შორეულ ციმბირში ჩვენებმა რვავე წონაში მედალი მოიპოვეს
ამ უქმეებზე, როცა ძიუდოს ქართველ ქომაგთა ყურადღების ცენტრში სპორტკომპლექსი "არენა" და იქ მიმდინარე ძიუდოისტთა საქართველოს ჩემპიონატი იყო, ქართველმა ჭაბუკებმა წარმატებით იჭიდავეს ტიუმენში გამართულ საერთაშორისო ტურნირში, რომელშიც 1998-2000 წლებში დაბადებული მოზარდები გამოდიოდნენ.

შეხსენებაც აღარ გინდათ, რომ ესაა ეგრეთ წოდებული საფესტივალე ასაკი, ანუ ამ თაობამ უნდა იჭიდაოს გაისად თბილისში, ევროპის ბავშვთა ოლიმპიურ ფესტივალზე.

ამას წინათ მათ ყაზახურ ტემირტაუშიც იასპარეზეს და ასევე ხელხვავრიელი მონაგარი მოიხვეჭეს.

ტიუმენშიც იქ ნაჭიდავებთა უმეტესობა გამოდიოდა, თუმცა მწვრთნელმა თამაზ კარიაულმა ნაკრების სხვა კანდიდატებიც დაამატა, რადგან ასეთ სოლიდურ შეჯიბრებაში გამოსვლა მათთვის კარგი გაკვეთილი იქნებოდა, მწვრთნელებს კი სელექციის მშვენიერი შანსი ეძლეოდათ.

შორეულ ციმბირში ჩვენებმა რვავე წონაში მედალი მოიპოვეს, შვიდი წონის ფინალში გვყავდა მონაწილე, აქედან სამში კი სულაც ქართული ფინალი გაიმართა. მედლების ხარისხისა და რაოდენობის მიხედვით ასეთი მდგომარეობაა: სულ მოპოვებულია 13 მედალი, რაშიც ამჯერად გოგოებს წვლილი არ მიუძღვით, ყველა ბიჭების დამსახურებაა. აქედან 5-5 ოქრო-ვერცხლია, 3 კი - ბრინჯაო.

ქართული ფინალები 55, 60 და 66 კილოგრამებში გაიმართა. ყაზახური ტურნირის შემდეგ, 60-ში ამჯერადაც გაიმარჯვა გორელმა რობინზონ ბეგლარაშვილმა. მან იქაც ქართულ ფინალში იყოჩაღა, ოღონდ ამჯერად არა თანაქალაქელი ივანე მახათაძე, არამედ ალეკო მამიაური დაამარცხა.

თემურ ნოზაძემ (55) ტემირტაუში მოპოვებული ბრინჯაო ამჯერად ოქროდ "აქცია", როცა ფინალში ახლო წარსულის სახელოვანი ვეტერანის, ევროპის ორგზის ჩემპიონის, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსან ნესტორ ხერგიანის შვილი ირაკლი ხერგიანი დაჯაბნა.

რუსებმა მესამე ქართული ფინალი 66-ში იხილეს, სადაც ყაზახეთში ხელმოცარულმა ბაგრატ ნინიაშვილმა გუგა გოგიტიძეს აჯობა (აღსანიშნავია, რომ გოგიტიძე ყაზახეთშიც მეორეზე გავიდა).

ჩვენებმა მორიგი ორი ოქრო 81 და 90 კილოგრამებში დაისაკუთრეს, რაც, შესაბამისად, გიორგი გოგოლაძემ და ავთანდილ ტაბატაძემ გააკეთეს. ფინალში იჭიდავეს, თუმცა დამარცხდნენ და ვერცხლს დასჯერდნენ საბა გრიგალაშვილი (50) და ამირან წიქორიძე (+90), რომელიც წინა ტურნირზე მესამე იყო. ბრინჯაოს მედლებს ლაშა დუდაშვილი (73), ონისე სანებლიძე და ნიკა სიდამონიძე (ორივე - 81) დაეუფლნენ.

ტიუმენის ტურნირი საკმაოდ ძლიერი გამოდგა, იმის მიუხედავად, რომ უცხოური გუნდები რაოდენობრივად არ იყო ბევრი: ჩვენ გარდა, მონღოლეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, აზერბაიჯანი და ჩეხეთი გამოდიოდნენ. სამაგიეროდ, ბლომად ჩაებნენ რუსეთის სხვადასხვა რეგიონის ნაკრებები და ჯამში, მონაწილეთა მაინც შთამბეჭდავი რაოდენობა მოგროვდა - 400-მდე მოზარდი.

სამწუხაროდ, ამჯერად ტიუმენში უმედლოდ დარჩნენ ჩვენი გოგოები, თუმცა ისინი მხოლოდ ორი მონაწილით გამოდიოდნენ, რადგან დანარჩენებს ვიზები არ მისცეს. მათ შორის - არც ევროპის პრიზიორს ჭაბუკთა შორის მზია ბებოშვილს (52). ჩვენი გუნდი ტიუმენში დარჩა და მასპინძლებთან ერთად ერთკვირიან შეკრებას გაივლის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა