სატრანსფერო ფანჯარა

ზამთრის სატრანსფერო პერიოდი დასასრულს მიუახლოვდა და გვაქვს საშუალება, გარკვეული დასკვნები გამოვიტანოთ. თქვენს ყურადღებას წამყვან იტალიურ გუნდებზე შევაჩერებთ და მოკლედ შევაჯამებთ ყველაფერ იმას, რაც სატრანსფერო ბაზარზე ხდებოდა. დღევანდელ ნომერში იტალიური საკლუბო ფეხბურთის სამ აღიარებულ გრანდზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, გაგრძელება კი აუცილებლად იქნება.

მილანი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე აქტიური კლუბი სატრანსფერო ბაზარზე სწორედ “მილანი” გახლდათ. ლომბარდიული გრანდი ბოლო წლების ერთ-ერთმა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავმა რონალდინიომ დატოვა და კარიერა სამშობლოში გააგრძელა. დიდ ხანს საუბრობდნენ იმაზე, რომ გაუჩოს “მილანი” უნდა დაეტოვებინა და მოსახდენი ამ ზამთარს მოხდა. ბრაზილიელი შემტევი მასიმილიანო ალეგრიმ აითვალწუნა, ღრმა თადარიგში უკრა თავი და ისიც იძულებული გახდა, გარემოს გამოცვლაზე ეფიქრა. არადა, არაერთხელ განაცხადა პრესასთან საუბარში რონიმ – “მილანი” სამ ფრონტზე იბრძვის გამარჯვებისთვის, როგორც იქნა სერია A-ს ლიდერობს და მინიმუმ სეზონის ბოლომდე არსად წასვლის სურვილი არ მაქვსო. არ ჰქონდა, მაგრამ ფაქტობრივად აიძულეს და სამშობლოს გზას გაუყენეს.

რონალდინიოს Dშემცვლელად “მილანში” ანტონიო კასანო მივიდა, ფეხბურთელი, რომლის ნიჭი და კვალიფიკაცია არასდროს მდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ, მაგრამ მისი ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება ყოველთვის უჭირდა. მიუხედავად ამისა, გულშემატკივრები სიხარულით შეხვდნენ ანტონიოს ტრანსფერს და მასზე დიდი იმედებიც დაამყარეს. ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ “როსონერის” რიგები კიდევ რამდენიმე ფეხბურთელით უნდა შეივსოს – სახელდება გვარებიც: დომენიკო კრიშიტო, ანდრეა ლაძარი, ფილიპ მექსე, მარკ ვან ბომელი. დიდია შანსი, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ამ ოთხი ფეხბურთელიდან ერთმა მაინც “როსონერის” მაისურა მოირგოს. უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ ლომბარდიული გრანდის ღირსებას “აიაქსის” ყოფილი მოთამაშე ემანუელსონი დაიცავს - სწრაფი, ტექნიკური შემტევი, რომელსაც თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში როგორც ფლანგზე, ისე გამთამაშებლის პოზიციაზე. ექსპერტები თანხმდებიან, რომ “მილანი” საგრძნობლად გაძლიერდა და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ამ გუნდის საჩემპიონო შანსებმა იმატა. კმაყოფილია ადრიანო გალიანი და მიიჩნევს, რომ გუნდი მუდმივად გაძლიერების პროცესში უნდა იყოს: “შეტევითი ხაზი საგრძნობლად გავაძლიერეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს წინ დაგხვდება. კასანო და ემანუელსონი ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელები არიან, მათი თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა. წინა ხაზი დაკომპლექტებულია და მინიმუმ სეზონის ბოლომდე შემტევს აღარ დავიმატებთ. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე ნახევარმცველი, ან მცველი ვიყიდოთ”.

გალიანიმ სწორად შენიშნა, რომ ყველაზე ძლიერი რგოლი “მილანში” დღეს თავდასხმაა და თუ რომელიმე ფაზას სჭირდება გაძლიერება, ეს უდავოდ დაცვა გახლავთ. მით უმეტეს, “ჩეზენასთან” პაექრობაში ალესანდრო ნესტამ ტრავმა მიიღო და მინიმუმ სამი კვირით ჩამოშორდა ფეხბურთს. თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს დაცვის ცენტრში მოასპარეზე დანიელე ბონერამ, მიმდინარე სეზონში არაერთხელ ვნახეთ – საგულისხმოა, რომ მთლად კარგ შთაბეჭდილებას ვერც სოკრატის პაპასტატოპულოსი და მარიო იეპესი ტოვებენ. ოგუჩი ონიევუ კი საერთოდ ცოცხალი თუა, ერთი ღმერთმა უწყის. ამიტომ, თუ მილანელებს სურთ, რომ სატრანსფერო პერიოდი ბოლომდე გამოიყენონ გუნდის გასაძლიერებლად, ერთი კარგი მცველის დამატებას აუცილებლად უნდა მოაბან თავი.

ინტერი

ანდრეა რანოკიას დამატება ჯერ კიდევ რაფაელ ბენიტესის დროს გადაწყდა და ეს ტრანსფერი აბსოლუტურად ყველამ მოიწონა. ჯერ ერთი, ხუმრობა საქმე არ გახლავთ, როდესაც “ინტერი” იტალიელ ფეხბურთელს აკვირდება და მთლად გასაოცარი, როდესაც მას გადაიბირებს და ძირითად შემადგენლობაში დააყენებს. რანოკია “ნერაძურის” აღზრდილია და მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა მცველმა ჯერ “ბარის”, შემდეგ კი “ჯენოას” შემადგენლობაში ასპარეზობით გამოიჩინა თავი, მილანელებმა მისი დაბრუნება გადაწყვიტეს. გამომდინარე იქიდან, რომ რანოკიას სატრანსფერო უფლებების ნახევარი დათმობილი ჰქონდათ, მის გადასაბირებლად ჯიბეზე ხელის გაკვრაც მოუხდათ და ეს “ინტერის” მესვეურთა შეცდომად უნდა შევაფასოთ - როდესაც საკუთარი სკოლის აღზრდილ მოთამაშეში ფულის გადახდა გიწევს, სადღაც ნამდვილად გაქვს შეცდომა დაშვებული.

რანოკიამ ვალტერ სამუელის ადგილი დაიკავა, თუმცა იოლად ვერ აუღო ალღო ახალ გარემოს და რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა. შედეგად, ლეონარდომ სათადარიგოთა სკამზე გაამწესა და ძირითადში ხან მარკო მატერაცის ათამაშებს, ხანაც ივან კორდობას. მიუხედავად ამისა, რანოკიას ტრანსფერი უდავოდ წარმატებული გარიგებაა, რადგან უსაზღვროდ ნიჭიერ მცველს მთელი კარიერა წინ აქვს და აუცილებლად ითამაშებს დიდ ფეხბურთს – ასეთ პროგნოზს აკეთებენ იტალიელი ექსპერტები.

მთავარი სიახლე რაღა თქმა უნდა მთავარი მწვრთნელის შეცვლა გახლდათ – რაფაელ ბენიტესს მასიმო მორატიმ კარისკენ მიუთითა და მის ნაცვლად “ინტერის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლეონარდო დანიშნა. ბრაზილიელის თავკაცობით, “ნერაძურიმ” მიჯრით მოიგო შეხვედრები და ჟოზე მოურინიოს დროინდელი გუნდი გაგვახსენა – თუმცა, სერია A-ს უკანასკნელ ტურში უდინეში დაუცდა ფეხი და მეტოქეს სამივე ქულაა დაანება. ლეოს წარმატებული სტარტი მისი სწორი მუშაობის შედეგი გახლდათ თუ ახალი ცოცხის პრინციპი, ამას დრო გვიჩვენებს, მასიმო მორატის კი კარგი იქნებოდა ბრაზილიელისთვის ორი-სამი ახალი ფეხბურთელი გადაებირებინა. ბევრი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ჯონათან ბიაბიანის და ფელიპე კოუტინიოს იმედზე ასეთი კალიბრის გუნდი არ უნდა იყოს – გორან პანდევის დონის მოთამაშისგან ექსტრაკლასის ფეხბურთელის წარმოჩენა კი მხოლოდ ჟოზე მოურინიოს შეუძლია. დასკვნა ასეთია – მორატი უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო და მინიმუმ 3-4 მაღალი დონის ფეხბურთელი გადაებირებინა, აი ლეონარდოს შესახებ კი უმჯობესია სეზონის ბოლოს ვიმსჯელოთ.

იუვენტუსი

“იუვენტუსი” ის გუნდია, რომელიც მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის, მაგრამ ამასთანავე, აბსოლუტურად ყველა რგოლში უჭირს. ჯანლუიჯი ბუფონის კვალიფიკაციაში ეჭვი ნამდვილად არ შეგვაქვს, მაგრამ მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა მეკარემ ნახევარი წელი იუქმა და ფირმის აღსადგენად გარკვეული დრო დაჭირდება. აღარაფერს ვამბობთ სხვა რგოლებში არსებულ პრობლემებზე და განსაკუთრებით თავდასხმის ხაზზე.

2011 წელი ტურინული გრანდისთვის კოშმარულად დაიწყო – “პარმასთან” პაექრობაში “იუვე” 1:4-ზე განადგურდა და საუკეთესო ფირვარდი, ფაბიო კვალიარელა დაკარგა. იტალიის ნაკრების ფორვარდი სეზონის ბოლომდე გამოვიდა მწყობრიდან და ლაზარეთში გადაინაცვლა. ტურინელებმა მყისვე მოახდინეს რეაგირება და “ჯენოადან” ლუკა ტონი გადაიბირეს. სულ მალე ტონიც დაიმტვრა, მაგრამ სულ რომ ჯანმრთელი იყოს, კვალიარელას შეცვლა ნამდვილად გაუჭირდება. ამიტომ, გულშემატკივრებმა თავი არ მოიტყუეს და კლუბის მესვეურები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. დაფაცურდა ჯუზეპე მაროტა და დიდი აღტაცებით გვამცნო, რომ “უდინეზედან” ანტონიო ფლორო ფლორესი გადაჰყავდა, რომელიც საუკეთესო ასაკში გახლავთ და “იუვეს” აუცილებლად წაადგებაო. აი აქ კი ლუიჯი დელ ნერიმ ამოიდგა ხმა და მარიტას შეუთვალა, ეგ ბიჭი ჩემს გეგმებში არ შედის და ტყუილად ნუ დაიხარჯებიო. საბოლოო ჯამში, ფლორო ფლორესი “ჯენოაში” აღმოჩნდა, მაროტას კი დღემდე სჯერა, რომ ლუიშ ფაბიანოსთან დაკავშირებით “სევილიას” სატრანსფერო თანხაზე შეუთანხმდება. სანამ მაროტა ფიქრებშია გართული, დელ ნერი საშინელ დღეშია და გუნდს 4-5-1 ტაქტიკით ათამაშებს. ის ერთი ფორვარდიც კარვალიო ამაურია და რა გასაკვირია, რომ “ბიანკონერი” სწრაფი ტემპებით მიექანება სატურნირო ცხრილის შუაგულისკენ. ზემოთთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავძინოთ, რომ ლუჩანო მოჯი ბევრ რამეში მართალია.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა