ავსტრალიის ქალაქ პერტში 23-ედ გათამაშდა ჰოფმანის თასი.

ავსტრალიის ქალაქ პერტში 23-ედ გათამაშდა ჰოფმანის თასი. ტურნირს გასული საუკუნის 30-40-იანი წლების სახელგანთქმული მოთამაშის (შემდეგ მწვრთნელის) გარი ჰოფმანის სახელი ჰქვია. ჩემპიონატი მისი სიკვდილის შემდეგ მეორე ავსტრალიელი ჩოგბურთელის პოლ მაკნამის მიერ არის დაარსებული.

"შერეულ წყვილებს შორის ჩემპიონატი" (ასეთია ჰოფმანის თასის მეორე სახელწოდება) არაოფიციალური ტურნირია. მასში გამარჯვება საპატიოა, მაგრამ, რა თქმა უნდა, სერიოზული მოთამაშეები მის მოსაგებად თავს არ იკლავენ. თუმცა ჰოფმანის თასის მნიშვნელობა ოდნავ ამაღლდა მას შემდეგ, რაც ოლიმპიადის პროგრამაში მიქსტი შეიტანეს - პერტის ტურნირი ერთადერთია "დიდი სლემის" ჩემპიონატების გარდა, სადაც ამ თანრიგში თამაშია შესაძლებელი.

A ჯგუფში აშკარა ფავორიტად სერბეთის ნაკრები მიიჩნეოდა, რომლის ღირსებას ნოვაკ ჯოკოვიჩი და ანა ივანოვიჩი იცავდნენ. ისინი 2006 წელსაც თამაშობდნენ აქ და ჯგუფში ჩარჩნენ. 2008 წელს ნოვაკი ელენა იანკოვიჩთან ერთად გავიდა ფინალში და იქ ამერიკასთან წააგო.

სერბეთმა ყაზახეთთან იოლი მოგებით დაიწყო - სამ მატჩში ანამ და ნოვაკმა მხოლოდ ერთი სეტი წააგეს. შემდეგ ასევე მარტივად გაუსწორდნენ ავსტრალიას, რამაც თითქმის გაუნაღდა ამ დუეტს ფინალში თამაში - საკმარისი იყო ბელგიასთან ერთი მატჩის მოგება. ჯოკოვიჩმა პროგნოზისამებრ ეს ქულა რუბენ ბემელმანსთან მოგებით მოიპოვა. მართალია, ბელგიამ ეს მატჩი 2:1 მოიგო, მაგრამ მხოლოდ მეორე ადგილი დაიკავა. თუმცა ბოლო მომენტში, ჯგუფში ყველა მატჩის დასრულების შემდეგ, ივანოვიჩს მუცლის კუნთი დაეჭიმა და ექიმებმა ტურნირიდან გამოსვლა ურჩიეს. სერბეთი ჰოფმანის თასიდან მოიხსნა და ფინალში მისი ადგილი ბელგიამ დაიკავა.

B ჯგუფში პირველი ადგილისთვის ამერიკისა და ბრიტანეთის ბრძოლას წინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მოტყუვდნენ. ბრიტანელთა სუსტი წერტილი აღმოჩნდა ქალთა ჩოგბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიჩნეული ლორა რობსონი, რომელიც არ იყო მზად უმაღლეს დონეზე სათამაშოდ. მისმა პარტნიორმა ენდი მიურეიმ სამივე ერთეულთა მატჩი მოიგო, მაგრამ მარტომ გუნდის ფინალში გაყვანა ვერ შეძლო. ბრიტანელებმა წააგეს მიქსტი იტალიასთან და საფრანგეთთან, ამერიკასთან კი რობსონმა ტრავმის გამო თქვა უარი კორტზე გასვლაზე.

ამერიკამ ჯონ ისნერისა და ბეტანი მატეკის შემადგენლობით სამივე მატჩი დამაჯერებლად მოიგო, არადა, თავდაპირველად ამ გუნდის რიგებში სერენა უილიამსს უნდა ეთამაშა, თუმცა მის გარეშეც ამერიკელები ღირსეულად გამოვიდნენ.

ფინალი - აშშ-ბელგია ქალთა ჩოგბურთის ტრადიციების დაცვით დაიწყო. ანენისა და მატეკის მატჩში ჩოგბურთელებმა საკუთარი მოწოდებები გაცვალეს, რის შემდეგაც ზედიზედ რვა გეიმში ბრეიკი დაფიქსირდა. მოკლედ, პირველი სეტი აბსოლუტურად თანაბარ და არასტაბილურ რბოლაში გაილია. ტაი-ბრეიკზე ამერიკელი 6:4-ს იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. თუმცა ამას ბეტანიზე ფსიქოლოგიურად არ უმოქმედია და მეორე სეტში 3:1 დაწინაურდა. სწორედ ამ დროს იპოვნა ანენმა ნამდვილი თამაში. ბელგიელმა სისწრაფეს მოუმატა და 15 წუთში ზედიზედ 5 გეიმი აიღო - 7:6(6), 6:3.

მეორე მატჩის შედეგიც ლოგიკური იყო - ისნერი უფრო მაღალი კლასის ჩოგბურთელია, ვიდრე ბემელმანსი, რომელმაც პერტში მხოლოდ ყაზახი ანდრეი გოლუბევი დაამარცხა. ამერიკელმა ორივე სეტის დასაწყისში ბრეიკი გააკეთა, ბელგიელმა კი ვერაფერი მოუხერხა ჯონის მოწოდებებს - 6:3, 6:4.

მამაკაცთა მატჩის გაგრძელება გახდა გადამწყვეტი მიქსტი: ისნერი თავის მოწოდებებზე არავის აძლევდა შანსს, ბემელმანსი კი ხშირად ცდებოდა, თანაც ანენთან შეთამაშებაც სერიოზულად მოიკოჭდებდა. პირველი სეტი ამერიკულმა დუეტმა ერთი ამოსუნთქვით მოიგო - 6:1 22 წუთში. მეორე სეტში ინტრიგა ხუთი წუთით გაჩნდა, როცა ბადესთან ისნერის უხეში შეცდომებით ბელგიამ ბრეიკი გააკეთა. თუმცა ამერიკელებმა სულ მალე დაიბრუნეს დაკარგული მოწოდება და იქვე მეორე ბრეიკით მეორე სეტიც მოიგეს - 6:1, 6:3. აშშ მეექვსედ გახდა ჰოფმანის თასის გამარჯვებული, რაც ტურნირის აბსოლუტური რეკორდია.

ჰოფმანის თასი

პერტი (ავსტრალია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 1 000 000 დოლარი

A ჯგუფი

1. სერბეთი - 2/1 (სეტები: 7-2); 2. ბელგია - 2/1 (6-3); 3. ავსტრალია - 2-1 (5-4); 4. ყაზახეთი - 0/3 (0-9)

B ჯგუფი

1. აშშ - 3/0 (7-2); 2. საფრანგეთი - 2/1 (5-4); 3. იტალია - 1/2 (3-6); 4. ბრიტანეთი - 0/3 (3-6).

ფინალი

ბელგია-აშშ 1:2 (ჟუსტინ ანენი-ბეტანი მატეკი 7:6(6), 6:3; რუბენ ბემელმანსი-ჯონ ისნერი 3:6, 4:6; ანენი/ბემელმანსი-მატეკი/ისნერი 1:6, 3:6.

ვოზნიაცკიმ ჩოგანი გამოცვალა

ქალთა მსოფლიოს პირველმა ნომერმა კაროლინ ვოზნიაცკიმ რუს მარია შარაპოვას მიბაძა და ახალი სეზონის წინ ჩოგანი შეცვალა. დანიელი აქამდე მუდმივად ფირმა Babolat-ის ჩოგნით თამაშობდა, მაგრამ ახლა მას Yonex-ის პროდუქცია ამჯობინა. ექსპერტების აზრით, ვოზნიაცკი სწრაფად უნდა შეეჩვიოს ახალ ჩოგანს, რადგან Babolat-ისგან განსხვავებით, Yonex-ის ჩოგნის თავი არა ოვალური, არამედ მართკუთხედის ფორმისაა.

ორი დღის წინ კაროლინმა ახალი ჩოგანით პირველი მატჩი ჩაატარა - ჰონგ კონგის საჩვენებელ ტურნირზე მან ჩინელი ნა ლი დაამარცხა - 6:4, 6:3, თუმცა მეორე დღეს სასტიკი მარცხი იწვნია რუს ვერა ზვონარევასგან - 1:6, 0:6.

მორესმო დირექტორი გახდა

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ფრანგი ამელი მორესმო პარიზის ტურინირის თანადირექტორის თანამდებობაზე დაუბრუნდა WTA-ის ტურს. მორესმო "პრემიერ" კატეგორიის ტურნირს კომპანია IMG-ის წარმომადგენელ რეჟი ბრიუნესთან ერთად უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია, რომ "დიდი სლემის" ტურნირების ორგზის ჩემპიონისთვის პარიზის ტურნირი ერთ-ერთი საყვარელია - 14-წლიანი კარიერის განმავლობაში ამელიმ ეს შეჯიბრი მხოლოდ ერთხელ გამოტოვა.

"ამ კორტზე ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტები განვიცადე. მადლობა ორგანიზატორებს იმისთვის, რომ ახლა ისევ მაქვს შეხება ამ ტურნირთან. იმედია, მოთამაშის გამოცდილება ახალ როლთან შეგუებას გამიადვილებს", - განაცხადა მორესმომ.

კიმი და ჟუსტინი ფედერაციის თასზე ითამაშებენ

2011 წელს ბელგიის ქალთა ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით გამოვა ფედერაციის თასზე. მსოფლიოს ორი ყოფილი პირველი ჩოგანი - კიმ კლაისტერსი და ჟუსტინ ანენი მზად არიან 5-6 თებერვალს, ანტვერპენში ამერიკის წინააღმდეგ ითამაშონ. ბელგიელთა შემადგენლობაში აგრეთვე იქნებიან იანინა ვიკმაიერი (23-ე ჩოგანი) და კრისტენ ფლიპკენსი (78-ე ჩოგანი).

შეგახსენებთ, რომ კლაისტერსისა და ანენის მონდომებით ბელგია 2001 წელს ფედერაციის თასის მფლობელი გახდა, თუმცა შემდეგ ეს ჩოგბურთელები იშვიათად ჩნდებოდნენ ეროვნულ გუნდში.

"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...