თუკი ასევე ვიბრძოლეთ და პატარა იღბალიც ჩვენკენ იქნება, ნაკრებისთვის ევროპაზე მოხვედრა შეუძლებელი არ იქნება

შოთა არველაძის გაწვრთნილი "ქაისერი" თურქული გრანდების რისხვად იქცა - "ფენერბაჰჩესა" და "ბეშიქთაშის" დამარცხებას ლიდერ "ტრაბზონთან" და ქვეყნის ყველაზე პოპულარულ კლუბ "გალათასარაისთან" ფრე მიაყოლა. არველაძე ახლა თურქეთში მეორე აღიარების გზას ადგას, მისი გუნდი მესამე ადგილზეა და ანგარიშგასაწევ ძალად ყალიბდება.

შოთას ამ აღიარებაში საქართველოს ნაკრების მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი ეხმარება, რომელმაც ”ქაისერში" ცამეტივე შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა და ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა - მისი ამპლუის ფეხბურთელისთვის ნამდვილად არაა ურიგო შედეგი.

ალეკოს თურქეთში დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით.

- არც ისე მდიდარი ”ქაისერის" წლევანდელი წარმატებანი პატარა სასწაულია - როგორ ახერხებთ გრანდებთან ტოლსწორად ჭიდილს?

- ”კაისერს" მდიდარი ბიუჯეტი არ აქვს, მაგრამ ღარიბიც არ ეთქმის. ახლა 200 მილიონ დოლარად ახალ სტადიონს აშენებენ, რომელიც თურქეთში ერთერთი საუკეთესო იქნება. საკმაოდ კარგი ბაზა და ფინანსური მდგომარეობა აქვს, მაგრამ აქაურ გრანდებს მართლა ვერ შეედრება.

- ეტყობა, გუნდს იოლად შეეწყვე.

- შოთასთან რომ ვვარჯიშობ, ეს ძალიან მეხმარება. მენდობა, მათამაშებს და მოედანზე მეტი მონდომებით გავდივარ.

- რუსულ და თურქულ ფეხბურთს შორის რა განსხვავებაა?

- რუსეთში საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთია, მაგრამ თურქულთან შედარებით უფრო ჩაკეტილია. ამიტომ პრემიერლიგაში თამაში მიადვილდებოდა. აქ კი თითქმის ყველა გუნდი შემტევ ფეხბურთს ამჯობინებს და მცველებზე მეტი დატვირთვა მოდის.

- შენი ძველი და ახალი კლუბებიდან რომელი უფრო სოლიდურია?

- ”ქაისერი" - და არა იმიტომ, რომ ახლა აქ ვთამაშობ. უბრალოდ, კლუბი უფრო სოლიდურია, თანამედროვე, მოწესრიგებული და ევროპული. ქაისერიც საკმაოდ ლამაზი ქალაქია. სხვათა შორის, კაბადოკია 60 კილომეტრშია, საქართველოც ახლოსაა. თუმცა მიკვირს, რომ აქ ქართველი არ მინახავს. არადა, თურქეთში ბევრი ჩვენიანი ცხოვრობს. ნალჩიკი მაინც პროვინციული ქალაქია, თუმცა იქ სამი წელი ვითამაშე და ”სპარტაკთან" მრავალი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს.

- ნაკრებში შენი დაბრუნება გუნდის გაძლიერებას დაემთხვა. რა ატმოსფეროა ნაკრებში?

- ბევრი მწვრთნელი მინახავს და მათი უმრავლესობა ძალიან კარგი სპეციალისტი იყო. ასეა ახლაც - კლუბშიც და ნაკრებშიც ქართველი მწვრთნელი მყავს და ორივე გამორჩეულია. მთავარი, რაც ქეცბაიამ გააკეთა, ნაკრებში საუკეთესოების მიწვევა იყო. ის პირადი სიმპათია-ანტიპათიით არ არჩევს, ვინ ათამაშოს. ნაკრებს სწორედ ასეთი სამართლიანი მწვრთნელი სჭირდებოდა. რაც უნდა კარგი სპეციალისტი გავარჯიშებდეს, თუკი სამართლიანი არაა, ფეხბურთელი ვერ აყვები. ყველაფერი ძალიან მარტივია.

ჩვენს ნაკრებს ქართველი მწვრთნელი სჭირდებოდა. უცხოელი შეჭამს ხაჭაპურს, გვეტყვის, კარგი ხალხი ხართ, გენაცვალეთ, მაგრად შემიყვარდითო, წასვლის შემდეგ შეიძლება კარგადაც გვახსენოს, მაგრამ მას არ ექნება ის პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე, რითაც ქეცბაია გამოირჩევა, არც მისი მსგავსი სიყვარული და მონდომება. ეროვნულ ნაკრებს კი გულიანი მუშაობა, სიყვარული და პასუხისმგებლობა სჭირდება. ქეცბაიას დანიშვნა ამიტომაც იყო გამართლებული. მიმაჩნია, რომ ჩვენმა ფედერაციამ ამ ეტაპზე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

- კარგი სტარტის მიუხედავად, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გასვლისა ბევრს არ სჯერა - უამრავი იმედგაცრუების შემდეგ ეს ზღაპარს ხომ არ ჰგავს?

- თუკი ასევე ვიბრძოლეთ და პატარა იღბალიც ჩვენკენ იქნება, ევროპაზე მოხვედრა შეუძლებელი არ უნდა იყოს. თუმცა, იმასაც ვერ ვიტყვი, აუცილებლად გავალთ-მეთქი - ესეც ხმამაღალი ნათქვამი გამომივა, მაგრამ ყველას რომ ვეომებით, ამაში დარწმუნებული ვარ. აქამდე შედეგს სწორედ ბრძოლისა და თავდადების წყალობით მივაღწიეთ.

- შოთა არველაძეზეც ვთქვათ, დებიუტანტმა მწვრთნელმა უფერული გუნდი მოაფერიანა.

- ცუდია, თურქეთში რომ არ იმყოფებით. ნებისმიერ ქალაქში შოთა არველაძეს კარგად იცნობენ და უყვართ. არ ვიცი, ამაზე მეტი სიყვარული ადამიანმა როგორ უნდა დაიმსახუროს. სხვათა შორის, შოთას სამწვრთნელო ნიჭი ფეხბურთელობის დროსაც კოჭებში ეტყობოდა. ერთად გვითამაშია და ბევრი საყურადღებო შემთხვევა მახსენდება, რაც მის გონებაგახსნილობაზე მიუთითებდა.

- კონკრეტულად, რას გულისხმობ?

- თამაშის დროს ახალგაზრდებს მწვრთნელის დონის მითითებებს გვაძლევდა, ძალიან ჭკვიანურს და დროულს. ის ჩვენზე გამოცდილი იყო, ავტორიტეტი ჰქონდა, კი არ გვიყვიროდა, წყნარად, მეგობრულად გვიხსნიდა, რა გაგვეკეთებინა. ასევეა გუნდშიც - კარგი ფსიქოლოგია და იცის, როდის ვის და რა უთხრას. ამის წყალობით ”ქაისერში" კარგი ატმოსფერო შექმნა. როდესაც გუნდში ვითარება მშვიდი და საქმიანია, მოთამაშეები საკუთარ შესაძლებლობებს აუცილებლად ავლენენ.

შოთას ერთი კარგი თვისებაც გააჩნია: თუკი ფეხბურთელი ძირითადში ან 18-კაციან განაცხადში ვერ ხვდება, ცალკე დაელაპარაკება, გაამხნევებს და ისინი თავდახრილები და დაბოღმილები არ დადიან. უხსნის, ვის რატომ ათამაშებს და მათგან რას ითხოვს, რათა ენდოს. არწმუნებს, რომ შანსს მისცემს და ასეც აკეთებს - რამდენიმე ფეხბურთელია, რომლებსაც ერთი შეხვედრაც არ ჰქონდათ ჩატარებული, მაგრამ ძირითადში დააყენა და ისე დამუხტა, გაოცებული დავრჩი, ამათ როგორ ითამაშეს-მეთქი. ეს ინტუიციის, გონებისა და ნიჭის წყალობითაა, რომელსაც ვერც ერთ სამწვრთნელო სემინარზე ვერ ისწავლი - ნიჭი ან გაქვს, ან - არა. შოთა წამებში ხვდება, რა თქვას, ვის როგორ მიუდგეს. იუმორი კი, იცოცხლეთ, მაგის მოგონილია და ვითარების განმუხტვას ამითაც ახერხებს. ეს უნარი ყველა მწვრთნელს არ აქვს.

შოთასთან ერთად პირველად ვმუშაობ და, რა დასამალია, ”ქაისერში" გადასვლამდე ვფიქრობდი, წავსულიყავი თუ არა. ამ დროს სხვა წინადადებებიც მქონდა და არ ვიცოდი, ღირდა თუ არა ახალ ქვეყანაში, დამწყებ მწვრთნელთან თამაში. ხვდებით, ალბათ, გარკვეულწილად სარისკო ნაბიჯი იყო - არ იცი, ახალ ქვეყანას და ახალ გუნდს როგორ შეეწყობი და მწვრთნელი გაამართლებს თუ არა. ძალიან მიხარია, რომ არჩევანში არ შევცდი და გუნდის საქმეებიც კარგად აეწყო.

- შედეგიან მცველად გიცნობთ და თავის გამოჩენა თურქეთშიც მოახერხე - ცამეტ მატჩში ორი გოლი ცუდი შედეგი არაა.

- ხომ გითხარით, თურქეთში შემტევი ფეხბურთი უყვართ, ეს მეც მომწონს და როდესაც შანსი მეძლევა, შეტევებში სიამოვნებით ვერთვები.

- ”ქაისერში" თურქეთის ახალგაზრდული ნაკრების მეკარე ვოლქან ბაბაჯანი თამაშობს, რომელსაც ზესტაფონში ჩვენმა ახალგაზრდებმა ოთხი გოლი გაუტანეს. ის თამაში არ გაუხსენებია?

- ჩვენი ნაკრები ძალიან მოეწონა, მითხრა, ნიჭიერი ფეხბურთელები გყოლიათო.

მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "ლივერპული" "სანდერლენდთან" წაგებას გადაურჩა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს