ნანა ძაგნიძე: "მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი თებერვალში, ფიდეს გრან-პრიზე ისევ მომეცემა"

გასულ უქმეებზე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე (თურქეთი, ანტაკია) მესამე რაუნდის ორი კლასიკური პარტია გათამაშდა, რაც საკმარისი გახდა მხოლოდ ოთხი მეოთხედფინალისტის გამოსავლენად (შეგახსენებთ, რომ ქართველი დიდოსტატები შეჯიბრებას მეორე წრეში გამოეთიშნენ): ევროპის ორგზის ჩემპიონმა კატერინა ლახნომ (2522, უკრაინა) 1,5:0,5 სძლია ჩინელ ჰუან ქიანს (2402). ასეთივე ანგარიშით იუ ვენიუნმა (2524, ჩინეთი) ანა მუზიჩუკს (სლოვენია, 2530) მოუგო, ჰამფი კონერუმ (2600, ინდოეთი)-ანა ზატონსკიხს (აშშ, 2478), ჟაო სიუმ (2474, ჩინეთი) ელენა დემბო (2454, საბერძნეთი) დაამარცხა. დანარჩენ ოთხ წყვილში გამარჯვებულები ტაიბრეიკებს უნდა დაესახელებინა.

განსაკუთრებულ ინტერესს მსოფლიოს ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკისა (2507, რუსეთი) და რუან ლუფეის (ჩინეთი, 2480) შეხვედრა იწვევდა. ჩინელმა მოჭადრაკემ, რომელსაც დღემდე საერთაშორისო სარბიელზე დიდად არაფრით გამოუჩენია თავი, 1,5:0,5 მოუგო რუს დიდოსტატს. ასე რომ, მსოფლიოს ქალებში ახალი ჩემპიონი ეყოლება, რომლის ვინაობასაც 3 რაუნდის შემდეგ შევიტყობთ.

გუშინვე ჰოუ იფანმა (ჩინეთი, 2591) 2001-2004 წლების მსოფლიოს ჩემპიონ ჟუ ჩენს (ყატარი, 2477) დააყრევინა ფარ-ხმალი - 1,5:0,5. ელმირა სკრიპჩენკოს (საფრანგეთი, 2460) და ვიქტორია ჩმილიტეს (ლიტვა, 2514) შორის უძლიერესის გამოვლენას კლასიკური და 25-წუთიანი პარტიები არ ეყო - ოთხივე ორთბარძოლა ყაიმით დამთავრდა. ბლიცებში კი სკრიპჩენკომ 2:0 იმარჯვა და მე-4 ეტაპზე გავიდა. მას შემდეგ, რაც ჰარიკა დრონავალისა (ინდოეთი, 2525) და მარია მუზიჩუკის (უკრაინა, 2462) შეხვედრაში ანგარიში გახდა 3:3, დაინიშნა `არმაგედონი~. წილისყრით მუზიჩუკს თეთრები ერგო. უკრაინელმა 6 წუთში წარმატებას ვერ მიაღწია და, დებულების თანახმად, წაგება ჩაეთვალა.

ამდენად, დღეს მეოთხედფინალში ითამაშებენ: რუან ლუფეი (ჩინეთი)-ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი), ჰამფი კონერუ (ინდოეთი)-იუ ვენიუნი (ჩინეთი), ჰოუ იფანი (ჩინეთი)-კატერინა ლახნო (უკრაინა), ჟაო სიუ (ჩინეთი)-ელმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი).

გუშინვე თბილისში დაბრუნებულ ნანა ძაგნიძეს შევეხმიანე და თურქულ ბატალიებთან დაკავშირებით მცირე კომენტარი ვთხოვე.

- ელმირა სკრიპჩენკოსთან შეხვედრისას პირველ კლასიკურ პარტიაში თეთრებმა დებიუტში მცირე უპირატესობა მიიღეს, რომლის რეალიზება შეუძლებელი აღმოჩნდა და შეხვედრაც ზავით დამთავრდა. მეორე პარტიაში თეთრებით მე ვთამაშობდი. სკრიპჩენკომ მე-9 სვლაზე ყაიმი შემომთავაზა. რადგანაც უკეთესი პოზიციის მიღების რეალურ გზას ვერ ვხედავდი, მეტოქის წინადადება მივიღე. პარტიის შემდგომმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ მცირე უპირატესობის მიღება თურმე შეიძლებოდა, მაგრამ ძნელი სათქმელია, მიმიყვანდა თუ არა ეს გზა გამარჯვებამდე.

გადავწყვიტე, ცოტა დამესვენა და ბედი 25-წუთიან პაექრობებში მეცადა. პირველ ხელში დებიუტი ნორმალურად გავითამაშე, მაგრამ მიტელშპილში ერთ-ერთი ვარიანტის გათვლისას კბ6 სვლა გამომრჩა, რამაც მეტოქეს წარმატება მოუტანა. განმეორებითი შეხვედრისას კი პრაქტიკულად მოგებულ სიტუაციაში უხეში შეცდომა დავუშვი და შეჯიბრებასაც გამოვეთიშე.

რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, მაგრამ ასეთი სისტემით ასპარეზობისას არც ერთი მოჭადრაკე მოულოდნელობისგან დაზღვეული არ არის. თუმცა ამ ჩემპიონატით ყველაფერი არ მთავრდება. გაისად საინტერესო შეჯიბრებები მელის. ყველაზე მნიშვნელოვანი ფიდეს გრანპრის ბოლო ეტაპია, რომელსაც თებერვალში ჩილე უმასპინძლებს. პირველ ან მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში საერთო ჩათვლაში გავიმარჯვებ და მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი ისევ მომეცემა.

- ჩინელმა რუან ლუფეიმ ასპარეზობიდან ალექსანდრა კოსტენიუკი გამოთიშა. ასე ძლიერია?

- შარშან ჩინეთის ლიგაში ვითამაშე მასთან და დავზავდით. მართალია, ექსტრაკლასის დიდოსტატი არ არის, მაგრამ საკმაოდ საინტერესო მოჭადრაკეა, თავისი რეიტინგის შესაფერისი. კოსტენიუკის მასთან მარცხში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ.

- ანტაკიაში ფავორიტად ვინ მიგაჩნია?

- ინდოელი კონერუ ან ჩინელი ჰოუ იფანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
"ეგონათ, სიგიჟე გავაკეთეთ! პსჟ-ის ეს ფეხბურთელი 250 მილიონად არ მივყიდეთ" - ლაპორტამ დღემდე უცნობი ამბავი გაამხილა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
უეფას სამართალი - "რეალთან" მატჩის წინ პრესტიანი და შესაბამისად "ბენფიკაც" დასაჯეს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა