საქართველოს ნაკრებისა და "სარაგოსას" ლიდერი წილისყრის შედეგებსა და საკლუბო ამბებზე საუბრობს
3 თებერვალს 2015 წლის "ევრობასკეტის" შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები E ჯგუფში ჩეხეთთან, პორტუგალიასა და უნგრეთთან ერთად მოხვდა.

მეტოქეების გარდა, ჩვენს გუნდს კალენდარშიც გაუმართლა - შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში (2014 წლის 10 აგვისტოს. - ავტ.) ქართველები უშუალო კონკურენტ ჩეხეთს დაუხვდებიან, მერე კი, სამ-ოთხ დღიანი ინტერვალით, სამ გასვლით მატჩს გამართავენ.

დანარჩენი ქართველების მსგავსად, 2013 წლის "ევრობასკეტზე" ჩეხებთან მარცხი ვიქტორ სანიკიძესაც მწარედ ახსოვს და იმედოვნებს, რომ ჩეხების ჯავრს აგვისტოს შუა რიცხვებამდე იყრის!

საქართველოს ნაკრებისა და "სარაგოსას" ლიდერს ესპანეთში დავუკავშირდით და წილისყრის შედეგების გარდა, საკლუბო ამბებზეც ვესაუბრეთ.

- შესარჩევი ეტაპის წილისყრას ბარსელონამ უმასპინძლა, მაგრამ რაკი ქვეყნის ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპისგან თავისუფალია, ალბათ, კენჭისყრას ესპანეთში განსაკუთრებული აჟიოტაჟი არ გამოუწვევია....

- მართალი ხართ. ესპანელების ყურადღება მსოფლიო ჩემპიონატის ქვეჯგუფების წილისყრამ მიიპყრო, თორემ "ევრობასკეტის" შესარჩევ ეტაპს გამოხმაურება არ მოჰყოლია. ეგაა, "ტვიტერზე" "სარაგოსას" ოფიციალურმა გვერდმა დაწერა, რომ შერმადინისა და სანიკიძის ნაკრების მეტოქეები გაირკვა...

- შენ და გიორგი წილისყრის შედეგით კმაყოფილი დარჩით?

- კენჭისყრის შემდეგ ქართველი გულშემატკივრების კომენტარებს გადავხედე. უმეტესობას მიაჩნია, რომ "გაგვიმართლა", "იოლი ჯგუფი შეგვხვდა", "ამ ჯგუფიდან აუცილებლად გავალთ" და ა.შ. იოლი მატჩები არ გვექნება, მაგრამ ძალიან მიხარია, ქართველ ქომაგს ჩვენი ასე რომ ეიმედება!

ეს იმის დამსახურებაა, რომ საქართველოს ნაკრები ევროპაში უკვე ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა, თორემ, იგივე მეტოქეები 5-6 წლის წინ რომ შეგვხვედროდა, არა მგონია, მსგავსი შინაარსის კომენტარები წაგვეკითხა.

ამდენად, მეც ვფიქრობ, რომ ფავორიტები ვართ. განსაკუთრებით პირველი კალათიდან გაგვიმართლა, სადაც ჩეხებზე გაცილებით ძლიერი ნაკრებებიც საკმაოდ იყვნენ.

- სწორედ ჩეხეთის ნაკრები იქნება ჩვენი მთავარი კონკურენტი. მით უმეტეს, ჩეხებთან "ძველი ანგარიშებიც" გვაქვს გასასწორებელი...

- "ევრობასკეტზე" ჩეხებთან წაგება გულშემატკივარმაც მტკივნეულად განიცადა, მაგრამ ყველაზე მწარედ მაინც მოთამაშეებს გვახსენდება და ერთგვარი რევანშის სტიმულსაც გვაძლევს.

კარგია, რომ პირველ შეხვედრაში სწორედ ჩეხებს ვმასპინძლობთ, მერე კი, ზედიზედ სამი გასვლითი მატჩი გველის. იმედია, კალათბურთის ფედერაცია ისე დაგეგმავს ყველაფერს, რომ საქართველოში დაბრუნება და აქეთ-იქით ფრენაში დროისა და ენერგიის დახარჯვა არ დაგვჭირდება... დიახ, ქვეჯგუფის ფავორიტები საქართველო და ჩეხეთია, მაგრამ ყველა მატჩს სრული მობილიზებით უნდა შევხვდეთ, ზედმეტი თავდაჯერება ძვირად რომ არ დაგვიჯდეს. მით უმეტეს, ჯერ უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს ჩვენს ნაკრებს ახალ შესარჩევ ციკლში.

ახალი მწვრთნელის დანიშვნისას წინასწარ ვერასდროს განსაზღვრავ, იქნება თუ არა წინამორბედზე წარმატებული, მაგრამ პირადად ჩემთვის, გადამწყვეტი მწვრთნელის სახელი და გვარი კი არა, მისი მუშაობა და შედეგია!

- როცა საქართველოს ნაკრების თავკაცად დაინიშნა, კოკოშკოვს ბევრი არც იცნობდა...

- გამიხარდება, თუ იგორი ჩვენთან მუშაობას გააგრძელებს, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებს სიახლე სჭირდება. დროა, ჩვენთან სხვა სპეციალისტმა იმუშაოს. იგორ კოკოშკოვმა უკვე ამოწურა თავისი შესაძლებლობები საქართველოში და სავარაუდოდ, აღარც გააგრძელებს ჩვენთან მუშაობას.

თუმცა, ქართული კალათბურთის ისტორიაში ის უკვე შევიდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით ითამაშა საქართველოს ნაკრებმა პირველად ევროპის ჩემპიონატზე და სერბი მწვრთნელის მუშაობა დადებითად უნდა შეფასდეს. ვიმეორებ - საქართველოს ნაკრებს ცნობილი სახელისა და გვარის კი არა, ისეთი მწვრთნელი სჭირდება, ვინც მოერგება, წარმატებულად იმუშავებს ქართველ კალათბურთელებთან...

- მაინც, როგორი მწვრთნელი სჭირდება დღეს საქართველოს ნაკრებს?

- სანამ საქართველოს ნაკრებს ჩაიბარებდა, იგორ კოკოშკოვს მხოლოდ ასისტენტად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, მთავარ მწვრთნელსა და ასისტენტს შორის კი დიდი განსხვავებაა...

დამეთანხმებით, იგორიც გაიზარდა ჩვენთან ერთად, ევროპის ჩემპიონატზე თამაში მისთვისაც დიდი გამოცდილება იყო და დღეს გაცილებით ძლიერი მწვრთნელია. ახლა გამოცდილი მწვრთნელი გვჭირდება, რომელსაც წლების განმავლობაში უმუშავია მთავარ მწვრთნელად!

- კიდევ ერთხელ ვთქვათ: "ევრობასკეტზე" ჩეხებთან წაგების მიზეზი მხოლოდ დაღლილობა იყო?

- რაც უნდა უხერხული იყოს ჩემთვის ამის თქმა, მართლაც ძალიან დაღლილები ვიყავით... ექვს დღეში ხუთი მატჩის, ფაქტობრივად, შეუცვლელად თამაში ძალიან ძნელია. მით უმეტეს, ხორვატიასა და სლოვენიასთან ბოლო წამებზე წაგებულმა მატჩებმა არა მხოლოდ ფიზიკურად, გონებრივადაც გამოგვფიტა.

ფაქტობრივად მოგებულ მატჩს ბოლო წამზე რომ წააგებ, მომდევნო შეხვედრაზე მობილიზება ძალიან ძნელია! ყველა მატჩში ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ თავს ზევით ძალა არ იყო... მთავარია, ყველამ ნახა, რომ ქართველები მებრძოლი სულის პატრონები არიან!

- თავიდანვე ვიცოდით, რომ ექვს დღეში ხუთი მატჩის თამაში ძალიან ძნელი იქნებოდა. ამის მიუხედავად, იგორ კოკოშკოვი სათანადოდ მაინც ვერ ენდო ახალგაზრდებს და ძირითადმა დატვირთვამ 5-6 მოთამაშეზე გადაიარა...

- სათადარიგო მოთამაშეების უფრო მეტად დატვირთვა შეიძლებოდა, მაგრამ ეს მწვრთნელის გადასაწყვეტი იყო და მის კომპეტენციაში ნამდვილად არ ვერევი. მეტიც, კიდევ ერთხელ ვეუბნები მადლობას საქართველოს ნაკრებში გაწეული მუშაობისთვის!

- "სარაგოსა" ესპანეთის ჩემპიონატში მეექვსე ადგილზეა, ევროთასის მეორე ეტაპზეც გახვედით...

- მიხარია, რომ წარმატებაში მე და გიორგი შერმადინსაც შეგვაქვს წვლილი და რაც მთავარია, თამაშისგანაც სიამოვნებას ვიღებთ.

"სარაგოსას" გამოკვეთილი ლიდერები არ ჰყავს, საშუალოდ, 20-25 წუთს ყველა მოთამაშე ატარებს მოედანზე, თავის გამოჩენის შესაძლებლობა ყველას ეძლევა...

ჩვენი გუნდი ესპანური კალათბურთის გრანდი არ არის, საშუალო დონის კლუბად მიიჩნევა, მაგრამ ფაქტია, რომ შედეგები საშუალოზე მაღალი გვაქვს. ევროთასზეც, "სარაგოსას" ბოლოს 30 წლის წინ უთამაშია და ამ ფონზე, ევროთასის მეორე ეტაპზე გაღწევა დიდი მიღწევაა.

ბუნებრივია, ამაზე არ გავჩერდებით და შევეცდებით, მეტს მივაღწიოთ, მაგრამ როგორც უნდა დასრულდეს "სარაგოსას" გამოსვლა წლევანდელ ევროთასზე, ვფიქრობ, ჩვენს სასაყვედუროდ ენა არავის მოუბრუნდება...

- და არც შენ ნანობ, არჩევანი "სარაგოსაზე" რომ შეაჩერე...

- რა თქმა უნდა, არა. რომ მომეცადა, შესაძლოა, უფრო ძლიერ კლუბში აღმოვჩენილიყავი. მაგალითად, "ბოლონიაში". ჩემმა ყოფილმა თანაგუნდელმა მოცდა ამჯობინა, ხუთი თვე (!) იცადა და ორი კვირის წინ "კახა ლაბორალში" ჩაირიცხა, მაგრამ მე ამდენ ხანს უკლუბოდ ვერ გავჩერდებოდი.

მით უმეტეს, "სარაგოსა" კარგი ვარიანტი იყო და გიორგის ფაქტორმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა.

აქ ყველაფერი გვაკმაყოფილებს და ნაკრებისთვისაც კარგია, მე და შერმადინი თანაკლუბელები რომ ვართ.

- მადრიდის "რეალმა" ესპანეთის ჩემპიონატის 18 მატჩიდან ყველა მოიგო, ევროლიგაზეც ფანტასტიკურად თამაშობს. ვინ გააჩერებს "სამეფო კლუბს"?

- მადრიდელების დამარცხებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. საკალათბურთო ტერმინი რომ ვიხმაროთ - "რეალი" "დაჭერილი გვყავდა", მაგრამ... ბოლო წამებზე კლასმა თავისი მაინც გაიტანა, რამდენიმე უხეში შეცდომა დავუშვით, რაც "რეალის" გამოცდილმა მოთამაშეებმა არ გვაპატიეს...

ჩემი აზრით, დღეს "რეალი" ევროპის უძლიერესი კლუბია. ესპანეთში მისი დამწევი არავინ არის და ევროლიგაზეც, მხოლოდ "ბარსელონა" თუ გაუწევს კონკურენციას...

- ქალაქს როგორ შეეჩვიეთ? სარაგოსას საფეხბურთო კლუბი ამჟამად სეგუნდა (მეორე) დივიზიონში კი თამაშობს, მაგრამ ალბათ, სპორტის ნომერ პირველი სახეობა ქალაქში მაინც ფეხბურთია...

- მართალი ხართ, კალათბურთიც ძალიან უყვართ, მაგრამ ფეხბურთი პირველ ადგილზეა სარაგოსაშიც და მთლიანად ესპანეთშიც.

სიმართლე გითხრათ, საფეხბურთო მატჩზე წასვლის სურვილი არც მაქვს. როცა ბოლონიაში ვცხოვრობდი და იქაური კლუბი "მილანს" ან "იუვენტუსს" ეთამაშებოდა, მივდიოდი ხოლმე სტადიონზე, მაგრამ სეგუნდა დივიზიონის შეხვედრებზე დასწრების სურვილი ნამდვილად არ გამჩენია (იცინის).

თავისუფალ დროს, გვირჩევნია, მადრიდში ან კატალონიაში წავიდეთ - ესპანეთის დედაქალაქამდეც და ბარსელონამდეც მატარებელი საათსა და ათ წუთში ჩადის...

რატი შელეგია

"ყველა სიახლე"

17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
ქოჩორაშვილის "ლევანტე" "სარაგოსასთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის შედეგიანი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტენერიფე" "ბასკონიასთან" დამარცხდა
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს
ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება
ლა ლიგის გუნდში შეთანხმებული ტრანსფერი ჩამეშალა - ნიკა კვეკვესკირი
პაპუნაშვილი კარიერას კვიპროსში განაგრძობს, თუმცა ქეცბაიასთან არა
შერმადინმა ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მე-2000 ბურთი მოხსნა
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
ElDesmarque: "სარაგოსამ" "პაპუს" თაობაზე მომხიბვლელი წინადადება მიიღო
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
წიტაიშვილმა გაიტანა, მაგრამ "გრანადა" ისევ ფრეს დასჯერდა [VIDEO]
იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი
მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა
პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა
As: ბარახამ პაპუნაშვილი "სარაგოსაში" დატოვა