17 მარტს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დუშეთში ღია ვარჯიში გამართა
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები თბილისის "დიდი პრიზისთვის" მზადების მიზნით დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე გადის დასკვნით შეკრებას, რომელსაც 18 მარტს დაასრულებს და თბილისში დაბრუნდება.

ისინი ტურნირამდე სპორტის სასახლესთანვე, ახალაშენებულ სასტუმრო "ბესტ ვესტერნში" იცხოვრებენ და, სავარაუდოდ, სპორტის სასახლეშივე ივარჯიშებენ, იქ თუ ტატამი დროულად დააგეს. თუ არადა, ისევ თავიანთ ოდინდელ ბაზას მიაშურებენ ვაკეში - ძიუდოს ყოფილ ცენტრალურ დარბაზს, რომელიც ამჟამად სამბისტების კუთვნილებაა. მათ სხვა ალტერნატივა, უბრალოდ, არ აქვთ, რადგან ძიუდოს აკადემიაში რემონტია.

რაზე ელაპარაკნენ ძიუდოისტები მინისტრს?

17 მარტს დუშეთში ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა, რომელსაც მედიასთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ესწრებოდნენ.

დასაწყისში ისინი მიესალმნენ სპორტსმენებს, კიდევ ერთხელ ისაუბრეს ამ შეჯიბრების მნიშვნელობაზე და წარმატება უსურვეს მათ. თავის მხრივ, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ აღნიშნა, რომ შეკრება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით წარიმართა და შეფერხებები არ ყოფილა, მერე კი ყიფიანს გუნდის სურვილი გააცნო, პირისპირ გასაუბრებოდნენ მას, კამერებისა და მედიის გარეშე.

ამაზე ყიფიანი დაეთანხმა და მართლაც კარგა ხანს ილაპარაკეს. რაზე, დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ როგორც მოგვიანებით ყიფიანმა გვითხრა, სპორტსმენთა ანაზღაურებაზე მსჯელობდნენ.

სამსჯელო და განსახილველი კი მართლაც აქვთ. აქეთ დაბალი სახელფასო ანაზღაურება, განსაკუთრებით - სათადარიგოებზე და თვით მინისტრმაც აღნიშნა, რომ სპორტსმენისთვის, განსაკუთრებით კი, ძიუდოსა და ჭიდაობების მსგავს ძალისმიერ სახეობებში, 150 ლარი, ფაქტობრივად, არაფერია (ამდენს იღებს საქართველოს მესამეპრიზიორი). თუმცა თითქოს ეს არ ეყოფოდათ და საერთაშორისო კალენდრის არევამ - ევროპის ჩემპიონატის ამოგდებამ ახალი თავსატეხი გაუჩინათ.

საკითხავია, აპრილიდან ივნისამდე რა ელოდებათ იმ ძიუდოისტებს, ვისაც ხელფასი ევროპის ჩემპიონატის შედეგების მიხედვით ჰქონდათ დანიშნული? შეგახსენებთ, რომ ევროპის პირველობა წლეულს აპრილში უნდა გამართულიყო, მაგრამ ის გააუქმეს, ამ სტატუსს კი ივნისში ბაქოში გასამართავი ევროპის პირველი თამაშები მიიღებს. მისი მედალოსნები ივლისიდან კი მიიღებენ ახალი ნიხრით დანიშნულ ხელფასს, მაგრამ საკითხავია, აპრილიდან ივნისამდე რა ეშველება მათ ანაზღაურებას?

როგორც გითხარით, მინისტრმა დაგვიდასტურა, რომ გუნდს სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაზე, ამ რეალობიდან ღირსეულად გამოსვლის გზებზე ესაუბრა, თუმცა არ გამოვრიცხავთ, საუბრის თემა სხვა რამეც ყოფილიყო.

ჩვენი ინფორმაციით, ძიუდოისტები (და არა მხოლოდ ისინი) მთელ რიგ საკითხებში სახელმწიფოს დამოკიდებულებით არ არიან კმაყოფილები. ასეთთა შორისაა გუნდურ პირველობაში მოპოვებული წარმატებები, სავარჯიშო ბაზა და სხვა, თუმცა ვიმეორებთ - ეს კულუარული ინფორმაციაა და მის მართებულობაზე თავს ვერ დავდებთ.

ამ დახურული საუბრის შემდეგ ნაკრები ვარჯიშს შეუდგა. იქ ირაკლი უზნაძის და სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში 40-მდე სპორტსმენია, მათგან კი ტურნირში მონაწილეობას 28 მიიღებს.

ნაკრები ოლიმპიურ ბაზაზე არა თავის ძველ დარბაზში, არამედ შედარებით გვიან გაკეთებულ კალათბურთელთა დარბაზში ვარჯიშობს, სადაც ბევრად დიდი ფართია.

მართალია, მისი მხოლოდ მესამედია ათვისებული, მაგრამ ტატამზე სიხალვათეა და ბიჭები თავისუფლად ვარჯიშობენ, არ ეშინიათ ილეთების გაკეთების და ერთმანეთთან შეჯახების.

ვარჯიში

დუშეთში მწვრთნელთა განკარგულებაში ნაკრების ყველა ლიდერი იყო: ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი ამირან პაპინაშვილი (60), ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, ევროპის ვერცხლისმედალოსანი ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე - 73), ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ევროპის ორგზის გამარჯვებული, მსოფლიოს ვერცხლ-ბრინჯაოსმედალოსანი ვალერი ლიპარტელიანი (90), ევროპის ორგზის ფინალისტი ადამ ოქრუაშვილი (+100).

თუმცა პირველი ნომრების გარდა, იქ უკლებლად იყვნენ მეორე ნომრები და საქართველოს ბოლო პირველობის თითქმის ყველა მედალოსანი: პაატა მერებაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე - 60), ვაჟა მარგველაშვილი (66), უშანგი მარგიანი, ბექა და პაატა ღვინიაშვილები (ორივე - 90), იოსებ მსხალაძე (100), ლევან მატიაშვილი (+100) და სხვები.

ნაკრების წევრებთან ერთად ვარჯიშობდა რამდენიმე ადგილობრივი ფალავანიც და ახალგაზრდული ნაკრების წევრიც. საერთოდ, ირაკლი უზნაძემ ეს ტურნირი ქვეყნის მედალოსნების გამოსაცდელად გამოიყენა, თუმცა რამდენიმე წონაში ეს წესი დაარღვია, რადგან სამი ლიდერი - პაპინაშვილი, ჭრიკიშვილი და ლიპარტელიანი ქვეყნის პირველობიდან გაათავისუფლა (პირველი - ტრავმის გამო, დანარჩენი ორი კი იაპონიაში გადიოდა ინდივიდუალურ შეკრებას), თუმცა მათ ამ შეჯიბრებაზე ადგილი იმთავითვე დაუჯავშნა.

ამ წონებში მოხვდა 100 კილოგრამიც, სადაც საკადრო კრიზისია, მსხალაძე კი სალიცენზიო რეიტინგში სხვებთან შედარებით უკეთეს პოზიციაზეა.

საბედნიეროდ, ყველა სპორტსმენი ჯანმრთელადაა და როგორც ექიმმა გიორგი მგელაძემ გვითხრა, სერიოზული ტრავმა, რაც ვარჯიშში ხელს შეუშლით და შეაფერხებთ, არავის აწუხებს. ვარჯიშის დროს მისი დახმარება მხოლოდ ორიოდე ფალავანს დასჭირდა, მათ შორის ერთი კი ადამ ოქრუაშვილი იყო, ვისაც ფეხზე წაუსვა მალამოები. ოქრუაშვილი სამწვრთნელო და საექიმო ჯგუფების განსაკუთრებული საზრუნავია - დიეტაზეა და უკვე 9 კილოგრამი დაიკლო, თუმცა დასაკლები კიდევ ბევრია.

ჭრიკიშვილს სია არც უნახავს

ვარჯიში დაახლოებით საათ-ნახევარი გაგრძელდა, თუმცა უმეტესობამ კომენტარი არ ისურვა, მხოლოდ ჭრიკიშვილი გაგვესაუბრა. აი, რა გვითხრა მან:

- მოგეხსენებათ, აქამდე ბაკურიანში გავიარეთ ფიზიკური მომზადების შეკრება, ახლა კი დუშეთში ვემზადებით დასკვნით შეკრებაზე. გუნდი ამ ტურნირში სრული შემადგენლობით იასპარეზებს. მადლობა ღმერთს, ტრავმები არაა.

ზოგს თითი კი სტკივა ან რამე ასეთი მარტივი ტრავმებია, მაგრამ ეს ჩვენი ყოველდღიურობაა.

გუნდი კარგადაა მომზადებული და ველოდებით ბევრ მედალს. მეც კარგ ფორმაში ვარ და ვეცდები, მივაღწიო დასახულ მიზანს და გავხდე თბილისის "დიდი პრიზის" ჩემპიონი. შიშით არც ერთი მეტოქის არ მეშინია, მაგრამ ცხადია, იქნებიან ღირსეული მეტოქეები.

ჭრიკიშვილს ისიც ვკითხეთ, დარეგისტრირებულ მეტოქეთაგან ვის გამოარჩევდა. ამაზე გვიპასუხა, რომ საერთოდ არ დაინტერესებულა ამ სიით. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ჩამოვა, ყველას უნდა მოუგოო, გვითხრა მან.

უზნაძეს ნაკრების გეგმებზე დავეკითხეთ - ამ ტურნირთან დაკავშირებითაც და უფრო სამომავლოზეც. გუნდის სადღეისო მომზადება მწვრთნელმა ასე შეაფასა:

- "დიდი პრიზისთვის" მზადებამ ნორმალურად ჩაიარა. ორი შეკრება გავიარეთ - ერთი ფიზიკური მომზადებისა, ახლა კი ლეიბზე ვვარჯიშობთ. იქიდან გამომდინარე, რომ წლეულს, გაზაფხულზე გასამართავი ევროპის ჩემპიონატი გაუქმდა და საერთაშორისო კალენდარი შეიცვალა, ამ ტურნირში ჩვენი ორი ლიდერიც გამოვა - ჭრიკიშვილი და ლიპარტელიანი, რაც თავიდან არ იგეგმებოდა.

გუნდი ამ ეტაპისთვის კარგადაა მომზადებული და იმ დონეზეა, რაც სადღეისოდ მოეთხოვება. იმედია, შეჯიბრებაში კარგად გამოვალთ, იმის მიუხედავად, რომ ის სალიცენზიოა და ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჩამოდის. ვიმედოვნებ, ბიჭები თავიანთ მაქსიმუმს აჩვენებენ. თავის წარმოჩენა ყველაზე ძნელიც და ადვილიც შინაურ შეჯიბრებაშია.

ამ ტურნირზე ზოგიერთ წონაში ჩვენთვის შედეგი არც ისე მნიშვნელოვანია, მაგრამ 66-სა და 100-ში ქულები, წარმატება აუცილებლად გვჭირდება. ველოდებით, რომ ჩვენი ბიჭები სერიოზულ შედეგს მოიპოვებენ და გამოიკვეთება ის კანდიდატი, ვინც ოლიმპიური ლიცენზიისთვის იბრძოლებს.

რაც შეეხება საერთაშორისო კალენდარში შეტანილ ზემოაღნიშნულ ცვლილებას, აპრილი საერთოდ გამოთავისუფლდა და ვგეგმავთ უცხოეთში შეკრებაზე წასვლას.

მუშაობა მიმდინარეობს იაპონიის ვარიანტზე და ორკვირიან ერთობლივ ვარჯიშზე უკვე დავითანხმეთ კოკუშიკანის კლუბი, სადაც შარშანწინ ვიყავით, მაგრამ ერთ თვეზე ცოტა მეტი ხნით გვინდა იქ ვარჯიში. შემოთავაზებაა ცუკუბასა და ტოკაიში. იმედია, ეს ვარიანტიც გამოვა.

უზნაძეს თბილისის ტურნირიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე სამსუნში, ზუსტად ანალოგიურ შეჯიბრებაზე წასაყვან შემადგენლობაზეც ვკითხეთ, მაგრამ ჯერ არ დაასახელა. ის ელოდება თბილისის ტურნირის დასრულებას და ამის შემდეგ გამოაცხადებს იქ მოჭიდავე გუნდს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

IKO
ბოქსიორის დაგდებული 2 ძიუდოისტი ვნახე ქუჩაში ტვინები ჰქონდათ გაერთიანებული :))
ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა
"უდინეზეს" მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს
"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს
ისრაელის გამო "საფეხბურთო ცივი ომი" დაიწყო - საქმეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაერია
"ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ" - ტრამპი მუნდიალის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანაზე
"იამალს გოგონების კალენდარი აქვს, თუ რომელ დღეს რომელ გოგოსთან გაატარებს" - ლამინის ყოფილი ქალბატონი ალაპარაკდა
პსჟ-ს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე
"ლივერპულმა" შესაძლოა, "ბაიერნის" მცველი უფასოდ დაიმატოს
ფლიკი თანახმაა - "ბარსელონა" ლევანდოვსკის შემცვლელად გირასის დამატებას განიხილავს
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"საჭიდაო არენა ხომ დაინგრა, ალბათ, მთელი დარბაზი მზად იყო, ნაკუწებად ვექციე"
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
ლაშა გუჯეჯიანი: მადლობა ქართველ ხალხს გულწრფელი სიყვარულისა და გულშემატკივრობისთვის
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
7 მაისს ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა და პროგრამა
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! [VIDEO]
ძიუდოისტების იმედი ოლიმპიადაზე - "ქართველი დარია ბილოდიდი" - ეთერ ასკილაშვილს გორისთვის კიდევ ერთი ოლიმპიური ოქრო სურს [PHOTOS]
წერილი ძიუდოისტებს - მადლობა, რომ გვაძლევთ შესაძლებლობას ვიამაყოთ
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?
თბილისის გრან პრის წინ: ვარსკვლავები დაგვიძვირდა
ირაკლი უზნაძე თურქეთის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ირაკლი ცირეკიძე ირაკლი უზნაძის ნაცვლად?