იამანიძის კალთაში...

რომ მცოდნოდა, იმქვეყნად გუნდიდან პირველი შოთა იამანიძე წავიდოდა, ჩემს მაისურას ნომერ 7-ს დავაწერდი!

1965 წლის თებერვალში თელავში ხმა დაირხა, გივი ჩოხელთან თბილისის "დინამო" ჩამოდისო. თელაველებს ეს შემთხვევა ხელიდან არ გაუშვიათ და გადაწყვიტეს, ის ღირსეულად აღენიშნათ. პირადად მე, სრულიად შემთხვევით გავხდი ამ ზეიმის მონაწილე. თელავის ისტორიული თეატრის დირექტორისთვის, დავით კეჟერაძისთვის, ვიღაცას უთქვამს, პირველ სკოლაში არის ბიჭი, რომელმაც "ოქროს მატჩის" რეპორტაჟი ზეპირად იცისო. ეს სკოლა მეფე ერეკლე II-ის ციხე-კოშკების გალავნების შიგნით მდებარეობს. ეს ის სკოლაა, სადაც ყრმა ვაჟა-ფშაველამ დაწყებითი განათლება მიიღო. ეს ის სკოლაა, სადაც გივი ჩოხელი სწავლობდა... თბილისის "დინამო" საბჭოთა კავშირის ჩემპიონი რომ გახდა, მეც ამ სკოლის II კლასის მოსწავლე ვიყავი...

50 წელი გასულა... მინდა უფრო თანმიმდევრულად გავიხსენოთ ის დღეები... თელავში გვიანი შემოდგომა... 1964 წლის 18 ნოემბერს საღამოთი ორი ასაკოვანი მეზობელი გადმოვიდა ჩვენთან და რადიოს მივუსხედით - ძველებურ "რეკორდს", ზუსტად ისეთს, კინოფილმ "მანანაში" რომ არის. იმ დღეს პირდაპირი სატელევიზიო რეპორტაჟი ტაშკენტიდან არ ყოფილა, თუმცა ამას სულ არ შეუშლია ჩემთვის ხელი, რეპორტაჟის ძირითადი მომენტები ზეპირად დამხსომებოდა...

შემეძლო კი წარმომედგინა, რომ ამ დღიდან სამი თვის და სამი დღის შემდეგ თბილისის "დინამოს" კაპიტნის შოთა იამანიძის კალთაში ვიჯდებოდი?! რასაკვირველია, არა... მაგრამ პატარა ბავშვებისთვის სასწაულები ნამდვილად ხდება...

თეატრის დირექტორი სპეციალურად მოვიდა სკოლაში, მომნახა და თეატრში რეპეტიციაზე დამიბარა. იქ მისულს ხელში "ნამდვილი" მიკროფონი მომცეს - "აბა, შენ იციო!"

"ლაპარაკობს ტაშკენტი!" - წარმოვთქვი პირველი ორი სიტყვა თეატრის ცარიელ დარბაზში. მიკროფონის ექომ სულ დამაფრთხო. დამიყვავეს, გამამხნევეს, მეც დავცხე და დავცხე. თეატრის დირექტორს ბოლო ეპიზოდი განსაკუთრებით მოეწონა:

"იამანიძის დარტყმა, "შტანგა!!", კიდევ დარტყმა! ისევ "შტანგა!!" ისევ დარტყმა!.." ეტყობა, მასაც გული სწყდებოდა, დინამოელთა კაპიტანს იმ დღეს ბედმა რომ არ გაუღიმა. "შტანგა" არა, "ძელი" უნდა თქვაო, შემისწორა.

ტაშკენტიდან დაბრუნებულ ჩემპიონებს, თბილისის გარდა, რამდენიმე ქალაქმა მოუწყო შეხვედრა. გივი ჩოხელის მშობლიურმა თელავმა მართლაც რომ საოცარი შეხვედრა ჩაატარა კახეთში ჩამოსული "ოქროს ბიჭებისთვის". ზეიმზე ერთ-ერთი პირველი მე გამოვედი. მახსოვს, როგორ გამომაწყვეს: შავი მოკლე შარვალი, მხრებზე სალტეებით, თეთრი პერანგი, ყელზე კი ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად შავი "ბაბოჩკა".

რეპეტიციისგან განსხვავებით რეპორტაჟი რიხიანად წავიყვანე. დათუნაშვილის "ჩახვეულმა" კუთხურმა დამატებით დრომდე მიგვიყვანა, იამანიძის დარტყმების შემდეგ ტორპედოელთა ძელი ჯერ კიდევ ზანზარებდა, როცა მიკროფონი გვერდზე გადავდე და უკან სცენაზე ორ რიგად მსხდომი ფეხბურთელების გადასაკოცნად გავეშურე. პირველად შოთა იამანიძისკენ გავეშურე... მან ხელში ამიყვანა, გადამკოცნა და ამის შემდეგ ფეხბურთელების ხელიდან ხელში გადავდიოდი...

მეორე რიგში მჯდომ აფშევს კოცნაზე უარი განვუცხადე. 8 წლის ბიჭს "ნაციონალისტობას" ვერავინ დამწამებდა, რადგან იქვე მჯდომ გურამ ცხოვრებოვს გადავეხვიე, ხოლო რატომღაც წვერმოშვებულ მურთაზ ხურცილავას ცივი უარი ვტკიცე, ამის შემდეგ მწვრთნელებს - კაჩალინს, ღოღობერიძეს და კოტრიკაძეს მივულოცე. მათ გვერდზე მჯდომ გივი ჩოხელს განსაკუთრებით გადავეხვიე და შოთა იამანიძის სკამზე დავსკუპდი! მეორე დღეს სახლში შენიშვნა მომცეს, თურმე სიხარულისგან ისე ვცქმუტავდი, მთელი საღამო მოსვენება არ მიმიცია დინამოელთა კაპიტნისთვის. გასაკვირი ის იქნებოდა, წყნარად რომ ვმჯდარიყავი. ბოლოს და ბოლოს, მე ხომ "დინამოს" კაპიტნის კალთაში ვიჯექი (?!).

დინამოელთა გუნდს თელავში არ ახლდნენ მხოლოდ სერგო კოტრიკაძე და მიხეილ მესხი. სერგოზე თელაველი ბიჭები ჯიუტად ამტკიცებდნენ: "მკვდარი" ბურთი აიღო, თავი ძელს მიარტყა და თვალები სტკივაო. აი, რატომ ვერ ჩამოვიდა თურმე იგი თელავში (?!).

დღევანდელი გადასახედიდან ვრწმუნდები, რომ ბავშვის "ცოცხალ ფანტაზიას" საზღვარი არა აქვს, რაც შეეხება სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ მიხეილ მესხს, მასზე ასეთი "იაფფასიანი" არგუმენტები ვერ გაჭრიდა. ხუმრობა ხომ არ იყო - ზაფხულობით უკლებლივ ყველა ბიჭს მაისურზე #11 ეწერა. მე კი ჯიუტად ყოველთვის სლავა მეტრეველის #9-ს ვატარებდი. ისე კი, მაშინდელი გულშემატკივრებიც ორად ყოფილან გაყოფილნი - "მესხისტები" და "იამანიძისტები". ქართველებს ეს სენი გვჭირს. წლების წინ ტელევიზიით გადაცემა მიუძღვნა ამ საკითხს დავით ქლიბაძემ. თვითონ მიშას უღიარებია თურმე - იამანიძისტი ვარო. მე მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი.

ვერ ვიტყვი, რომ სლავა მეტრეველი მიშაზე მეტად მიყვარდა... რომ შეიძლებოდეს ამ ბავშვობის წლების უკან დაბრუნება და რომ მცოდნოდა, რომ იმ თაობის დიდებული ფეხბურთელებიდან იმქვეყნად პირველი შოთა იამანიძე წავიდოდა, ჩემს მაისურას უცილობლად კაპიტნის ნომერ "შვიდს" დავაწერდი.

ზურაბ ტაბატაძე

თელავი

გამოყენებულია ფოტოები

დემიკო ლოლაძის წიგნიდან

"შოთა იამანიძე"

პ.ს. შარშან ნოემბერში ვლადიმერ ბარქაიას შევხვდი ტაშკენტში გამარჯვების 50 წლის იუბილეზე. მივულოცე და თელაველებთან შეხვედრაც გავახსენე...

"როგორ შეიძლება არ მახსოვდეს ეგ საღამო... მე და გივი ჩოხელი პავლოვის ქუჩაზე ერთ სადარბაზოში ვცხოვრობდით, მეზობლები ვიყავით და ყველაზე ხშირად მასთან თელავში მე ჩავდიოდი... საოცარი შეხვედრა მოგვიწყვეს თელაველებმა... გივი ჩოხელმა წინა წელს დაამთავრა საფეხბურთო კარიერა. ჩვენ კი, ორნი, მე და გიორგი სიჭინავა, ტაშკენტის მოედანზე ვიბრძოდით ჩემპიონობისთვის... გაგრის სტადიონის გადაღმა სიჭინავების ოჯახი ცხოვრობდა, გადმოღმა კი ბარქაიების"...

ამ წერილს რომ ვამზადებდი, "ობიექტივის" ტელევიზიაში სტუმრად მოწვეული სიომა ბარქაია შევნიშნე... თენგიზ პაჭკორიასთან ერთად გაგრაზე და აფხაზეთზე საუბრობდნენ... გიორგი სიჭინავაც გაიხსენა. წლების მანძილზე სოჭში საცხოვრებლად იძულებით გადასული სიჭინავა ისევ გაგრაში დაბრუნდაო...

ამ გადაცემის წამყვანს ტელეფონით დავუკავშირდი. სიომა ბარქაიას კიდევ ერთხელ გავახსენე თელაველებთან შეხვედრა. ასევე მინდოდა მეთქვა, რომ რაკი გიორგი სიჭინავა გაგრაში დაბრუნდა, ქართველებიც მალე დავბრუნდებით გაგრაშიც, აფხაზეთშიც და სამაჩაბლოშიც! ქართველები შენთანაც და გიორგისთანაც ვალში ვართ და აუცილებლად მოგიწყობთ შეხვედრას ტაშკენტის სტადიონზე გაჩემპიონებულ ბიჭებს...

სამწუხაროდ, ტელეფონი ნაადრევად გამითიშეს და ჟურნალ "ლელო წეეკ-ის" ფურცლებიდან შევთხოვ სიომა ბარქაიას, თელაველების მილოცვა გადასცეს გიორგი სიჭინავას...

OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს