"ზესტაფონმა" "ოლიმპის" 3:0 გამარჯვებით ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ...

თასის მეოთხედფინალური წყვილების გამოვლენისთანავე "ზესტაფონისა" და "ოლიმპის" დაპირისპირება ნაადრევ ფინალად შეირაცხა. ეს გუნდები ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები არიან და თასზეც დიდი ამბიციებით თამაშობენ. საერთოდაც, ბოლო წლებში მათი შეხვედრები ყოველთვის პრინციპულია და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა ყოფილა, რომელიც საზოგადოებრივი არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და ფეხბურთის მოყვარულები თავადვე ნახავდით, როგორი საფეხბურთო ატმოსფერო სუფევდა ზესტაფონის მთავარ არენაზე. ხელოვნური განათება, კარგი ამინდი, გულშემატკივართა სიმრავლე და დიდი ინტრიგა...

მატჩი მართლაც საინტერესო, დაძაბული და, რაც მთავარია, სანახაობრივი გამოდგა. მაღალი ტემპი, ლამაზად გათამაშებული კომბინაციები, არაერთი საგოლე მომენტი და გატანილი გოლები, რაშიც "ზესტაფონმა" მეტოქეს აშკარად აჯობა, შანსები უკეთ გამოიყენა და განმეორებითი მატჩის წინ კარგი ფორა შეიქმნა. არადა, მატჩი ისე მიმდინარეობდა, ვერავინ იფიქრებდა, რომ "ოლიმპი" საბოლოოდ ასე უიმედოდ დამარცხდებოდა. ეგ კი არა, პირველი ტაიმის შუაწელამდე, სანამ თემურ ღონღაძის უხეში შეცდომის შემდეგ გელაშვილი მასპინძლებს დააწინაურებდა, რუსთაველები უკეთეს ფეხბურთს უჩვენებდნენ და გარკვეულ უპირატესობასაც ფლობდნენ. ფეხბურთი რომ ლოგიკას ექვემდებარებოდეს, ანგარიში სწორედ ქვემოქართლელებს უნდა გაეხნათ, მაგრამ ზედიზედ ორი რეალური საგოლე მომენტი გაუცუდდათ. მე-18 წუთზე ბოლქვაძემ თავით დაუგდო რაზმაძეს, მან კი ბერიაშვილი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ და რომ არა როინ კვასხვაძის დროული რეაქცია ჩემპიონები გოლსაც იზეიმებდნენ. ამ ეპიზოდიდან წუთი არ იყო გასული, როცა ვერცხლისწყალივით მოძრავმა გეწაძემ მარჯვენა ფლანგზე გაილაღა და საჯარიმოში მოდებაძე მოძებნა, ირაკლიმ მკერდით გაისწორა ბურთი და უძლიერესად დაარტყა, თუმცა ხარიხას გადააცილა.

ზესტაფონელებს შეტევისას ბევრი არაფერი გამოსდიოდათ. ის-ის იყო, გულშემატკივართა უკმაყოფილება მწიფდებოდა, როცა ფეროელებმა სტუმრებისგან კარგი საჩუქარი მიიღეს. რუსთაველთა მარჯვენა მცველმა ღონღაძემ ყოვლად უწყინარ სიტუაციაში უკან დააბრუნა ბურთი, რომელიც გელაშვილმა ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ გასულმა მოულოდნელი საჩუქარი შეირგო. გოლმა მასპინძლებზე კარგად იმოქმედა. ინიციატივა მათ მხარეს გადავიდა. განსაკუთრებით ფეროელთა ნახევარდაცვის კარგი თამაშია აღსანიშნავი. დაუშვილი, ძარია, გრიგალაშვილი და აფციაური ცენტრის ბატონ-პატრონები გახდნენ. ცალკე აღნიშვნის ღირსია ნიკოლოზ გელაშვილის კარგი თამაში, რომელიც ფორმის პიკს უახლოვდება და ამ მატჩში დუბლთან ერთად სხვა მხრივაც გამორჩეული იყო.

მეორე ტაიმი რუსთაველთა დიდი უპირატესობით დაიწყო და სტუმრებს ზედიზედ მიეცათ გოლის გატანის შანსი. თუმცა რუსთაველებმა სახიფათო შეტევები ლოგიკურად ვერ დააგვირგვინეს და ამისთვის დაისაჯნენ. ზესტაფონელთა მეორე გოლამდე ჯაფარიძემ კინაღამ საკუთარი კარი დალაშქრა, ამ ეპიზოდში სტუმრები კი გადარჩნენ, მაგრამ 64-წუთზე მაინც დაისაჯნენ - გელაშვილმა მარჯვენა ფლანგზე გრიგალაშვილს გადააწოდა, მისი ძლიერი დარტყმა ბედიაშვილმა მოიგერია, მაგრამ ბურთთან პირველი აფციაური გაჩნდა და მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა - 2:0.

76-ე წუთზე საკამათო ეპიზოდი მოხდა. საჯარიმოში შეჭრილი მოდებაძე ხიდეშელთან ორთაბრძოლისას წაიქცა, ჩანდა, რომ მცველმა მას ფეხი დაუდო, რუსთაველები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა და მოდებაძე ყვითელი ბარათით დასაჯა. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ საკამათო ეპიზოდი მატჩის დებიუტშიც იყო, ოღონდ საპირისპირო კართან.

მატჩის ბოლო ათმა წუთმა გია გეგუჩაძის შეგირდების სრული უპირატესობით ჩაიარა. ალექსი ბენაშვილი მოედანზე გამოსვლისთანავე შეტევაში ჩაერთო, საჯარიმოში შეიჭრა და კარგად გახსნილ გელაშვილს დუბლი გააფორმებინა - 3:0.

"ზესტაფონმა" 3:0 გამარჯვებით ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ... შარშანდელი ზესტაფონელებს ჩვენზე უკეთ ემახსოვრებათ - შინ "ვიტ ჯორჯიას" 3:0 დამარცხების შემდეგ სტუმრად დამატებით დროში 0:4 წააგეს და თასს სწორედ ამ ეტაპიდან გამოეთიშნენ. მოკლედ, ზესტაფონელებს საკმაო ფორის მიუხედავად, მოდუნების უფლება არა აქვთ. რუსთაველებმა რამაზ მუმლაძის ხელში პირველი მარცხი იწვნიეს და განმეორებითი მატჩის წინ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მაგრამ ქვემოქართლელები "ფარ-ხმალს" ასე იოლადაც არ დაყრიან და, ალბათ, რუსთავშიც არანაკლებ საინტერესო ბრძოლას ვიხილავთ.

ზესტაფონი-ოლიმპი 3:0

01.12.10. ზესტაფონი. დ.აბაშიძე. 3000 მაყურებელი

გოლები: 1:0 გელაშვილი (31) 2:0 აფციაური (64) 3:0 გელაშვილი (81.ბენაშვილის პასით)

ზესტაფონი ოლიმპი

(4-1-4-1) (4-4-1-1)

რ. კვასხვაძე ბედიაშვილი

ალადაშვილი თ. ღონღაძე

გ. ონიანი ა. კვახაძე

ხიდეშელი რეხვიაშვილი

ელიავა ჯაფარიძე

დაუშვილი გეწაძე (66. გ.ჭელიძე)

აფციაური ქავთარაძე

ძარია რაზმაძე

ბაბუნაშვილი დ. ბოლქვაძე

გრიგალაშვილი ი. მოდებაძე

გელაშვილი ბერიაშვილი

მწვრთნელი:გ.გეგუჩაძე მწვრთნელი: რ.მუმლაძე

ზესტაფონი

79. ძარია - ბენაშვილი

57. ბაბუნაშვილი - გორგიაშვილი

86. გელაშვილი - დვალი

სათადარიგოები: მამალაძე, კობახიძე, ფიფია, წინამძღვრიშვილი

ოლიმპი

66. გეწაძე - გ. ჭელიძე

სათადარიგოები: ჭანტურია, ხურციძე, ქემოკლიძე, დობროვოლსკი

გაფრთხილება: ალადაშვილი (70), მოდებაძე (76), გელაშვილი (80), ქავთარაძე (82)

არბიტრი: ლ.სილაგავა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ