ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი ლერი ჭელიძე (55) ამ ასაკში აწ უკვე მსოფლიოს მესამე პრიზიორია
ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი ლერი ჭელიძე (55) ამ ასაკში აწ უკვე მსოფლიოს მესამე პრიზიორია.

ამ წარმატებას მან ლუბლიანაში მიაღწია, სადაც აღნიშნული ტურნირი 23 ოქტომბერს დაიწყო, ჩვენებურმა კი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში იაპონელი რიუჯუ ნაგაიამა ვაზარით დაამარცხა.

ამ მედლით გუნდსაც წარმატებული სტარტი გამოუვიდა, რადგან 23 ოქტომბერს ჩვენგან მხოლოდ ჭელიძე ჭიდაობდა (60 კილოგრამში საერთოდ არ გვყავს მონაწილე). იმედია, ჩვენები 24 ოქტომბერსაც ასე წარმატებით გააგრძელებენ.

არადა, ჭელიძემ ნაკრებში ადგილი ერთ-ერთმა ბოლომ გაინაღდა, ბოლო შეკრების მიწურულს, საკონტროლო შეხვედრების შედეგად.

შარშანდელი ევროვერცხლის შემდეგ მისი საქმეები დაღმა წავიდა და კონტინენტის წლევანდელ პირველობაზე საერთოდ ვერ მოხვდა გუნდში. ეტყობა, ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელ გია გუგავას ალღომ არც ამჯერად უმტყუნა - ის აქცენტს არა ყველა წონის დაკომპლექტებაზე, არამედ მედლის მოპოვების რეალურ კანდიდატებზე აკეთებს.

ამიტომ იქნებ რომელიმე წონა ჩააგდოს, სანაცვლოდ კი რამდენიმე წონა გააოროს, თუ იქაურ პრეტენდენტებში უფრო მეტ შესაძლებლობას დაინახავს.

ჭელიძემ სლოვენიაში ერთადერთი შეხვედრა წააგო - მეოთხედფინალში ის ბრაზილიელმა ვიტორ ტორენტემ პირწმინდად დაჩაგრა და სამივე სინჯის გდება ჩაუტარა ერთი იუკოს სანაცვლოდ. ეს იმის ბრალი გვგონია, რომ დასვენება და ძალების აღდგენა ვერ მოასწრო - ჩვენებურს მერვედფინალური შეხვედრის შემდეგ ჯერ ხომ ისედაც მალე უწევდა ტატამზე გასვლა და მეტოქეს ამ მხრივ ცოტა უპირატესობა ჰქონდა, ოდნავ მეტს ისვენებდა.

მისდა სავალალოდ, წინა პაექრობაც ვადაზე ადრე დასრულდა - ყველასათვის მოულოდნელად, ამ ჩემპიონატის მთავარმა სიურპრიზმა, ვენესუელელმა არმანდო მაიტამ სულ რაღაც ერთ წუთში იპონზე გამოცელა აზერბაიჯანელთა ევროპის წლევანდელი ჩემპიონი დავუდ მამადოვი და ჭელიძეს მოსალოდნელზე ბევრად ადრე უხმეს ტატამზე.

ჩვენებური ისედაც არ გამოირჩევა კარგი ფიზიკური მომზადებით - ძალიან ბევრს იკლებს და ევროპაზეც, ძირითადად, ამიტომ ვერ მოხვდა ნაკრებში, ახლა კი მართლაც ცაიტნოტში აღმოჩნდა.

ჭელიძე ფიზიკურად მთლად კარგ ფორმაში რომ ვერ იყო, ცხადად გამოჩნდა იმ შეხვედრებში, სადაც ბოლომდე მოუწია ჭიდაობა - პირველსა და ბოლო პაექრობებში მონღოლსა და იაპონელთან, ცაიტნოტი კი მისთვის აღმართში მიწეული ქვა იყო.

ძირითადად, ალბათ, ამიტომ დაუთმო ინიციატივა ტორენტოსაც და ვერაფრით იპოვა საკუთარი ჭიდაობა, როცა სხვებთან ეს კარგად გამოსდიოდა. ბრაზილიელთან მან დასრულებამდე 1.9 წუთით ადრე გაიბრძოლა, როცა ლეიბიდან ბრუნზე დაატრიალა და იუკო მიითვალა.

სამწუხაროდ, ეს "გედის სიმღერა" აღმოჩნდა - ამის შემდეგ მოიშალა და ჯერ ვაზარი, მერე კი იპონიც გაატარა.

მთლიანობაში, მან საკმაოდ დამაჯერებლად და ძლიერად იჭიდავა. მართალია, გამძლეობაშიც გვარიანად მოიკოჭლებდა და ტექნიკური არსენალიც ძალიან მწირი იყო, მაგრამ რასაც აკეთებდა, დახვეწილად ასრულებდა (ეგრეთ წოდებული კოზირად ქცეული ფანდით გადიოდა ფონს) და ტაქტიკურადაც ჭკვიანურად ირჯებოდა.

ამიტომ გვგონია ტორენტოსთან მისი წაგება დაღლილობის ბრალი, თორემ შესვენების შემდეგ იაპონელსაც ხომ აჯობა; მანამდე ზემოხსენებული აზერბაიჯანელი მამადოვი ერთ წუთში გააბითურა, რომელიც, ვიმეორებ, ევროპის წლევანდელი გამარჯვებულია.

ლუბლიანაში ჭელიძის კოზირად ჩავლებიდან უკუკოტრიალით, ზურგს უკან მეტოქის გადასროლა იქცა - ასე დააიპონა ავსტრიელი მარკ ტობინი, უზბეკი სობიტ ხუჯამოვი და დამამშვიდებელში - მამადოვიც.

თან ყველასთან საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, ინიციატივა მტკიცედ ეპყრა ხელთ და შეხვედრის მიმდინარეობას კარნახობდა.

ასე მაგალითად, ავსტრიელს თავიდანვე ქორივით დააცხრა თავს და იპონამდე იუკოც აართვა. ასევე წარმართა უზბეკთან შეხვედრაც - დიდი უპირატესობა და იპონამდე - იუკო; მამადოვზე, ამ ევროპის ჩემპიონზე კი სათქმელიც არაფერია - როგორც იტყვიან, მას მისალმებაც არ აცალა.

ჩვენებურმა პირველ შეხვედრაში მონღოლ ბატბაირ ბარსურენს ვაზარით აჯობა და ბოლოში იაპონელსაც ასეთივე ანგარიშით მოუგო. მომგებიანი ქულა მან მეორე წუთის მიწურულს მოიპოვა, როცა კარგად დაუჭირა ცალი ხელი, თვითონ კი წარმატებით გადაავლო, ტატამიდან ეფექტურად ააგლიჯა და ტრიალში სავაზარედ გაისროლა.

ამის შემდეგ ტაქტიკაც შეცვალა - ჩავლებებსა და ჩამშლელ ჭიდაობაზე გადაერთო, ისე რისკიანად აღარ უტევდა, თუმცა გამოცელვის და შეტევის ნაკლებრისკიან მცდელობებზე უარს არ ამბობდა.

თუმცა ამ შეხვედრაში დანის პირზეც იარა - დასრულებამდე 40 წამით ადრე მსაჯმა მესამედ გააფრთხილა და წაგებას თვალებშიც ჩახედა.

მით უფრო, ამ დროს დაღლა უკვე აშკარად ეტყობოდა და მოძრაობაც უჭირდა. ასეთ დროს არბიტრს ბევრი რეალური საბაბი ეძლევა გასაფრთხილებლად, მაგრამ არც თვითონ მოიქცა ძალიან მკაცრად (მით უფრო - უსამართლოდ) და ჩვენებურმაც სწორი ჩავლებით ბევრი გასაქანი არ მისცა ნაგაიამას. პირიქით - უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და ბოლო წამები თვითონ გაატარა შეტევაში.

ტურნირი ფრანგმა ვინსენტ მანქომ მოიგო, ვინც ევროპის წლევანდელი ფინალისტია - მამადოვთან წააგო. ვფიქრობთ, ყველასთვის მოულოდნელი იყო სლოვენიურ ფინალში ვენესუელელი მაიტას გასვლა.

არადა, მან წლეულს ბრინჯაო მოიპოვა პანამერიკის თამასებში უფროსებშიც და ახალგაზრდებშიც და მოიგო პანამერიკის თასი, რაც ევროპული ღია იქაური თასის ანალოგია. თან რამდენიმე ვენესუელელმა აგვისტოში რიოში გამართულ მსოფლიოს პირველობაზეც ნორმალურად იჭიდავა (საგულისხმოა, რომ მათ ნაკრებს ქალი წვრთნის).

ამდენად, ეს ქვეყანა თანდათან იკრებს ძალას ძიუდოში... ლუბლიანაში კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ბრაზილიელი ტორენტო დადგა.

24 ოქტომბერს ლუბლიანაში სამი ქართველი იასპარეზებს: გელა კელიხაშვილი (66), ლევან გუგავა და ფრიდონ გიგანი (ორივე - 73). კელიხაშვილი პირველ წრეში მონღოლ ტუმენნასან ერდენეტოგტოკს შეხვდება, ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი გუგავა - პოლონელ დამიენ სტეპიენს, გიგანს კი მეტოქედ იტალიელი ანტონიო ესპოზიტო ერგო.

კვარცხლბეკი. ბიჭები.

50 კგ. 1. ვინსენტ მანქო (საფრანგეთი); 2. არმანდო მაიტა (ვენესუელა); 3. ლერი ჭელიძე (საქართველო); 2. ვიტორ ტორენტო (ბრაზილია).

60 კგ. 1. ბაულ ანი (კორეა); 2. დიორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი); 3. აჰმეტ შაჰინ კაბა (თურქეთი), იუმა ოშიმა (იაპონია).

გოგოები

44 კგ. 1. ანასტასია პავლენკო (რუსეთი); 2. ანდრეა სტეფანესკუ (რუმინეთი); 3. ოლფა საოუდი (ტუნისი), ჰონოკა იამაუჩი (იაპონია).

48 კგ. 1. ირინა დოლგოვა (რუსეთი); 2. ალექსანდრა პოპი (რუმინეთი); 3. ამანდინე ბუჩარდი (საფრანგეთი), ტამამი იამაზაკი (იაპონია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილია - ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრებს ჩაიბარებს
"არ ვაპირებ ისევ წავაგო, ისევ მე გავნადგურდე და ხალხი მშვიდად იყოს, თავის სკამებს უფრთხილდებოდნენ" - ეთერ ლიპარტელიანი
ლაშა გუჯეჯიანმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა