"ქართული პასპორტის მქონე ამერიკელმა ტორინ გრინმა "გრან კანარიას" დიდი გამარჯვება მოუტანა"

განვლილ უქმეებზე ნიკა ცქიტიშვილი ქუინტონ ჰოსლის დაუპირისპირდა. ნიკას შესახებ დამატებითი ინფორმაცია საჭირო არ არის, ქუინტონი კი ამ ზაფხულს საქართველოს ნაკრებთან ერთად ვარჯიშობდა და რადგან ოფიციალური მატჩების განაცხადში მხოლოდ ერთი ნატურალიზებული კალათბურთელის შეყვანა შეიძლება, ჰოსლი ნაკრების თამაშებს თვალს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა. ასე რომ, ორი თანაამპლუელი, სკიტა და ჰოსლი ერთმანეთს კატალონიაში დაუპირისპირდნენ - "ხუვენტუდმა" "ლაგუნ აროს" უმასპინძლა.

მატჩი დაძაბული გამოდგა, ცქიტიშვილისა და სალგადოს ზუსტი ტყორცნების ხარჯზე "ლაგუნ არო" მე-12 წუთისთვის 31:21 დაწინაურდა. ცქიტოს თანაგუნდელები 25-ე წუთისთვისაც 10 ქულით იგებდნენ (52:42), მაგრამ ჰოსლისა და რობინსონის მონდომების შედეგად კატალონიელებმა ანგარიში ოთხ წუთში გაათანაბრეს. ბოლო პერიოდი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, სირენამდე 6 წუთით ადრე ცქიტიშვილმა შორეული ტყორცნით ანგარიში კვლავ გაათანაბრა (63:63). მატჩის დასრულებას 39 წამი უკლდა, როცა ტაბლოზე 73:73 ეწერა, თუმცა გადამწყვეტი ტყორცნა ხუვენტუდელმა კარლ ინგლიშმა შეასრულა და "ხუვენტუდმა" 75:73 მოიგო.

ინდივიდუალური სტატისტიკით ცქიტიშვილმა ჰოსლის აჯობა: 20 წუთში 12 ქულა (1-დან 1 ორქულიანი, 6-დან 3 სამიანი, 2-დან 1 საჯარიმო) და 8 მოხსნა მიითვალა. სხვათა შორის, 8 მოხსნა სკიტას საამსეზონო რეკორდია.

ქუინტონ ჰოსლიმ 30 წუთში 11 ქულა და 6 მოხსნა ჩაიწერა. ერთ ეპიზოდში იგი დევიდ დაბლასის უხეშობამ ძალიან გააბრაზა და საჩხუბრადაც გაიწია...

ესპანურ გაზეთ "ლაპროვინციაში" ვკითხულობთ:

"ტორინ გრინმა ერთი კვირის წინანდელი გმირობა გაიმეორა ("რეალთან" მატჩი იგულისხმება), "ბილბაოსთან" გასვლითი შეხვედრის ბოლო წუთებზე 7 ქულა ჩააგდო და "გრან კანარიას" გასვლითი თამაში მოაგებინა - 75:72. გრინმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაღალი კლასის კალათბურთელია, NCAA ორჯერ შემთხვევით არ მოუგია, მისი NBA-სეული დრიბლინგების შეჩერება ბილბაოელებს ძალიან გაუჭირდათ, ხოლო ბოლო წუთზე სამქულიანით ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ საჯარიმოებით თანაგუნდელები დააწინაურა.

- ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. ვფიქრობ, გრინს მეტიც შეუძლია, - განაცხადა კანარელთა თავკაცმა პედრო მარტინესმა."

უფრო კონკრეტულად: გრინმა 33 წუთში 20 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 10-დან 4 სამიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 5 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. 20 ქულა ამ სეზონში გრინის რეკორდია.

გამოცემა "ენკანჩამ" ჩამოთვალა მეათე ტურის 10 საუკეთესო კალათბურთელი. მათ შორის მეორეა ტორინ გრინი: "ბლუმსმა და ფიშერმა ტორინის შეჩერება ვერ მოახერხეს. ქართული პასპორტის მქონე ამერიკელმა "გრან კანარიას" დიდი გამარჯვება მოუტანა და სამეფო თასისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა."

აქვე, თქვენს ყურადღებას ერთ კურიოზზე შევაჩერებთ: "გრან კანარიამ" "ბილბაოს" თეთრი მაისურით ითამაშა... ბასკეთის აეროპორტის მომსახურე პერსონალის გაფიცვის გამო ბილბაოში ჩასულმა კანარელებმა მაისურები დროულად ვერ მიიღეს და იძულებულნი გახდნენ თეთრი ფორმა ბილბაოელებისგან ეთხოვათ. ესპანელი ჟურნალისტები ეშმაკურად აღნიშნავდნენ - გრინს "ბილბაოს" ფორმა ძალიან მოუხდაო. საქართველოს ნაკრების წევრი ჩვენთანაც და კანარებზეც 21 ნომრით თამაშობს, თუმცა "ბილბაოს" თეთრ კომპლექტში ეს ნომერი არ აღმოჩნდა და გრინმაც შეაბრუნა - ზურგზე 12 ნომერი ეწერა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი უკანახაზელი ტაირონ ელისი სენსაციური მატჩის მონაწილე გახდა. მისმა "ესტუდიანტესმა" "ბარსელონას" უმასპინძლა და 62:63 დაამარცხა. ელისი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21 წუთი გაატარა. დროის ამ მონაკვეთში მან 5 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.

დროა სატურნირო ცხრილსაც შევავლოთ თვალი. "ლაგუნ აროს" "ხუვენტუდისთვის" რომ მოეგო, რვა საუკეთესოში შევიდოდა და სამეფო თასზე მოხვედრის შანსი გაეზრდებოდა... სკიტას გუნდს 5-5 მოგება - წაგება აქვს და ცხრილში მეათეა. 4 გამარჯვებითა და 6 წაგებით მე-13 ადგილზეა "ესტუდიანტესი". გრინისა და ჰოსლის გუნდები კი რვაეულში არიან: 10 ტურის შემდეგ "ხუვენტუდს" 7 მოგება უწერია და ცხრილში მე-4 ადგილზეა, ხოლო "გრან კანარია" 6 მოგებით მეექვსეზე.

მომდევნო ტურში ცქიტიშვილის "ლაგუნ აროს" გრინის "გრან კანარია" ესტუმრება, "ხუვენტუდი" "გრანადას" უმასპინძლებს, ხოლო "ესტუდიანტესი" - ელისის ყოფილ კლუბ "კახასოლს".

მათე ხატიაშვილის 29 ქულა მადრიდის "რეალთან" ფინალურ მატჩში
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
შენგელიას 14 ქულა "გრან კანარიასთან" და MVP-ს ტიტული
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა