"საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარ და ნაკრებს რომ სარგებელი მოვუტანო, კლუბში რეგულარულად თამაში მჭირდება"
საქართველოს ნაკრებისა და იტალიური "ჯენოას" კაპიტანს, კახა კალაძეს უკრაინული ტელეარხი 24TV ესაუბრა. ინტერვიუს მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

- კახა, როგორ გრძნობთ თავს?

- ჯანმრთელობასთან ამჟამად პრობლემები არ მაქვს. რთული ტრავმა არც მქონია. იტალიაშივე ვმკურნალობდი, სხვაგან წასვლის საჭიროება არ ყოფილა. 2 მატჩი გამოვტოვე, მაგრამ ახლა გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და ვფიქრობ, ამ კვირისთვის 100%-ით მზად ვიქნები.

- ჯენოას ევროთასებზე გასვლა აქვს მიზნად დასახული, მაგრამ 16 ტურის შემდეგ მხოლოდ მეათე ადგილზეა. რა არის ამის მიზეზი?

- სიმართლე გითხრათ, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონი ცოტა უცნაურია. ნახეთ, ჩვენ 10-ე ადგილზე ვართ, მაგრამ 5-ე ადგილისგან მხოლოდ 5 ქულა გვაშორებს. ძალიან საინტერესო სეზონია, ვფიქრობ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ჩვენ ჩვენსას მივაღწევთ.

- თქვენ წლების განმავლობაში "მილანში" თამაშობდით. არ გაგიჭირდათ ახალ კლუბთან შეწყობა?

- იცით, თავიდან რთული იყო. "მილანში" 10 წელი დავყავი და დაახლოებით 300 მატჩი ჩავატარე. რა თქმა უნდა, სხვა გუნდში გადასვლა იოლი არ არის. მაგრამ "ჯენოაში" კარგი ბიჭები თამაშობენ, ეს იტალიური გუნდია, ამიტომ განსაკუთრებული პრობლემები არ ყოფილა. საკმაოდ მალე შევეწყვე გუნდს.

- "მილანი" ყველაზე პრესტიჟულ ტურნირებშიც კი მხოლოდ მაქსიმალურ მიზნებს ისახავს. "ჯენოას" შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა, თქვენი ახალი გუნდი ევროპის ლიგაზე გასვლას დიდ მიღწევად ჩათვლის. სტიმული ხომ არ გაკლიათ, რომ ნებისმიერ მატჩში მოედანზე და ვარჯიშზე ბოლომდე დაიხარჯოთ?

- უკვე მივეჩვიე. "მილანი", როგორც თქვით, ყოველთვის ყველაფრის მოგებას ესწრაფვის. "ჯენოას" ნაკლები ამბიცია აქვს, მაგრამ ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა - გუნდს თავისი გეგმების რეალიზებაში დავეხმარო. მთავარია, რომ მოედანზე გამოსვლას ვაგრძელებ და ჩემი თამაში სიამოვნებას მანიჭებს.

- "ჯენოაში" გადასვლის მიზეზებზე რას გვეტყოდით?

- ჩემთვის სათამაშო პრაქტიკის არქონა დიდი პრობლემა იყო. ტრავმის მიღების შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილს ნაკლებად მანდობდნენ. გასულ სეზონში "მილანში" მხოლოდ შვიდი შეხვედრა ჩავატარე. ეს ნამდვილი კატასტროფა იყო. მესმის, რომ ტრავმის შემდეგ საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი, მაგრამ მოედანზე გასვლის შესაძლებლობის არქონა ჩემთვის დიდი პრობლემაა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარ და ნაკრებს რომ სარგებელი მოვუტანო, კლუბში რეგულარულად თამაში მჭირდება, ამიტომ "მილანის" დატოვება გადავწყვიტე. ტრავმის შემდეგ ბევრი მატჩის ჩატარება მჭირდებოდა, ამიტომაც გადავედი "ჯენოაში".

- უეფას თასს რეფორმირება იმიტომ ჩაუტარეს, რომ იტალიური, ინგლისური და ესპანური გუნდები ამ ტურნირში წარმატებას არ აფასებდნენ. რამდენად პრესტიჟულია იტალიაში ევროპის ლიგა?

- ვფიქრობ, ტურნირი ახლა უფრო საინტერესო გახდა. მასში უფრო მეტი საინტერესო გუნდი მონაწილეობს. ადრე იტალიელებისთვის მართლაც მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა არსებობდა, ახლა კი ამ ქვეყანაში ევროპის ლიგაც აინტერესებთ.

- ბევრს საუბრობენ მარჩელო ლიპის უკრაინის ნაკრების თავკაცად დანიშვნაზე. როგორ ფიქრობთ, ეს სპეციალისტი უკრაინის ნაკრების ახალ სიმაღლეებზე აყვანას შეძლებს?

- მარჩელო ლიპი ძალიან ცნობილი სპეციალისტია. ყველამ იცის, რომ ამ ადამიანმა ყველაფერი მოიგო, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე. რა თქმა უნდა, თუ ლიპი უკრაინის ნაკრების მწვრთნელობას დათანხმდა, ეს უკრაინული ფეხბურთისთვის დიდი პლუსი იქნება.

- ევრო 2012-მდე დიდი დრო არაა დარჩენილი. მოასწრებს ლიპი უკრაინულ ფეხბურთთან შეგუებას?

- ვფიქრობ, რომ მოასწრებს. უკრაინას საკმაოდ ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს. მათ სერიოზული მატჩების მოგება შეუძლიათ, მით უმეტეს, ლიპის თავკაცობით.

- კიევის "დინამოს" თამაშებს თუ ადევნებთ თვალს? თქვენ ყოფილ გუნდს ხშირად აკრიტიკებენ.

- გულწრფელად გითხრათ, "დინამოს" მატჩების ყურებას ვერ ვახერხებ. გუნდის კრიტიკაში უცნაური არაფერია. "დინამოს" გულშემატკივრები მათი საყვარელი გუნდის მაღალ დონეზე თამაშს შეეჩვივნენ. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან დინამოელები მაღალ დონეზე თამაშობდნენ. შემდეგაც, როცა გუნდში მე და შევჩენკო ვთამაშობდით, მწვრთნელი კი ლობანოვსკი იყო, გუნდი ძალიან ძლიერი იყო. რამდენიმე წლის წინ მწვრთნელის პოსტზე იური სიომინი მოვიდა და "დინამომ" ისევ სიმპათიური ფეხბურთის ჩვენება დაიწყო, მაგრამ სიომინი წავიდა და მის შემდეგ ვერ მოიძებნა სპეციალისტი, რომელიც მის საქმეს წარმატებით გააგრძელებდა. "დინამო" მწვრთნელს დღემდე ეძებს. დარწმუნებული ვარ, მალე ყველაფერი დალაგდება და "დინამოს" კრიტიკა შეწყდება.

- რას გააკეთებთ, როცა ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას გადაწყვეტთ? მწვრთნელი ან საფეხბურთო მენეჯერი გახდებით თუ საკუთარ ბიზნესს განავითარებთ?

- საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთში დარჩენას არ ვაპირებ. თუმცა, საქართველოში სპორტის ამ სახეობას დავეხმარები. ვაპირებ ქველმოქმედებით, სოციალური პროექტების განხორციელებითა და ბიზნესის განვითარებით დავკავდე.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა