როგორი განწყობით შეხვდა ჩემპიონატის პირველი ეტაპის ლიდერი "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი 2011 წელს
ჩვენს რესპონდენტს 2010-2011 წლების გასაყარზე ვეწვიე ოჯახში - გადავწყვიტეთ ახალ წელიწადს ერთად შევხვედროდით, მაგრამ ღვინის ბოკალით და არა - დიქტოფონით, თუმცა კინაღამ ასეც მოხდა. 23 საათი და 25 წუთი იყო, ინტერვიუს ჩაწერა რომ დავიწყეთ და ახალი წლის დადგომამდე 3 წუთით ადრე ოჯახის წევრების ყიჟინამ შეგვაწყვეტინა...

მერე კი გზადაგზა ვწერდით, ნაწყვეტ-ნაწყვეტ: ხან სერიოზულები ვიყავით, ხან ვხალისობდით და აშკარად არატრადიციული "პირისპირ" გამოგვივიდა... ტრადიციებით დახუნძლულ ახალ წელს. რუბრიკის მეკვლე კი ფეხბედნიერი კაცია - პროფესიული წარმატებით კარგ გუნებაზე შეხვდა 2011-ს და, ცხადია, ჩვენც იმავეს გვისურვებს საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ეტაპის ლიდერის, გუნდ "ზესტაფონის" წარმატებული მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე.

- იცი, პირველ ცხოვრებისეულ წარმატებად რა მიმაჩნია? დროულად, ასე, 21-22 წლისა რომ მივხვდი, დიდ ფეხბურთს ვერ ვითამაშებდი. ფიზიკურად ყოველთვის სუსტი ვიყავი, სისწრაფე მაკლდა და ცხადი იყო, ფიზიკური ნაკლოვანებები გონებრივს უნდა გადაეფარა - საფეხბურთო ინტელექტს ვგულისხმობ. ბავშვობიდან გაუცნობიერებლად ვხვდებოდი, მოედანზე ვის რა პოზიცია უნდა დაეკავებინა, რა გადაცემა გაეკეთებინა. ნახევარდაცვაში ვთამაშობდი და თითქოს ხელისგულზე ვხედავდი ყველა ფეხბურთელის მოძრაობას.

გავიზარდე და მივხვდი, რომ ჩემგან არც დიდი ფეხბურთელი დადგებოდა და არც თვითმფრინავთმშენებელი (ტექნიკური უნივერსიტეტის სწორედ ამ ფაკულტეტზე ვსწავლობდი), მაგრამ კარგი მწვრთნელი კი გამოვიდოდა. სწავლა ფიზკულტურის ინსტიტუტში განვაგრძე, შემდეგ კი - მოსკოვში, ასპირანტურაში და პროფესიულად შევისწავლე მწვრთნელის საქმე, 2006 წლიდან კი ლიცენზიაც მივიღე. ასე რომ, სწორი და დროული არჩევანი გავაკეთე (იღიმის). ჩემთვის საქმე უპირველესია. ამას ოჯახის წევრებიც შეეგუვნენ.

ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ მყავს მეუღლე, რომელიც ყველანაირად მიწყობს ხელს. ლელამ საოჯახო საქმეების დიდი ნაწილი იტვირთა, თუმცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს უჩემოდ არასდროს იღებს. ზესტაფონშიც გუნდი ერთ ოჯახად ვართ: ერთად ვჭამთ, ვსვამთ და ერთ სასტუმროში ვცხოვრობთ. ხანდახან ეს დამთრგუნველიცაა ფეხბურთელებისთვის და განტვირთვაც აუცილებელია. ამიტომ ხშირად დავდივართ ზესტაფონის თეატრში, ეკლესია-მონასტრებში, საფეხბურთო ცხოვრებას კულტურულ ცხოვრებასაც ვუთავსებთ. მათთან გაცილებით მეტ დროს ვატარებ, ვიდრე საკუთარ შვილებთან (ჩაფიქრდა). მე და ბავშვებს სულ გვენატრება ერთმანეთი. ამიტომაცაა, თბილისში რომ ჩამოვდივარ, ძირითადად ოჯახში ვარ და მირჩევნია, მეგობრები ჩვენთან მოვიდნენ.

- თეატრში თუ წაგიყვანია შვილები?

- სამწუხაროდ, არასდროს. ერთადერთი, თბილისში ყოფნისას სხვა გუნდების თამაშის საყურებლად დამყავს ხოლმე... ჩამჭრელ კითხვებს მისვამ (იღიმის). ძალიან ვცდილობ, კარგი მამა ვიყო, თუმცა ვაღიარებ, რომ შვილებს ჩემი ყურადღება აკლიათ... ჩემი მშობლები კი დიდ დროს ატარებდნენ ჩემთან. რა არის, არა, ცხოვრება? - პირად ცხოვრებაშიც და საქმეშიც რამდენი სიხარული მქონია და რამდენი - იმედგაცრუება. ყოველთვის დინჯი და სერიოზული ვიყავი. სიცელქით არც ბავშვობაში გამოვირჩეოდი. ოჯახში დისციპლინას მიმაჩვიეს და მოწესრიგებულობა დღემდე გამომყვა.

სხვათა შორის, ეს თვისება ბევრ რამეში დამეხმარა. ჯერ ისევ ახალგაზრდა ვარ და საკმაოდ თანამედროვე ადამიანად მივიჩნევ თავს, მაგრამ დისკოთეკებსა და ბომონდურ წვეულებებზე, დღეს რომ "ფართის" უწოდებენ, სიარული არ მიყვარს. იშვიათად, მართლა აუცილებელი რომ ყოფილა, ძალდატანებით წავსულვარ პრეზენტაციებსა და სხვა ამდაგვარ შეკრებაზე. ამას ნაკლადაც კი მითვლიან, არადა, ძალიან მიყვარს წვეულება, ოღონდ ოჯახში და მეგობრებთან ერთად. არც ახალი ადამიანის მიღება მიჭირს, თბილად ვხვდები და მერე, გზადაგზა ვცდილობ შეცნობას.

- თუ ასეთი უშუალო ხარ, რატომ გსაყვედურობენ ჟურნალისტები, გაგვირბისო?

- ხანდახან მოსულან კომენტარისთვის და თამაშის შედეგი არ სცოდნიათ, - უნდა მეპასუხა? ხშირად ისეთ დროს დაურეკავთ კომენტარისთვის, თამაში რომ იწყება ან მიმდინარეობს. ამ დროს მთელი ყურადღება მოედნისკენ მაქვს და ჟურნალისტს როგორ ვესაუბრო? თუმცა ადრე უფრო ცივ უარს ვამბობდი, ახლა ასე არ ვიქცევი. ვცდილობ, ჟურნალისტს ამომწურავად ვესაუბრო, ცხადია, საფეხბურთო თემაზე, ოღონდ თამაშის შემდეგ, განურჩევლად იმისა, გავიმარჯვეთ თუ დავმარცხდით. ვცდილობ სწორედ იმიტომ, რომ უკარება რესპონდენტად არ მიმიღონ...

ახლავე გავაქარწყლებ ჩემი კოლეგების თვალსაზრისსა და ხალისიან და იუმორით დაჯილდოებულ გია გეგუჩაძესაც გავაცნობ. შემთხვევით არ ავირჩიე საახალწლო რესპონდენტად: ჯერ ერთი, შვებულება აქვს, მეორეც - წლების მიჯნაზე ბედნიერი დღეების კასკადი ოჯახში. აქამდე გეგუჩაძეებთან დღესასწაული 28 დეკემბერს იწყებოდა, 2010-დან, რაც უფროსი შვილი პირველი ქორწინებიდან, თამუნა გათხოვდა, ერთი დღით გადმოიწია. ამდენი დამთხვევა ერთ ოჯახში უცნაურადაც კი მოგეჩვენებათ, მაგრამ ფაქტია, რომ: 27 დეკემბერი თამუნას მეუღლის, დათო ელიაძის დაბადების დღეა; 28 დეკემბერს უფროსი ვაჟი ასევე პირველი ქორწინებიდან, გიორგი 16 წლის გახდა, 29 დეკემბერს თამუნას დაბადების დღეა - 25 წლის შესრულდა; 30 დეკემბერს შუათანა ვაჟი მეორე ქორწინებიდან, გეგი დაიბადა; 10 წლის წინ კი, 2000 წლის 31 დეკემბერს ლელა ყამარაული, დღეს უკვე 7 წლის გეგისა და 5 წლის საბას დედა შეირთო ცოლად; უახლოეს დღეებში კი გია და ლელა ჯვრისწერას აპირებენ...

გია გეგუჩაძე: - თუ რამე კანონზომიერებას ეძებ ამაში, ეს იგივეა, რომ ახლა იატაკზე მიმოვაბნიოთ ასანთის ღერები, - ხომ გახსოვს ფილმი "წვიმის კაცი"? - მერე უცებ ვიკითხოთ: რამდენი ღერი დაიყარა და რატომო? ლოგიკა არ არის. ეს ჩვეულებრივი ცხოვრებაა, განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, უბრალო დამთხვევაა. ეგ არის, ყველაფერი ძალიან ლამაზად აეწყო, მოზაიკასავით, მაგრამ რთულიცაა: მეც, ლელასაც და ბავშვებსაც უდიდესი სამეგობრო გვყავს და ამდენი ხალხის გასტუმრება არ გინდა (იცინის)?

27 დეკემბრიდან სულ სამზადისში ვართ, ახალი წლის ჩათვლით სულ სუფრაა გაშლილი და თუნდაც არ დალიო, გადაბმულად ამდენი დღე სუფრასთან ჯდომა იოლი არაა. თუმცა დიდი სიხარულია: ეს ნიშნავს, რომ ოჯახი სრულფასოვანი ცხოვრებით - მეგობრებითა და ნათესავებით ცხოვრობს. ერთადერთი, უფლის წინაშე რომ გავმართლდეთ, ჯვრისწერა დაგვრჩა - აქამდე ობიექტური მიზეზით ვერ მოვახერხეთ, თუმცა მალე ამასაც მოვაგვარებთ.

- მაინც მინდა, გკითხო: რაღა 31 დეკემბერს მოგინდა ცოლის შერთვა?

- არც ვიცი, რა გიპასუხო: უცებ რომ მოგივლის ადამიანს რაღაც (იცინის). მე და ლელას სამი წლის განმავლობაში გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ ბოლო ხანს აღარ ვხვდებოდით. 2000 წლის 31 დეკემბერს უცებ ძალიან მომინდა ლელას ნახვა და შინ მივადექი. კარი რომ გამიღო, მაშინ გამახსენდა, მანქანაში ვარდები რომ დამრჩა. მოვუბოდიშე: მთავარი დამავიწყდა-მეთქი, გავბრუნდი და ყვავილები ამოვუტანე. თურმე, ოჯახი მგლოვიარედ ყოფილა: იმ დღეს ლელას გამზრდელი დეიდა დაუკრძალავთ, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე და ცოლობა მაინც ვთხოვე.

ლელა ყამარაული: - წამიმღერა კიდეც: "ისევ მოვედი შენთან" (იცინის).

გია გეგუჩაძე: - "მოვიჩქაროდი შენკენა, ტოტებს არხევდა ქარიო" (ღიღინებს)... მიყვარდა და იმიტომაც ვუმღერე. სხვათა შორის, გაჭრა - გამომყვა (იცინის). საერთოდაც, სიმღერა ძალიან მიყვარს. ადრე გიტარაზეც ვუკრავდი. ბავშვობაში კი 4 წლის განმავლობაში ვიოლინოზე დავდიოდი. 6 წლის ვიყავი, ფილმი ვნახე ომზე: პატარა ბიჭს ვიოლინოს ფუტლარით ასაფეთქებელი ნივთიერება გადაჰქონდა. გერმანელებმა გააჩერეს, გახსნეს ფუტლარი, დაინახეს ვიოლინო და დაკვრა მოსთხოვეს. ბიჭმა არაჩვეულებრივი მელოდია დაუკრა. მოგვიანებით გავიგე, ვივალდის ნაწარმოები ყოფილა.

ჩანს, ამან იმოქმედა ძალიან და ვიოლინოზე დაკვრის შესწავლა დავიწყე, მაგრამ მერე ვიოლინო და ფეხბურთი ვეღარ შევუწყვე ერთმანეთს და ფეხბურთი ვამჯობინე. ოჯახი კი "მოვწამლე" ფეხბურთით: ლელა ყველაზე ხმაურიანი გულშემატკივარია ტრიბუნებზე, თამუნაც ძალიან აქტიურია, გიორგის პირველი სიტყვები იყო "მამა" და "გოლ!", გეგის პირველი სიმღერა - "დინამო, დინამო", ახლა კი ის და საბა მთელი გრძნობით "ზესტაფონოს" მღერიან (იცინის).

ვნახოთ, ასეთივე გრძნობით თუ მოახერხებენ ფეხბურთის თამაშს, ჯერ მაინც პატარები არიან. თქვენ კი, ყველას - ჩემს ოჯახს, გუნდს, მეგობარ-ნათესავებს და სრულიად საქართველოს 2011 წლის მოსვლას გილოცავთ. მართლაც მოზაიკასავით ლამაზი და მრავალფეროვანი ყოფილიყოს თითოეულის ცხოვრება. იხარეთ და იდღეგრძელეთ მრავალ შობა-ახალ წელიწადს!

ირმა ხარშილაძე

გაზეთი "ყველა სიახლე"

dato
ოხ ეს ჟურნალისტები, ახალ წელსაც არ ასვენებენ ადამიანებს :D:D:D
buga
გენაცვალეეეეეეთ:)ჩემი სიხარულები ძალიან მიყვარხართ ყველანიიიიიიიიი:*:*:*ამ სურათზე ჭკუა მეკეტებააა:)
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა