაინც დააგროვეს და ფინალისკენაც გააგრძელეს გზა.

მას შემდეგ, რაც გუნდურის პლეი ოფში ჩინეთი, კორეა, დეეპიკა კუმარის ინდოეთი და მექსიკელები ბადის ერთ მხარეს მოხვდნენ, მეორე ნახევრიდან ფინალში შედარებით სუსტის გასვლა გარანტირებული იყო, თუმცა იქ ბელორუსთა ხილვას თვით მათი ქომაგებიც კი ნაკლებად წარმოიდგენდნენ. არანაკლებ გასაოცარია ნახევარფინალური წყვილიც - ბელორუსი-დანია, სადაც პოსტსაბჭოელებმა 170:166 იმარჯვეს.

ჰანა მარუსავას, ეკატერინა ტიმოფეიევას და ალენა ტოლკაჩის ბელორუსულმა ტრიომ მანამდე ჯერ გერმანელებს დააყრევინა ფარ-ხმალი (175:166), მერე კი ბრიტანელებს 180:172 მოუგო.

კუნძულელები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ალისონ ვილიამსონის გარეშე ასპარეზობენ, რომელმაც სასროლეთიდან მშვილდოსნობის მსოფლიოს ფედერაციის ათლეტთა კომისიის თავკაცის პოსტზე გადაინაცვლა, თუმცა უიმისოდ დარჩენილ ბრიტანელებს პირველ წრეში რუსთა ძლევა მაინც არ გასჭირვებიათ - 181:171.

არანაკლებ მძიმე გზა განვლეს დანიელებმაც - ჯერ ოლიმპიურ პრიზიორ ხათუნა ლორიგით (ქვრივიშვილი) გაძლიერებული აშშ ჩამოიცილეს (188:169), მერე კი ჩინური სკოლის განაყოფ ტაივანსაც სძლიეს (191:185).

მანამ ტაივანელებმა კოლუმბიელები 174:155 დაამარცხეს, რომლებსაც არ ჰყავდათ სარქალი - მსოფლიოს ჩემპიონი ალისე ასტრიდ ვან ლემოენი, რომელმაც ორი წლის წინ ანალოგიური ტურნირის ფინალში ქრისტინე ესებუა დაგვიმარცხა.

ამდენად, 6 ოქტომბერს, საჩემპიონო ფინალში კორეელები ბელორუსებს შეხვდებიან, ბრინჯაოს მედლისთვის კი მექსიკა და დანია იასპარეზებენ.

დანიელთა გუნდური წარმატება იქნებ ლოგიკურიც იყოს იმ ფონზე, რომ ქალთა ინდივიდუალურში მათი თანაგუნდელი მაია ჯაგერი ფინალში გავიდა. თან მეოთხედფინალში გზიდან ბოლო პერიოდში ლამის დაუმარცხებელი კორეელთა ოლიმპიური ჩემპიონი (პირადშიც და გუნდურშიც) ბო ბაე კი ჩამოიცილა - 6:5 დამატებითში, ნახევარფინალში კი მეორე კორეელს, პირადში პეკინის ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანს, გუნდურში კი ჩემპიონ ოკ ჰეე იუნსაც აჯობა - 7:3.

საერთოდ, კორეელი დიაცები ინდივიდუალურში ცუდად გამოვიდნენ - მაქსიმუმ, 6-ში ბრინჯაო მოიპოვონ, ფინალში კი მათთვის არასასურველი ჩინელი ჯინ ხუ გავიდა. ამდენად, 6 ოქტომბერს ის ოქროსთვის ჯაგერს შეხვდება, ბრინჯაოსთვის კი ერთმანეთს კორეელი იუნი და გერმანელი კარინა ვინტერი შეეცილებიან.

დასასრულ, ვაჟთა ტურნირზეც ვთქვათ, სადაც გუნდურის ფინალში ასევე 6-ში ჰოლანდია და აშშ ისვრიან. ოლიმპიურმა ჩემპიონმა იტალიამ მეოთხედფინალში ფრანგებთან ჩაიჩოქა - 187:191, ლონდონური ვერცხლის მფლობელმა აშშ-მა კი ნახევარფინალში საფრანგეთი, მანამდე კი ავსტრალია და უკრაინაც გამოაგდო.

ჰოლანდიელებმა ნახევარფინალში იაპონიასთან ბრძოლით დაღლილ კორეელებს 193:191 მოუგეს, ხოლო იქამდე მალაიზია და კანადა დაჯაბნეს. 6-ში ბრინჯაოსთვის კორეა საფრანგეთს შეხვდება.

გუნდურისგან განსხვავებით, ინდივიდუალური მთლიანად კორეელთა კარნახით მიდის - შესარჩევში ხომ სამეულშიც მხოლოდ ისინი შევიდნენ, ფინალშიც იქაურები არიან - ლონდონის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, ამჯერად საკვალიფიკაციოს მომგები ჰიეკ ონ ჯინი და სეუნგიუნ ლეე, რომელმაც 1/16-ფინალში უკრაინელთა პეკინის ოლიმპიადის გამარჯვებული ვიქტორ რიბანი დაამარცხა. მესამე კორეელი - ხიახიან დაი ბრინჯაოსთვის ისვრის, სადაც კანადელ კრისპინ დუანესს შეხვდება. თან გავითვალისწინოთ, რომ ამჯერად კორეელებს არ ჰყავდათ ოლიმპიური ჩემპიონი ვოო-ჯინ კიმი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა