ფილადელფიის ციხეში 72 წლის ასაკში ცნობილი ამერიკული კლანის წარმომადგენელი ჯონ დიუპონი გარდაიცვალა
ამ დღეებში ფილადელფიის ციხეში 72 წლის ასაკში ცნობილი ამერიკული კლანის წარმომადგენელი ჯონ დიუპონი გარდაიცვალა. კაცი, რომელიც თვითონ არ ყოფილა დიდი სპორტსმენი, მაგრამ, სამაგიეროდ, 16 წლის წინათ აუნაზღაურებელი დანაკარგი მიაყენა მსოფლიოს საჭიდაო ოჯახს, როდესაც 1996 წლის იანვარში ამ ოჯახს ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული და კეთილშობილი შვილი, თავისუფალ ჭიდაობაში ლოს ანჟელესის ოლიმპიადის გამარჯვებული და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ამერიკელი დეივ შულცი მოუკლა.

ჯონ დიუპონი იმ ამერიკული კლანის წარმომადგენელია, რომელმაც ჯერ ქონება და გავლენა კიდევ წინა საუკუნეებში იარაღის ვაჭრობითა და ტყვია-წამლის წარმოებით მოიხვეჭა. იგი ქიმიური კომპანია "დუპონტის" დამაარსებელ ელიუტერ ირენ დიუპონის შვილთაშვილი იყო. ელიუტერის მამა პიერ სამუელ დე პონ დე მემური ფრანგი აზნაური გახლდათ, რომელიც 1800 წელს საფრანგეთიდან ლუდოვიკო XVI რევოლუციურ ტერორს ამერიკაში გაექცა, სადაც სახელოვან მეცნიერ ანტუან ლავუაზიეს დახმარებით დენთის ფორმულა შეიმუშავა. მის ოჯახს წარმატებაც ამან მოუტანა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1802 წელს ელიუტერმა ქარხანაც ააშენა და სერიული წარმოება დაიწყო. ამ ოჯახმა დიდი როლი შეასრულა პირველი მსოფლიო ომის მსვლელობაში.

ჯონ დიუპონს იარაღისადმი გენეტიკური მიდრეკილება ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი - იყო ჩინებული მსროლელი და იარაღის დიდძალ კოლექციასაც ფლობდა. ამერიკულ საქმიანსა თუ სპორტულ წრეებში მას ექსცენტრულ ადამიანად მიიჩნევდნენ და აკი ეს თვისებები კიდეც გამოავლინა შულცის მკვლელობისას. მათ დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდათ - მკვლელობამდე მთელი შვიდი წელიწადი ოლიმპიური ჩემპიონი მილიონერს თავისუფალ ჭიდაობაში ავარჯიშებდა. მეცადინეობები ფილადელფიაში, დიუპონის მამულში ტარდებოდა, სადაც მკვლელს ჩინებული სპორტული ბაზა ჰქონდა მოწყობილი.

საერთოდ, იარაღის გარდა, მას სპორტიც ძალიან უყვარდა - აქტიურად ვარჯიშობდა, გულუხვადაც აფინანსებდა სხვადასხვა სახეობებს და ასევე აქტიურად მონაწილეობდა სპორტულ ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი ჭიდაობას სწყალობდა. ტრაგედიის დღეს 36 წლის შულცი ჩვეულებისამებრ ესტუმრა მასპინძელს მორიგი ვარჯიშის ჩასატარებლად. უბედურებას თითქოს არაფერი მოასწავებდა, მაგრამ ის მაინც მოხდა - დღემდე დაუდგენელი მიზეზით, დიუპონმა ჩემპიონს ცეცხლსასროლი იარაღით ორჯერ გულში, ერთხელ კი ხელში ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა. სახელოვანი მოჭიდავე მიღებული ჭრილობებით ადგილობრივ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა - ცხრა წლის ალექსანდრე და ექვსი წლის დანიელი.

შემთხვევის ადგილზე მაშინვე მივიდა ადგილობრივი პოლიცია, თუმცა დიუპონი მათ არ დანებდა და შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია - საკუთარ სახლში გამაგრდა და ორი დღის განმავლობაში იქაურობა აუღებელ ციხესიმაგრედ აქცია. ის საძინებელში ჩასაფრდა, სადაც წარმატებით დაბლოკა კარი. პოლიცია შესვლას ვერ ბედავდა, რადგან კარგად იცოდნენ, იარაღის რა დონის მცოდნესა და რა დონის სნაიპერთან ჰქონდათ საქმე. ამიტომ მათ ლოდინის ტაქტიკა აირჩიეს - გაძლიერებული ძალებით სახლს მჭიდრო ალყა შემოარტყეს და მოლაპარაკების დაწყება სცადეს, თუმცა უშედეგოდ - დიუპონი იარაღის დაყრას და დანებებას არ აპირებდა. მთლიანობაში, პოლიციელთა ტაქტიკამ საბოლოოდ გაამართლა, თუმცა მანამდე ფხიზლად დარაჯობდნენ ყველა შესაძლო გასასვლელს - საჰაერო და საკანალიზაციო მილების ჩათვლით, მაგრამ, ეტყობა, სულ ტყუილად, რადგან ექსცენტრული მულტიმილიონერი გაქცევას არც აპირებდა. ყოველ შემთხვევაში, მისი შეპყრობა მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც ორ დღეში გამაგრებული სახლიდან გამოვიდა და საქვაბის დასათვალიერებლად გაემართა.

აქ პოლიციამ ხერხსაც მიმართა სახლიდან მის გამოსატყუებლად, რასაც დიუპონი მართლაც წამოეგო - სახლში შუქი გათიშეს. ეს ზუსტად მიზანში ნასროლი აღმოჩნდა - დიუპონმა უშუქობა და კომფორტის ამ აუცილებელი ელემენტის ნაკლებობა იმდენად განიცადა, სიფრთხილე დაივიწყა და საქვაბისკენაც ელექტროხარვეზის აღმოსაფხვრელად გაემართა. ალბათ, პოლიციელები ორდღიანი ალყის ასეთ იოლ დასასრულს, მოვლენათა ასეთ განვითარებას ვერც წარმოიდგენდნენ, მაგრამ როგორც გითხარით, დიუპონი ფრიად ექსცენტრული ადამიანი იყო და მისგან ასეთი გაუწონასწორებელი ნაბიჯი იქნება არცაა გასაკვირი.

ცნობილ ადამიანთა მსგავსი იდუმალებით მოცული გარდაცვალებისას, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ამ შემთხვევასაც ბევრი ჭორი მოჰყვა, თუმცა სიმართლე სადაა, დღემდე არ იცის კაციშვილმა. ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ვერსია დიუპონის ჰომოსექსუალურ მისწრაფებებს უკავშირდებოდა - ამბობდნენ, რომ ის შულცთან ამისთვის მეგობრობდა, ხოლო ჭიდაობა და მწვრთნელად დაქირავება მხოლოდ შირმა იყოო. ამბობენ, ვარჯიშებსაც იმიტომ ატარებდა სახლში, მასთან რაც შეიძლება ახლოს რომ ყოფილიყო და მეტი დრო გაეტარებინა მის გვერდით, მკვლელობა კი ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინაო. თუმცა, ვიმეორებთ, ეს მაინც ჭორად გავრცელებული ვერსიაა, ნამდვილი მიზეზი კი ოფიციალურად დღემდე არ დასახელებულა.

საინტერესოა, რომ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე დიუპონი სროლაში ადგილობრივ პოლიციელს ავარჯიშებდა და მათგან ტყვიაგაუმტარი ჯავშანჟილეტებიც შეიძინა.

როგორც გითხარით, ჯონ დიუპონი სპორტის დიდი მოყვარულიც იყო. ბოლო წლებში ის განსაკუთრებით აქტიურად ჩაერთო ჭიდაობაში. სწორედ მისი ინიციატივით შემოიღეს მსოფლიოს ჩემპიონატები ვეტერანთა შორის და ათი წლის განმავლობაში ამ ტურნირს თვითონ აფინანსებდა. მან სახლში 600-ათას დოლარიანი სპორტული ცენტრი ააშენა, ხოლო ფილადელფიაში თავისი ქონების სპორტული რეორგანიზაცია მოახდინა - 325 ჰექტარზე გააშენა სასწავლო საწვრთნელი ბაზები, სადაც ოთხი დარბაზი და ამდენივე საცურაო აუზი იყო, იქვე გააკეთა სასტუმროც 50 კაცზე. ასეთი დახმარების შემდეგ გასაკვირიც არაა, რომ ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ის ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ - FILA-მ თავისი ორდენით დააჯილდოვა, წლების განმავლობაში კი გახლდათ აშშ-ს ჭიდაობის ფედერაციის მაღალჩინოსანი სხვადასხვა პოსტზე.

თუმცა ჭიდაობის გარდა, ის სპორტის სხვა სახეობებსაც აქტიურად ეხმარებოდა - იყო მენეჯერი 1976 წელს მონრეალის ოლიმპიადის მონაწილე ერთ-ერთი ამერიკელი ხუთჭიდელისა, ადგილობრივ უნივერსიტეტს უშენებდა საკალათბურთო არენას, ფინანსურად ეხმარებოდა ადგილობრივი სკოლის საფეხბურთო გუნდს... საერთოდ, როგორც მისი მეგობრები ამბობდნენ, ის არიგებდა ფულებს მარჯვნივ თუ მარცხნივ. მანვე შექმნა სპორტული კლუბი და სწორედ მის სიახლოვეს ცხოვრობდა დეივ შულციც თავისი ოჯახით. დიუპონს სპორტის მეცენატობა არც დაპატიმრების შემდეგ შეუწყვეტია - ბოლო რვა წლის განმავლობაში აშშ-ს ჭიდაობის ფედერაციას ყოველწლიურად 400 ათასი დოლარით ეხმარებოდა.

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჭიდაობამ დიდი ქომაგი დაკარგა. ეს მართლაც ასეა და კიდევ ვიმეორებთ - მან მართლაც ბევრი გააკეთა სპორტისთვის, თუმცა მისი ცხოვრების სპორტულ მხარეზე თუ ვიმსჯელებთ, ქომაგს, ალბათ, მაინც უფრო უარყოფითად დაამახსოვრდება - მან ხომ ისეთი დიდი სპორტსმენი იმსხვერპლა, როგორიც დეივ შულცი იყო, ადამიანური თვისებებით გამორჩეული პიროვნება და მართლაც დიდი ფალავანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გიორგი მაკასარაშვილი
ჯონ დიუპონმა დეივ შულცი იმიტომ მოკლა, რომ ფსიქიურად შერყეული იყო და უნდოდა, რომ მსოფლიოში უძლიერესი ადამიანი გამხდარიყო იმ დროისათვის მეტად პოპულარული სპორტსმენების ძმების მარკ და დეივ შულცების დახმარებით. მოიწვია ისინი თავის კლუბში, კარგად უხდიდა და სთხოვდა, რომ მისგან მსოფლიოში უძლიერესი ადამიანი შეექმნათ. შულცებმა მიიღეს დიუპონის წინადადება და შეუდგნენ ამ ურთულეს საქმეს. ჩამოაყალიბებინეს მსოფლიო ჩემპიონატი ვეტერანთა შორის, ურჩევდნენ შესაბამისი წონის ისეთ ყოფილ მოჭიდავეებს, რომლებსა ისე უნდა წაეგოთ დიუპონთან შეხვედრა, რომ შემთხვევით მისთვის რამე არ მოეტეხათ (იმდენად სუსტი აგებულება ჰქონდა). ჰოდა გახადეს ასე წლების განმავლობაში დიუპონი მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ვეტერანებში. დიუპონიც ხარობდა, მაგრამ მუდმივად ეჭვი ჰქონდა - ეს მისი ჩემპიონობა ხელოვნურად ხომ არ ჰქონდათ შულცებს მოწყობილი. ამაზე თვითონ დეივი, რომელიც ჩემი მეგობარიც იყო, ხშირად მელაპარაკებოდა. ბოლო შეხვედრა დეივთან ვლადიკავკაზში მქონდა 1994 წლის ბოლოს ამერიკა რუსეთის მოჭიდავეთა შეხვედრაზე, სადაც დიუპონიც იმყოფებოდა მწვრთნელის რანგში. მე ვურჩიე დეივს, რომ თანდათან ჩამოშორებოდა დიუპონს, თორემ ეს ამბავი სიკეთით არ დამთავრდებოდა. დეივი დამეთანხმა. შემდეგ 1995 წლის იანვრის ბოლოს ზემოთხსენებული ტრაგედია მოხდა. ჩემი ვარაუდით დეივმა ვეღარ გაუძლო თვალმაქცობას და ყველაფერი პირში მიახალა. ჯონმაც ესე გადაუხადა. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ კარგი ანაზღაურება არ ნიშნავს ბედნიერ ცხოვრებას. მთავარია არ აჰყვე ცდუნებას და სიმართლით იცხოვრო. დეივი დაისაჯა იმიტომ, რომ დიუპონს ილუზიური ცხოვრება შეუქმნა, ანუ მუდმივად ცდილობდა, რომ დიუპონის ავადმყოფური მოთხოვნები შეესრულებინა კარგი ანაზღაურების სანაცვლოდ.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო
პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში