ჩოგბურთი. ავსტრალიის ღია პირველობა

ავსტრალიის ღია პირველობაზე მესამე წრე დაიწყო და ამ ეტაპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა გუშინ გაიმართა - შარშანდელი ფინალისტი ჟუსტინ ანენი რუს სვეტლანა კუზნეცოვას ხვდებოდა.

ამ ჩოგბურთელებს ურთიერთშეხვედრათა მდიდარი ტრადიცია აქვთ - აქამდე ისინი 18-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ბელგიელს სრული უპირატესობა ჰქონდა: 16:2. თუმცა ეს ყველაფერი ანენის სპორტიდან წასვლამდე ხდებოდა, ჟუსტინის დაბრუნების შემდეგ კი ისინი პირველად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ბელგიელს კიდევ ერთი სტატისტიკური მაჩვენებელი უმაგრებდა ზურგს - მას კარიერაში არასოდეს წაეგო "დიდი სლემის" ტურნირის მესამე წრეში.

შეხვედრა არც ისე ხარისხიანი ჩოგბურთით დაიწყო. მეტოქეები ბევრს ცდებოდნენ და კორტზე ნერვული ბრძოლა მიდიოდა. ჟუსტინის შემთხვევაში ეს გასაგებია - მას სათამაშო პრაქტიკა აკლია, რადგან შარშანდელი უიმბლდონის შემდეგ პირველ ოფიციალურ ტურნირს თამაშობდა. კუზნეცოვამ კი ბოლო წლებში მიაჩვია თავისი გულშემატკივრები არასტაბილურ გამოსვლას. მეშვიდე გეიმში რუსმა ბრეიკი გააკეთა, ამის შემდეგ ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და პარტია გამარჯვებამდე მიიყვანა.

მეორე სეტის სტარტზე ანენმა გამოასწორა თამაში და კორტზე მოვლენები მისი კარნახით მიდიოდა. მაგრამ შემდეგ ბელგიელმა ისევ უმატა შეცდომებს, ინიციატივა მეტოქეს გადაულოცა, რისი წყალობითაც კუზნეცოვამ მორიგი ბრეიკი მოიპოვა. რა თქმა უნდა, ბელგიელი ასე იოლად არ ნებდებოდა და წინააღმდეგობას უწევდა რუსს. მიუხედავად ამისა, სვეტლანამ ორი ურთულესი გეიმი აიღო და მატჩზე ჩასაწოდებისთვის გაემზადა. სწორედ აქ იჩინა თავი მისმა მთავარმა სენმა - არასტაბილურმა თამაშმა. რუსმა დათმო საკუთარი გეიმი, შემდეგ ისევ გააკეთა ბრეიკი და ისევ მატჩზე აწოდებდა... და კვლავ ბელგიელმა გაათანაბრა ანგარიში. ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, სადაც რუსს სეტბოლის მოგერიება მოუწია, თავად კი მეოთხე მატჩბოლიდან მიაღწია საწადელს და უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო.

მერვედფინალში კუზნეცოვას მეტოქე როლან გაროსის ჩემპიონი ფრანჩესკა სკიავონე იქნება. იტალიელს პირველ ორ წრეში რანგით დაბალ მეტოქეებთან სამსეტიანი მატჩების ჩატარება მოუწია, გუშინ კი იოლად ორ სეტში მოუგო მონიკა ნიკულესკუს.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა გუშინ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა კაროლინ ვოზნიაკციმ. მან

გასულ კვირას სიდნეის ტურნირზე განცდილი მარცხისთვის რევანში აუღო სლოვაკ დომინიკა ციბულკოვას. რევანში სრულფასოვანი იყო - საათნახევარში დანიელმა ზედიზედ ორი სეტი აიღო - 6:4, 6:3. სლოვაკი უფრო აქტიურად თამაშობდა და შეტევის მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ასეთ ტაქტიკას შეცდომაც ბევრი მოსდევს და ასე მოხდა ციბულკოვას შემთხვევაში. მეოთხე წრეში დანიელს ანასტასია სევასტოვა ელის, რომელიც კარიერაში პირველად გავიდა "დიდი სლემის" ტურნირზე ასე შორს. ამისთვის მას საათზე ნაკლები დასჭირდა რუსი ვესნა მანასიევას გასანადგურებლად - 6:1, 6:3.

ასევე იოლად მოიგეს თავიანთი მატჩები მე-8 და მე-9 ნომრებმა ნა ლიმ და ვიქტორია აზარენკამ, თუმცა მეტოქეებიც სუსტი ჰყავდთ - ბარბორა ზახვალოვა და შანელ სხეპერსი.

სამაგიეროდ, უფრო რთული გამოცდის ჩაბარება მოუწია მარია შარაპოვას. წავიდა ის დრო, როცა რუსი კლასით დაბალ მეტოქეებს იოლად უგებდა. დღეს მარიას ყოველ მატჩში რთული ბრძოლის გადატანა უწევს. ახლაც გერმანელ იულია გორჯესთან მატჩში მდევრის როლში აღმოჩნდა. მართალია, შარაპოვამ პირველმა გააკეთა ბრეიკი, მაგრამ სეტი მაინც დათმო - 4:6.

ერთადერთი, რაც მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს შერჩა - ხასიათის სიმტკიცეა. სწორედ ამის ხარჯზე გადაარჩინა მან მეორე სეტის სტარტზე საკუთარი გეიმი და ამის შემდეგ საბოლოოდ დაეუფლა ინიციატივას. მარიამ ბრეიკი გააკეთა და პარტიის ბოლომდე შეინარჩუნა უპირატესობა, მესამეში სეტში კი 4:0 დაწინაურდა და პრაქტიკულად გადაწყვიტა მატჩის ბედი. ერთადერთი, რაც გერმანელმა შეძლო, სხვაობის მინიმუმამდე შემცირება იყო, მაგრამ 5:4-ზე შარაპოვამ მატჩზე წარმატებით ჩააწოდა და მერვედფინალში გავიდა.

იქ რუსს კიდევ ერთ გერმანელთან - ანდრეა პეტკოვიჩთან დაპირსპირება ელის. მას გუშინ ყველაზე მეტად გაუმართლა - ვენუს უილიამსთან მატჩში სასტარტო გეიმი მოიგო, მეორეში ამერიკელი მარჯვენა ფეხზე კუნთის ტრავმა გაუმიზეზდა და ბრძოლა შეწყვიტა.

ნაკლებად საინტერესო იყო გუშინ მამაკაცთა შეხვედრები. იქ არანაირი სენსაცია არ მომხდარა. ტომაშ ბერდიხმა მოლოდინისამებრ მოუგო რიშარ გასკეს, რომელიც ისევ ვერ იყენებს თავის ნიჭს. ენდი როდიკმა იოლად დათმო პირველი სეტი შესანიშნავად მოთამაშე რობინ ჰაასესთან, მაგრამ შემდეგ ჰოლანდიელი დაიღალა და ზედიზედ სამი სეტი დათმო. როჯერ ფედერერმა საათნახევარზე ოდნავ მეტი დახარჯა ქსავიე მალისეს გასანადგურებლად, ტომი რობრედომ კი როდიკის მსგავსად პირველი სეტი წააგო, მაგრამ შემდეგ ბრძოლის ბედი თავის სასარგებლოდ შემოაბრუნა. წინა ეტაპებზე წვალების შემდეგ ფერნანდო ვერდასკომ ხარისხიანი ჩოგბურთი აჩვენა და სამ პარტიაში დაამარცხა ნიჭიერი იაპონელი კეი ნიშიკორი, გაელ მონფილსმა კი პირველი სეტის მოგების შანსი გაუშვა და შემდეგ თითქმის უბრძოლველად დანებდა სტანისლას ვავრინკას. არ გაამართლა სერბულმა დერბიმ - ვიქტორ ტროიცკიმ პირველი სეტი წააგო ნოვაკ ჯოკოვიჩთან და მუცლის კუნთის ტრავმის გამო აღარ გააგრძელა თამაში.

III წრე

კაცები

ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6)-რიშარ გასკე (საფ, 28) 6:2, 7:6(3), 6:2; ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 9)-კეი ნიშიკორი (იაპ) 6:2, 6:4, 6:3; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 14)-ივან ლუბიჩიჩი (ხორ, 17) 6:4, 7:6(8), 6:3; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 3)-ვიქტორ ტროიცკი (სერ, 29) 6:2 უარი; ენდი როდიკი (აშშ, 8)-რობინ ჰაასე (ჰოლ) 2:6, 7:6(2), 6:2, 6:2; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 19)-გაელ მონფილსი (საფ, 12) 7:6(4), 6:2, 6:3; ტომი რობრედო (ესპ)-სერგეი სტახოვსკი (უკრ) 5:7, 6:2, 6:4, 6:2; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ქსავიერ მალისე (ბელ) 6:3, 6:3, 6:1.

ქალები

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 29) 6:4, 6:3; ანასტასია სევასტოვა (ლატ)-ვესნა მანასიევა (რუს) 6:1, 6:3; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 23)-ჟუსტინ ანენი (11) 6:4, 7:6(8); ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 6)-მონიკა ნიკულესკუ (რუმ) 6:0, 7:6(2); ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 30)-ვენუს უილიამსი (აშშ, 4) 1:0 უარი; მარია შარაპოვა (რუს, 14)-ჯულია გორჯესი (გერ) 4:6, 6:4, 6:4; ნა ლი (ჩინ, 9)-ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ) 6:2, 6:1; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 8)-შანელ სხეპერსი (ს. აფრ) 6:3, 6:3.

ფოტო:

AZARENKA - აზარენკა ჯერ იოლად იგებს

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა