არმიელთა გამოცდილება ევროთასებზე გასვლის მსურველ სხვა ქართულ გუნდებსაც გამოადგებათ
შეკრება არ გაგვივლია და, რა ვქნათ, ფორმაში თამაშ-თამაშ შევდივართო, - გასულ წლებში ასეთი შინაარსის ფრაზას არაერთი ქართველი მწვრთნელისგან გაიგონებდით. წლეულს "არმიამ" ჯაჭვი გაარღვია და სლოვენიაში, ქალაქ კუპერში შეკრებაზე გაემგზავრა.

გარდა იმისა, რომ არმიელებს მოსამზადებლად კარგი პირობები ჰქონდათ, სპარინგ-მატჩებიც ნაყოფიერი გამოუვიდათ. თბილისელებმა ჯერ სლოვენიის ლიგაში მეექვსე ადგილზე მყოფ "სენჩურს" სძლიეს (77:65), შემდეგ პირველადგილოსან "ზლატოროგთან" დამარცხდნენ (72:76), საქართველოში გამომგზავრების წინა დღეს კი შეხვედრა ტუღუშისა და უგრეხელიძის ყოფილ კლუბ "სლოვანთან" დათმეს (68:79).

კუპერული შეკრების შესახებ "არმიის" მთავარ მწვრთნელ ლევან მოსეშვილს ვესაუბრეთ.

- სლოვენიაში 2-დან 17 იანვრამდე ვიყავით. ეს დრო სათანადო შეკრებისთვის საკმარისია. გვქონდა ორჯერადი ვარჯიშები, კარგი პირობები, კვებით დაწყებული სარეაბილიტაციო საშუალებით დამთავრებული. მოკლედ, მზადებით კმაყოფილი ვარ.

- შეკრების ბოლოს სამი საკონტროლო მატჩი ჩაატარეთ.

- ბოლო ოთხ დღეში 3 შეხვედრამ ცოტა დაგვღალა. ალბათ, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი ბოლო მატჩის წაგებისა. "სლოვანთან" შეხვედრაზე კუპერიდან ლიუბლიანაში ჩავედით, თან ნამგზავრები ვიყავით, თან ჩვენთვის ახალ დარბაზში ვითამაშეთ და მეტოქემ თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა. თუმცა ბოლო პერიოდში სხვაობა 6 ქულამდე შევამცირეთ, მაგრამ მეტი ვეღარ შევძელით.

- პირველადგილოსან "ზლატოროგთან" მოგება შეგეძლოთ?

- ჯერ "სენჩურთან" მატჩზე უნდა ვთქვა - ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, დასაწყისში მასთანაც გაგვიჭირდა. მეტოქე 16 ქულითაც დაწინაურდა, თუმცა მეორე პერიოდიდან თამაში გამოვასწორეთ და 12 ქულის სხვაობით მოვიგეთ. ასევე მძიმედ დავიწყეთ "ზლატოროგთან" მატჩი. ეს გუნდი კარგად გვყავდა შესწავლილი, რადგან ერთ დარბაზში ვვარჯიშობდით ("ზლატოროგი" წვრთნას რომ ამთავრებდა, ჩვენ შევდიოდით). გამარჯვება ნამდვილად შეიძლებოდა, ბოლო წამებზე სხვაობა 2 ქულამდე შევამცირეთ, მეტოქის იერიშიც მოვიგერიეთ და ანგარიშის გათანაბრების შანსიც გვქონდა, თუმცა ბურთი შეტევაში დავკარგეთ. საბოლოოდ 4 ქულის სხვაობით დავმარცხდით.

- სლოვენიურმა მატჩებმა რა დაგანახვათ?

- პირველ რიგში, გამოჩნდა, რომ ევროპაში დაცვას უფრო კარგად თამაშობენ ვიდრე საქართველოში. თუ ჩვენს ჩემპიონატში 80-90 ქულამდე ავდიოდით, სლოვენიაში ყველაზე მეტი, 77 ქულა ჩავაგდეთ.

მეტოქეები 40 წუთის განმავლობაში კარგ პრესინგს გვეთამაშებოდნენ. ასევე დავინახეთ, რა არის საჭირო ევროტურნირებზე გასვლისთვის. შეგვეძლო შედარებით სუსტ გუნდებს დავპირისპირებოდით, მაგრამ სლოვენიის ჩემპიონატის წამყვანი კლუბები შევარჩიეთ, რათა ჩვენი შესაძლებლობები კარგად შეგვეფასებინა. გამოჩნდა, თუკი გაისად ევროტურნირებზე გავალთ, შემადგენლობის გაძლიერება ნამდვილად დაგვჭირდება: თითო რგოლში თითო კარგი უცხოელი - ფარქვეშ, ფორვარდად და უკანა ხაზში. მხოლოდ "არმიაზე" არ ვამბობ, ჩვენი გამოცდილება ევროთასებზე გასვლის მსურველ სხვა ქართულ გუნდებსაც გამოადგებათ.

- სლოვენიიდან დიდი დანაკლისით დაბრუნდით.

- მძიმე ტრავმა მიიღო დავით უგრეხელიძემ, რომელსაც ექიმებმა აქილევსის მყესის ნაწილობრივი გაწყვეტა დაუდგინეს. დათოს მესამე დღეს ოპერაცია გაუკეთეს და იმ დღიდან თაბაშირი ერთი თვის შემდეგ უნდა მოიხსნას. ოპერაცია 10 იანვარს გაუკეთეს და დარჩა ორ კვირაზე ცოტა მეტი.

- რეაბილიტაციისთვის კიდევ რა დრო დასჭირდება?

- თეორიულად მან ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი თვით ადრე უნდა ითამაშოს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა კალათბურთელის ორგანიზმი ინდივიდუალურია. ყველაფერი უგრეხელიძეზეა დამოკიდებული, თუ წონაში არ მოიმატებს და ექიმის მითითებებს კარგად შეასრულებს, იმედია, რეაბილიტაციის პროცესიც ნორმალურად ჩაივლის.

- მის შემცვლელზეც ფიქრობთ. "არმიასთან" ერთად ტანმაღალი გიორგი შარაბიძე ვარჯიშობს...

- მეორე დღეა იგი ჩვენთან ერთად ემზადება. ვსინჯავთ და თუ გუნდს მოერგო, დავიმატებთ. პირველი ვარჯიშების მიხედვით შარაბიძე ურიგო შთაბეჭდილებას არ ტოვებს. იგი ძალიან ახალგაზრდაა 1990 წელსაა დაბადებული, 210 სმ სიმაღლისაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვინგსმა ფრთები თელავთან გაშალა | დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა