პრესტიჟული ტურნირის - ძიგორო კანოს მემორიალის დაწყებამდე ერთი დღე რჩება

ძიუდოისტთა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის - ძიგორო კანოს მემორიალის დაწყებამდე ერთი დღე რჩება. უმაღლესი რანგის ეს შეჯიბრება "დიდი მუზარადის" ეგიდით იმართება. შეგახსენებთ საქართველოს ნაკრების შემადგენლობას: ბეთქილ შუკვანი (60), შალვა ქარდავა (66), თენგიზ პაპოშვილი (73), გიორგი ბაინდურაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ნოდარ მეტრეველი (+100).

ამ ტურნირზე ჩვენები ბევრჯერ ყოფილან. მათ შორის დასახელებული შემადგენლობიდან უმრავლესობაც. ამჟამად ნაკრებს თავის სამედიცინო გუნდთან ერთად ავსტრიელი ფიზმომზადების კონსულტანტი პეტერ ზაიზენბახერიც თან ახლავს და ბიჭებიც მის მიერ შედგენილი გრაფიკით ემზადებიან. ზაიზენბახერმა ჯერ კიდევ აქ გამოთქვა ეჭვი, რომ ნაკრებიდან რამდენიმე ვერ გაუძლებდა იაპონურ დატვირთვებს იქ გამართულ ერთობლივ შეკრებებზე. ჩვენებს თავიდან მართლაც გაუჭირდათ, მაგრამ მდგომარეობა ნელ-ნელა გამოსწორდა. გასულ უქმეებზე ზაიზენბახერმა და ნაკრების თავკაცმა სოსო ლიპარტელიანმა ბიჭები დაასვენეს. ამან დადებითად იმოქმედა. ფედერაციის ხელმძღვანელობა იაპონიაში ყოველდღიურად ეკონტაქტება ნაკრების უფროსობას. დღეს ტოკიოში წილისყრაც გაიმართება და ჩვენებურთა მეტოქეებსაც შევიტყობთ.

ისევ ქართული ძიუდოს გასაჭირზე

ვშიშობთ, ზაიზენბახერზე ლაპარაკი ბევრმა გადამეტებულად ჩაგვითვალოს. მავანნი ძიუდოს კულისებში დღემდე დრტვინავენ, უცხოელი რაში გვჭირდებოდა, ჩვენ ვისზე ნაკლებნი ვართო, მაგრამ ფაქტია - ამ კაცის ჩამოსვლამ და მისმა მეთოდიკამ თვალნათლივ დაგვანახა, მსოფლიოს ძიუდოს, მოწინავე სტანდარტებს რამდენად ჩამოვრჩებით. რაც უნდა ამტკიცოს მავანმა, რომ ქართული ძიუდო ბოლო ოცწლეულის განმავლობაში მის მხრებზე იდგა; რაც უნდა გვიქადაგონ, უჩემოდ ქართული ძიუდო დაიღუპებოდაო, აშკარაა - წარმატებები ცალკეულ სპორტსმენთა ნიჭის დამსახურებაა და არა ორგანიზებული, გეგმაზომიერი მუშაობისა. ზაიზენბახერმა სამედიცინო კონტროლზე ძიუდოს აკადემიაში "ტურნიკი" რომ ვერ ნახა, ადრეც ვწერდით. მაშინ იმაზეც ვილაპარაკეთ, როგორ ურჩია ფედერაციას, ათიოდე შტანგა იყიდეთო, ამ დროს კი, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, ამდენი ძალოსანთა ნაკრებისთვისაც კი დიდი ფუფუნება რომ არის. ეტყობა, ახლა ცოტა უკეთ გაეცნო რეალობას და ფედერაციას მეგობრულად ურჩევს ტრენაჟორთა დარბაზის მოწყობას, უამისოდ ვარჯიში ფასს კარგავსო. ეს მის უთქმელადაც კარგად ვიცით, მაგრამ მაინც ასეთია ქართული რეალობა.

კიდევ ერთი საჭირბოროტო საკითხი, რომელიც კარგად გამოხატავს ჩვენი ძიუდოს, ზოგადად აქაური სპორტის გაჭირვებას - ძიუდოს ევროპული ფედერაცია გაისად 3-ის ნაცვლად, 9 საწვრთნელი ცენტრის გახსნას აპირებს. ამ პროექტში საქართველოს ჩართვაზე ადრეც იყო ლაპარაკი, ევროპული ფედერაციის ექსპერტებიც გვეწვივნენ, რამდენიმე სავარაუდო ადგილიც დაათვალიერეს, მაგრამ არათუ გაკეთდა, დღეს გაფართოებულ სიაში მოხვედრის შანსიც არ გვაქვს. მთავარი მიზეზი ბაზის არარსებობაა - საქართველოში არ გვაქვს კომპლექსი, სადაც ერთად იქნება სავარჯიშო დარბაზები, სასტუმრო, კვების ბლოკი, იგივე ტრენაჟორები, გასახდელები, საშხაპეები, სამკურნალო და აღდგენითი ცენტრები...

ბევრს ვითხოვთ? იქნებ დღევანდელი საქართველოს კვალობაზე ასეცაა, მაგრამ ჩამონათვალში შეგნებულად არ გვიხსენებია საცურაო აუზი - უამისოდ კი მსოფლიოში თანამედროვე სპორტული ცენტრი არ არსებობს. ორგანიზმისთვის, ნერვული სისტემისთვის წყლის მნიშვნელობაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ასეთ ცენტრებს კეთილმოწყობილი ეზოც უნდა ჰქონდეს, სადაც საღამოობით ნავარჯიშები სპორტსმენები დაისვენებენ. იქნებ ბევრმა ეს გადამეტებულ მოთხოვნად მიიჩნიოს, პარკები და სკვერები მოითხოვეთო, მაგრამ აღდგენით პროცესში წყნარი გარემო და სუფთა ჰაერი ფრიად მნიშვნელოვანია... დასვენება და ენერგიის მოკრება მხოლოდ შენობაში გამოკეტვით შეუძლებელია.

თავის დროზე ძიუდოს აკადემია საერთაშორისო მასშტაბებზე იყო გათვლილი - ცხადია, არა ამგვარ ცენტრზე, არამედ უფრო ერთობლივი ვარჯიშების ჩასატარებელ ბაზაზე, მაგრამ დღეს იქ ესეც შეუძლებელია - სასტუმრო არ აქვს. საამისოდ შეგულებულ შენობის ნაწილში დღემდე დევნილები ცხოვრობენ.

კიდევ ერთხელ უნდა დავუბრუნდეთ მტკივნეულ თემას - ბოლო წლებში საქართველოში ძალიან ბევრი სპორტული ობიექტი აშენდა, ზოგი პატარა, ზოგიც - დიდი და კომპლექსური, მაგრამ თუნდაც ზემოთქმულიდან კარგად ჩანს, რომ ყველა მათგანი მაინც მარტივი ტიპისაა და დიდი მიზნებისთვის არ გამოდგება. ცხადია, სპორტის მასობრიობისთვის ესეც საჭიროა, მაგრამ დროა, მაღალი მიღწევების სპორტზეც ვიფიქროთ, ეს პატარ-პატარა ნაბიჯები შევაერთოთ და დიდ სპორტულ ცენტრებზეც ვიზრუნოთ.

ერთ-ერთ ასეთ აუცილებელ ობიექტზე - სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნაზე სპორტის მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა ფრანგ სპეციალისტებთან გუშინაც იმსჯელა და შეთანხმებასაც მიაღწია. იმედია, ეს აუცილებელი საქმეც რეალურად დაიწყება და ოლიმპიური მზადების ცენტრების შექმნაზეც ასევე რეალურად ვიფიქრებთ. ვიმეორებთ - სადღეისოდ ეს იქნებ უტოპია ჩანს, მაგრამ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის მოპოვებისა არ იყოს, თუ მოვინდომებთ, ყველაფრის მიღწევა შეიძლება. დიდი ეჭვი მაქვს, ამ მზადების ცენტრს რეგიონალური სტატუსით აზერბაიჯანი მიიღებს, რომელსაც სუპერთანამედროვე დარბაზების პრობლემა არ აქვს. დღემდე მათ 14 ოლიმპიური მზადების ცენტრი ჰქონდათ, ახლახან კი მინგეჩაურში საწყლოსნო-სახეობებისთვის ისეთი კომპლექსური ბაზა გააშენეს, ბევრ ევროპულ ქვეყანას შეშურდება.

ისევ ზაიზენბახერზე

ტრენაჟორების დარბაზის გარდა, ზაიზენბახერმა ფედერაციას კიდევ რამდენიმე ძალზე დროული პრაქტიკული რჩევა მისცა. მაგალითად, მისი რეკომენდაციაა, აწარმოონ დასწრება-გაცდენების ჟურნალი. ეს ბევრ რამეს მოაწესრიგებს - გამცდენებს რეჟიმში ჩადგომას აიძულებს, ხოლო ზარმაცებს საპრეტენზიოც არაფერი ექნებათ. ფედერაციას საჯარიმო სანქციების გატარებაც შეეძლება, რაც ასევე გაამყარებს დისციპლინას. ზაიზენბახერის კიდევ ერთი რჩევაა, რომ ხელფასები ფედერაციამ გასცეს და არა ახლანდელივით სახელმწიფო სტრუქტურამ. ის წლების განმავლობაში მუშაობდა ავსტრიის სპორტის სამინისტროში და ფუნქციონერის გამოცდილებაც აქვს. თუმცა ერთია ავსტრიული რეალობა და მეორე - ქართული. ჩვენ ფედერაციას არ ჰყავს იმდენი სპონსორი, არ გააჩნია იმდენი ფინანსები, თვითონ გასცეს ხელფასები.

დასასრულს იმასაც ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ზაიზენბახერის რჩევებია - როგორ უნდა განვითარდეს ძიუდო საქართველოში, და არა მისი კატეგორიული მოთხოვნა. მას ისიც უთქვამს, ამას იმიტომ გეუბნებით, რომ მთლიანად ძიუდოს გასავითარებლად და ყველა ასაკის სპორტსმენებთან სამუშაოდ მომიწვიეთ, თორემ თუ მარტო მედლები გაინტერესებთ, მაშინ მსოფლიოს ჩემპიონატის და ოლიმპიადისთვის მოვამზადოთ 5 კაცი და ეგ იქნებაო... მოდი და ნუ დაეთანხმები! საბედნიეროდ, ფედერაციაც სრულ კარტ-ბლანშს აძლევს და თვითონაც აპირებს რეფორმების გატარებას მართვის სფეროში. ცხადია, ისევ დასავლური მიდგომების გათვალისწინებით და იგივე ზაიზენბახერის გამოცდილების გამოყენებით.

სხვათა შორის, თავის დროზე ამ პოსტზე შესაფერის კანდიდატურას სწორედ ამ ნიშნით ეძებდნენ - პრაქტიკული გამოცდილება ჰქონოდა არა მარტო სამწვრთნელო ასპარეზზე, არამედ ფუნქციონერიც ყოფილიყო. ავსრიელიც ამიტომ შეარჩიეს, თორემ მანამდე სხვა კანდიდატურებიც განიხილებოდა. ზაიზენბახერი მართლაც განსხვავებულად ავარჯიშებს გუნდს და ამ ეტაპზე შედეგებზე აქცენტს არ აკეთებს. მათ შორის, არც კანოს ტურნირზე და ამაში ფედერაციაც ეთანხმება. მაგალითად, მეტრეველთან დაკავშირებით უთქვამს, ფიზიკურად ძალიან კარგია, მაგრამ მის მოსამზადებალდ 6 თვე დამჭირდებაო. არადა, მეტრეველს ფიზიკურ ტესტებში საუკეთესო შედეგი ჰქონდა. ზაიზენბახერის თქმით, მთავარია, ნაკრებმა ისწავლოს სწორად ვარჯიში, თორემ ამის გარეშე არც მედლები არ იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა