მერე რა, რომ ერთადერთი გოლი დამატებით დროში გავიდა, შედეგი აბსოლუტურად კანონზომიერი იყო

"ნაპოლის" და "პალერმოს" თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ სახლის გუნდები და განვლილმა პაექრობამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. XIV ტურში სიცილიელებმა საკუთარ "რენცო ბარბერაზე" "რომას" ადინეს ბრდღვირი, მაშინ, როდესაც ნეაპოლური გუნდი უდინეში შერცხვა და "უდინეზესთან" უშანსოდ წააგო. გამომდინარე აქედან, თამაშის წინ ბევრმა დაწერა, რომ "პალერმო" უკეთეს ფორმაში იყო და წესით, არაფერი უნდა დაეთმო მეტოქისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებმა მხოლოდ ერთი ბურთის სხვაობით გაიმარჯვეს და ის ერთი გოლიც უკანასკნელ წუთზე გავიდა, აქედანვე უნდა ვთქვათ, რომ შედეგი აბსოლუტურად კანონზომიერია.

მთელი შეხვედრა ნეაპოლური გუნდის ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა, რაზეც სტატისტიკური მონაცემები ნათლად მეტყველებს. თავად განსაჯეთ, მასპინძლებმა ცხრაჯერ დაარტყეს მეტოქის კარის ჩარჩოში, სტუმრებმა კი მხოლოდ ერთხელ - მასპინძლებმა 16-ჯერ ჩააწოდეს კუთხური, სტუმრებმა მხოლოდ ორჯერ და ასე თითქმის ყველა კომპონენტში. სიცილიელთა კართან შექმნილი სახიფათო მომენტების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მარტო ედისონ კავანის სამი-ოთხჯერ მაინც შეეძლო ყოფილი გუნდისთვის გოლის გატანა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში უჩვეულოდ სცოდავდა. რიგ შემთხვევებში სალვატორე სირიგუ იყო მოწოდების სიმაღლეზე, რამდენიმე ეპიზოდში კი სტუმრებს უბრალოდ გაუმართლათ.

ერთადერთი გოლი კი მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე გავიდა - შეხვედრის გმირი კრისტიან მაჯო გახდა, ვინაც მოულოდნელად მეტოქის საჯარიმოში შეირბინა და მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. თუ რა მოჰყვა ამ გოლს, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს - "სან პაოლოს" სტადიონზე შეკრებილი 45 000-მდე გულშემატკივარი აღტაცებაში მოვიდა და როგორც სამხრეთელ ტიფოზებს სჩვევიათ, ისეთი ზეიმი მოაწყვეს, იფიქრებდით "ნაპოლიმ" სკუდეტო მოიგოო. პრინციპში, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ნეაპოლელებმა მართლაც უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს და სატყურნირო ცხრილში "იუვენტუსთან" ერთად მესამე-მეოთხე ადგილს იყოფენ.

ნამატჩევს, "ნაპოლის" თავკაცი ვალტერ მაძარი ბედნიერი გახლდათ: "ძალიან კარგად ვითამაშეთ და სამი ქულა სრულიად დამსახურებულად მოვიპოვეთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ სტაბილურობას მივაღწიოთ და ისევე ვიასპარეზოთ გასვლით პაექრობებში, როგორც "სან პაოლოს" სტადიონზე. მიზნად ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა გვაქვს დასახული და ყველანაირად ვეცდებით, რომ გულშემატკივრები გავახაროთ".

მაძარიმ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა ახსენა და შეგვიძლია გავშალოთ ეს თემა. პრინციპში, "ნაპოლი"-"პალერმოს" ჯახი ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანი იყო. გამარჯვების შემთხვევაში, სიცილიელებიც ჩაერთვებოდნენ ამ ბრძოლაში, თუმცა დამარცხდნენ და ამ ეტაპზე, ოთხეულში მოხვედრის პრეტენდენტთა შორის ვერ დავასახელებთ. აი, რაც შეეხება "ნაპოლის", გუნდს უკვე 27 ქულა აქვს და მესამე ადგილზე მოკალათებულ "იუვენტუსს" მხოლოდ ბურთების უარესი სხვაობით ჩამორჩება - მეხუთეზე მყოფ "სამპდორიას" კი მთელი ოთხი ქულით უსწრებს. შეუძლებელია ასეთი პოზიციების მქონე გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის რეალურ პრეტენდენტთა შორის არ მოვიხსენიოთ, მაგრამ იტალიური ფეხბურთის ექსპერტები ნეაპოლელთა შანსებს არც თუ ძვირად აფასებენ. ლოგიკა მარტივია - კონკურენციაა ძალიან მაღალი და პირველ ოთხ ადგილზე უპრეცენდენტოდ დიდი მოთხოვნაა. "მილანი" რომ მოიპოვებს ლიგის საგზურს, წყალი არ გაუვა - პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ ოთხეულს მიღმა დარჩეს ტურინის "იუვენტუსი", რომელიც ამჟამად მესამე პოზიციაზეა. მოულოდნელად, შესანიშნავად თამაშობს "ლაციო" და შემთხვევით ნამდვილად არ უკავია მეორე პოზიცია. რომაელებს 30 ქულა აქვთ და "მილანს" უდგანან კუდში, რაც თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. დარჩა ერთი ადგილი, რომელზეც ერთბაშად რამდენიმე გუნდი აცხადებს პრეტენზიას - მათ შორის კი ორი უნდა გამოვარჩიოთ: "რომა" და "ინტერი". როგორ წარმოგიდგენიათ "ინტერი" ოთხეულს მიღმა? - უნდა მოუმატოს "რომამაც", რომელიც უკვე ამოძვრა უმძიმესი კრიზისიდან და წესით, სეზონის მეორე ნახევარში გაცილებით უკეთ უნდა ათამაშდეს. ყოველ შემთხვევაში, დედაქალაქელთა მიზანი დღესაც უმაღლესია: სკუდეტო. აი ასეთ კონკურენციაში უწევს "ნაპოლის" საკუთარი ამბიციების მიზანშეწონილობის დამტკიცება.

ნაპოლი-პალერმო 1:0

ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - გრავა, კანავარო, არონიკა - მაჯო, პაციენცა (78. იებდა), გარგანო, დოსენა (84. ვიტალე) - ჰამშიკი, ლავეცი (68. დუმიტრუ) - კავანი.

პალერმო (3-4-2-1): სირიგუ - მუნოზი, გოიანი, ბოვო - კასანი, მილიაჩო, ნოჩერინო, ბალცარეტი - ილიჩიჩი (90. პინილია), პასტორე - მიკოლი (65. მაკარონე).

გოლი: მაჯო (90).

გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 16-2; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 14(9)-7(1); ბურთის ფლობა: 62%-38%.

მაყურებელი: 44 000.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა