ფედერაციის პრეზიდენტის გია გიორგაძის ინიციატივით გულშემატკივართა კლუბი გაიხსნა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის დიდოსტატ გია გიორგაძის ინიციატივით თბილისის ჭადრაკის სასახლეში გუშინ გულშემატკივართა კლუბი გაიხსნა, რომელსაც ფედერაციის წარმომადგენლებთან და რიგით გულშემატკივრებთან ერთად სხვადასხვა პროფესიის ადამიანებიც დაესწრნენ. მათ ერთხმად აღნიშნეს, რომ ეს წამოწყება ხელს შეუწყობს ბრძენთა თამაშის პოპულარიზაციას.

გია გიორგაძე: ჭადრაკს ოდითგანვე უამრავი თაყვანისცემელი ჰყავდა და დღესაც ასეა. სწორედ მათი ინტერესების გათვალისწინებით გადავწყვიტეთ გულშემატკივართა კლუბის გახსნა, რათა ყველა ქომაგს საშუალება ჰქონდეს, თვალყური ადევნოს მსოფლიოში მიმდინარე საჭადრაკო მოვლენებს, რის საშუალებასაც ინტერნეტი იძლევა. დღეიდან თურქეთში მიმდინარე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის ორთაბრძოლების ნახვაც შეიძლება ცნობილი დიდოსტატებისა და საერთაშორისო ოსტატების კომენტარებით. ჭადრაკის პოპულარიზაციის მიზნით, აქვე ჩავატარებთ ერთდროული თამაშის სეანსებს, დისპუტებს, შეჯიბრებებს მოყვარულთა შორის. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს საქმიანი კონტაქტების დამყარების საშუალებაც მიეცემათ.

ამავე კლუბში გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, თვალი მიადევნონ საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პაექრობებს, რომლებსაც 10 იანვრიდან ანაკლია უმასპინძლებს და შეხვედრები პირდაპირ გადაიცემა ინტერნეტით. სასიამოვნოა ისიც, რომ ამ ჩემპიონატში მონაწილეობაზე დღეს დასტური გამოგვიგზავნა ახალგაზრდა მზარდმა დიდოსტატმა ნაზი პაიკიძემ. წლეულს მან მოსკოვის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო რუსეთის ჩემპიონატის სუპერფინალში მე-4 ადგილი დაიკავა. ნაზის საქართველოს ნაკრებში თამაში სურს. ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობითა და მაღალი შედეგის ჩვენებით მას ოცნების ახდენის შანსი ეძლევა.

ნანა ალექსანდრია: კარგია, რომ ჭადრაკს, თავისი ოჯახის გარდა, საკუთარი გულშემატკივარიც ეყოლება, რომლითაც განებივრებული ვიყავით მე და ჩემი თაობის წარმომადგენლები. მახსოვს, ქომაგთა უზარმაზარი არმია ტრიალებდა ვერის ბაღში, უცხოეთიდან სვლებს საქალაქთაშორისო ტელეფონებით გადმოსცემდნენ და მათი ჩვენება სადემონსტრაციო დაფაზე ხდებოდა. ინტერნეტმა დღეს ყველაფერი გაამარტივა, ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ ჭადრაკის სასახლის დარბაზი კვლავ გაივსება უწინდებურად უკვე ეკრანზე ჩვენი დიდოსტატების მედლებისთვის საბრძოლო მატჩების სანახავად. ჩვენ ახალგაზრდა თაობის ძლიერი წარმომადგენლები გვყავს, ისინი აუცილებლად იბრძოლებენ ტიტულის დასაბრუნებლად. უპირველესად, ნანა ძაგნიძის მეიმედება. იგი ამჟამად ფიდეს ქალთა გრანპრის გათამაშების ერთ-ერთი ლიდერია. დაფნის გვირგვინის მოსაპოვებლად ორი გზა აქვს. უმოკლესი თურქეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაა. ვინ იცის, იქნებ წლეულსვე ავისრულოთ ოცნება.

დუტა სხირტლაძე: გაზეთ ”ლელოში” არასდროს დაბეჭდილა ჩემი ინტერვიუ და ამასაც მოვესწარი... აქამდე სად იყავით, მე ხომ ჭადრაკის ცნობილი გულშემატკივარი ვარ. ეს თამაში ბავშვობიდანვე მიტაცებდა. 1988 წელს მერვე კლასში ვიყავი, თელავმა გვირგვინისთვის ჩიბურდანიძისა და იოსელიანის ფინალურ მატჩს რომ უმასპინძლა. მაშინ მეც შევიტანე ჩემი წვლილი შეხვედრის მაღალ დონეზე ჩასატარებლად. ბევრი არაფერი, მაგრამ პაექრობის მონაწილეებისთვის ხან წყალი მიმქონდა, ხან ჭიქა. იქიდან შემიყვარდა სპორტის ეს სახეობა და დღემდე მისი ერთგული ვარ. საშური საქმეა გულშემატკივართა კლუბის გახსნა. დიდი სიხარულით მოვედი, რათა აქედან ვუქომაგო მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ქართველ ქალბატონებს. მჯერა, რომ თანადგომა დადებით შედეგს გამოიღებს.

ვაჟა შუბლაძე: მივესალმები გია გიორგაძის წამოწყებას - გააცოცხლოს და გულშემატკივრებს დაუბრუნოს ჭადრაკი. მით უმეტეს, რომ ამის გამოცდილება გვაქვს. დარწმუნებული ვარ, აქ უწინდებურად უამრავი ქომაგი შეიკრიბება. თანადგომა კი ჩვენს მოჭადრაკეებს აუცილებლად გაამხნევებს.

ჯამლეტ ხუხაშვილი: საქართველოში, სადაც ჭადრაკი ასეთ დონეზეა, გულშემატკივართა კლუბის გახსნა დაგვიანებულიც კია, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო. ეს რომ მნიშვნელოვანი ფაქტია, ამას ისიც მოწმობს, რომ აქ თავი მოიყარეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა. არც არის გასაკვირი - ჭადრაკი ხომ ყველას გვაერთიანებს. სასიამოვნოა, რომ კლუბის გახსნა თურქეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობას დაემთხვა: საშუალება გვექნება, თვალი მივადევნოთ მატჩებს და ჩვენს მანდილოსნებს აქედან ვუქომაგოთ, რითაც მათ ძალასა და რწმენას შევმატებთ.

მანუჩარ მაჩაიძე: დიდი ხანია, ჭადრაკი მიტაცებს, ოსტატობის კანდიდატის ნორმატივიც მაქვს შესრულებული. ვქომაგობ მაია ჩიბურდანიძეს. მაოცებს მისი შემართება. ასაკის მიუხედავად, ახალგაზრდებს ტოლს არ უდებს. რა დიდებულად ითამაშა ორი წლის წინათ დრეზდენის საჭადრაკო ოლიმპიადაზე. ახლაც თურქეთში ფილტვებისანთებიანი გაემგზავრა, მაგრამ პირველი ბარიერი უპრობლემოდ გადალახა. იმედია, იგი კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს გულშემატკივართა კლუბის წევრებსა და ყველას, ვისაც ბრძენთა თამაში უყვარს. მის მაგალითს კი ახალგაზრდებიც მიბაძავენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის