სენსაციები ქალთა ბადეში
ქალებმა გუშინ სრულად გაიარეს ინდიან უელსში მერვედფინალის პროგრამა და მეოთხედფინალური წყვილები დააკომპლექტეს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ იტალიელ ფლავია პენეტას ყველაზე კარგად ინდიან უელსის ტურნირზე გამოსდის თამაში. შარშან, მან აქ კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია, როცა ტიტული აიღო და, როგორც ჩანს, არც წელს აპირებს გაჩერებას. გუშინ აპენინელმა სენსაციურად დაამარცხა ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი მარია შარაპოვა.

ეს ჩოგბურთელები მეხუთედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და ანგარიში 2:2 იყო. თან იტალიელს ბოლო ორი შეხვედრა მოგებული ჰქონდა. პენეტამ გააგრძელა ეს სერია, თუმცა პირველი სეტი 3:6 წააგო და მეორეში, 2:2-ზე 0:30 ჩამორჩა საკუთარ გეიმში. მაგრამ აქედან მოყოლებული, თამაშის სურათი მკვეთრად შეიცვალა - ფლავიამ ზედიზედ ოთხი ქულის აღებით გადაარჩინა ეს გეიმი და შემდეგ მომდევნო 13 გეიმიდან 10 თავის სასარგებლოდ დაასრულა - 3:6, 6:3, 6:2.

პენეტას შემდეგი მეტოქე საბინ ლისიცკი იქნება, რომელმაც ანა იანოვიჩის მძლეველ კაროლინ გარსიას 6:4, 6:4 მოუგო.

კიდევ ერთი სენსაცია იყო უკრაინელი ლესია ცურენკოს გასვლა მეოთხედფინალში, არადა, ეს ჩოგბურთელი ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით მოხვდა.

ცურენკომ ორი რაუნდით ადრე კარიერაში პირველად დაამარცხა ტოპ-ათეულის წევრი (გერმანელი ანდრეა პეტკოვიჩი) და ახლა, გაიმეორა ეს შედეგი. მისი მატჩი კანადელ ეჟენი ბუშართან ორი საათი და 49 წუთი გაგრძელდა. პირველი სეტი უკრაინელს უნდა მოეგო: ის 5:3 დაწინაურდა და 5:4-ზე სეტზე აწვდიდა, მაგრამ ბუშარმა ტაი-ბრეიკამდე მიაღწია და შემოკლებული გეიმი 7:3 მოიგო.

კანადელმა თითქოს გატეხა მეტოქის წინააღმდეგობა, მაგრამ ცურენკომ არნახული ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა. მეორე პარტიაში ის მაშინ გადარჩა, როცა 5:4-ზე ბუშარი მატჩზე აწვდიდა, მესამე სეტის მოგება კი 1:4-დან მოახერხა. მატჩის საბოლოო ანგარიშია - 6:7(5), 7:5, 6:4 და თქმა არ უნდა იმას, რომ უკრაინელისთვის ეს პირველი მეოთხედფინალია კარიერაში ასეთი დონის ტურნირზე.

ამ ეტაპზე ცურენკო სერბ ელენა იანკოვიჩს შეხვდება, რომელმაც 1:3-დან გადაარჩინა მესამე სეტი შვეიცარიელი ვუნდერკინდის ბელინდა ბენჩიჩის წინააღმდეგ - 6:3, 3:6, 6:3.

გუშინდელი სათამაშო დღის ცენტრალურ მატჩში ამერიკელები - სერენა უილიამსი და სლოუნ სტივენსი ხვდებოდნენ ერთმანეთს. ყველას ახსოვდა 2013 წლის ავსტრალიის ღია პირველობა, როცა სტივენსმა სენსაციურად დაამარცხა სახელოვანი თანამემამულე. მას შემდეგ სერენამ ორჯერ მოუგო სლოუნს და გუშინ გააგრძელა ეს სერია.

რეალური ბრძოლა მხოლოდ პირველ სეტში იყო. თავიდან სტივენსმა 3:0 წაიყვანა ანგარიში, შემდეგ კი 4:5-ზე მატჩბოლის მოგერიება მოუწია, რაც შეძლო კიდეც და ბოლოს ტაი-ბრეიკზეც გაიმარჯვა. ეს პარტია 59 წუთი გრძელდებოდა.

მაგრამ, მეორე და მესამე სეტებში უილიამსმა დიდ უპირატესობას მიაღწია. მან ორივე პარტიის პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა და მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება არ მისცა - 6:7(3), 6:2, 6:2.

ახლა, სერენას 2015 წელს 11-დან 11 მოგება დაუგროვდა. დიდ ინტერესს იწვევს მისი შეხვედრა მეოთხედფინალში ტიმეა ბაშჩინსკისთან. შვეიცარიელი წელს არანაკლები წარმატებით გამოდის, ვიდრე სერენა. გუშინ, ბაშჩინსკიმ უკრაინელი ელინა სვიტოლინა სამ სეტში დაამარცხა - 4:6, 6:1, 6:1 და ეს მისთვის ზედიზედ მე-15 გამარჯვება იყო.

გასულ თვეში გამართული დუბაის ტურნირის ფინალის რემატჩი შედგა სიმონა ჰალეპსა და კაროლინა პლიშკოვას შორის. ის ფინალი რუმინელმა მოიგო და ახლა, გაიმეორა ეს შედეგი. ჰალეპმა ორივე სეტის ბოლოს უფრო ზუსტად ითამაშა და 6:4, 6:4 გაიმარჯვა.

სიმონას შემდეგი მეტოქე ესპანელი კარლა სუარეს ნავარო იქნება. მან 3:5-დან გადაარჩინა პირველი სეტი ბრიტანელ ჰიზერ უოტსონთან, მეორეში 3:6 დამარცხა, მაგრამ მესამე პარტიაში გამარჯვებულის საკითხი დღის წესრიგში აღარ დამდგარა - 7:6(5), 3:6, ,51.

ჰალეპსა და სუარეს ნავაროს შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში თანაბარია - 4:4.

ქალები

1/8 ფინალი

სიმონა ჰალეპი (რუმ, 3)-კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 14) 6:4, 6:4; კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 12)-ჰიზერ უოტსონი (ბრიტ) 7:6(5), 3:6, 6:1; ლესია ცურენკო (უკრ)-ეჟენი ბუშარი (კან, 6) 6:7(5), 7:5, 6:4; ელენა იანკოვიჩი (სერ, 18)-ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც, 31) 6:3, 3:6, 6:3; საბინ ლისიცკი (გერ, 24)-კაროლინ გარსია (საფ, 25) 6:4, 6:4; ფლავია პენეტა (იტა, 15)-მარია შარაპოვა (რუს, 2) 3:6, 6:3, 6:2; ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 27)-ელინა სვიტოლინა (უკრ, 23) 4:6, 6:1, 6:1; სერენა უილიამსი (აშშ, 1)-სლოუნ სტივენსი (აშშ) 6:7(3), 6:2, 6:2.

1/4 ფინალი

ს. უილიამსი (1)-ბაშჩინსკი (27); ჰალეპი (რუმ, 3)-სუარეს ნავარო (12); ცურენკო-იანკოვიჩი (18); ლისიცკი (24)-პენეტა (15).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე აქამდე არასდროს მისაუბრია" - მსოფლიოს ყოფილმა ნომერ პირველმა ჩოგანმა რთული პერიოდი გაიხსენა
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"იბერია" "ლარნესთან" მატჩის გადადებას ითხოვს - თბილისური კლუბი ბრიტანეთში კერძო თვითმფრინავით გაფრინდება
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
"ლივერპულმა" ბრედლი ბარკოლას შეძენის თაობაზე პირველი ნაბიჯი გადადგა
გრანდიოზული წვეულება და მოწვეული ვარსკვლავები - როგორი იქნება რონალდოსა და ჯორჯიანას ქორწილი
ერთ დღეში დახურული ორი ტრანსფერი - "იუვენტუსმა" გაძლიერება დაიწყო
ინფანტინო დანებებას არ აპირებს - ფიფას პრეზიდენტს დონალდ ტრამპის იმედი აქვს
ლუკაკუს "ნაპოლის" დატოვება და კარიერის MLS-ში გაგრძელება სურს
კონფერენს ლიგის წილისყრა: "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
გადაწყდა - პსჟ საფრანგეთის ნაკრების გარემარბს დაიმატებს
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...