ლელო ვიკიი

0000000000000000000000000000000000000000000

0000000000000000000

ხრიკებით და ოინებით

2 ოქტომბერს რევაზ ჩელებაძე 60 წლის გახდა. თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების თავდამსხმელი ქართველ გულშემატკივართა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოთამაშე გახლდათ მათ შორის, ვისაც კი ეროვნულ სტადიონზე უთამაშია...

ჩელე-პელე

"ჰალსტუხიანი" არც მოედანზე ყოფილა და არც მის მიღმა. დაუსრულებელი თავგადასავლებისა და მოულოდნელი გადაწყვეტილების გამო მაყურებელმა იმ დროს შეიყვარა, როდესაც "დინამოში" ვარსკვლავთცვენა იყო. მისი პენალტები კი ნამდვილი სანახაობა გახლდათ. ახლა "პირლოს" პენალტს რომ ეძახიან, თავის დროზე ჩეხი პანენკა და დინამოელი ჩელებაძე ასრულებდნენ. ბატონი რეზო ამას მაინც სხვაგვარად, თეატრალურად აკეთებდა - მეკარეს თვალს არ აცილებდა, მისი მოძრაობა რომ დაეჭირა, კუთხეს ირჩევდა და ნელა ურტყამდა. გულშემატკივრებს ძალიან უყვარდათ მისი პენალტები, რომლის დასახვეწადაც ვარჯიშების მერე რჩებოდა და 50-ჯერ მაინც არტყამდა.

მაგრამ განსაკუთრებული ორიგინალობით მის მიერ 1980 წლის 22 აპრილს, თბილისში, მოსკოვის "დინამოსთან" შესრულებული თერთმეტმეტრიანი გახლდათ: მეკარე ნიკოლაი გონტარი ელოდა, როდის მოიქნევდა ის მარჯვენა ფეხს, ჩელებაძემ კი ბურთს საყრდენი მარცხენა დაკრა - მეკარემ არათუ რეაგირება ვერ მოახერხა, ბურთი ბადეში რომ გაეხვია, მერეღა მიხვდა, რა ოინიც ჩაუტარა. გულშემატკივრებს ასეთი შედევრებისა და საფეხბურთო შოუების გამო უყვარდათ "ჩელე-პელე".

დიახ, "ჩელე-პელედ" მონათლეს "დინამოს" თავდამსხმელი იმ ეპოქაში, როდესაც მარადონას ვარსკვლავი ჯერ კიდევ ამოდიოდა, პელე კი უკონკურენტოდ მსოფლიოს პირველ ფეხბურთელად ითვლებოდა.

ჩელებაძე წერდა იმ "დინამოს" ისტორიის პირველ ფურცლებს, რომელმაც მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებებს მიაღწია. 1976 წელს საბჭოთა კავშირის თასი პირველად მოიპოვა. ფინალში ჩელებაძემ ლამაზი გოლი "არარატს" გაუტანა. არადა, სომხების კარი მანამდე ერევანში ორიოდე მეტრიდან ვერ აიღო და ამის გამო ანეკდოტების გმირი გახდა.

კაცი-კურიოზი ფეხბურთში სკოლის დამთავრებისას, 17 წლისა მოხვდა, მანამდე კი აჭარის კალათბურთელთა ნაკრების წევრი იყო. ბედის ირონიაა: პირველ ტურნირზე, სოფლის გუნდების გათამაშებაში ("ოქროს თავთავი") ლამის ყველა მატჩში 5-5 გოლი გაჰქონდა. მაგრამ ქობულეთელები ფინალში სოფელ ოჩხამურის გუნდთან 0:2 დამარცხდნენ, თავად კი პენალტი უბნის ინსპექტორ მეკარეს ვერ გაუტანა.

სულ კარიერაში ოთხი პენალტი ვერ გამოიყენა. ერთხელ ეს სსრკ-ს პირველ ლიგაში გადასასვლელ მატჩში კურიოზულ ვითარებაში მოხდა: ბათუმის "დინამო" სამარის "კრილია სოვეტოვს" ხვდებოდა და კოკისპირული წვიმის გამო, ბურთი წყალში ჩაეფლო (?!)

მოგება მარაკანაზე

ჩელებაძე ის იშვიათი ქართველია, ვისაც "მარაკანაზე" უთამაშია და ბრაზილიის ნაკრებთან მოუგია. ეს 1980 წლის 15 ივნისს საბჭოთა ნაკრებმა მოახერხა, რომლის ძირითად შემადგენლობაში ზიკოს, სოკრატესისა და სხვა ვარსკვლავების წინააღმდეგ ღირსეულად ითამაშა. იმ დღეს საბჭოთა ნაკრებს მოედანზე ალექსანდრე ჩივაძე გაუძღვა, ხოლო "წითლების" დაცვის მარცხენა ფლანგზე თენგიზ სულაქველიძე თამაშობდა. შეხვედრას 165 ათასი კაცი ესწრებოდა და პირველი და უკანასკნელი იყო, საბჭოთა კავშირმა ბრაზილიას მისსავე მოედანზე რომ მოუგო.

იმ წელს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კონსტანტინე ბესკოვი განსაკუთრებით ენდობოდა და საკონტროლო შეხვედრებში სისტემატურად იძახებდა: ბულგარეთთან გასვლაზე მოგებულ მატჩში (3:1) დებიუტი დუბლით აღნიშნა და ისე კარგად ითამაშა, მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ორივე ცენტრალური მცველი შეცვალა.

"საუკეთესოდ გამოავლინეს თავი ბესონოვმა, ჩელებაძემ, ჩივაძემ და ჩერენკოვმა... შეიძლება, მეორე ნახევარს რევაზ ჩელებაძის ბენეფისი ვუწოდოთ. ამ დროისთვის, ანგარიში 1:1 გახლდათ. მან ორჯერ მოახერხა ძლიერი დაცვის გარღვევა და ნაკრების მოგება განაპირობა 3:1", - წერდა მაშინ "სოვეტსკი სპორტი".

მერე შვედებს (5:1) მალმეში გაუტანა. ძირითადში იყო მოსკოვში პლატინის, ტრეზორისა და ტიგანას საფრანგეთთან მოგებულ (1:0) მატჩშიც. მაშინ ჩელებაძეს მოსკოვის "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი კონსტანტინ ბესკოვი ისე ენდობოდა, ფიოდორ ჩერენკოვი ჩელეს რეზერვისტად მოიაზრებოდა. არადა, ჩერენკოვი რუსი გულშემატკივრებისა და თავად რუსი სპეციალისტის ჯილა იყო და მისი გაწვრთნილი "სპარტაკის" ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა.

იმ წელს ბატონი რეზო სსრკ-ს თასის ბომბარდირი გახდა - მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო და საკავშირო რეკორდი გაიმეორა!

მერე იყო მოსკოვში გამართული ოლიმპიური თამაშები, სადაც დინამოელმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მაგრამ მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა, რადგან ტრავმამ თამაშის საშუალება არ მისცა.

ლეგენდების

წინააღმდეგ

1979 წლის 20 ნოემბერს თბილისის "ლოკომოტივის" (დღეს მიხეილ მესხის სახელობის) სტადიონზე საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრები გერმანელ თანატოლებს შეხვდა და 2:1 მოუგო: 34-ე წუთზე ანგარიში კიეველმა ანდრეი ბალმა გახსნა, რომელსაც ასისტენტობა ჩელებაძემ გაუწია, 39-ე წუთზე კი პენალტით თავისიანები თავად "ჩელე-პელემ" დააწინაურა. იმ დღეს საბჭოთა წითელ-თეთრი ფორმა კიდევ ხუთმა ჩვენებურმა მოირგო: თამაზ კოსტავამ, ილია რუხაძემ, ნუკრი კაკილაშვილმა, ამირან მინაშვილმა და გურამ აჯოევმა.

ეს უკანასკნელი თბილისში დაბადებული და ბორის სიჭინავას გაზრდილი იეზიდი თავდამსხმელი გახლდათ. მაგრამ საქართველოში დიდხანს არ გაჩერდა და მოსკოვის "დინამოსა" და "სპარტაკში" გამოსვლებით გახდა ცნობილი. 2015 წლის ზაფხულამდე მოსკოვის "დინამოს" სპორტული დირექტორი გახლდათ.

ამ დროს გერმანელებს ბერტი ფოგთსი წვრთნიდა, ამ გუნდის ბირთვმა კი სამი მსოფლიოს ჩემპიონატის (1982, 1986 და 1990) ფინალი ითამაშა. თბილისში მომავალმა ლეგენდებმა ითამაშეს:

ევროპის ჩემპიონმა და ბრინჯაოს მედლის (1980, 1988) მფლობელმა, ორგზის (1982, 1986) მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა აიკე იმელმა, გერმანიის ნაკრების ლეგენდარული კაპიტანმა, ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, გერმანიის, იტალიის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების გამარჯვებულმა ლოთარ მათეუსმა; ბუნდესნაკრების ამჟამინდელმა დამრიგებელმა იოახიმ ლიოვმა, "კიოლნისა" და გერმანიის ნაკრების ვარსკვლავმა პიერ ლიტბარსკიმ, მსოფლიოს ჩემპიონმა და ორგზის ვიცე-ჩემპიონმა რუდი ფიოლერმა; მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანმა, ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელმა და ბომბარდირმა თომას ალოფსმა.

ამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი კი ჩელებაძეს გადასცეს. ქართულ საფეხბურთო წრეებში კარგად ცნობილი ზაზა ბოკერია იხსენებდა, რომ მატჩზე მყოფი "კიკერის" რედაქტორი კარლ-ჰაინც ჰაიმანი ჩელებაძის თამაშით აღფრთოვანებული დარჩა და ეს სიტყვები თქვა:

"ამ კაცის თავი სავსეა ხრიკებით და ოინებით; თან ისე თამაშობს, კარგ ხასიათზე დაგაყენებს".

მატჩის საუკეთესო მოთამაშისთვის დაწესებული პრიზი ჩელებაძეს სწორედ "კიკერის" რედაქტორმა გადასცა. სხვათა შორის, იმელს მაშინ სწორედ "პირლოს" პენალტი გაუტანა.

ბესკოვის

აუხდენელი ოცნება

ამ თამაშის შემდეგ ეხვეწებოდა "ჩელეს" ბესკოვი "სპარტაკში" გადასვლას და სამოთახიან ბინასა და საუკეთესო პირობებს სთავაზობდა, რაც მაშინ ყველა საბჭოთა ფეხბურთელის ოცნება იყო. ამას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობთ.

ჩელებაძემ ნაკრებში 1977 წლის შემდეგ იწვევდნენ, მაგრამ ბესკოვი ამ მატჩის შემდეგ სერიოზულად დაინტერესდა და 1980 წლის იანვარ-თებერვალში, ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე საბჭოთა კავშირის მეორე ნაკრებთან და მოსკოვის "სპარტაკთან" სამი საკონტროლო შეხვედრა ათამაშა, სადაც მან 4 გოლი გაიტანა.

თავის დროზე, ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა თავდამსხმელმა რამაზ შენგელიამ ჩელებაძე ასე დაახასიათა:

"ქუთაისის "ტორპედოში" კონკურენტი არ მყავდა და ამიტომ თბილისის "დინამოში" გადასულს თავიდან ძალიან გამიჭირდა. ახალკაცის დროს გუნდში უდიდესი კონკურენცია იყო, მაგრამ ჩემსა და ჩელებაძეს შორის რომ იყო, ასეთი არ მახსენდება! ყველა შეხვედრაზე გვიწევდა იმის დამტკიცება, რომ ძირითადში მოხვედრას ვიმსახურებდით. რომ არა ჩელებაძე, ალბათ, ბევრს ვერაფერს მივაღწევდი - ჩემი ტიტულები და თასები რეზოს დამსახურებაცაა".

ჩელებაძე ბესკოვის განუხორციელებელ ტრანსფერად დარჩა. თავად ბატონ რევაზს კი ორ რამეზე წყდება გული: 13 მაისის ფინალის მიღმა რომ დატოვეს და მეორე, 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაზე აღმოსავლეთ გერმანიის ნაკრებთან ტრავმის გამო რომ ვერ ითამაშა.

არადა, 1980 წელს საუკეთესო ფორმაში იყო, ზედიზედ სამი თვე ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ასახელებდნენ და ნაკრებშიც იწვევდნენ, მაგრამ "დინამოში" ახალკაცი კონკურენტების ტრავმების დროსაც აღარ ენდობოდა. თასების მფლობელთა თასის 1980-81 წლების გათამაშებაზე საწყის ეტაპებზე ითამაშა, მაგრამ ფინალის წინ უთხრეს, დიუსელდორფში არ მოდიხარო და რეალურად, ფეხბურთზე ხელი სწორედ მაშინ ჩაიქნია. არადა, 25 წლის იყო.

მიზეზი ნოდარ ახალკაცთან გართულებული ურთიერთობა გახლდათ. ბესკოვს კი მიაჩნდა, რომ "სპარტაკის" სტილს სწორედ ჩელებაძისნაირი თავდამსხმელი შეეფერებოდა, მაგრამ "ჩელე-პელემ" საქართველო ყველაზე საძულველი საბჭოთა გუნდის მომხიბვლელ პირობებზე ვერ გაცვალა. წლების შემდეგ ამბობდა, შესაძლოა, ბევრიც დავკარგე, მაგრამ ეს ნაბიჯი იგივე იქნებოდა, "ბარსელონას" ფეხბურთელი "რეალში" რომ გადავიდეს, ამას კი ქართველები არ მაპატიებდნენო.

საცოლესთან

მისალმება

ვახტანგ ქორიძე იხსენებს: - ჩელე ჩემზე უმცროსია, მაგრამ "დინამოს" წარმატების გზა ერთად გავიარეთ. თანაც, ორივე აჭარიდან ვართ და ერთად მგზავრობა ხშირად გვიწევდა.

ასეთი ფეხბურთელები იშვიათად არიან. ჩემი აზრით, რეზომ დიდი ფეხბურთი ითამაშა. მაგრამ ხალხს მხოლოდ მარტო ამიტომ არ უყვარდა: რეზო ძალიან გულიანი და თბილი ბიჭია და ნებისმიერ თანაგუნდელს თუ გულშემატკივარს გულისხმიერად ექცეოდა. ეს დიდი თვისებაა. მისი მხიარული ხასიათი და იუმორი კი ცნობილი იყო. ისეთს იტყოდა, ყველაზე ცუდ განწყობაზე მყოფსაც გუნებას გამოუკეთებდა. სამწუხაროდ, ბოლოს ნოდარ ახალკაცთან ურთიერთობა ვერ აეწყო. არადა, რამაზ შენგელიასთან დიდი კონკურენცია ჰქონდა.

ერთ ამბავს მოგიყვებით და მიხვდებით, რა თბილი და მოსიყვარულე გულისაა: ეს ის პერიოდია, როდესაც შეყვარებულია და მალე უნდა დაოჯახდეს. ჩვენ კი დიღმის ბაზაზე ვიყავით და თბილისიდან კი არა, ბაზიდან გასვლასაც იშვიათად ვახერხებდით.

ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ, ღამის პირველი საათია და მირეკავს, ვახო, საცოლე მომენატრა და წამომყევიო.

მეგონა, საქმე სერიოზულად იყო და წავედით. მაგრამ მეორე დღის 12 საათზე უკვე თბილისში, ბაზაზე ვიყავით. იცით, რა ქნა? ქობულეთში რომ ჩავედით, მომავალ მეუღლეს მიესალმა და წამოვედით.

ამისთვის წამომიყვანე-მეთქი? მაგრამ ისეთი გულის ბიჭია, სხვაგვარად ვერ გაძლებდა.

ყოველთვის სითბოს გასცემდა და ახლაც ასეა. ვისაც მისი თამაშები უნახავს, დამეთანხმება, რომ დიდი მასშტაბის ფეხბურთელი იყო. ნეტავ, რეზოსნაირი თავდამსხმელი საქართველოს ნაკრებში გვყავდეს. დამიჯერეთ, ბევრად უკეთესი გუნდი იქნებოდა.

მერაბ მამულაშვილი

-0000000000000000000

გელა კეტაშვილი

ოცნების გვირგვინი

1988 წლის 27 სექტემბერს 23 წელი შეუსრულდა. განსხვავებული დაბადების დღე ჰქონდა: პაპანაქება სიცხეში 120 წუთი დაჰყო მწვანე მინდორზე და გამარჯვებულმა დატოვა სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანის "გუდეოკ სტედიუმის" მოედანი. იმ დღეს საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა ნაკრები სეულის ოლიმპიადის ნახევარფინალში იტალიას ეთამაშებოდა. ძირითადი დრო 1:1 დამთავრდა. დამატებითში საბჭოელებმა 3:2 გაიმარჯვეს და ფინალში გავიდნენ. ამ წარმატებაში დიდი წვლილი თბილისი "დინამოს" მცველმა გელა კეტაშვილმა შეიტანა.

იტალიელები და ხიზილალა

- იმ დღეს რა დამავიწყებს, - იხსენებს 27 წლის წინანდელ ამბებს ოლიმპიური ჩემპიონი, - იტალიელებთან მატჩის დაწყებამდე სტადიონზე გამოაცხადეს, რომ დაბადების დღეს მქონდა, რასაც ტრიბუნები ტაშით შეხვდნენ. მერე დაიწყო თამაში და დაბადების დღე ვიღას ახსოვდა. ის იყო, დამატებით დროში 3:1-ს ვიგებდით, რომ მეტოქის მორიგი იერიშისას იტალიელთა თავდამსხმელი რიციტელი დამისხლტა, დამზღვევი არავინ აღმოჩნდა და აპენინელი დიმიტრი ხარინთან პირისპირ გადიოდა. ამის დაშვება შეუძლებელი იყო, წამიერად მოვიკრიბე ენერგია და ზურგიდან მეტოქისკენ გაშლილი ფეხით წავედი. რიციტელი მოედანზე დაენარცხა. ჩემკენ გამოქცეულმა სირიელმა მსაჯმა ალ შარიფმა ხელი ჯიბისკენ რომ წაიღო, უნებურად თავში გამიელვა - "გელა, შენთვის ოლიმპიადა დამთავრდა". დამინდო არბიტრმა, ალბათ, დაბადების დღე რომ მქონდა იმიტომ - ყვითელი ბარათი მაკმარა. მატჩის შემდეგ სასტუმროში რომ მივედი, ერთი ქილა ხიზილალა და საბჭოთა ნაკრების მაისურა ავიღე და რიციტელის ნომერში მივაკითხე მოსაბოდიშებლად. გაუხარდა ჩემი ძღვენი და მადლობა გადამიხადა, მე კი ოთახიდან გულდამძიმებული გამოვედი - როგორი საქმეა, კაცს ფეხი მოვტეხე...

...ვინ ვინ და, გელა კეტაშვილმა კარგად იცის, რასაც ნიშნავს მძიმე ტრავმა. ოლიმპიადამდე ოთხი თვით ადრე თბილისში დნეპროპეტროვსკის "დნეპრთან" შეხვედრისას დაშავდა. ქართველმა ფეხბურთელმა წინასწარ გამოიგლოვა ოლიმპიური თამაშები. სხვებსაც არ სჯეროდათ, სეულში გამგზავრებას თუ შეძლებდა. მხოლოდ ოლიმპიური გუნდის ექიმი ზურაბ ორჯონიკიძე იყო დარწმუნებული, რომ საკავშირო ნაკრების მცველს ოლიმპიადამდე ფეხზე დააყენებდა. თქვა და შეასრულა კიდეც. ბატონი ზურაბი ყველა ფეხბურთელს ზედ ჰყვებოდა თურმე. მაშინდელი ოლიმპიური ნაკრების მცველი ვიქტორ ლოსევი იხსენებს: "ჩვენს კვებაზე ექიმი ზურაბ ორჯონიკიძე ზრუნავდა. ისეთი მენიუ გვქონდა, უცხოელებსა კი შურდათ. ნახევარფინალის წინ საუზმისას რესტორანში იტალიელებთან ერთად აღმოვჩნდით. სანამ "სკუადრა აძურა" თავის სპაგეტის მიირთმევდა, საბჭოთა ფეხბურთელებს ზურაბ ორჯონიკიძისგან გამოგზავნილი თითო ქილა შავი ხიზილალა დაგვირიგეს. აპენინელები აღშფოთდნენ - რატომ მათ აქვთ და ჩვენ არაო. ნახევარფინალური მატჩის შემდეგ ორჯონიკიძის ოთახში ასეთ სცენას წავაწყდი: იტალიელთა ნაკრების ექიმი კოლეგას ეხვეწებოდა, ხიზილალა მოგვყიდეო (მათ მე-3 ადგილისთვის გერმანელებთან უნდა ეთამაშათ). ვერაფრით დაიყოლია. ბატონმა ზურაბმა ტაქტიანად უთხრა უარი - წინ ფინალი გვაქვს და თავად გვჭირდებაო"...

ბიშოვეცის საჩუქარი

კომპლექსურმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო: ოლიმპიურ თამაშებამდე 18 დღით ადრე გელა კეტაშვილი იმ დელეგაციის შემადგენლობაში შეიყვანეს, რომელიც იაპონიაში გაემგზავრა საწვრთნელ შეკრებაზე. ხუთი საკონტროლო მატჩიდან მხოლოდ ორში მონაწილეობდა და ისიც ტკივილგამაყუჩებლების გამოყენებით. ყოველივეს მიუხედავად, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანატოლი ბიშოვეცი ენდობოდა ქართველ ფეხბურთელს და იაპონიიდან კორეაში იახლა. პუსანში ჯგუფური ტურნირის პირველი მატჩი მასპინძლებთან ფრედ დამთავრდა. მერე ტეგუში არგენტინელებს სძლიეს 2:1. ჯგუფის ბოლო მატჩი ამერიკელებს მოუგეს იოლად. მეოთხედფინალში ავსტრალიელები დაჯაბნეს - 3:0. მერე იყო იტალია. გელა კეტაშვილმა ხუთივე მატჩი შეუცვლელად ითამაშა. ფეხში საშინელ ტკივილს გრძნობდა, მაგრამ გუნდისთვის არ უღალატია.

აპენინელებთან პაექრობის შემდეგ ბიშოვეცმა საბჭოთა ფეხბურთელები კორეის დედაქალაქიდან 40 კილომეტრზე ინჩხონის პორტში მდგარ "მიხეილ შოლოხოვზე" დააბინავა. ასე უფრო იოლი იქნებოდა ფინალამდე შეგირდების კონტროლი, ვიდრე ოლიმპიურ სოფელში. ნაკრების წევრებს გართობაც არ აკლდათ, რადგან გემზე ესტრადის ვარსკვლავები, მსახიობები და, საერთოდ, ელიტის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ. გადამწყვეტი მატჩის წინა დღეს ბიჭებმა გელას უთხრეს, ბიშოვეცი გეძახის, მგონი, დაბადების დღის საჩუქარი უნდა გიძღვნასო. მორიდებით შეაღო კაიუტის კარი. მწვრთნელმა მაგიდასთან უხმო. ჯერ ფეხის ამბავი გამოჰკითხა, ხომ არ გაწუხებს, თამაშს ხომ შეძლებო. შეგირდისგან დადებითი პასუხი რომ მიიღო, მერე ბრაზილიის ნაკრები დაუხასიათა. "სამხრეთამერიკელებს ერთი ძლიერი თავდამსხმელი ჰყავთ - რომარიო. მიჩუქნია, აბა, შენ იცი, როგორ მოუვლი", - დასძინა ბოლოს. ქართველ ფეხბურთელს ხმა არ ამოუღია, მწვრთნელს დაემშვიდობა და კაიუტიდან გამოვიდა. "მოვუვლი, აბა, რას ვიზამ", - ფიქრობდა თავისთვის. ბიშოვეცმაც კარგად იცოდა, რომ გელა მის დავალებას მოკვდებოდა და მაინც შეასრულებდა.

ვაშა, ჩემპიონები ვართ!

სეულში ფინალური ორთაბრძოლა 1988 წლის პირველ ოქტომბერს გაიმართა. კეტაშვილი აჩრდილივით დასდევდა რომარიო დე სოუზა ფარიას - გასაქანს არ აძლევდა. პირველი ტაიმის 29-ე წუთზე სამხრეთამერიკელებმა კუთხურის ჩამოწოდების უფლება მოიპოვეს. მწვრთნელის დავალებისამებრ, ქართველი მცველი სერჟინიოს ამოუდგა გვერდით, რომარიო კი ამგვარ სიტუაციაში ლოსევს უნდა დაეჭირა, მაგრამ... წამიერად მეურვისგან გათავისუფლებულმა რომარიომ ბურთი ხარინის კარში გაგზავნა და თავისი გუნდი დააწინაურა - 1:0.

შესვენების შემდეგ საბჭოთა ფეხბურთელები გააქტიურდნენ. მე-60 წუთზე ალექსეი მიხაილიჩენკო ბრაზილიელებმა საკუთარ საჯარიმოში მოცელეს. იგორ დობროვოლსკიმ პენალტით წონასწორობა აღადგინა 1:1. 90 წუთი ასე დამთავრდა. დაინიშნა დამატებითი დრო, 103-ე წუთზე საკუთარი საჯარიმოდან კეტაშვილის დარტყმული ბურთი იური სავიჩევს მიუვიდა და ბრაზილიელთა მეკარესთან პირისპირ გასულმა შანსი ხელიდან არ გაუშვა - 2:1.

- გაისმა მსაჯის სასტვენის ხმა და სიხარულისგან შევხტი, - მეუბნება ბატონი გელა, - ვყვირი: ვაშა, ჩემპიონები ვართ! მივრბივარ თანაგუნდელებისკენ. ისინი კი გაკვირვებულები მიყურებენ. "რა გიხარია? - მეკითხება მიხაილიჩენკო. - წინ კიდევ თხუთმეტი წუთია სათამაშო". თავზარი დამეცა. როგორ გინდა გაუძლო... გავუძელით კოშმარს და ოლიმპიური ჩემპიონები გავხდით.

გემზე დაბრუნებულებმა იმ ღამეს გვარიანად მოულხინეს. მეორე დილით დასაჯილდოებლად წასვლა მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა შეძლო. მათ შორის გელა კეტაშვილი არ ყოფილა. სამაგიეროდ, თბილისის აეროპორტში იხილა ნამდვილი ზეიმი. დედაქალაქი ეგებებოდა სეულის ოლიმპიადის ქართველ გმირებს: ოქროს მედლის მფლობელებს - ნინო სალუქვაძეს (მან ვერცხლის მედალიც დაიმსახურა), გელა კეტაშვილს, დავით გობეჯიშვილს, ვლადიმერ აფციაურს, ვლადიმერ გოგოლაძეს, ვერცხლის მედალოსან ლერი ხაბელოვს, ბრინჯაოს პრიზიორებს - მაია აზარაშვილს, ამირან ტოტიკაშვილს, გიორგი თენაძეს, ვახტანგ იაგორაშვილსა და მიხეილ გიორგაძეს. თანაგუნდელებმა გელა კეტაშვილი ტრაპიდანვე ხელში აყვანილი წამოიყვანეს. უცნობი ადამიანები ეხვეოდნენ, კოცნიდნენ, ჩემპიონობას ულოცავდნენ. ის კი თვალებით ვიღაცას ეძებდა. ნახა, ხალხის ტალღას მოშორებული მოკრძალებით იდგა თავისთვის და იცრემლებოდა. გელამ ბიჭებს სთხოვა, ძირს დამიშვითო. ძლივს გაიკვლია გზა და მიუახლოვდა თუ არა, გადაეხვია, მერე კისერზე ოქროს მედალი ჩამოკიდა: "მამა, ამ ჯილდოში შენი ლომის წილი დევს", - უთხრა და თავადაც ცრემლით აევსო თვალები.

დინამოდან სეულამდე

დიახ, მამა იყო მისი პირველი დამკვალიანებელი. გაზეთ "ლელოში" წაეკითხა, 1964-1965 წლებში დაბადებულ ყმაწვილებს ფეხბურთის ჯგუფებში იღებენო და მეორე დღესვე შვილი "დინამოს" სტადიონზე წაიყვანა. გელა კეტაშვილი სერგო კოტრიკაძის შერჩეულ ბავშვებს შორის მოხვდა. ეს იყო 1973 წელს. მისი პირველი დამრიგებელი ცნობილი სპეციალისტი სერგო აპრესიანი გახლდათ. თამაშობდა "ნორჩ დინამოელში", 1981 წელს 16 წლისა ქუთაისის "ტორპედოში" ჩაირიცხა, 1984-1989 წლებში თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში საკავშირო ჩემპიონატებში 137 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა. სხვადასხვა დროს იყო ლანჩხუთის "გურიას" და თბილისის "თეთრი არწივის" წევრი. კარიერა 1995 წელს თბილისის "დინამოში" დაასრულა. 14 წლისა საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრებში მოხვდა და ევროპის პირველობაზე მეორე ადგილი დაიკავა. მერე საკავშირო ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი გახლდათ, 1986-1988 წლებში ოლიმპიური ნაკრების ღირსებას იცავდა. სპორტის დამსახურებულმა ოსტატმა 1989 წელს საბჭოთა კავშირის პირველ ნაკრებში სამი მატჩი ითამაშა. 1990 წლის 27 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თავის ისტორიაში პირველი საერთაშორისო შეხვედრა ჩაატარა ლიტვის გუნდთან, მატჩი დამთავრდა ფრედ - 2:2. გელა კეტაშვილი ჩვენი გუნდის პირველი კაპიტანი გახლდათ.

- თბილისელი ბიჭი ქუთაისის "ტორპედოში" როგორ მოხვდით? - ვკითხე ერთხელ ოლიმპიურ ჩემპიონს.

- მეცხრე კლასში ვიყავი, ქუთაისში რომ წამიყვანეს ტურნირზე. ეტყობა, მწვრთნელებს მოეწონათ ჩემი თამაში და "ტორპედოს" დუბლებში შემომთავაზეს ადგილი. გუნდი სწორედ მაშინ დაუბრუნდა საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგას და ასეთი შანსი როგორ უნდა გამეშვა ხელიდან.

- თავიდანვე დაცვაში თამაშობდით?

- ბავშვობისას თავდამსხმელი ვიყავი, ძალიან მიყვარდა ბურთების გატანა მოწინააღმდეგის კარში, მაგრამ 17 წლისას გივი ნოდიამ მითხრა, შენი ადგილი დაცვაშიაო და რა უნდა მექნა.

- "დინამოში" ვინ მიგიწვიათ?

-"ტორპედოში" დებიუტი წარმატებული გამოდგა. მწვრთნელები ყოველი მატჩის შემდეგ ხუთიანებს მიწერდნენ. სეზონის ბოლოს გუნდის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს. ყველაფერი ეს თბილისში შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ერთ საღამოს ქუთაისში "დინამოს" მწვრთნელი სერგო კუტივაძე ჩამოვიდა და მასპინძლებს განუცხადა, კეტაშვილი მიგვყავსო. მაშინ ჩემთან "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი ანატოლი ნორაკიძე მოვიდა და მითხრა: "შვილო, თბილისის "დინამოში" გიწვევენ. შენ ეს დაიმსახურე. ბედნიერ გზას და წარმატებებს გისურვებ". მაშინ საქართველოს პირველ გუნდში 1981 წლის ევროპის თასის მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებულები - გაბელია, ჩივაძე, გუცაევი, შენგელია, სულაქველიძე გამოდიოდნენ, რომლებიც ლამის წმინდანებად მიმაჩნდა და ერთგვარი შიშიც მიპყრობდა, მათ გვერდით როგორ უნდა მეთამაშა, მაგრამ მალე დავრწმუნდი, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ და მათგან ბევრი რამ ვისწავლე.

- ის თუ გახსოვთ, 1987 წელს უეფას თასზე თამაშისას 26-ე წამზე პენალტი რომ დაიმსახურეთ?

- როგორ არა. სოფიის "ლოკომოტივს" ვხვდებოდით. სასაცილოდ გამოვიდა ყველაფერი. მსაჯის სატვენზე ბიჭებმა ბურთი მოედნის ცენტრიდან მომაწოდეს. მეც წინ გავიჭერი. ეტყობა, ბულგარელები პირველსავე წამებზე ჩემგან ასეთ თავხედობას არ ელოდნენ და მხოლოდ მზერა გამაყოლეს. გონს რომ მოეგნენ, უკვე მათს საჯარიმოში ერთ-ერთი მცველი გაშლილი ფეხებით წამოვიდა ჩემკენ. მსაჯმა უყოყმანოდ დანიშნა თერთმეტმეტრიანი. მართალია, პენალტი რამაზ შენგელიამ ვერ გაიტანა, მაგრამ ის მატჩი მაინც მოვიგეთ.

გაბელიას სასჯელი

- სხვა საინტერესო ეპიზოდებსაც ხომ ვერ გაიხსენებდით?

- დნეპროპეტროვსკში ადგილობრივ "დნეპრთან" პაექრობისას პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მივიღე. შესვენების შემდეგ ერთ-ერთ მომენტში პროტასოვმა დრო იხელთა და ის-ის არის პირისპირ უნდა გავიდეს გაბელიასთან. ოთარი ყვირის, რამე მოუხერხეთო მაგ კაცს. მეც ვცადე, ბურთი ამერთმია მისთვის, მაგრამ მთლად სუფთად არ გამომივიდა. მსაჯმა დაუსტვინა და ჩემკენ გამოექანა. გაბელია წამსვე გაერკვა სიტუაციაში, მე მომვარდა და სილა გამაწნა. დავიბენი, ვერ გავიგე, რა მოხდა. ოთარი მატჩის არბიტრს მიუტრიალდა, პატივცემულო, მე უკვე დავსაჯე იგი და თქვენ ნუღარ შეწუხდებითო. მსაჯს გაეცინა. ასე გადავრჩი გაძევებას... მართალი გითხრათ, ერევანსა და ბაქოში არ მიყვარდა თამაში, რადგან ადგილობრივი ქომაგები რაღაცნაირად აგრესიულად იყვნენ ჩვენ მიმართ განწყობილი. 1989 წლის 9 აპრისლს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ერევანში გავემგზავრეთ სათამაშოდ. აეროპორტში ათასობით ადამიანი დაგვხვდა ყვავილებით ხელში. გაოცებისგან პირი დავაღეთ. მასპინძლებმა ასე გამოხატეს თანაგრძნობა საქართველოს დედაქალაქში დატრიალებული ამბების გამო.

- თქვენ 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატშიც უნდა გეთამაშათ...

- დიახ, ასე იყო. მაშინ საქართველო დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, ქართული ფეხბურთი გამოეყო საკავშირო ჩემპიონატს. არადა, ანატოლი ბიშოვეცი მოსკოვის "დინამოში" მიხმობდა, ვალერი ლობანოვსკი კი კიევიდან დღეში სამჯერ მირეკავდა - ჩამოდი და მსოფლიოს ჩემპიონატისკენ გზა ხსნილი გექნებაო. ეს ჩვენთან "ზემოთაც" იცოდნენ და მიტინგზე უთქვამთ, ერის მოღალატედ გამოვაცხადებთო. არც წავსულვარ - სამშობლოს ვანაცვალე ჩემი კარიერა. 1992 წლის 30 დეკემბერს, სხვა რომ არაფერი მებადა, ჩემი ოლიმპიური მედალი "ოქროს ფონდში" ჩავაბარე - მებრძოლებს უნდა დავეხმაროთო. ერთი წლის შემდეგ სარფის საბაჟოზე მესაზღვრეებმა ის მედალი ვიღაც ქალბატონს ჩამოართვეს, თურქეთში გასაყიდად მიჰქონდა. დღეს სახელმწიფო მუზეუმშია გამოფენილი.

გოლი, რომელმაც

კარიერა დაუნგრია

- ბატონო გელა, ძალიან მტკივნეული თუ არ იქნება, პირველი ეროვნული ჩემპინატის სადებიუტო მატჩი მინდა მოგაგონოთ...

- ჩემს საფეხბურთო კარიერას, ფაქტობრივად, იმ შეხვედრამ დაუსვა წერტილი: როგორც თქვით, 1990 წლის 30 მარტს ეს იყო პირველი ეროვნული ჩემპიონატის გახსნის მატჩი. თბილისის "დინამო" ფოთის "კოლხეთს" მასპინძლობდა. გადაჭედილი ტრიბუნები. პიდაპირი ტრანსაცია ტელევიზიით. ზღვისპირელთა ერთ-ერთი შეტევისას ბურთი უხერხულად მოვიგერიე და საკუთარ კარში გავიტანე. ორთაბრძოლაც ასე დამთავრდა. მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც მე მაშინ განვიცადე. შემდეგ მწვრთნელებთანაც გაიბზარა ჩემი ურთიერთობა. იმ ავტოგოლმა კარიერა დამინგრია. მომდევნო წელს საშინელ ავტოკატასტროფაში მოვყევი და ძლივს გადავურჩი სიკვდილს. მერე ინერციით ცოტა ხანს "გურიასა" და "თეთრ არწივში" ვიყავი. 1995 წელს ცსკა-ში წავედი გასინჯვაზე. ექვსი კვირა ვივარჯიშე დუბლებთან, მაგრამ, რომ შევატყვე, არაფერი გამომივიდოდა, ჩემს თავს ვუთხარ, გელა, შენი მატარებელი წავიდა-მეთქი, ტარხანოვს დავემშვიდობე და თბილისში დავბრუნდი. საგზაო პოლიციაში რიგით ავტოინსპექტორად დავიწყე მუშაობა...

ორი წლის შემდეგ კაპიტნის ჩინით გელა კეტაშვილი მთავარ სამმართველოში ერთ-ერთი განყოფილების უფროსად გადაიყვანეს. "ვარდების რევოლუციის" მერე ოლიმპიური ჩემპიონისთვის ეს ადგილი შეშურდათ, სამსახურიდან გაათავისუფლეს და მის სკამზე ერთ-ერთი დიდი ჩინოვნიკის ახლობელი დასვეს. ყველაფერ ამას დიდი სინანულით იხსენებს გელა კეტაშვილი, მაგრამ ყველაზე მეტად იმაზე წყდება გული, რომ საფეხბურთო კარიერას ზენიტში ყოფნისას გამოემშვიდობა. ალბათ, იტყვით, ოლიმპიურ ჩემპიონობაზე დიდი რაღა უნდა გაეკეთებინაო. მართალიც იქნებით: ოლიმპიური ჩემპიონობა ხომ ოცნებათა ოცნების გვირგვინია, მაგრამ სეულის გმირს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დღემდე უხრავს გულს.

გელა კეტაშვილი ხომ დიდი ფეხბურთიდან 25 წლისა წავიდა...

ვაჟა დანელია

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება