იურგენის მემკვიდრე თომასი
არ შეიძლება, მიმდინარე სეზონის "დორტმუნდი" ნახო და არ მოგეწონოს. არ შეიძლება, "დორტმუნდი" ნახო და ფეხბურთით არ დატკბე. არ შეიძლება, "დორტმუნდი" ნახო და ერთხელაც არ დარწმუნდე, რომ თომას ტუხელი ძალიან კარგი მწვრთნელია.

"დორტმუნდი" გერმანულ ბუნდესლიგაში ვერ არის პირველ ადგილზე. ის მეორეზეა და 5 ქულით ჩამორჩება "ბაიერნს". ვინც იტყვის, რომ ცუდი შედეგია, მას ეგრევე შევახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლას "ბაიერნი" მიმდინარე სეზონში ამ პლანეტიდან არ არის და ისე თამაშობს, თითქოს, რომელიმე სხვა, ჩვენთვის უცნობ ცივილიაზაციას წარმოადგენდეს.

და მაინც, 5 ქულა არ არის ის სხვაობა, რომლის აღმოფხვრაც ფანტასტიკის სფეროდან იყოს. "ბაიერნი" აუცილებლად დაკარგავს ქულებს. მით უმეტეს, სეზონის დასკვნით ნაწილში ჩემპიონთ ლიგის ყველა მატჩის ფასი გაიზრდება და არც ის გამოვრიცხოთ, რომ ზოგიერთი მათგანისათვის საგანგებო მომზადებაც კი გახდეს საჭირო.

ასე რომ, "დორტმუნდმა" ჩემპიონობაზე არ უნდა ჩაიქნიოს ხელი. აი, ჩემპიონთა ლიგის საგზური კი გუნდს ჯიბეში უდევს. ყოველ შემთხვევაში, ამ გადასახედიდან ასე ჩანს. ის, რაც მოხდა წინა სეზონში, ახლა აღარ მოხდება. დაგვეთანხმებით - ჩემპიონთა ლიგას გერმანული კლუბი ძალიან აკლია.

...ბევრი მიიჩნევდა, რომ იურგენ კლოპის წასვლის შემდეგ დორტმუნდელთა წარმატებები წარსულს ჩაბარდებოდა. მართლაც, ძალიან რთულია შეცვალო მწვრთნელი, რომელიც წლების განმავლობაში შენი გუნდის საფირმო ნიშნად ითვლება.

"დორტმუნდმა" ეს მოახერხა. თომას ტუხელი და იურგენ კლოპი მხოლოდ კარიერის დასაწყისით როდი ჰგვანან ერთმანეთს. ორივე მათგანი შემტევი, სანახაობრივი ფეხბურთის მიმდევარია, თუმცა ტუხელის "დორტმუნდი" ცოტა უფრო სხვაა, ვიდრე კლოპისა.

ტიკი-ტაკა "დორტმუნდულად"

მაინც, რაშია ეს განსხვავება? ტუხელმა არ მოიგონა ახალი ველოსიპედი და აბსოლუტურად სწორადაც მოიქცა. ეს არ იყო საჭირო, თუმცა მან გარკვეული სიახლეები კი შეიტანა გუნდის თამაშში. მაინც, რაში მდგომარეობს სიახლე?

პირველ რიგში, ბოლო სეზონისაგან განსხვავებით, გერმანული კლუბი გაცილებით ორგანიზებული გახდა დაცვაში. ისე გაგრძელება, როგორც დორტმუნდელთა უკანა ხაზი თამაშობდა წინა სეზონში, უბრალოდ აღარ შეიძლებოდა.

მეორე კი შეტევაში მომხდარი სახეცვლილებაა. "დორტმუნდი" ადრეც შმაგად უტევდა და ახლაც ასეა, მაგრამ ამჯერად ამ შეტევას სხვანაირი სურნელი ასდის. დორტმუნდელები ძალიან ხშირად ტიკი-ტაკას თამაშობენ და ამით ძალიან ჰგვანან პეპ გვარდიოლას გაწვრთნილ "ბარსელონას".

ტუხელი ეშმაკი მწვრთნელია. ერთიც ვნახოთ, მან გვარდიოლას წინააღმდეგ გვარდიოლასავე იარაღით გადაწყვიტა ბრძოლა. ეს უკვე საინტერესოა, ძალიან საინტერესო. ეს ბუნდესლიგის მთავარი ინტრიგათაგანია.

გავიხსენოთ ახლახანს დასრულებული რურის დერბი, რომელიც "ბორუსიამ" თავის მთავარ მტერს, "შალკეს" მოუგო. ეს იყო ძალიან სანახაობრივი და დაძაბული შეხვედრა, რომელშიც ტუხელის გუნდმა სავსებით დამსახურებულად მოიგო.

დორტმუნდი ამ მატჩის ცალკეულ მონაკვეთებში ძალიან გვაგონებდა "ბარსელონას". ეს იყო ნაღდი ტიკი-ტაკა. მაღალი ოსტატობით შესრულებული საფეხბურთო ელემენტი, რომელმაც მაყურებელი აღაფრთოვანა.

დორტმუნდელებს ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებსაც ასეთი რთული ფეხბურთის თამაში შეუძლიათ. ვარსკვლავები, ყოფილი ვარსკვლავები, რომლებიც ძველ დონეზე ბრუნდებიან და პერსპექტიული ახალგაზრდები - ეს არის დღეს "დორტმუნდი". ღმერთმანი, ძალიან საინტერესო კოქტეილი კი გამოდის.

იშვიათია მწვრთნელი, რომლის გუნდში მისვლაც ამა თუ იმ ფეხბურთელის გაბრწყინებას არ დაემთხვას. უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტუხელის მთავარი აღმოჩენა გაბონელი ფორვარდი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი გახლავთ.

ბრწყინვალე, დიდებული, შეუჩერებელი - აფრიკელი შემტევის თამაშის შესაფასებლად ნებისმიერი ეპითეტი ვარგისია. ამ დროისათვის მან გუნდის ლიდერის თიკუნი წაართვა მარკო როისს.

რაც მთავარია, ძველ დონეს ნელ-ნელა უბრუნდებიან ნური შაჰინი და შინჯი კაგავა. ორივე ეს მოთამაშე უმნიშვნელოვანესია "დორტმუნდისათვის". ორივე მათგანი გუნდის თამაშს განაპირობებს მინდვრის ცენტრში.

"ჩვენ პროგრესის გზაზე ვდგავართ და დარწმუნებული ვარ, უკვე მიმდინარე სეზონში ჩვენ შევძლებთ გერმანიის ჩემპიონობისათვის ბრძოლას." - ამბობს თომას ტუხელი. ტუხელის სიტყვებს დრო ჯერ კიდევ გამოსცდის, მაგრამ ამბიცია არის და ეს უკვე კარგია.

"დორტმუნდი" ევროპალიგაზეც თამაშობს. ევროპის რანგის მეორე ტურნირზე გერმანული კლუბი მთავარ ფავორიტად მოსჩანს. ეს იმ შემთხვევაში, თუ გუნდი აქცენტს მხოლოდ ბუნდესლიგაზე არ გადაიტანს.

გერმანიას კი კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო მწვრთნელი ჰყავს. ახლა, როცა იურგენ კლოპი "ლივერპულში" წვალობს, მისი მემკვიდრე "დორტმუნდში" მაგრად დგას და გუნდის თამაშს ახალ - ახალი შტრიხებით ამდიდრებს.

ამ "დორტმუნდს" მომავალი აქვს და თუ გეზს არ გადაუხვევს, აუცილებლად გაახარებს ერთგულ ქომაგს და თანაც, არაერთხელ.

ტუხელის გზა კი წარმატების გზაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
კეინს "ოქროს ბუცი" გადასცეს
მუსიალამ ბოლო სამ დღეში მოედანზე გონება მეორედ დაკარგა - ფეხბურთელმა ამის მიზეზი ახსნა
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
[VIDEO] საზონოვის პირველი 90 წუთი "ხეტაფეში" - მისმა გუნდმა გულიაშვილის "რასინგი" დაამარცხა
აზრთა სხვადასხვაობა მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - ტუხელის სიტყვებმა ბელინგემი გააბრაზა
"რაც ასე მოკლე დროში მოახერხა, წარმოუდგენელია" - სტოუნსმა ტუხელი შეაქო
ტუხელს მხოლოდ პრემიერლიგაში მუშაობა სურს
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
ცნობილია, ვინ შეცვლის ერიკ ტენ ჰაგს, თუ მას "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაათავისუფლებენ
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
The Telegraph: ტუხელს უკან არ დაუხევია
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
ადეიემი "დორტმუნდიდან" "ბარსელონაში" გადავიდა
ტუხელის მოულოდნელი გადაწყვეტილება - ფოდენი და პალმერი ინგლისის ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდნენ
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში