დორტმუნდის ფიასკოს ორნაირი ანალიზი

დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელები მწუხარე სახეებით ამ სეზონში მხოლოდ ერთხელ გვყავდა ნანახი და ისიც ოთხი თვის წინ, აგვისტოში, როცა ბუნდესლიგის პირველი ტურის მატჩი (ლევერკუზენთან) წააგეს. მას მერე გერმანიის ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერს და პირველი წრის გამარჯვებულს მხოლოდ კარგი გამოხმაურებები ჰქონდა. დორტმუნდში აბსოლუტურად ყველაფერი იდეალურად იყო, არც ტრავმები, არც იმედგაცრუებები, აქა-იქ იღბლიანი გამარჯვებაც და რაც მთავარია, ქება ყველა მხრიდან. ფაქტი იყო, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდებოდა და აი, იურგენ კლოპის გუნდი ევროპის ლიგას ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშა. „ბორუსიას“ „სევილიასთან“ ცუდად ნამდვილად არ უთამაშია და არც დამარცხებულა (BVB-მ ჯგუფში მხოლოდ ერთი თამაში წააგო), მაგრამ საბოლოო ჯამში ვერაფერს გახდა და ევროპას უნდა დაემშვიდობოს.

ეგ არაფერი, გუნდი ბუნდესლიგაში ისეთი უპირატესობით ლიდერობს, რომ ჩვენი გერმანელი კოლეგები კლოპს და მის შეგირდებს უკვე ჩემპიონობასაც ულოცავენ, მაგრამ ის ფაქტი, რომ დღესდღეობით საუკეთესო გერმანულმა კლუბმა ბუნდესლიგის პარალელურად, ევროსარბიელზე იმ მინიმალური წარმატების მიღწევაც ვერ შეძლო, რასაც ევროპის ლიგის ჯგუფიდან გასვლა ჰქვია, „დორტმუნდს“ სავარაუდოდ დააკომოპლექსებს და ვინ იცის, როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი „ბორუსიაზე“ ბუნდესლიგის ეგიდითაც. „ბორუსიას“ ფანებს ხომ ყველაზე მეტად იმის ეშინიათ, რომ თუ მათი საყვარელი გუნდი გერმანიის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგაში გავიდა, შარშანწინდელი ჩემპიონის, „ვოლფსბურგის“, ან 2007 წლის ჩემპიონის, „შტუტგარტის“ ბედი არ გაიზიაროს და ისევ საშუალო დონეზე არ დაეშვას.

დორტმუნდელთა ევროპული წარუმატებლობის შესახებ საუბარი და მსჯელობა ორნაირად შეიძლება. ისტორია, პირველ რიგში, შეგვიძლია, ასე მოვყვეთ: „ბორუსიამ“ შედარებით ძლიერ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგიდან იმის გამო გავარდა, რომ კლოპის ახალგაზრდა გუნდმა მხოლოდ „კარპატის“ დამარცხება შეძლო, საერთაშორისო სარბიელზე გამოცდილების, „სევილიასა“ და პსჟ-ს წინააღმდეგ მატჩებში კი მხოლოდ სამი ქულა მოიპოვა.

იმისათვის, რომ ჯგუფიდან გასულიყო, დორტმუნდელებს გამოუცდელობა, ინდივიდუალური ხარისხი და იღბალი არ ეყოთ და გადამწყვეტ მომენტებში შეცდომები დაუშვეს. ამ მოსაზრების გასამართლებლად სავსებით საკმარისია „სევილიასთან“ ორივე თამაშის მაგალითად მოყვანა: დორტმუნდში გამართულ მატჩში „ბორუსია“ ესპანურ კლუბს მთელი 90 წუთის განმავლობაში სჯობდა, მაგრამ უიღბლოდ წააგო. კლოპის გუნდმა სევილიაშიც დომინანტის როლში ყოფნა ამჯობინა, ანგარიშიც გახსნა, მაგრამ საკითხს პრაგმატულად არ მიუდგა და უპირატესობა მალევე გაანიავა. მართალია, ნევენ სუბოტიჩმა წონასწორობა მეორე ტაიმის დასაწყისშივე აღადგინა და კლოპის ბიჭებს მთელი 45 წუთი ჰქონდათ იმისათვის, რომ გამარჯვების და შესაბამისად, ჯგუფიდან გამსვლელი გოლი გაეტანათ, მაგრამ ფიზიკურად კარგად და მწვრთნელის მიერ ძალიან ჭვიანურად მომზადებულ, ამასთან ევროსარბიელზე ძალიან გამოცდილ ესპანელებთან ძალიან დაიბნენ, უაზროდ მიაწყდნენ მეტოქეს, უწესრიგოდ უტევდნენ, მერე ნერვები კიდევ უფრო მოეშალათ იმის გამო, რომ სევილიელებს დრო გაჰყავდათ, ერთი რეალური მომენტი ვერ გამოიყენეს, კინაღამ აქეთ მიიღეს გოლი და საბოლოო ჯამში ვერას გახდნენ. „სევილიას“ ძალიან მარტივი მიდგომა (გრძელი პასები კანუტეს მისამართით) და ელემენტარული სიჭკვიანე (დროის გაყვანა) ეყო იმისათვის, რომ სასურველი შედეგისთვის მიეღწია. ამრიგად, ევროტურნირებზე გამოცდილებამ, სიჭკვიანემ, რუტინამ და ინდივიდუალურმა კლასმა მაინც თავისი ქნა. დორტმუნდელები კი მეცხრე ციდან ისევ მიწაზე დაეშვნენ.

შეგვეძლო, ისტორია ასეც მოგვეყოლა: დორტმუნდის „ბორუსიამ“ ძლიერ ჯგუფში მხოლოდ ერთი თამაში წააგო, დაამტკიცა, რომ ამ ახალგაზრდულ გუნდს გაცილებით გამოცდილ მეტოქეებთანაც შეუძლია ტოლსწორად ბრძოლა და საბოლოო ჯამში, ჯგუფიდან გასვლისთვის იღბალი (ეს განსაკუთრებით პსჟ-სთან მატჩებზე ითქმის) დააკლდა.

ფაქტი ერთია: როგორც ყოველთვის, სიმართლე სადღაც შუაშია. ფაქტია ისიც, რომ „ბორუსია“ ძალიან კარგი გუნდია და ეს ამ სეზონში უკვე არაერთხელ დაამტკიცა. ის ექვსი თამაში კი, რომელიც დორტმუნდელებმა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩაატარეს, მათ ჭკუის სასწავლებლად უნდა გამოადგეთ. რაც უნდა იყოს, „ბორუსიას“ ახლა მთელი კონცენტრაციის ბუნდესლიგაზე გადატანა შეუძლია, რაც კიდევ ერთი პოზიტიური ასპექტია.

მატჩის შემდეგ კლოპს არ უტირია, მაგრამ ვერ მოითმინა, სევილიელები დროის გაყვანისთვის ძალიან მაგრად გალანძღა და მათ მსაჯიც ზედ მიაყოლა: „სტუმრებს დრო ძალიან სამარცხვინოდ გაჰყავდათ, რის გამოც მაგრად მოგვეშალა ნერვები. თუ გამოცდილების მიღებაში ასეთი რამის სწავლაც იგულისმება, ჩემს ბიჭებს პირდაპირ ვეტყვი, რომ „სევილიას“ ამაში ნაღდად არ მიბაძონ და ასეთი რამ არასდროს გააკეთონ, რადგან, ვიღაცისთვის შეიძლება, მისაღები იყოს, მაგრამ ჩემთვის ეს საზიზღრობაა. ჩემი აზრით, მსაჯს ათი წუთი უნდა დაემატებინა, რადგან დამატებულ ხუთ წუთშიც კი, ოთხი წუთი ისე გავიდა, ფეხბურთი არ გვითამაშია. მსაჯმა მეკარე პალოპს დროის გაყვანისთვის ყვითელი ბარათი რომ მისცა, ცხადია, ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ამაში 50 წამი რომ დაიხარჯა, იმ დროს რა ვუყოთ? „სევილია“ ძალიან მაღალი კლასის გუნდია და მიმაჩნია, რომ ამ გუნდის ფეხბურთელებს უნდა რცხვენოდეთ. დროის გაყვანა არ არის უცხო ხილი და ამას ყველა გუნდი მიმართავს ხოლმე, მაგრამ ასე სამარცხვინოდ? რაც გინდათ, ის მიწოდეთ, თუ გნებავთ წაგების უცოდინარი მწვრთნელი დამიძახეთ, მაგრამ ძალიან მინდა, რომ „სევილია“ ფლეი ოფის პირველივე ეტაპიდან გავარდეს.“

ევროპა ლიგა. ორივე ფრანგულმა გუნდმა გაიმარჯვა
[VIDEO] "ტოტენჰემმა" "მანჩესტერს" სძლია და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა
ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: გადამწყვეტ მატჩში ინგლისური გუნდები შეხვდებიან
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
კვიპროსში კლუბის პრეზიდენტი მოკლეს, რომელიც მატჩების "ჩაწყობაში" ფიგურირებდა
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს