თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით ბიჩინაშვილი (84) იმ წარმატებულ ქართველთა შორისაა, რომლებმაც უცხოეთში გაითქვეს სახელი

თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით ბიჩინაშვილი (84) იმ წარმატებულ ქართველ სპორტსმენთა შორისაა, რომლებმაც უცხოეთში გაითქვეს სახელი. საქართველოდან წასვლის შემდეგ ის წლების განმავლობაში უკრაინაში ჭიდაობდა, ევროპის პირველობებზე ვერცხლის ორი და ბრინჯაოს ერთი მედალი მოიპოვა, 2003 წლიდან კი გერმანიაში გადავიდა. იქ კიდევ ერთი ევროპული ბრინჯაო ხვდა და ბუნდესლიგაშიც გამოიჩინა თავი.

ჩვენებური ქალაქ აალენის ამავე სახელწოდების კლუბში გამოდიოდა, სადაც ასევე წლების განმავლობაში ჭიდაობს კიდევ ერთი ნატურალიზებული ქართველი, საბერძნეთში ევროპის ჩემპიონად გადასული ემზარ ბედინეიშვილი. იქ პერიოდულად სხვა ქართველებიც ჭიდაობენ, ბიჩინაშვილი კი უკვე ტოვებს კლუბს.

მას კვირა საღამოს ვესაუბრეთ, სადღეისოდ კი ოფიციალურადაა ახალი კლუბის წევრი. აალენელებს მისი გაშვება არ სურდათ და ბევრსაც ეცადნენ საამისოდ, მაგრამ ამაოდ... ამ ყველაფერს ბიჩინაშვილი უკეთ მოგიყვებათ ინტერვიუში, ჩვენ კი დავამატებთ, რომ ის ყოველთვის რჩებოდა ქართველთა დიდ მეგობრად. ძალზე ახლო მეგობრობა აკავშირებს რევაზ მინდორაშვილთან იმის მიუხედავად, რომ სწორედ ისაა მისი ერთ-ერთი ყველაზე უხერხული და სერიოზული მეტოქე. მან მინდორაშვილი შემოდგომაზე გერმანიაში სამკურნალოდაც წაიყვანა.

- დათო, კლუბის შეცვლის მიზეზი რა არის?

- უკვე მეხუთე წელიწადია, ქალაქ აალენის ამავე სახელწოდების კლუბში გამოვდივარ, მაგრამ ხვალიდან მაინც ახალ კლუბში გადავალ. ეს გადაწყვეტილია და კონტრაქტსაც მოვაწერ ხელს. კლუბის შეცვლის ბევრი მიზეზია, აქაურებმა დანაპირები ვერ შემისრულეს და წასვლაც ამან გადამაწყვეტინა. აალენში საცხოვრებლად ორი წლის წინათ გადმოვედი და მაშინ ბევრ რამეს დამპირდნენ, მაგრამ ვერ შემისრულეს. ეს ეხება სამსახურსაც.

წლები ველოდი პირობების შესრულებას და სხვაგან წასვლაზე არც მიფიქრია. თან აქაურობასაც შევეჩვიე და კლუბშიც მაფასებდნენ - ჩემს გარეშე გადაწყვეტილებებსაც არ იღებდნენ და ხელმძღვანელობა ყველაფერს ჩემთან ათანხმებდა. სხვა კლუბები კი მეკონტაქტებოდნენ და მთავაზობდნენ გადასვლას, მაგრამ არც განმიხილავს მათი პირობები. რაც შემეძლო, აქაურებს ყველანაირად ვეხმარებოდი, მაგრამ ამ ორ წელიწადში, რაც აქ გადმოვსახლდი, ბევრი პრობლემა დაგროვდა. ახლა რომ ვაანალიზებ, საცხოვრებლად აქ ჩამოსვლა შეცდომა იყო და ამიტომაც დავიწყე ახალი კლუბის ძებნა. მაინცელები თვითონ დამიკავშირდნენ და რა პირობებიც შევთავაზე, ყველაფერზე დამთანხმდნენ.

- კლუბიდან თავისუფლად გიშვებენ?

- არა, არ უნდათ ჩემი გაშვება. ამას ერთი ამბები მოჰყვა - შენ რომ წახვიდე, მთელი გუნდი დაგვეშლება და დარჩიო, მაგრამ ჩემი დატოვება თუ უნდოდათ, მთელი ხუთი წელიწადი დრო ჰქონდათ და მაშინ ეფიქრათ. ქალაქის მერია თუ მხარის ადმინისტრაცია ჩართულია ამ ამბავში და ცდილობენ ჩემს დატოვებას. აი, დღესაც კვირაა, მაგრამ მთელი სამი საათი მერთან ვიყავი შეხვედრაზე. მარწმუნებდა, დარჩიო, მაგრამ მე ვუთხარი, სიტყვა მივეცი-მეთქი. ჯერ ხელი ხომ არ მოგიწერია და უარი უთხარიო, მაგრამ ვუპასუხე, ხელმოწერამდე ჯერ ჩემი სიტყვაა, რომელსაც არ გავტეხ-მეთქი.

- წასვლის სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას ხომ არ ითხოვენ?

- არა და მაგას ვერც გამიბედავენ - ამ კლუბისთვის იმდენი გამიკეთებია, მაგას ვერ მოითხოვენ.

- "მაინცი" რა დონის კლუბია, არის "აალენის" შესადარი?

- ოთხი წელიწადია, რაც ბუნდესლიგაში გამოდიან, "აალენი" ბევრად ტიტულოვანი კლუბია, თუმცა გაისად რა დონის კლუბი ეყოლებათ, ეგ არ ვიცი. მაინცელებმა წლეულს ძლიერი ფალავნები დაიმატეს და საგაისოდ მათი პროგრამა-მინიმუმი ბუნდესლიგის ნახევარფინალში გასვლაა.

- ვინ იყიდეს, ქართველებიც ხომ არიან მათ შორის?

- ახალწვეულთა ვინაობა ზუსტად არ ვიცი, რადგან კონკრეტულად არც მე მითხრეს. მე რაც ვიცი, ერთი იბრაგიმ საიდოვია, რომელიც რუსეთიდანაა გადასული და უკვე გერმანიის მოქალაქეა. რუსეთიდან კიდევ ჰყავთ ერთი-ორი მოჭიდავე, მაგრამ გვარები არ ვიცი. არც ქართველთა გადასვლაზე მსმენია რამე, თუმცა ბერძენ-რომაელთა შორის შარშან კი ჰყავდათ ერთი ჩვენებური.

- "აალენი" ბუნდესლიგაში წლეულს როგორ გამოვიდა?

- ნახევარფინალში შემთხვევით წავაგეთ "ვაინგარტენთან", რომელიც მერე ჩემპიონი გახდა. აქ მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლა არ იმართება.

- ადრე "აალენში" საბერძნეთში გადასული ემზარ ბედინეიშვილიც ჭიდაობდა. ის წლეულსაც გყავდათ, ან სხვა ქართველები თუ იყვნენ?

- კი, ბედინეიშვილი წლეულსაც ჭიდაობდა, დანარჩენებიდან შარშან ამირან ელბაქიძე იყო 55-ში, ახლა კი დავით ქერაშვილიც გამოდიოდა 84-ში.

- თქვენი გამოსვლით თუ ხართ კმაყოფილი?

- კი, 15 შეხვედრა ჩავატარე და ყველა მოვიგე. თანაც, ორ წონაში გამოვდიოდი - 84-ში და 96-ში, მაგრამ ყველგან მოვიგე. საერთოდ, ამ ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ ორი შეხვედრა წავაგე. ამიტომ იყვნენ ესენიც კმაყოფილები და ამიტომაც სურთ ჩემი დატოვება, მაგრამ...

- ორ წონაში რატომ გაჭიდავებდნენ?

- ბუნდესლიგაში მხოლოდ ერთი უცხოელის დაყენება შეიძლება. ბედინეიშვილი ლეგიონერად არ მიიჩნევა, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენელი. ამიტომ ეს კვოტა რომ არ დარღვეულიყო, საჭიროებისას მას 84-ში აყენებდნენ, მე კი 96-ში გამოვდიოდი.

- ნაკრებში როგორაა თქვენი საქმეები?

- ადრეც გითხარით, რომ ნაკრებში მოსახვედრად მუდამ ბრძოლა მიწევდა. სიმართლე გითხრათ, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, პრობლემების შექმნას ახალი მთავარი მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრ ლეიპოლდიც შეეცადა, მაგრამ დარწმუნდა, რომ ამ წონაში ჩემზე ძლიერი არავინ ჰყავთ. ახლა ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადებით - ახლახან დავბრუნდით შეკრებიდან, 14 თებერვალს კი კუბაში მივდივართ ტურნირზე და მერე შეკრებაზეც დავრჩებით. მე მგონი, ევროპის ჩემპიონატს ვიჭიდავებ. ყოველ შემთხვევაში, წონაში პირველი ნომერი ვარ. მწვრთნელმა ადრე ისე კი გააკეთა, რომ ევროპაზე მეორე ნომრები აჭიდავა, მაგრამ ახლა კონტინენტის პირველობა გერმანიაში ტარდება და კარგი შედეგისთვის ექსპერიმენტებს აღარ მიმართავს.

- საქართველოში დაბრუნებაზე თუ ფიქრობთ?

- ვფიქრობ, მაგრამ ოლიმპიადამდე ეს არ მოხერხდება. ოლიმპიადის შემდეგ სპორტიდან წავალ - სპორტს ისედაც დიდხანს შემოვრჩი და აქამდეც მინდოდა წასვლა. ახლა მოქმედი სპორტსმენის რანგში რომც მოვინდომო დაბრუნება, არაფერი გამოვა, რადგან ფილამ ახალი კანონი მიიღო. ამიერიდან მოქალაქეობის შეცვლა მხოლოდ ერთხელ შეიძლება, მე კი უკვე სამჯერ შევიცვალე - თავიდან საქართველოს სახელით ვჭიდაობდი, მერე უკრაინაში გადავედი, იქიდან კი გერმანიაში ჩამოვედი. ალბათ, სპორტიდან წასვლის მერე საცხოვრებლად საქართველოში დავბრუნდები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
"ჩემთვის ის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია" - რა თქვა ზიდანმა?
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა
16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს
ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]
"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"
ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?
[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს
პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს
ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება
ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს