ამ უქმეებზე რუსულმა ტიუმენმა ბერძენ-რომაელთა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ტურნირს - ივან პოდუბნის სახელობის მემორიალს უმასპინძლა

ამ უქმეებზე რუსულმა ტიუმენმა ბერძენ-რომაელთა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ტურნირს - ივან პოდუბნის სახელობის მემორიალს უმასპინძლა. მასში რუსეთის რეგიონების გუნდების გარდა, უზბეკეთის, აშშ-ს, ყაზახეთის, უკრაინის, ბელარუსისა და სხვა ქვეყნების ნაკრებებიც გამოდიოდნენ.

პოლიტიკურ მიზეზთა გამო, შეჯიბრებაში ჩვენი გუნდი არ გამოსულა, მაგრამ ტურნირი ქართველი ფალავნებისთვისაც საინტერესოა, რადგან ძირითადში აქ ირკვეოდა მათი მომავალი მეტოქეები ევროპის პირველობაზე. მასპინძლებისთვის კი სულაც მთავარი შესარჩევი შეჯიბრებაა. ამიტომ ხალიჩაზე ყველა იქაური უძლიერესი ფალავანი გამოვიდა.

ისვენებდა მხოლოდ ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ასლან-ბეკ ალბიევი (60) და ჩვენი თანამემამულე მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ორგზის გამარჯვებული ამბაკო ვაჩაძე (66).

ტურნირის წინ იქაურთა ნაკრების ქართველი დამრიგებელი გოგი კოღუაშვილი ვარაუდობდა, რომ შეჯიბრება ძლიერი იქნებოდა და დაძაბულ ბრძოლებში ჩაივლიდა, რაც გამართლდა კიდეც. ძალიან ბევრ წონაში სრულიად ახალი სახეები ვიხილეთ- ძველ ლიდერთაგან მხოლოდ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნაზირ მანკიევმა (55) და მსოფლიოს ორგზის, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ხასან ბაროევმა (120) გაიმარჯვეს, ხოლო უკლებლივ ყველა ტიტულის მფლობელები - ვარტარეს სამურგაშევი (74), ალექსეი მიშინი (84), ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ასლანბეკ ხუშტოვი (96) და სხვები კი ოქროს გარეშე დარჩნენ. იქაურ ნაკრებში ლიდერები ძალიან სწრაფად იცვლებიან, რაც კონკურენციის ზრდით აიხსნება. არადა, რუსებს ბოლო წლებში საგრძნობი ჩავარდნა ჰქონდათ, მაგრამ კოღუაშვილის ხელში თანდათან მოფერიანდნენ.

55 კილოგრამში ტრიუმფალური დაბრუნება მოიწყო მანკიევმა, რომელსაც ტრავმების გამო წლების განმავლობაში არ უჭიდავია. თუმცა იქნებ მისი უქმობის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა და, უბრალოდ, ისვენებდა. ამის თქმის საფუძველს კოღუაშვილის გაღიზიანებული ტონი გვაძლევს, როცა რამდენიმე თვის წინ მან ჩვენს მწვრთნელებთან საუბარში არც დამალა, რომ დაღალა ვარსკვლავების ჭირვეულობამ და მათთან დათმობას მეტად არ აპირებდა, მოურჯულებელთა შორის კი მანკიევიც დაასახელა. რუსულ პრესაში კოღუაშვილს ადრეც გამოუთქვამს სინანული, რომ ტრავმების გამო ვერც ნაზირს აკვირდებოდა და ვერც მის უმცროს ძმას - ბეკხან მანკიევს, რომელსაც ოლიმპიურ ჩემპიონზე უფრო ნიჭიერად მიიჩნევს. ინგუშ ძმებს უქმობისას დრო მთლად უქმადაც არ დაუკარგავთ და ერთდროულად დაქორწინდნენ.

ალბათ, მანკიევის დაბრუნება ოლიმპიადის მოახლოებას უკავშირდება - ლიცენზიებისთვის ბრძოლა წლეულს იწყება. პოდუბნის ტურნირი მან ისე მოიგო, სერიოზული წინააღმდეგობა არც შეხვედრია - ყველა ბრძოლაში ძირითად დროში იმარჯვა. მათ შორის, ფინალშიც მოსკოველ ივან ბლატცევთან და ადგილობრივ ქომაგს მხურვალე გულშემატკივრობისთვის მადლობაც გადაუხადა. ამ წონაში ბრინჯაოს მედლები ნოვოსიბირსკელმა ივან ტატარინოვმა და ბელარუსმა ელბეკ ტოჟიევმა მოიპოვეს.

დრამატულად განვითარდა მოვლენები 60-ში, სადაც ასლან აბდულინმა უძნელეს ბრძოლებში გააღწია ფინალამდე, მაგრამ იქ ნოვოსიბირსკელ ივან კუილაკოვთან დამარცხდა.

ყაბარდოელი აბდულინი რუსეთის ნაკრებში დამკვიდრებას 2008 წლიდან ჯიუტად ცდილობს - მაშინ ევროპაზე იჭიდავა, მაგრამ ვერა და ვერ დასძლია კონკურენცია. თითქოს ახლა ნავსი უნდა გაეტეხა, რადგან ფინალამდე კულიაკოვზე ბევრად ძლიერი მეტოქეები დაამარცხა - რუსეთის მოქმედი ჩემპიონი (ოღონდ ქვედა წონაში), მანკიევების ბიძაშვილი რუსტამ ხუჩბაროვი და ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ავარელი ზაურ კურამაგომედოვი. რუსეთის შარშანდელი მესამე პრიზიორი კუილაკოვი ამ დროს ახალბედა ფალავნების ძლევით მიიწევდა ფინალისკენ - ერთადერთი მეტ-ნაკლებად ცნობილი მეტოქე იბრაგიმ ლაბაზანოვი იყო, ნახევარფინალში კი მომავალი ბრინჯაოს პრიზიორი, თანაქალაქელი მაქსიმ მორდოვინიც დაჯაბნა, თუმცა მისი ბადე მაინც ვერ შეედრება აბდულინისას. ეტყობა, ყაბარდოელი ამან გამოფიტა კიდეც და ფინალი კუილაკოვმა ძირითად დროში მოიგო - 2:0.

ამ წონაში მორდოვინიც საინტერესო ფალავანი ჩანს - წინასწარ შეხვედრებში ადიღეელი ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი ვიაჩესლავ ჯასტე დასცა. აქ მეორე ბრინჯაო ხუჩბაროვმა მოიპოვა, რომელმაც საამისოდ კურამაგომედოვი დაამარცხა და უმედლოდ დატოვა.

შარშან 66-ში გადმონაცვლება ალბიევმა სცადა და რუსეთის პირველობაც მოიგო, მაგრამ ჯერჯერობით ისევ ძველ წონაში რჩება. ლიდერთა არყოფნაში აქ პეტერბურგელმა იური დენისოვმა გაიბრწყინა, რომელმაც ფინალში მოსკოველ მიგრან არუთიანიანს სძლია.

დენისოვმა ნახევარფინალში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონს, კრასნოიარსკელ ადამ კურაკს აჯობა, ვინც ამჯერად ბრინჯაოს დასჯერდა, მეორე ასეთი მედალი კრასნოიარსკელმა გაბრიელ ეპრიკიანმა მოიპოვა.

ვნახოთ, მოევლინა თუ არა 74-ს ახალი ლიდერი - ნოვოსიბირსკელი ივან ვლასოვი. ციმბირელი აქამდე დიდი შედეგებით არ გამოირჩეოდა, ახლა კი დამსახურებულად მოიპოვა ჩემპიონობა. მან ყველა შეხვედრაში ტიტულოვანი მეტოქეები დაამარცხა - ევროპის პრიზიორი ევგენი პოპოვი, რუსეთის შარშანდელი ჩემპიონი იმილ შარაფეტდინოვი, იმავე შეჯიბრების და ამ ტურნირის მომავალი ბრინჯაოს პრიზიორი ალექსანდრ ჩეხირკინი, ფინალში კი ორ პერიოდში აჯობა ევროპისა და მსოფლიოს ორ-ორგზის, ოლიმპიურ ჩემპიონ ვარტარეს სამურგაშევს. ეტყობა, 32 წლის სამურგაშევს სიკვდილამდე ლეიბზე ყოფნა გადაუწყვეტია და სპორტიდან წასვლას ჯერ არ აპირებს. ჭიდაობა ჩემი ცხოვრებაა და მე მისგან დიდ სიმოვნებას ვიღებო.

ალბათ, მიშინისა და ხუშტოვის წაგებები ამ ტურნირის მთავარი მოულოდნელობაა. 32 წლის მიშინის ცოდვა ახალგაზრდა ოსმა ალან ხუგაევმა დაიდო - ფინალი ორ პერიოდში მოუგო, მანამდე კი - ნახევარფინალში რუსეთის შარშანდელი პრიზიორი, ყაბარდოელი ოლეგ შოკოლოვიც დაჯაბნა, ოღონდ ამისთვის დამატებითი დრო დასჭირდა. კვლავაც სტაბილურად გამოვიდა რუსეთის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი, ბაშკირი აზამატ ბიკბაევი - ნახევარფინალში მიშინთან წააგო და საბოლოოდ ბრინჯაო მოიპოვა (ამ რანგის მეორე მედალი ამერიკელმა ჩარლზ ედვარდ ბეტსმა დაისაკუთრა). მიშინმა თავისი მარცხი ტრავმით გამოწვეული უქმობით ახსნა, ბოლომდე არ ვიყავი მზადო, თუმცა ამ ეტაპისთვის ვერცხლი ნორმალურ შედეგად მიიჩნია.

ხუშტოვმა შეჯიბრება უკრაინელ ევროპის პრიზიორ დმიტრი ტიმჩენკოს ძლევით დაიწყო, მერე პეტერბურგელ მაქსიმ საფარიანსაც აჯობა, ნახევარფინალი კი მომავალ ფინალისტთან, რუსეთის პრიზიორთან, მოსკოველ არტურ შახბანოვთან დათმო ძირითად დროში. ამ წონაში ჩემპიონი ოსი რუსტემ ტოტროვი გახდა, რომელმაც ნახევარფინალში რუსეთის ჩემპიონი ნიკიტა მელნიკოვი ძირითად დროში დაამარცხა, შახბანოვთან ფინალურ შეხვედრას კი ინტრიგებით აღსავსე უწოდა. აქ მან წააგო პირველი პერიოდი, მაგრამ მოიგო მომდევნო ორი. დამატებითში სამქულიანი გდება გააკეთა, მისი დასრულების შემდეგ კი აღნიშნა მეტოქის ''ინტრიგებით აღსავსე'' ჭიდაობა, თუმცა ხაზი ტრიბუნების მხურვალე მხარდაჭერასაც გაუსვა. ამ წონაში ბრინჯაოები ხუშტოვსა და მელნიკოვს დარჩათ.

ოსებს კიდევ ერთი ოქრო ბაროევმა მოუტანა, რომელმაც ფინალში თავისივე მეგობარი, მოსკოველი შახრუდი აიუბოვი დაამარცხა - 2:0. მან ტურნირიც ასევე დამაჯერებლად, იოლად მოიგო და ისე ეტყობა, თანაგუნდელები ლიდერობას ვერც წლეულს შეეცილებიან.

აქ ერთი ბრინჯაო ალექსანდრ ეკიმოვმა მოიპოვა, ვისაც ბაროევმა შარშან რუსეთის პირველობის ფინალში მოუგო, მეორე - რუსეთის ვორონეჟელმა პრიზიორმა ალექსანდრ ანუჩინმა, რომელიც ბოლო წლებში ერთხელ რუსეთის ნაკრებშიც ვიხილეთ მსოფლიოს პირველობაზე, თუმცა - უშედეგოდ.

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა