გამართლდა მოარული ხმები, რაზეც ცოტა ხნის წინ "ლელო" გაკვრით წერდა
გამართლდა მოარული ხმები, რაზეც ცოტა ხნის წინ "ლელო" გაკვრით წერდა - ჩვენი ძველი ნაცნობი, ავსტრიელი მწვრთნელი პეტერ ზაიზენბახერი აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს.

ორი დღის წინ იქაური ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, სპორტიდან სულ ახლახან წასულმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ელნურ მამადლიმ განაცხადა: "ჩვენ არ ვეთანხმებით პეტერ ზაიზენბახერს. შესაბამისად, მასთან ხელშეკრულება არ გაგრძელდება".

ავსტრიელი ორგზის ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ზაიზენბახერი იქაურ ნაკრებში დაახლოებით ერთი წლის წინ დაინიშნა და პირველი, რაც გააკეთა, გუნდიდან... მომავალი მსოფლიოს ჩემპიონ ელხან მამადოვის (100) მოკვეთა დააპირა, აქაოდა, გუნდს ვაახალგაზრდავებ და 30 წლის სპორტსმენი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად არ მჭირდებაო... არადა, ამ თითქოს "ბებერმა" მამადოვმა წონა შეიცვალა - 90-დან 100-ში ავიდა და ამ სიტყვებიდან 8 თვეში იმავე რიო დე ჟანეიროში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო!

საგულისხმოა, რომ მამადოვმაც გააცდინა ზაიზენბახერის მიერ დაგეგმილი რამდენიმე მოსამზადებელი ეტაპი, როგორც 2011-ში - ირაკლი ცირეკიძემ, ვინც მსოფლიოს მაშინდელ პირველობაზე ჩვენი გუნდის ერთადერთი მედალოსანი გახდა.

ზაიზენბახერის ქართულსა და აზერბაიჯანულ კარიერაში პარალელიზმის მომენტი სხვაც ბევრია. მაგალითად, ვერც ჩვენი იქაური კოლეგები მიხვდნენ, რატომ გამოატოვებინა მწვრთნელმა მათ ნაკრებს შარშან, ნოემბრის ბოლოს ტოკიოში გამართული ძიგორო კანოს მემორიალი, ან რატომ გამოვიდნენ თებერვლის დასაწყისში პარიზის "დიდ მუზარადზე" შესუსტებული შემადგენლობით... სამაგიეროდ, იცოცხლეთ, იქაურებიც თვეობით დაჰყავდა ერთობლივ შეკრებებზე იაპონიაში, რომელიც გამორჩეულად უყვარს ავსტრიელს.

მისი გადაწყვეტილებები იქაურებისთვის იმთავითვე უცხო იყო და იქაურ მედიაში ძალიან მალევე გაჩნდა მყვირალა სათაურები შეშფოთებული აქცენტებით.

ელნურ მამადლიმ ზაიზენბახერის ყველაზე რეალური შემცვლელიც დაასახელა - გაჯიაღა გაჯიახმედოვი. თურმე ამჟამად ყველაზე რეალური მისი კანდიდატურაა. მამადლის არ დაუსახელებია, სად გააგრძელებს კარიერას ავსტრიელი, მაგრამ, ჩვენი ინფორმაციით, ის უკვე მიიწვიეს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.

არაბული სამყაროს ეს ლიდერი ქვეყანა ახლა იწყებს ძიუდოს განვითარებას და უკვე გვარიან სკანდალშიც გაეხვია, როცა ერთი წლის წინ მოლდოვის ლამის მთელი ეროვნული ნაკრები, ფაქტობრივად, იყიდა მწვრთნელ ვასილ კოლცასთან ერთად. თუმცა მაშინ ისინი დისკვალიფიკაციას გადაურჩნენ, რადგან, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს გარიგება მოლდოვური ფედერაციის თანხმობით მომხდარა, ოღონდ - ჩუმად, მოლდოვური სპორტის მესვეურთაგან დაფარულად.

ზაიზენბახერი მართლა თუ მიდის არაბეთში, ესე იგი, ისინი კოლცას უშვებენ თანამდებობიდან.

თუმცა ავსტრიელის უკან ჯერ კიდევ საქართველოში მუშაობისას გამოიკვეთა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ მარიუს ვიზერის აჩრდილი. კულუარული ხმებით, სწორედ მან გაუხერხა აზერბაიჯანში მუშაობაც, სადაც ასევე გარანტირებული ჰქონდა მაღალი ხელფასი, ანუ თბილი სკამი...

დაგვეთანხმებით, ასეთი მფარველის მეშვეობით არც კოლცას გვერდზე გაწევა და საემიროებში, ფულის ამ ნამდვილ ორმოში მოხვედრაა ძნელი. მით უფრო, კოლცას საქმეები იქ მთლად კარგად ვერ წავიდა - მართალია, მისმა გაწვრთნილმა გუნდმა სოლიდურ ტურნირებში რამდენიმე მედალი კი მოიპოვა, მაგრამ დოპინგზე ჩავარდა მათი ლიდერი, ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი სერგიუ ტომა (81).

მთელ ამ ამბავში ჩვენთვის საინტერესო სხვა გარემოებაა - რატომ ვუთმინეთ ზაიზენბახერს იმდენი, როცა აზერბაიჯანელებმა სულ რაღაც ერთ წელიწადში მოარჯულეს? ნუთუ სახელმწიფოებრივი თუ საზოგადოებრივი მორალი იქ მეტად აქვთ განვითარებული? ერთიც საინტერესოა - აზერბაიჯანში წასვლის შემდეგ სწორედ ზაიზენბახერმა წაიყვანა ბაქოში ქართველ ძიუდოისტთა მთელი ჯგუფი, ევროპის ვიცე-ჩემპიონ ბეთქილ შუკვანის თავკაცობით.

არ ვიტყვი, რომ მას საქართველოს ნაკრებში არაფერი გაუკეთებია - ჩვენი ბიჭების ფიზიკური კონდიციები ნამდვილად აამაღლა, მაგრამ ამ ნაბიჯით ბოლო ტორი მაინც ჩამოგვკრა! იმათ გასაგონად, ვინც შუკვანთან დაკავშირებით გვიმტკიცებდა, ადამიანი თავის არჩევანში თავისუფალია და ვერსად წასვლას ვერ დაუშლიო, ერთსაც შევნიშნავთ: ვნახოთ, ზაიზენბახერი აზერბაიჯანელებსაც თუ გაუბედავს იმავეს და იქიდანაც თუ მოხვევს ხელს ადგილობრივ ფალავნებს არაბეთში გასალალად. მაშინ მართლაც ვიტყვი, რომ თურმე კაცის დაკავება არ შეიძლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

shalva73
კიდევ დიდხანს გააჩერეს. საინტერესოა ყოფილი ქართველები ეხლა აზერბაიჯანელობიდან თუ გადაიქცევიან არაბებად.
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოდგორიცაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ჯაფარიძის განცხადებით გაოგნებულები ვართ" - გერმანიის ძიუდოს ფედერაცია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
პეტერ ზაიზენბახერი ისევ არ ჩანს
კიევის სასამართლომ პედოფილიაში ბრალდებული პეტერ ზაიზენბახერი გაათავისუფლა
საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი პედოფილიის გამო 5 წლით ციხეში ჩასვეს
ევროპის ჩემპიონატი: რა მოხდა ვარშავაში?
პედოფილიაში ბრალდებული საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კიევში დააკავეს
პეტერ ზაიზენბახერის კიევში დაკავების კადრები [VIDEO]