საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები უკვე სამხრეთ კორეაშია
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები უკვე სამხრეთ კორეაშია, სადაც 7 აპრილს, საღამოს გაფრინდა. ჩვენები იქ ერთი თვით გაემგზავრნენ და ამ პერიოდში სეულის გარეუბანში, იონჯანგის უნივერსიტეტში ივარჯიშებენ.

მათი ძირითადი სპარინგ-პარტნიორი ამავე უნივერსიტეტის კლუბი იქნება, თუმცა კვირაში ერთხელ იმავე დარბაზს სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრებიც ესტუმრება ჩვენებურებთან სავარჯიშოდ.

კორეულ შეკრებაზე ირაკლი უზნაძის განკარგულებაში 14 ძიუდოისტი იქნება. აქედან 13 საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ დააფინანსა: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე - 60), ვაჟა მარგველაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (90), ალექსანდრე მსხალაძე, ალექსანდრე ზაალიშვილი (100), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (+100). ერთიც საკუთარი ხარჯით წავიდა - ზებედა რეხვიაშვილი, ვინც ახალი გადასულია 81 კილოგრამში.

ამ უცხოური შეკრების გამართვა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ევროპის ჩემპიონატის ჩატარება ჩაიშალა.

კონტინენტის პირველობისთვის აპრილში გლაზგოს უნდა ემასპინძლა, მაგრამ ბრიტანეთის ძიუდოს ფედერაცია თავის ევროპელ უფროსს პირობებზე ვერ შეუთანხმდა (ამბობენ, რომ განხეთქილების ვაშლად სატელევიზიო საკითხებზე უთანხმოება იქცა), რამაც ევროპის წლევანდელი პირველობა შეიწირა. შესაძლოა, ევროპულმა კავშირმა ალტერნატივის გამოძებნაზე იმიტომაც არ იაქტიურა, რომ ივნისში ბაქოში ევროპის პირველი სპორტული თამაშები ტარდება და გადაწყვიტეს, ის გაათანაბრონ ევროპის ჩემპიონატთან.

ეს აპრობირებული მეთოდია მსოფლიოში - რეგიონებში ოლიმპიური პრინციპით, ანუ ოთხ წელიწადში ერთხელ სპორტული თამაშების გამართვას დიდი ხნის ისტორია აქვს აზიაში, პან-ამერიკაში და სხვაგან, სადაც ამ ღონისძიებების წელს კონტინენტური პირველობები არ ტარდება.

ევროპულ თამაშებთან მიმართებაში ჭიდაობაც ასე მოიქცა - მათ იმთავითვე იუარეს ევროპის ჩემპიონატის გამართვა, ძიუდომ კი ორივე ტურნირის ჩატარება მოინდომა, თუმცა, საბოლოოდ, ორი კურდღლის მადევარს მაინც ხელი მოეცარა.

სამაგიეროდ, შოტლანდიელთა უარმა აპრილში ევროპელთა კალენდარში დიდი ვაკუუმი გააჩინა, რადგან ტურნირები ისედაც არაა დაგეგმილი.

საქმე ისაა, რომ კონტინენტური პირველობები უმეტეს რეგიონებში სწორედ აპრილში ტარდება და რადგან მზადების დასკვნითი ნაწილი ამ თვეზე მოდის, ამიტომ არც საერთაშორისო შეჯიბრებებია დანიშნული.

ჩვენებსაც მოუწიათ გეგმების გადაწყობა - ფორმის პიკზე სწორებამ აზრი დაკარგა და სხვა ტიპის მზადების აუცილებლობა გაჩნდა. ამიტომ გადაწყვიტეს უცხოეთში შეკრებაზე წასვლა.

სამწუხაროდ, საქართველოში სათანადო პირობების არქონის გამო აქ ვერ მიიღებდნენ უცხოელებს, თორემ სხვაგან წასვლა არც დასჭირდებოდათ.

ცხადია, თავიდან არჩევანი იაპონიაზე შეაჩერეს, თუმცა იქ მთლად ხელსაყრელი პირობები არ იყო.

უმთავრესი დაბრკოლება მაინც ის გახლდათ, რომ ამ დღეებში იაპონელებმა თავიანთი შიდა პირველობა ჩაატარეს და ჩვენთვის არ ეცალათ, მაისში კი ისევ დასვენების დღეები აქვთ.

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ამიტომ არჩია კორეაში წასვლა. იქ ჩვენი ბიჭები, ძირითადად, ტატამზე ივარჯიშებენ, ანუ უფრო მეტ ყურადღებას ტექნიკას დაუთმობენ, თუმცა გარკვეული დრო ფიზიკურ მომზადებასაც გამოეყოფა, ოღონდ ეს კომპონენტი ამჯერად არ იქნება გადამწყვეტი. ძირითადი აქცენტი მაინც ტექნიკაზე გაკეთდება.

როგორც გითხარით, ჩვენები კორეაში ერთი თვე დარჩებიან, თუმცა ნაწილი შედარებით ადრე დატოვებს იქაურობას - მაისში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეჯიბრება ტარდება: 1-3 მაისს ზაგრებში "დიდი პრიზის" ტურნირი ტარდება, 8-10 მაისს ბაქოში "დიდი მუზარადის" შეჯიბრებაა, 23-14-ში კი მაროკოული რაბათი მასტერსს უმასპინძლებს.

ამ ბოლო სტარტის დროს მთელი გუნდი უკვე საქართველოში იქნება, პირველ ორში მონაწილეობისთვის კი ნაწილ-ნაწილ წამოვლენ კორეიდან იმის მიხედვით, ვინ რომელ ტურნირში იჭიდავებს.

ჭრიკიშვილი გუნდს დატოვებს

თუმცა ჭრიკიშვილს მანამდეც მოუწევს უკან, ევროპაში გადმოფრენა და მერე ისევ უკან დაბრუნება - 23 აპრილს ის სოჭშია მიწვეული, სადაც წლის საუკეთესო სპორტსმენს დაასახელებენ. ამ გამოკითხვას უცხოური საიტი Sportaccord.com-ი ატარებდა და ნომინანტთა ათეულში ჩვენი მსოფლიოს ჩემპიონიც შედიოდა.

საბოლოოდ ჭრიკიშვილი "წლის მამაკაცი სპორტსმენის" ნომინაციაში ლიდერობს და ფინალურ ოთხეულში მოხვდა, სადაც ასევე შევიდნენ: რუმინელი კამილ მოლდოვეანუ (ჯიუ-ჯიცუ), პოლონელი ხელბურთელი მარიუშ ვლაცლი და ესპანელი მთამსვლელი, მონბლანის, მატერჰორნის, აკონკაგუას, მაკ კინლისა და სხვა მთათა დამპყრობი კილიან ხორნეტ ბურგადა.

ძიუდოისტებიდან ფინალში ლეგენდარული ფრანგი მძიმეწონოსანი, მსოფლიოს შვიდგზის და ოლიმპიური ჩემპიონი ტედი რინერიც მოხვდა, ოღონდ ის სხვა ნომინაციაშია - "სპორტის გმირები".

ჩვენს მწვრთნელებს ბარემ არ სურდათ შუა შეკრებიდან ჭრიკიშვილის გამოშვება, მაგრამ ეს საერთაშორისო ფედერაციის მკაცრი მოთხოვნაცაა - მისი პრესტიჟიცაა, როცა პლანეტის უძლიერეს სპორტსმენთა საფინალო ნომინანტებში ორი ძიუდოისტია.

იაპონელთა ახალი გუნდი

როგორც გითხარით, ამ დღეებში იაპონელებმა ქვეყნის პირველობა ჩაატარეს, რაც უაღრესად საინტერესოა უკლებლივ ყველა ძლიერი გუნდისთვის მსოფლიოში. მათ შორის - ჩვენთვისაც, რადგან ამ შეჯიბრებამ დიდწილად განსაზღვრა იაპონიის ნაკრების წლევანდელი შემადგენლობა. თან გვარიანი სენსაციებიც მოხდა. თუმცა ეს არ ეხება ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ორ წონას - 81-სა და 90-ს, სადაც ძველმა ლიდერებმა, ტაკანორი ნაგასემ (81) და მაშუ ბაკერმა (90) გაიმარჯვეს.

პირველმა ფინალში კეიტა ნაგაშიმას აჯობა, მეორემ - იუია იოშიდას. ჭრიკიშვილმა ნაგასესთან ბოლო სამი შეხვედრიდან ორი წააგო. ბაკერიც საკმაოდ უხერხული კონკურენტია ლიპარტელიანისთვის - კარიერაში ორივე პაექრობა მოუგო. მართალია, იაპონელმა ორჯერვე შინ იმარჯვა, მშობლიურ კანოს ტურნირზე, მაგრამ ფსიქოლოგიური უპირატესობა მაინც მის მხარესაა.

იაპონიის ჩემპიონატში ფრიად მოულოდნელი იყო მსოფლიოს ჩემპიონ შოჰეი ონოს (73) და მსოფლიოს ფინალისტ რიუ სიჩინოეს (+100) მარცხი, თუმცა ისინი მესამეზე მაინც გავიდნენ, მათი სხვა მსოფლიოს ჩემპიონები - ნაოჰისა ტაკატო (60) და რიკი ნაკაია (73) საერთოდ უმედლოდ დარჩნენ.

მსოფლიოს ჩემპიონთაგან იმედები მხოლოდ პლანეტის სამგზის გამარჯვებულმა და ოლიმპიურმა პრიზიორმა მასაში ებინუმამ (66) გაამართლა და ამჯერადაც გაიმარჯვა, სხვა წონებში კი ჩემპიონები შინჯი კიდო (60), სოიჩი ჰაშიმოტო (73), ნაგასე, ბაკერი, კაიჩან ტაკაგი (100) და კენტა ნიშიგატა (+100) გახდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა