გასულ კვირას დევისის თასზე მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა.

გასულ კვირას დევისის თასზე მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა. ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო ბოლო ორი წლის ჩემპიონის - ესპანეთის ნაკრების "მშრალი" ანგარიშით მარცხი საფრანგეთთან. გარდა ამისა, ნახევარფინალში გავიდნენ - ჩეხეთი, არგენტინა და სერბეთი.

პრაქტიკულად ყველა გუნდს აკლდა თავისი ლიდერი - გამონაკლისი იყო რუსეთისა და სერბეთის ნაკრები. თუმცა რუსეთს საკუთარ არენაზე ოპტიმალურმა შემადგენლობამაც ვერ უშველა. ხუან მარტინ დელ პოტროს გარეშე მოთამაშე არგენტინას ორი ქულა დავიდ ნალბანდიანმა მოუტანა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდური მოთამაშეა. კიდევ ერთი მატჩი რუსებმა წყვილებში წააგეს და 1995 წლის შემდეგ დევისის თასზე პირველად დამარცხდნენ საკუთარ მოედანზე. ეს შთამბეჭდავი სერია 17 საშინაო გამარჯვებას ითვლიდა.

სერბეთმა ნოვაკ ჯოკოვიჩის მეთაურობით სტუმრად იოლად დაამარცხა ხორვატია, რომელსაც ივო კარლოვიჩი და მარიო ანჩიჩი აკლდა. პირველ დღე იმით აღინიშნა, რომ ხორვატმა გულშემატკივრებმა სერბეთის ჰიმნს უსტვინეს, ჯოკოვიჩმა კი სამ სეტში დაამარცხა ივან ლუბიჩიჩი - 7:6(3), 6:4, 6:1. მომდევნო მატჩში სტატუსქვო მარინ ჩილიჩმა აღადგინა - არც მან დათმო სეტი ვიქტორ ტროიცკის წინააღმდეგ, თუმცა მეორე სეტში 3:5-ს აგებდა - 6:4, 7:5, 6:2. ასე რომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა წყვილთა შეხვედრას. რამდენიმე წლის წინ ხორვატებს დევისის თასზე კარგი დუეტი ჰყავდათ - ლუბიჩიჩი-ანჩიჩი, მაგრამ ამ უკანასკნელის არყოფნაში მასპინძლებმა არჩევანი ჩილიჩისა და ივან დოდიგის დუეტზე შეაჩერეს. სერბებმა კი ისევე როგორც ამერიკასთან მატჩში, ნენად ჟიმონჟიჩს იანკო ტიპსარევიჩი შეუწყვილეს. ხორვატებს შანსი არ ჰქონიათ - 3:6, 3:6, 4:6. კვირას პირველები კორტზე ჩილიჩი და ჯოკოვიჩი გავიდნენ და ნოვაკმა საკმაოდ იოლად მოიპოვა გადამწყვეტი მესამე ქულა. მართალია, ჩილიჩი ბოლო დროს არც ისე კარგ ფორმაშია, მაგრამ საკუთარ მოწოდებაზე წაგებული რვა გეიმი მეტისმეტი იყო. სერბეთი თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოხვდა ნახევარფინალში.

თავისი ორი ლიდერის გარეშე ჩავიდა ჩილეში ჩეხეთის ნაკრები - რადეკ შტეპანეკმა და უიმბლდონის ფინალისტმა ტომაშ ბერდიხმა არ ისურვეს მეოთხედფინალში თამაში. ასეთი დანაკლისის მიუხედავად, სწორედ ჩეხეთმა მოიპოვა ყველაზე იოლი გამარჯვება. ჩილელთა ლიდერმა ნიკოლას მასუმ, რომელსაც ბევრჯერ გაუწევია თავისი ქვეყნისთვის დახმარება, ამჯერად ვერ აჩვენა ღირსეული თამაში. ჩოგბურთელმა მატჩის შემდეგ თავად აღნიშნა, რომ ცუდ ფორმაში შეხვდა ჩეხეთთან თამაშს. შედეგად მასუმ პირველ დღეს მხოლოდ ხუთი გეიმი აუღო ივო მინარს. მასუს პარტნიორმა პოლ კაპდევილემ კიდევ უფრო უარესად ითამაშა იან ჰაიეკის წინააღმდეგ - მის ანგარიშზე სამი მოგებული გეიმი მოდიოდა. წყვილთა მატჩში მასპინძლებმა (მასუ-აგილარი) ასე თუ ისე ბრძოლა მოახვიეს თავს ჩეხების დუეტს - ჰაიეკსა და ლუკაშ დლუჰის, მაგრამ ოთხ სეტში მაინც დამარცხდნენ და მატჩის ბედი პირველი ორი დღის შემდეგ გადაწყვეტილი იყო.

ყველაზე დიდ ბრძოლას საფრანგეთისა და ესპანეთის მატჩში ელოდნენ. რა თქმა უნდა, რაფაელ ნადალის უარმა დაამძიმა ესპანელთა მდგომარეობა, მაგრამ ფრანგებმაც დაკარგეს თავიანთი ლიდერი - ჟო-ვილფრიდ ცონგა. მის გარდა ტრავმირებული იყო რიშარ გასკე, ჟილ სიმონი კი ახლახანს დაბრუნდა ტურში და ჯერ შორს არის ოპტიმალური ფორმისგან. ფრანგების რიგებში ლიდერობა გაელ მონფილს უნდა ეტვირთა, მეორე ნომერი კი მიკაელ ლოდრა გახდა. ესპანელებმა დავიდ ფერერი და ფერნანდო ვერდასკო აირჩიეს.

მონფილსისა და ფერერის მატჩი ბევრს წყვეტდა. ფრანგმა ენერგიულად დაიწყო და ორი სეტი მოიგო, რის შემდეგაც მისი ბრძოლის ჟინი სადღაც გაქრა და ესპანელს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მიეცა. თუმცა მასპინძლების კაპიტანმა გი ფორჟემ შეძლო მონფილსის გამოფხიზლება და გაელი თავიდანვე ბრეიკით დაწინაურდა. როცა საქმე მატჩზე ჩაწოდებაზე მივიდა, მასპინძელმა ფერერს ბრეიკის გაკეთების საშუალება მისცა, მაგრამ იქვე საპასუხო ბრეიკი აიღო და მეხუთე სეტში 6:4 გაიმარჯვა.

უიმბლდონის ჩაგდების შემდეგ ვერდასკომ ვერ მოასწრო ფორმის აღდგენა და ლოდრასთან მატჩში ვერაფერი დაუპირისპირა მეტოქის ბადესთან გასვლებს. ესპანელმა როგორც შეეძლო იბრძოლა და პირველი პარტიაც მოიგო, მაგრამ ძალები გამოელია. მეორე და მესამე სეტები ფრანგმა იოლად აიღო, მეოთხეში კი ისევ ტაიბრეიკის ჩატარება გახდა საჭირო და ამჯერად უფრო ძლიერი ფრანგი აღმოჩნდა.

ლოდრასა და ვერდასკოს დაპირისპირება წყვილთა მატჩში გაგრძელდა. ფერნანდოს პარტნიორი, როგორც ყოველთვის, ფელისიანო ლოპესი იყო, ლოდრას კი ჟულიან ბენეტო შეუწყვილეს. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ფრანგები პირველ ორ სეტში მხოლოდ სამ გეიმს გაიმეტებდნენ მეტოქისთვის - 6:1, 6:2. ესპანელთა ამ დუეტს მოგებული ჰქონდა 2008 და 2009 წლების ფინალში და მისგან ასეთ უნიათო თამაშს არ ელოდნენ. მესამეში სეტში ფრანგები ბრეიკით იგებდნენ, მაგრამ საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანეს და იქ 6:8 წააგეს. თუმცა ეს სტუმრების ბოლო წარმატება იყო - მეორე ტაი-ბრეიკი საფრანგეთს დარჩა, რომელმაც 2004 წლის შემდეგ პირველად გააღწია ნახევარფინალში. სხვათა შორის, ეს იყო ერთადერთი წყვილი მეოთხედფინალში, რომელშიც "მშრალი" ანგარიში დაფიქსირდა - კვირას ფრანგებმა არაფრისმომცემი ორი შეხვედრაც მოიგეს.

ნახევარფინალები სექტემბერში, ამერიკის ღია პირველობის დასრულების შემდეგ ჩატარდება. 17-19 სექტემბერს საფრანგეთი არგენტინას მიიღებს, სერბეთი - ჩეხეთს.

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს