ვერ ვიტან მწვრთნელებს და პრომოუტერებს
ამასობაში, დონ კინგი კულისებს მიღმა იმალებოდა და ელოდა, სანამ ქალები კეიტონის მოშორების საქმეში ყველაზე მძიმე სამუშაოს ჩაატარებდნენ. შემდეგ კი თავად დაესხმებოდა მას თავს.

დონმა თავად მითხრა - რობინი და რუთი იმდენად თვითდაჯერებულები არიან, რომ სათანადოდ შეამზადებდნენ შესაბამის საფუძველს. ამ ყველაფრის პარალელურად, ხოსე ტორესიც ცდილობდა სცენაზე გამოსვლას და ჩემზე შეფობის აღებას.

ნამდვილი ქათამი ვიყავი, რომელიც ოქროს კვერცხებს დებდა. მიხაელ ფუქსმა ტელეკომპანია HBO-დან ასე მიწოდა - "სალარო აპარატი სპორტულ ტრუსებში".

გაზეთ "ნიუ იორკ პოსტში" დავცინე ხოსეს იდეას - გამხდარიყო ჩემი ერთ-ერთი შეფი. ამიტომაც მან გადადგომის შემდეგ კონტრაქტი გააფორმა მედიაკონცერნ "თაიმ უორნერთან" - წიგნი უნდა დაეწერა.

ავანსად 350 ათასი დოლარი მიიღო, რაც მაშინ დიდი ფული იყო. ოთხი წლით ადრე ხოსე დაჰპირდა კასს - დაეწერა წიგნი იმაზე, როგორ გავხდებოდი ჩემპიონი. მეგონა, რომ ხოსე წიგნში აღებულ ფულს კამილას გაუყოფდა, მაგრამ ახლა მან ეს წიგნი გამომცემლობას მიჰყიდა, როგორც ჩემი ავტორიზებული ბიოგრაფია.

- ვერ ვიტან მათ: მწერლებს, პრომოუტერებს, მენეჯერებს, საკაბელო ტელევიზიებს - ყველას. ისინი გადაწვდნენ ყველას და ყველაფერს: მე, ჩემს ცოლს, მწვრთნელს, სიდედრს, დედობილს, ძმას, ჩემს მტრედებს... არაფერი აინტერესებთ დოლარის გარდა, ამიტომაც არაფრის გაგონება არ მსურს მათ შესახებ. სისულელეა იმის მტკიცება, რომ ისინი ჩემი მეგობრები არიან. არ მჭირდება ასეთი მეგობრები.

შემიძლია ყველაფერი მივატოვო, ქუჩაში დავბრუნდე და ჩხუბი გავაგრძელო. არ მინდა არავინ, ვინც ჩემზე შეფობას აპირებს. ამ ეტაპისთვის ეს უკვე მეტისმეტია, საკმაოდ მაღალ დონეს მივაღწიე. მე მხოლოდ მწვრთნელი მჭირდება. ქუჩაში გავალ და მილიონებს ვიშოვი ქუჩის ჩხუბებში.

ღმერთო, საკუთარი თავის კონტროლი დავკარგე, საერთოდ ავურიე. ვლაპარკობდი მონაკოში გადასახლებაზე, ნებისმიერ ადგილას, აქედან შორს. ყველგან სიამოვნებით და სიხარულით მიმიღებდნენ. ინტერვიუ მივეცი ჯერი იზენბერგს, ვეტერან ჟურნალისტს ნიუიორკულ გაზეთ "სტარ-ლეჯერიდან". მან შეამჩნია, როგორ გასაცოდავებულ მდგომარეობაში ვიყავი და მკითხა - რაზე ვფიქრობ დილის გარბენების დროს.

- ვფიქრობ კასზე და იმ თემებზე, რის შესახებაც ის მიყვებოდა. იმაზე, რამდენად მართალი იყო ამ საკითხებში. და იმაზეც, რომ კასი აქ აღარ არის, რომ ძველებურად დამეხმაროს. და ამ ყველაფრის შემდეგ ვხვდები, ადრე რამდენად მხიარულება იყო. იმ დროს არ ვლაპარაკობდით მხოლოდ ფულზე. ყველანი ერთი ოჯახივით ვიყავით. მაგრამ ის მოულოდნელად გარდაიცვალა და ყველაფერი ფულს დაუკავშირდა. ფული, ფული, ფული. არავის არ მყავს, რომ დაველაპარაკო.

და უცებ იზენბერგის მკერდზე თავით დავემხე და ქვითინი დავიწყე. ისე ვტიროდი, რომ ჯერი იძულებული გახდა, თავის ოთახში დაბრუნებულიყო და პერანგი გამოეცვალა.

მაგრამ ამ ყველა გამაღიზიანებელმა მომენტმა მაიძულა, უფრო მეტი კონცენტრირება მომეხდინა კრივზე. მხოლოდ ასე თუ ამოვიგდებდი თავიდან ამ სიბინძურეს. სპარინგის დროს ბიჭებს ერთიმეორის მიყოლებით ნოკაუტში ვუშვებდი. უშუალოდ ბრძოლის წინ ჩვეულ მდგომარეობაში დავბრუნდი. გაზეთ "ბოსტონ გლოუბის" რეპორტიორს ვუთხარი:

- მე გავუსწორდები სპინქსს. ყველას დავამარცხებ. როცა ვინმესთან ვჩხუბობ, პირველ რიგში, მინდა მისი საბრძოლო ჟინი დავამსხვრიო. მინდა მასში სიმამაცე მოვსპო. გული ამოვგლიჯო და დავანახო.

ამბობენ, რომ ეს პრიმიტიულია, რომ უბრალოდ, ცხოველი ვარ. მაგრამ ის, ვინც ამას ამბობს, 500 დოლარს იხდის იმაში, რომ ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახოს. მე მებრძოლი ვარ, მეომარი. მე რომ კრივში არ წავსულიყავი, დამნაშავე გავხდებოდი. ასეთია ჩემი ბუნება.

მიმაჩნია, რომ ასეთი სიტყვით ფსიქოლოგიურად ვიმოქმედე მაიკლ სპინქსზე.

- ცოტა შიში შენს ცხოვრებაში - ეს ცუდი არ არის, - თქვა მან ბრძოლისწინა პრესკონფერენციაზე.

როცა რინგზე სპინქსთან საბრძოლველად გავდიოდი, სავსებით დარწმუნებული ვიყავი საკუთარ ძალებში. ვერ ვხედავდი ბრძოლაზე მოსული ჩვეულებრივი ადამიანებისგან იმ პატივისცემას, რომელსაც ვიმსახურებდი. ისინი დიდი ხანია ხედავდნენ სპინქსის საკრივო მიღწევებს, ვიდრე ჩემს გამოსვლებს. როცა ბრძოლის წინ, ნიუ იორკში ვსეირნობდი, ჩემთან ბიჭები მოვიდნენ:

- სპინქსი ნოკაუტში ჩაგაგდებს, ზანგო.

- ნარკოტიკები მიიღეთ? - ვკითხე მე. - როგორც ჩანს, უცხოპლანეტელები ხართ, თუ ამის გჯერათ.

გავიგე, რომ რობერტო დიურანს უნდოდა ჩემს ბრძოლაზე მოსვლა და ამის გამო აღელვებული ვიყავი. დონ კინგს ვთხოვე - მისთვის ორი ბილეთი მიეცა, რომ ჩემთან გასახდელში შემოსულიყო.

მაგრამ დიურანი კიდევ უფრო უკეთ მოიქცა. ბრძოლის დღეს ჩემს სასტუმრო ნომერში მოვიდა. ისეთი ბედნიერი ვიყავი ჩემს გმირთან შეხვედრით, რომ ეჭვი აღარ მეპარებოდა - ამის შემდეგ აუცილებლად მოვიპოვებდი გამარჯვებას. ის თავის მეგობართან, ლუის დე კუბასთან ერთად მოვიდა, რომელმაც ასეთი რჩევა მომცა: "წინ იარე და გონგისთანავე წააქციე ის".

- ხმა ჩაიგდე, შენი დედაც, - თქვა დურანტმა. - არ იჩქარო, ჩემო ბიჭო. გამოიყენე შენი ჯები. უბრალოდ, თვალი ადევნე მას საკუთარი ჯებით.

საღამოს, უშუალოდ ბრძოლის წინ, სპინქსის გუნდმა ჩემთვის ტვინის არევა გადაწყვიტა. მისი მენეჯერი ბაჩ ლუისი იმის სანახავად მოვიდა - როგორ მიხვევდნენ ხელებს და როგორ ჩამაცვეს ხელთათმანი.

- არა, არა, უნდა გაიხადო ხელთათმანი და თავიდან შეიხვიო ხელი, - მოითხოვა ლუისმა პროცედურის დასრულების შემდეგ. - იქ სახვევზე რაღაც სიმყარე შევნიშნე.

- არ გავაკეთებ არაფერს. წადი შენი... - ვუპასუხე მე.

- შენი არ მეშინია, - მითხრა ლუისმა. - ხელი გადაიხვიე.

- მე ღმერთი ვარ და არ უნდა გავაკეთო არაფერი, - ვთქვი მე.

- არა, შენ ამას გააკეთებ, ღმერთო, - გაჯიუტდა ბაჩი.

- წადი, შენი, - ჩაერია რუნი.

ბოლოს და ბოლოს, დავუძახეთ კრივის კომისარს ნიუ ჯერსიდან ლარი ჰაზარდს და სპინქსის მწვრთნელს, ედი ფიტჩს. მათ მოიწონეს ჩემი გადახვეული ხელები.

მაგრამ მე გაბრაზებული ვიყავი.

სპინქსი პირველი გავიდა რინგზე (ამ ბრძოლამ მიიღო სახელწოდება - "ერთხელ და სამუდამოდ"). გადავწყვიტე, კიდევ ცოტათი მემოქმედა მის ფსიქიკაზე და რინგზე სამგლოვიარო მუსიკის ქვეშ გავედი. ნელ ტემპში გავიარე დერეფანი, მაყურებელს ვუყურებდი ისე, თითქოს მათი მოკვლა მინდოდა. შიშის ატმოსფეროს შექმნა მსურდა. სანამ მივაბიჯებდი, სრულად აღვიქვამდი პუბლიკას.

მკვლელის იმიჯს ვქმნიდი. ამავდროულად, ვცდილობდი, მე და მაყურებელი ერთი მთლიანი გავმხდარიყავით. დავიწყე ჩემი ასტრალური ვარჯიშები იმისთვის, რომ პუბლიკას შევრწყმოდი. იმ მომენტისთვის, როცა რინგზე ავედი, საკმარისი იყო, ხელები მაღლა ამეწია, რომ მაყურებელი გადარეულიყო. შემდეგ დავინახე, რომ ჩემს მეტოქეს თანდათან გაუქრა ენერგეტიკა.

ამასობაში, რობინმა უინსტონს დაავალა - პირველ რიგში მჯდომი კეიტონისთვის სარჩელი გადაეცა. რობინს წითელი ბრჭყვიალა კაბა ეცვა, ღრმა დეკოლტეთი. ის დონ კინგის გვერდით იჯდა. ბუნებრივია, დონმა ძალიან გაიხარა, როცა რობინმა სარჩელის შესახებ აცნობა. ბრძოლას აგრეთვე ნორმან მეილერი ესწრებოდა, რომელმაც, მოგვიანებით, საინტერესო აზრი გაახმოვანა: "ტაისონი ოდნავ მოტეხილი ჩანდა. შეშინებული და შეწუხებული არ ყოფილა, მაგრამ ოდნავ დატანჯულს ჰგავდა, თითქოს რაღაც პრობლემა აწუხებს, რომლის გადაჭრა არ შეუძლია".

ნორმანი მართალი იყო, მაგრამ მე ერთზე მეტი პრობლემა მქონდა.

როგორც კი რინგზე ავედი და სპინქსს შევხედე, მივხვდი, რომ შევძლებდი მის დამარცხებას. რეფერის ინსტრუქტაჟის დროს ერთხელაც არ შემომხედა. სანამ გონგის ხმა გაისმებოდა, კევინმა გამიმხილა - ფსონს ჩავიდა იმაზე, რომ სპინქსს პირველ რაუნდში გავუშვებდი ნოკაუტში. როცა გონგი გაისმა, პირდაპირ მასზე წავედი.

გარკვეული ხანი ვავიწროებდი, დარტყმები გავცვალეთ და მივხვდი, რომ ის ტკივილს ვერ მომაყენებდა. ვერც კი ვგრძნობდი მის დარტყმებს. სადღაც ერთი წუთის შემდეგ ბაგირებთან დავიჭირე, მარცხენა აპერკოტი შევასრულე, მარჯვენათი კი კორპუსში მოვარტყი და ნოკდაუნში ჩავაგდე. პირველად თავის კარიერაში, სპინქსი რინგზე დაეცა. ვიცოდი, რომ ბრძოლა დასრულებული იყო, რადგან მთელი კვირა ვამუშავებდი სპარინგ-პარტნიორებთან კორპუსში დარტყმას.

ის დაეცა, იმის მიუხედავად, რომ არ იყო ძლიერი დარტყმა. რვა დათვლაზე წამოდგა და საწყის მდგომარეობაში დადგა. და გავაგრძელეთ. სამი წამის შემდეგ მან ალალბედი დარტყმა ისროლა, მე კი მარჯვენათი აპერკოტი შევასრულე და ყველაფერი დამთავრდა. ჩემს კუთხეში დავბრუნდი წინ გაშვერილი ხელებით. ყველა დიადი მოკრივე აკეთებდა ამ ჟესტს. ამით აჩვენებდნენ თვინიერებასა და მორჩილებას. მიმაჩნდა, რომ ისევ ვრჩებოდი დიად მოკრივედ.

ბრძოლის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განვაცხადე, რომ მსოფლიოში ნებისმიერი ადამიანის დამარცხება შემიძლია. და დავამატე, რომ რამდენადაც ვგრძნობ, ეს ბრძოლა შეიძლება ბოლო აღმოჩნდეს ჩემს კარიერაში. ორივე განცხადება შემთხვევით არ გამიკეთებია.

არ მქონდა კარიერის გაგრძელების სურვილი იქამდე, სანამ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი არ დალაგდებოდა. იმ დროისთვის უკვე შესანიშნავად მესმოდა, რომ თავიდან უნდა მომეშორებინა ქალები და ჩემი გუნდი. აუცილებელი იყო ყველაფრის თავიდან დაწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dat
მშვენიერია!!! მაგრამ ნუ იკარგებით ხოლმე რა ხალხს ძალიან აინტერესებს.
[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი
[VIDEO] უსიკმა დუბუა დაანოკაუტა და უდავო ჩემპიონის სტატუსი მესამედ მოიპოვა
ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
ყოფილმა "იუთუბერმა" ჯეიკ პოლმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი დაამარცხა [VIDEO]
"ილიას მინდა ვუთხრა, რომ..." - ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ქართველ "მატადორს" მიმართა
"ლომის გული და რკინის კვერცხები აქვს" - მერსონმა ტაისონზე ისაუბრა
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"ამას ძალიან ვნანობ" - მაიკ ტაისონი